23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რას ითვალისწინებს პროფესიული მასწავლებლის განვითარების მოდელი და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ანაზღაურება

spot_img

მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დასრულდა პროფესიული მასწავლებლის განვითარების მოდელზე მუშაობა, რომელიც განსახილველად წარედგინა განათლების სამინისტროს. დოკუმენტზე 500-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა, მათ შორის  ჩართულები იყვნენ კოლეჯების პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დონორი და საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, დოკუმენტს, განათლების სამინისტროში განიხილვის შემდეგ,  კანონქვემდებარე აქტის ფორმას მისცემენ. მისივე თქმით, „დოკუმენტი ემყარება სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას და ბევრი რამით განსხვავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემისგან. პროფესიულ განათლებაში პედაგოგები აკადემიური სფეროდან კი არ მოდიან, უმეტესწილად, პრაქტიკოსი პროფესიონალები არიან. სწორედ ამ გამოცდილებაზე და სხვადასხვა დარგის სპეციფიკაზე კეთდება ჩვენს სისტემაში აქცენტი, ასევე, ამ დარგების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე მასწავლებელთა განვითარების პროცესში. კიდევ ერთი არსებითი განსხვავება – საუბარია დეცენტრალიზებულ მოდელზე, როცა მასწავლებლის განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად კოლეჯს ეკისრება და არა განათლების სამინისტროს. იგი მხოლოდ მოქნილ ჩარჩოს და ერთგვარ სტანდარტს ქმნის თუ როგორი უნდა იყოს პროფესიული მასწავლებელი, ხოლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება, პედაგოგების შერჩევა და მათ განვითარებაზე ზრუნვა უკვე კოლეჯის პრეროგატივა და პასუხისმგებლობაა. მან საბოლოო შედეგის, ხარისხიანი სწავლების უზრუნველსაყოფად, უნდა მოიძიოს როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური და ფინანსური რესურსი. ეს მოდელი ერთგვარად ავსებს პროფესიული სასწავლებლების ავტორიზაციის სტანდარტით შარშან გაკეთებულ განაცხადს, რაც ამ პროცესების დეცენტრალიზაციას ეფუძნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამინისტრო მასწავლებელს, პირდაპირი გზით, არავითარ სერვისს არ სთავაზობს – ჰარმონიულად ვითარდება კოლეჯი თავისი ადამიანური რესურსით.“ 

⇒ სქემისგან განსხვავებით, მოდელი არც სტატუსების მინიჭებას ითვალისწინებს. საუბარია სამი ტიპის მასწავლებელზე, ესენია:

სასწავლო დაწესებულების მასწავლებელი, რომელიც სასწავლებლის მიერაა დასაქმებული და ძირითად დროს სწორედ სასწავლებელში ატარებს;

მოწვეული მასწავლებელი – სასწავლებლის მიერ შერჩეული პროფესიონალი დარგიდან, რომელიც შედარებით მცირე ინტენსივობითაა ჩართული სასწავლო პროცესში;

ინსტრუქტორი, რომელიც კომპანიის მიერაა დაქირავებული სამუშაო ადგილზე სწავლების (მათ შორის დუალური მოდელით სწავლების) უზრუნველსაყოფად.

⇒ რაც შეეხება პროფესიული მასწავლებლის ანაზღაურების საკითხს, მოდელის მიხედვით, ძირითადად, ეს დაკავშირებული იქნება შესრულებულ სამუშაოზე, დატვირთვის ხარისხსა და სირთულეზე და არა განვლილი ტრენინგების ან კრედიტებში გამოხატული აქტივობების რაოდენობაზე.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას კოლეჯი მიიღებს, დადგენილი მინიმალური ანაზღაურებისა და დამატებითი ცვლადების გათვალისწინებით. ცალსახად კი, ახალი მოდელის ცენტრალური ფიგურა კვალიფიციური მასწავლებელი იქნება და დანერგვის გარდამავალ პერიოდს კოლეჯები მასწავლებელთა განვითარებისთვის გამოიყენებენ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები