მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, სკოლაში რომ ასწავლიდნენ:
„ჯერ არც გვრიტი მოფრენილა, არც შოშია ჩანს,
არც მერცხლებით მოფენილა საქართველოს ცა,
ჯერ ვერ ვხედავთ თეთრი ნუშის, თეთრი ტყემლის ჯარს,
მაგრამ უკვე გაზაფხულდა, ხეში წყალი დგას,
25 თებერვალი გათენდება ხვალ,
თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ!“
იმ თაობისა ვარ, ბავშვობაში რომ კლასში გოგონები ბიჭებს 23 თებერვალს ულოცავდნენ და ბიჭები გოგონებს — რვა მარტს.
იმ თაობისა ვარ, რომელიც მოესწრო (უკვე სტუდენტობისას!) კრებულის, „პოეტის ათასი სტრიქონის“, მთელი ტირაჟის ამოღებას გაყიდვიდან მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნში კოლაუ ნადირაძის ახლა უკვე ცნობილი ლექსის („25 თებერვალი, 1921 წელი“) ხელნაწერი გაიპარა. მე კი მოვასწარი იმ ეგზემპლარის ყიდვა, რომლიდანაც არ იყო ამოხეული ეს ფურცელი, მაგრამ ამ ლექსის დაბეჭდვას უამრავი ადამიანი „გადაჰყვა“ — გამომცემლობის მთავარი რედაქტორით დაწყებული და მხატვრით დამთავრებული…
იმ თაობისა ვარ, რომელიც ამ ლექსს მოსწავლეობისას არ იცნობდა, თუმცა კი დაწერილი იყო იმ დროისათვის…
მხოლოდ შემდეგ, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ითქვა ხმამაღლა, რომ 23 თებერვალი დამპყრობელი ქვეყნის დღესასწაულია, ჩვენთვის კი — საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე.
ბევრი რამ შეიცვალა, ახლა თებერვლის თვეში აუცილებლად ვაწყობთ ოკუპაციის კვირეულს, 25 თებერვალს სხვადასხვა სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა გააზიარებს კოლაუ ნადირაძის ლექსს, დავწერთ სტატუსად: „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“ ან „შემოდიოდა სიკვდილი ცელით!“. გვაქვს ოკუპაციის მუზეუმი, უამრავი ფოტო/დოკუმენტური მასალა, საქართველოს გასაბჭოებისა და ოკუპაციის თემაზე გადაღებული არაერთი დოკუმენტური ფილმი, ლოზუნგებად ქცეული ფრაზები: „არა ოკუპაციას“, „რუსეთი ოკუპანტია!“
და მაინც, როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, დღესაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში, იმავე სოციალური ქსელის „კედლებზე“ „ავლა-ჩავლისას“ აუცილებლად წააწყდებით თებერვალში უსაჩუქროდ დარჩენილი და განაწყენებული მამრების პასუხს რვა მარტს უსაჩუქროდ დარჩენილი ქალებისადმი: „23 თებერვალს ვინმემ რამე მოგვილოცა კაცებს? რატომ გვთხოვთ რვა მარტის მილოცვას? “
ისიც პარადოქსია, რომ ჩვენი მოსწავლეების ბებია-ბაბუებსა და ვაი რომ, მშობლებსაც, 23 თებერვალი დღემდე კაცების დღე ჰგონიათ.
ხშირად მიფიქრია, რა აცოცხლებს დღემდე ამ აზრს? ასეთი რა ჩაიკირა ჩვენს აზროვნებაში, რომ ვერაფერმა ამოძირკვა — ვერც იმ უამრავმა დოკუმენტურმა მასალამ, ახლა რომ ასერიგად ხელმისაწვდომია ყველასათვის, ვერც სასკოლო პროგრამაში შეტანილმა უამრავმა მასალამ… იქნებ გმირების მეტისმეტი ჰეროიზაციაც უწყობს ხელს, რომ პატრიოტიზმი ურაპატრიოტიზმად იქცევა ხოლმე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვებისთვის გამეცნო მარო მაყაშვილი — 19 წლის სტუდენტი, მოწყალების და, რომლის კოჯორთან დაღუპვის ტრაგიკული ამბავი ყველამ იცის ისტორიის სახელმძღვანელოდან. გამეცნო არა მხოლოდ როგორც პირველი ქალი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირად აღიარეს, არამედ, როგორც ლამის მათი თანატოლი გოგონა, რომლის ძალიან საინტერესო დღიურებს უკვე ყველა ბავშვი შეიძლება გაეცნოს.
იქნებ, ისიც იფიქროს ვინმემ, დღევანდელ თაობას როგორ დააინტერესებს ზუსტად საუკუნის წინ დაღუპული გოგონას ფიქრები, განცდები, შეხედულებები, მიმდინარე მოვლენების შესახებ მისი აზრები, მაგრამ, როგორც სწორად შენიშნავს ლაშა ბაქრაძე: „რომც არ იყოს მარო მაყაშვილი კოჯორთან მოკლული თბილისში წითელი არმიის შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს დღიური მაინც საინტერესო იქნებოდა, რადგან ეს არის ახალგაზრდა ქალის დღიურები, რომელიც ძალიან კარგად აღგვიწერს, თუ რაზე ფიქრობდა დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე თავის გრძნობებზე, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ სურდა უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა იმისათვის, რომ უკან დაბრუნებულიყო, რომ სამშობლოსთვის რაღაც გაეკეთებინა და როგორ მიდის ასეთი ადამიანი ფრონტზე და როგორ აღარ ბრუნდება იქიდან“.
სწორედ ამ დღიურებიდან შეიძლება გავაცნოთ ბავშვებს გოგონა, რომელიც ძალიან საინტერესოდ ფიქრობდა და აზროვნებდა, თუმცა კი თავად არ მიიჩნევდა ასე: „დღეს სწორედ ერთი თვეა, რაც მე დღიურში არ ჩამიხედნია, ან რა მაქვს ისეთი, რომ გაუზიარო მას… ცხოვრება თავის რიგზე მიდის, კვალს არა ტოვებს, რომ მე აღვნიშნო.“
როგორ უყვარდა თავისი (და ჩვენიც!) ბედკრული ქვეყანა, როგორი იმედი ჰქონდა: „იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ბედშავ ერს თავისუფლება, მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის“ (12 ივნისი, 1918წ).
როგორ სტკიოდა მისი ტკივილი: „მოვიშორეთ ერთი ბატონი. მონობისაგან გავთავისუფლდით, ახლა კი ახალი უღელი დავიდგით. ღმერთო, ზეციერო, რა დაგიშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზე იყრი?“ (12 ივნისი, 1918წ).
„ეჰ, რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. ძალა რომ მქონდეს მე რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა!“ (10 ოქტომბერი, 1918წ).
რაზე ოცნებობდა 17 წლის გოგო, როგორ ესახებოდა მომავალი, რას გეგმავდა (ეს იმ ფონზე, დღევანდელი ჩვიდმეტი წლისანი ჯერ კიდევ მშობლების შერჩეულ ფაკულტეტებზე რომ აბარებენ და სწავლის დასრულების შემდეგაც ლამის ათწლეულები რჩებიან მშობლების სარჩენ მარადიულ ბავშვებად!): „მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან, წავალ უსათუოდ, სწავლის შემდეგ ერთ წელს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი. ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს“.
როგორ გეგმავდა გათხოვების შემდეგ ცხოვრებასაც: „თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზით არ ვიქნები, ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ“ (17 ენკენისთვე, 1918წ).
როგორ შემოაწვებოდა ხანდახან „უმიზეზო ნაღველი“: „გუშინ, არ ვიცი, რად, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის ერთი საათი ვტიროდი, ამომიჯდა გული, ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს, რა მიზეზია, არ ვიცი.“ (1919)
და როგორ რჩება ტკბილეულს დანატრებულ ბავშვად ბრძოლის ველზეც: „საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ.სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5-ზე თუ 7-ზე, მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად“ (1919 წელი).
როგორ უყვარდა ხელოვნება: „გუშინ მესამედ ვიყავი „,ევგენი ონეგინზე“, კიდევ ოცჯერ შემიძლიან წავიდე!“ (30 ენკენისთვე, 1918წ), „სცენა მიყვარს გაგიჟებით!“ (10იანვარი, 1919წ).
თანამედროვე ბავშვებს, კორონავირუსის პანდემიის მომსწრეებს, იქნებ ის განცდებიც ეცნაუროთ, როგორ დატანჯა მარო მაყაშვილიც „ისპანკად“ წოდებულმა ავადმყოფობამ, რომელმაც 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: „დღეს მესამე დღეა, რაც ავდექი. 3 კვირა ლოგინში ვიწექი. ამ ახალმა ავადმყოფობამ ჩემზედაც სინჯა თავისი ძალა. ერთხელ 10 დღე ვიწექი, მოვრჩი, ავდექი. მეორედ კიდევ გავცივდი და უფრო საშინელი რამ დამემართა. მთელ ჩემს სხეულს დაუარა ამ „ისპანკად“ წოდებულმა სატკივარმა. სიცხე დიდი მქონდა, 40 გრადუსზე მეტი. ძალიან და ძალიან დავიტანჯე. ორი დღე სულ გაუნძრევლად ვიწექი, რადგანაც ყველა ძვლები მტკიოდა. ეპიდემიაა თბილისში. ერთი სახლი არ არის, რომ ავადმყოფი არ იყოს იქ. თუ გაცივდა ადამიანი და ფილტვების ანთებაზე გადავიდეს, ძალიან ძნელია. ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მოკვდა. გაფრთხილება უნდა. ჩვენთან: მე, დედა და კატუნა ვიწექით. დედაკაცი არა გვყავდა. მამა სამსახურში არ დადიოდა და გვივლიდა. სადილსაც ის აკეთებდა, მაგრამ ვაი იმ სადილს, სუფის მაგივრათ რაღაც ფაფას აკეთებდა“.
კიდევ ბევრ რამეს გაიგებენ მაროს დღიურიდან: რას კითხულობდა, როგორ ერთობოდა, იცინოდა, ხუმრობდა, ცეკვავდა, „გიჟობდა“, მხიარულობდა, დედას ნატრობდა, ნაღვლობდა, ოცნებობდა, წუხდა, ზრუნავდა, უყვარდა, სძულდა, ტანსაცმლის ესკიზებს ხატავდა — ერთი სიტყვით, ყველაფერს ნახავენ მაროს დღიურში, „რაც შეიძლება 16 წლის გოგომ თავის საიდუმლო დღიურში ჩაწეროს და შეინახოს“ (ლ. ბაქრაძე) და, როგორც მარო მაყაშვილის დღიურის 2004 წლის გამოცემის რედაქტორი იზა ორჯონიკიძე იტყოდა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ „ეს პატარა წიგნი კომპასივით შეუცვლელი იქნება იმათთვის, ვინც საქართველოში მოვარდნილ ღვარცოფში გზის გაგნებას შეუპოვრად ცდილობს.“ — ეს სიტყვები 2004 წელს ითქვა, ახლა 2022 წელია, თუმცა არც „ღვარცოფი“ გვაკლია და „კომპასიც“ კვლავაც სჭირდება ზნეობრივ ორიენტირდაკარგულ თაობასაც.
ლეილა ხონელიძე – სსიპ ქ. ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი