მარიამ ალანია – ფსიქოლოგიის დოქტორი
☑️ პერინატალური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი;
☑️ პერინატალური თერაპიის და კვლევის საერთაშორისო საუნივერსიტეტო პროგრამის წევრი;
☑️ფსიქოლოგიური ინტერვენციისა და თერაპიის სფეროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება;
☑️ სამუშაო სპეციფიკა მოიცავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების შეფასებას და თერაპიას;
☑️ აკადემიური და კვლევითი საქმიანობა: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებსა და კონფერენციებში. ატარებს ლექციებს, ტრენინგებს და სასწავლო კურსებს ფსიქოლოგიის მიმართულებით.
🔹🔹🔹
კრიზისი ჩნდება მაშინ, როდესაც სტრესული მოვლენა ადამიანის გამკლავების რესურსებს აღემატება. კრიზისი არის რეაგირების ფორმა, როდესაც:
- ირღვევა ფსიქიკური წონასწორობა;
- წონასწორობის აღდგენის აქამდე ჩვეული მექანიზმები აღარ მოქმედებს;
- კრიზისით გამოწვეული დისტრესი იწვევს ქმედუუნარობას.
თუ კრიზისი რეაქციაა, მაშინ რა არის ის ცნება, რომელიც აღწერს სტრესულ მოვლენას? ტერმინს „კრიტიკული მოვლენა“ ხშირად აიგივებენ ტერმინთან „კრიზისი“. კრიტიკული მოვლენა, კრიზისისგან განსხვავებით, შეგვიძლია მივუსადაგოთ ნებისმიერ სტრესულ მოვლენას, რომელმაც შესაძლოა მიგვიყვანოს კრიზისულ რეაქციამდე. კრიტიკული მოვლენა შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც სტიმული, რომელიც ქმნის ნიადაგს კრიზისის განვითარებისთვის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექსტრემალურ კრიტიკულ მოვლენებს, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, ძალადობა, ომი. კრიზისი შეიძლება შეიქმნას მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ასევე კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ტრაგიკული მოვლენების მოწმედ ყოფნამ, რაც სხვებს დაატყდათ თავს.
ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სირთულეები სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ახლობლებთან მიჯაჭვულობის გრძნობაში, სიცოცხლის არსის გაგებაში.
ილუზიები, რომლებიც ქრება ტრავმული მოვლენის შემდეგ:
- უკვდავობის ილუზია (უსაფრთხოება);
- სამყაროს მარტივად მოწყობის ილუზია (სიმშვიდე);
- უვნებლობის ილუზია (საკუთარი მე-ს ხატის ცვლილება, სირცხვილი).
ტრავმასთან გვაქვს საქმე თუ: მოულოდნელი, მასიური, განუსაზღვრელი მოვლენა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, იწვევს ძლიერ შიშს, უსუსურობას და ზაფრას.
ტრავმული სტრესი:
♦ ფლეშბექები – განმეორებადი, მდგრადი მოგონებები ტრავმული მოვლენის შესახებ;
♦ უნებლიე ავტომატური რეაქციები და რეაქციები შემთხვევით სტიმულზე, რაც მატრავმირებელ მოვლენას ახსენებს;
♦ განმეორებადი კოშმარული სიზმრები, რაც ტრავმას უკავშირდება;
♦ სიფხიზლე/დაძაბულობა;
♦ ბრაზი და აგრესიული ქცევა;
♦ შფოთი და დეპრესია;
♦ სირცხვილის და ბრალეულობის განცდა;
♦ ლტოლვა ალკოჰოლის და ძლიერმოქმედი მედიკამენტებისადმი;
ამასთან ერთად, ფსიქიკა გაურბის ისეთ მტკივნეულ განცდებს, რომლებიც დაკავშირებულია ტრავმასთან:
♦ აქტიური გაქცევა აზრებისგან, გრძნობებისგან, ტრავმაზე საუბრისგან, ადგილების დასახელებისა და ა.შ.;
♦ აქტიური გაქცევა სტიმულებისგან, რომლებიც ტრავმას გვახსენებს;
♦ ტრავმული ინციდენტის მნიშვნელოვანი ეპიზოდების დავიწყება;
♦ ინტერესის დაკარგვა იმის მიმართ, რაც ადრე გვაღელვებდა;
♦ გაუცხოება და გულგრილობა გარემომცველი ადამიანების მიმართ;
♦ ძლიერი გრძნობების განცდის უნარის დაკარგვა;
♦ უძილობა და გადამეტებული სიფხიზლე/დაძაბულობა;
♦ მომავლის აგების სურვილის დაკარგვა.
ეს ყველაფერი ნორმალური რეაქციებია არანორმალურ მოვლენაზე.
ტრავმის განცდის სპეციფიკა ბავშვებში
ბავშვებსა და მოზარდებში ორი ტიპის ტრავმა შეგვიძლია გამოვყოთ:
- ტრავმა, რომელიც მიღებულია უშუალოდ პირადი გამოცდილებით დაბომბვის, ალყაში ყოფნის, ახლობლის დაკარგვის და ა.შ. – ეს არის თვითმხილველი ბავშვების ტრავმა;
- ტრავმა, რაც ეხება მთელ პოპულაციას, ასე ვთქვათ, სოციალური ტრავმა, რომელიც სპეციფიკური სახით დაატყდება თავს მოზარდ თაობას.
ბავშვები, რომლებიც პირველი ტიპის ტრავმულ გამოცდილებას გადაურჩნენ, რადგან საომარ მოქმედებამდე დატოვეს კონფლიქტის ზონა, ასევე ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ იძულებითი გადაადგილების შემდეგ, ასევე არიან გარკვეული დოზით ტრავმირებულები. სოციალური ტრავმატიზაციის ზეგავლენას, სამწუხაროდ, ყველა განიცდის, გამონაკლისის გარეშე.
ბავშვების და მოზარდების ტრავმული გამოცდილების შედეგები:
♦ დაუცველობის და უსუსურობის განცდა (რა უნდა ვქნათ, ჩვენ ხომ ლტოლვილები ვართ; ადამიანზე არაფერი არ არის დამოკიდებული; ფანტაზიებში — გადავიქცეოდი უჩინარ არსებად, მფრინავ არსებად და სადაც მინდა, იქ წავალ ისე, რომ ვერავინ დამინახავს);
♦ მომავალთან დაკავშირებული შფოთვა, „ცუდის“ მოლოდინი, ცვლილებების შიში (სამყარო 5 საუკუნის შემდეგ – გალაქტიკები ერთმანეთს ანადგურებენ; არ მინდა ახალი თამაში, საერთოდ არ მინდა თამაში, ვიჯდები აქ ტელეფონით, მე ესეც მეყოფა);
♦ სირცხვილის გრძნობა, დაბალი თვითშეფასება, ბრალეულობის განცდა (ერთი ბავშვი თუ გამოთქვამს სურვილს – დანარჩენები ამას იმეორებენ);
♦ ბრაზი, აგრესიულობა;
♦ სოციალური გარემოსგან გაუცხოება, იზოლირება (ექსკურსია „უცხო ქალაქში“);
♦ გამოუგლოველი/გამოუტირებელი დარდი (ვერბალიზაცია არ შეუძლიათ კარგად, ამიტომ ტირიან; მაგრამ „არ იტირო, შენ ხომ უკვე დიდი ხარ“; „არ იტირო, შენ ხომ ყოჩაღი ხარ, ჩემი ხათრით, მამიკოს ხათრით“);
♦ პოსტტრავმული თამაშები (ერთფეროვანი გამეორება ტრავმის სიუჟეტის, იმდენად ზუსტად, რომ იწვევს შფოთვას და შიშს), დაახლოებით, 3-12 წლამდე ასაკში. ეს თამაში „გადამდებია“, სხვა ბავშვებიც იწყებენ მიბაძვას და თამაშის დამკვიდრებას ჯგუფურად; მაგ: „ომობანა“; „გადასვენება/დასაფლავება“;
♦ განმეორებადი მოქმედებები (ქმედებები, რომლებიც პანიკით არის გამოწვეული, რომ გარკვეული საკვები ან ნივთები არ იქნება საკმარისი);
♦ სხვადასხვა სახის შიშები;
♦ ძილის დარღვევა;
♦ ღამის კოშმარები;
♦ ფსიქოსომატური დარღვევები (მეტყველების დარღვევა, ენურეზი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და ა.შ.).
კრიზისული ჩარევა: განსაზღვრა
კრიზისული ჩარევა განისაზღვრება, როგორც გარეგანი ფსიქოლოგიური დახმარება, დაზარალებულების ადაპტური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის და ფსიქოლოგიური ტრავმის ნეგატიური შედეგების აცილების ან შემსუბუქების მიზნით. კრიზისული რეაგირების სამი ძირითადი პრინციპი: დაუყოვნებლივი მოქმედება, მომხდარ ადგილთან ახლოს ყოფნა და პოზიტიური ორიენტაცია იმაზე, რომ დაზარალებული დაუბრუნდება ნორმალურ ფუნქციონირებას. კრიზისული ჩარევის მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ასევე – მისი შეზღუდულობა დროში. კრიზისული ჩარევის მიზნებია: სტაბილიზაცია, დისტრესის მწვავე სიმპტომების შერბილება და დამოუკიდებელი, ადაპტური ფუნქციონირების აღდგენა, ან ადამიანის მომზადება თერაპიისთვის.
კრიზისული ჩარევა: ბაზისური პრინციპები
- დაუყოვნებლივი ჩარევა: კრიზისი წარმოადგენს ემოციურად საშიშ სიტუაციას, რაც არაადაპტური ქცევისთვის ქმნის საფუძველს (არაადაპტური ქცევა, ან უმოქმედობა). შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება.
- სტაბილიზაცია: არსებული რესურსების აქტიური მობილიზაცია და მხარდაჭერის სოციალური სისტემების მობილიზაცია.
- გაგების ფასილიტაცია: კრიტიკული მოვლენის მსხვერპლი ადამიანების მოსმენა (აქ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო!).
- პრობლემების გადაწყეტაზე ფოკუსირება: კრიზისული ჩარევის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა, დაეხმაროს მსხვერპლს, არსებული რესურსების და შესაძლებლობების გამოყენებაში, რაც ხელს უწყობს კონტროლის შეგრძნების აღდგენას და პრობლემების გადაჭრის გზით, ამაღლებს კომპეტენტურობის გრძნობას, რაც დამოუკიდებელი ფუნქციონირების საწინდარია.
- თვითრწმენის/თვითდარწმუნებულობის აღდგენა: მსხვერპლს შესაძლოა დასჭირდეს დახმარება არსებული პრობლემების შეფასებაში, მათი გადაწყვეტის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და ასევე იმ სტრატეგიების გახსენება/გამომუშავებაში, რაც დაეხმარება დაკარგული წონასწორობის აღდგენაში.
კრიზისის განცდის ფაზები:
- „ჰეროიკული“ ფაზა – განიცდება უშუალოდ კატასტროფული მოვლენის დასაწყისში და დროს. რესურსი მიმართულია საკუთარი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. ასევე საკუთრების დასაცავად.
- „თაფლობის თვის“ ფაზა – ხასიათდება შემსუბუქების შეგრძნებით, მადლიერების განცდით გადარჩენის გამო და ოპტიმისტური განწყობით.
- „ილუზიების გაფანტვის“ ფაზა შესაძლოა დაიწყოს ტრაგედიიდან 3-4 კვირაში. ხასიათდება მომხდარის საშინელების უეცარი გაცნობიერებით. დაუნდობელი კითხვებით: რატომ მოხდა ეს? ამ პერიოდში ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს რელიგიური შეხედულებების ზემოქმედების ცვლილებას. დაახლოებით ამ ფაზაში იწყება საკუთრივ გლოვის პროცესი. ჩერდება ზრდა და განვითარება როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოებრივი. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს კვირები, თვეები, ზოგჯერ წლებიც. ზოგჯერ ეს ფაზა გამოსავალს ვერ პოულობს. კრიზისული ჩარევის მიზანი ამ ფაზაზე — დაეხმაროს მსხვერპლს აღდგენის ფაზაზე გადასვლაში.
- „აღდგენის“ ფაზა – ხასიათდება ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნებით. ტრაგედიასთან დაკავშირებული მოგონებები არ ქრება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. გრძელდება ადამიანის და საზოგადოების განვითარება.
რეაბილიტაციის საბაზისო პრინციპები მოხალისეებისთვის/მასწავლებლებისთვის:
- კომპეტენტურობა (გამოცდილების გაფართოება);
- პარიტეტულობა (ჩემი, შენი და გარემოს რესურსები);
- კეთილგანწყობა (ემპათია/მხარდაჭერა);
- რეალობა (რა სჭირდება მას და რა შემიძლია მე);
- ეკოლოგიურობა (ეკოლოგიური ნიშის პოვნა, არც გადამეტება არც დაკნინება საკუთარი წვლილის);
- სანდოობა და ნების თავისუფლება (არსებობს ორი აქტორი — დამხმარე და დასახმარებელი. ზოგ ადამიანში დახმარების მიღება იწვევს შფოთვას);
- თემზე დაფუძნებული მოქმედება (ენა, კულტურული თავისებურებები);
- ეკონომიურობა (გადაწვის პრევენცია; მოხალისეების შიდა გუნდურობის მხარდაჭერა);
- კონტინიუმურობა (გამოცდილების გაზიარება, გადაცემა, ქსელურობა).
რეაბილიტაციის საბაზისო პრინციპები ბავშვებთან და მოზარდებთან:
- პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე ორიენტირების პრინციპი (არ განვიხილოთ ბავშვი/მოზარდის მდგომარეობა როგორც ავადმყოფობა);
- უპირობო ყურადღების პრინციპი;
- ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების პრინციპი;
- თემზე ორიენტირების პრინციპი;
- მრავალმხრივი/მრავალგანზომილებიანი მუშაობის პრინციპი;
- მულტიდისციპლინარული პრინციპი;
- მუშაობის საფეხურეობრივობის და ხანგრძლივობის პრინციპი;
- საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრინციპი;
როგორ ველაპარაკოთ და მოვიქცეთ ბავშვებთან?
🔹 ეცადეთ ხელი შეუწყოთ ბავშვების კავშირს მშობლებთან, და-ძმებთან ან/და ახლობლებთან;
🔹 თუ ბავშვთან არ არიან მშობლები, არ დატოვოთ ის მარტო; ეცადეთ ბავშვი დააკავშიროთ ბავშვთა დაცვის სანდო ორგანიზაციას. თუ ორგანიზაცია არ არის ადგილზე, ეცადეთ იპოვოთ ბავშვის ახლობელი ოჯახი, რომელიც იზრუნებს მასზე;
🔹 დაიცავით ბავშვები ტრაგიკული სცენებისგან;
🔹 დაიცავით ბავშვები ტრაგიკული ისტორიების მოსმენისგან;
🔹 დაიცავით ბავშვები რეპორტიორებისგან და უცხო ადამიანებისგან, რომლებიც კითხვებით მიმართავენ;
🔹 შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისაუბრეთ რბილად, მარტივი და მკაფიო წინადადებებით;
🔹 მოუსმინეთ ბავშვს, თუ მას მომხდარის შესახებ უნდა საუბარი;
🔹 საუბრის დროს ეცადეთ მის სიმაღლეზე იყოთ;
🔹 გაეცანით, უთხარით თქვენი სახელი და რომ დახმარებისთვის ხართ მოსული;
🔹 გაიგეთ ბავშვის სახელი, საიდან არის და სხვა დეტალები, რაც დაგეხმარებათ მისი ახლობლების მოძიებაში;
🔹 თუ ბავშვთან ერთად არიან მისი მშობლები, დაეხმარეთ მათ აუცილებელი ზრუნვის განხორციელებაში;
🔹 თუ თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში გიწევთ ბავშვთან ერთად ყოფნა, ეცადეთ ჩართოთ ის თამაშში ან ესაუბრეთ მისთვის საინტერესო თემაზე ასაკის გათვალისწინებით;
🔹 არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვებს საკუთარი რესურსები აქვთ სირთულეებთან გამკლავებისთვის; გაიგეთ მათი გამკლავების სტრატეგიების შესახებ;
🔹 გახსოვდეთ, რომ ტკივილის და შიშის ძალა ნელ-ნელა შემცირდება და ბავშვი უკეთ იგრძნობს თავს;
🔹 უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს შეუძლიათ თავად გაუწიონ დახმარება სხვებს კრიზისულ სიტუაციაში. თუ თქვენ შეძლებთ უსაფრთხო ფორმის მოძებნას და მათ ჩართვას დახმარების პროცესში, ეს მათ ქმედითად და საჭიროდ აგრძნობინებს თავს, შეგვიძლია გარკვეული პასუხისმგებლობა დავაკისროთ — ახალჩამოსული ბავშვების სიის შედგენა, ტელეფონის და ნივთების მეთვალყურეობა, თარჯიმნობა და ა.შ.;
🔹 უპასუხეთ მის კითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს კითხვები საშიშად ჟღერდეს ან მათზე პასუხი არ გქონდეთ. იყავით გულწრფელი, უთხარით რაც არ იცით. მთავარია ისაუბროთ. საუბარი რთულია, მტკივნეულია, თუმცა უკეთესია, ვიდრე სიჩუმე;
🔹 თუ ბავშვი სვამს კითხვას, მართლა მოხდა თუ არა ეს საშინელება, არ მოატყუოთ, უთხარით, რომ ხდება ასეთი ტრაგიკული მოვლენები;
🔹 უთხარით, რომ მასთან ხართ, რომ დაეხმარებით;
🔹 უთხარით, რომ შესაძლოა ის გრძნობდეს შიშს, შფოთვას;
🔹 უთხარით, რომ ის მარტო არაა, რომ ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ მისი დაცვა და დახმარება, რომ თქვენ გაქვთ საჭირო ნივთები, უნარები და ცოდნა მის დასახმარებლად;
🔹 უთხარით, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაკეთება, რასაც თქვენ ეუბნებით: წყლის დალევა, საკუთარი სახელის და ასაკის თქმა, ვისთან ერთად ჩამოვიდა აქ და ა.შ.;
🔹 დაათვალიერებინეთ ადგილი, სადაც მოხვდა: სად რა მდებარეობს და ვინ სად არის;
🔹 შესთავაზეთ მცირე ფიზიკური აქტივობები, გაწელვა, ფეხით გასეირნება, ასკინკილა სიარული;
🔹 შესთავაზეთ სუნთქვის სავარჯიშოები, მაგალითად, ბაბუაწვერასთვის სულის შებერვა;
🔹 შესთავაზეთ სახატავები, სათამაშოები და ა.შ.;
🔹 ჰკითხეთ პირადი უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ, შეგიძლიათ ერთად შეადგინოთ ახალი სტრატეგია.