ყურადღება გაამახვილეთ ემოციებზე
როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია და არასათანადოდ იქცევა, პრიორიტეტულად, ყურადღებას ვამახვილებთ „ქცევის შეჩერებაზე“, გაგების გარეშე, „რატომ ჰქონდა მას ადგილი“. ხშირად, ბავშვს არ აქვს ემოციების მართვის შესაძლებლობა. გირჩევთ, პრობლემური ქცევის შესამცირებლად, რა ტექნიკასაც არ უნდა იყენებდეთ, უპირველეს ყოვლისა, „აღიარეთ“ ბავშვის გრძნობები, შემდეგ კი გაუმკლავდით ქცევას. სცადეთ ინტერვენციის დაწყება ამ გზით:
- აღიარეთ, რომ ბავშვი გაღიზიანებულია. მაგალითად: „დათო, გაღიზიანებული ჩანხარ!“
- შემდეგ, დაარწმუნეთ, რომ აღელვება ჩვეულებრივი ამბავია: „მესმის, თუ როგორ ხარ გაღიზიანებული, რადგან ახლა არ შეგიძლია ———— მიღება. შესაძლოა, ამას მეც ძალიან გავეღიზიანებინე“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაეთანხმოთ მას ან მოიწონოთ მისი ქცევა, უბრალოდ აღიარეთ, თუ როგორ გრძნობს იგი თავს.
- დაბოლოს, დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის მოგვარებაში ან შეუთანხმდით, თუ როდის ან როგორ შეუძლია მიიღოს ის, რაც სურს. უარყოფითი ქცევის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა გინდათ, რომ ბავშვმა გააკეთოს.
თუკი ბავშვი მეტისმეტად გაღიზიანებულია იმისათვის, რომ გონივრულად გესაუბროთ, უთხარით: „ახლა ლაპარაკისათვის ძალიან გაღიზიანებული ხარ. ყველაფერი რიგზეა! მითხარი, როდესაც საკმარისად მშვიდად იგრძნობ თავს, ლაპარაკისათვის“. შემდეგ, მინიმუმამდე დაიყვანეთ არასასიამოვნო ქცევისადმი ნებისმიერი სახის ყურადღების გამოვლენა. ნაკლებად გამოხატეთ ემოცია და ილაპარაკეთ ფაქტობრივად, გარემოებიდან გამომდინარე. დაუბრუნდით 1-3 ნაბიჯებს (ეძიეთ მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზები), მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი ლაპარაკისათვის საკმარის სიმშვიდეს იგრძნობს.
ასეთი მიდგომით, პატივს სცემთ ბავშვს. პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილეთ გრძნობაზე და არა ქცევაზე. „გაღიზიანება სავსებით ნორმალურია, მაგრამ საკუთარი თავისთვის, სხვებისთვის ზიანის მიყენება ნორმალური არაა“.
არასასურველი ქცევის შესამცირებლად, ყურადღება უფრო სასარგებლო საპასუხო ქმედებების სწავლებაზე გაამახვილეთ.
როგორ გინდათ, რომ ბავშვმა, გაღიზიანებისას, მოახდინოს რეაგირება? მას შემდეგ, რაც გამოავლენთ საპასუხო ქმედებებს, პრაქტიკაში იქამდე გამოიყენეთ, სანამ ჩვევაში გადაიზრდება. ამგვარად, ბავშვი „საიმედო პარტნიორად“ აღგიქვამთ და მეტად შეეცდება მართებული საპასუხო მოქმედების გამოვლენას.
მხედველობითი კონტაქტის დამყარების მოთხოვნა
აუტიზმის მქონე ბავშვებში მღელვარების გამოწვევის საუკეთესო საშუალებაა მოწოდება – შემოგხედონ. როდესაც ბავშვი ცდილობს მოუსმინოს თქვენს ნათქვამს, მოწოდება, გიყუროთ თვალებში, გამოიწვევს მხოლოდ გაღიზიანებას და ხელს შეუშლის მოსმენილი ინფორმაციის აღქმაში. ამის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს:
✅? ბევრ ბავშვს აქვს სმენითი აღქმის პრობლემები. კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად თქვენი პირის მოძრაობას უყურებენ. მოთხოვნა — შემოგხედონ, გონივრულია, თუ მათ სჭირდებათ თქვენი ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვება, რათა უკეთ გაიგონ რას ამბობთ.
✅? სენსორული ინტეგრაციის პრობლემების გამო, აუტიზმის მქონე მრავალ ბავშვს უჭირს, ერთდროულად, ორი შეგრძნების შეკავშირება. მათ შეუძლიათ ან შემოგხედონ, ან მოგისმინონ, მაგრამ ორივეს ერთდროულად ვერ უმკლავდებიან.
✅? ზოგიერთი ბავშვი, საგნების დასათვალიერებლად, პერიფერიულ მხედველობას იყენებს, ამიტომ მისთვის პირდაპირ თვალებში ყურება მეტისმეტად გამაღიზიანებელია.
ასე რომ, მოწოდება – შემოგხედონ, არ ზრდის საკითხის გაგების დონეს, პირიქით, ხშირად აფერხებს მის წვდომას.
უმეტესობა ჩვენგანისთვის, სხვის თვალებში ყურება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც ამას საკუთარი ნებით ვაკეთებთ და არა მოწოდებით. იგივე ეხება ურთიერთობის ყველა სტილს. აუტიზმის მქონე ბავშვები უფრო ხშირად შემოგხედავენ, თუ ამას შემოვლითი გზით შესთავაზებთ და არა მოწოდებით. გამოიყენეთ შემდეგი რჩევები და აღმოაჩენთ, რომ ბავშვი უფრო ხშირად გიყურებთ:
- ბავშვთან საუბრისას, დადექით ისე, რომ იყოთ მის წინ, თვალის დონეზე. როდესაც თქვენი სახე ბავშვის მხედველობის არეშია, უკეთ მიიქცევთ მის ყურადღებას. ეს არ ნიშნავს სახესთან ძალიან მიახლოებას, რაც მას შეაშინებს. იყავით მისი მხედველობის არეში ისე, რომ გაუადვილდეს შემოხედვა.
- ნაკლებად გამოიყენეთ სიტყვები და მეტად – არავერბალური ენა. სიტყვები აძლიერებენ არავერბალურად მიწოდებულ ინფორმაციას. ყურადღების მისაპყრობად, წამახალისებელი მიმიკა და ჟესტები გამოიყენეთ. ამით მიიზიდავთ ბავშვს, შემოგხედოთ სახეზე, საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
- როდესაც ბავშვი შეწყვეტს ყურებას, ოდნავ შეყოვნდით, სანამ კვლავ არ მოიკრეფს ყურადღებას. კომუნიკაციისას, შესვენება ბავშვს ეხმარება აღდგენაში.
- მრავალი ბავშვი თვალს ადევნებს ხელებს. თუ ბავშვი თქვენთან შეხებით თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ხშირად მიატანინეთ ხელები თქვენს სახესთან, რაც მაშინვე უზრუნველყოფს მის მშვიდ მზერას. თქვენს სახეზე მზერით, ბავშვს პოზიტიურ ემოციას უზიარებთ. მხედველობითი კონტაქტის დამყარების ყველაზე ცუდი დროა, როდესაც გაბრაზებული ხართ ან საყვედურობთ. ამით მხოლოდ უარყოფით ემოციას გაუზიარებთ.
ასევე, ფიზიკური შეხებით ნუ მოაბრუნებინებთ ბავშვს თქვენკენ სახეს, მოთხოვნით: „შემომხედე!“ ფიზიკური შეხებით თავის მობრუნება ფიზიკური თავდასხმაა მის უსაფრთხოებაზე. მას გაუჭირდება „ნდობის“ შენარჩუნება, თუ მხედველობით კონტაქტს ფიზიკურად „აიძულებთ“. იმაზე მეტად არაფერი იწვევს შიშს და შფოთვას, ვიდრე როდესაც ვიღაც გეხებათ ნიკაპზე და თავს გატრიალებინებთ, რომ შეხედოთ თვალებში.
თუ გსურთ, რომ ბავშვმა თქვენთან თავი „დაცულად, აღიარებულად და უნარიანად“ იგრძნოს, ნუ მოახდენთ ზეწოლას მხედველობით კონტაქტზე ან რაიმე სხვა ურთიერთობის სტილზე. ზეწოლის ნაცვლად, მოახდინეთ პროვოცირება. ასე, საბოლოოდ, მოიპოვებთ მის „ნდობას“ და საპასუხო რეაქციებს.
„ითანამშრომლეთ ჩემთან, მენდეთ და მე მექნება საპასუხო რეაქცია, იძულებით მხოლოდ დამკარგავთ.“
ქების ნაცვლად, ერთად იზეიმეთ!
წლების წინ გავიგე, რომ „ორმხრივი წახალისება“, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს აჯილდოებს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე უბრალოდ ბავშვის შექება. ორმხრივი წახალისების გამოყენებისას, ბავშვი არა მარტო იღებს ჯილდოს, არამედ გასცემს კიდეც. აღნიშნული პროცესი ბავშვს, ნაცვლად პასიური მიმღებისა, აქტიურ მონაწილედ ხდის. ორმხრივი წახალისების ჩვეულებრივი მაგალითია „high five“ (ჟესტი, როდესაც ორი ადამიანი, აწეული მკლავით არტყამს ერთმანეთს ხელის გულებს). ბავშვი დაჯილდოების აქტიური მონაწილეა, როდესაც მასწავლებელი მას ხელის გულებზე დარტყმის საშუალებას აძლევს. მასწავლებელი ხსნის დაჯილდოების პროცესს და ბავშვი ამას მის ხელისგულებზე დარტყმით ასრულებს. შექების ნაცვლად, ისინი ერთად ზეიმობენ.
სიტყვიერი შექება: „ყოჩაღ, დათო!“ სასიამოვნოა, მაგრამ ხშირად მას მინიმალური მოტივაცია ახლავს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, სიტყვები სწრაფად ქრება და ხშირად არ მყარდება. მეორე, ბავშვი აქტიურად არ არის ჩართული და პასიურად იღებს შექებას. მესამე, ის იმდენად ხშირად გამოიყენება, რომ კარგავს ენთუზიაზმს და ხდება ხელოვნური.
ორმაგად ეფექტურია სამი ტიპის შექების — ფიზიკური, ჟესტური და სიტყვიერი — შეწყვილება. იგი შედგება „ფიზიკური“ კონტაქტისგან, „high five“-ის სახით, მოწონების „ჟესტისგან“, ცერა თითების გამოყენებით და სიტყვიერი შექებისგან, როგორიცაა — „გასაოცარია!“. სამსაფეხურიანი სოციალური/ემოციური შექების გასაძლიერებლად გამოიყენეთ შემდეგი რჩევები:
- წახალისების დროს, დადექით პირისპირ, თვალის დონეზე. მაგალითად, როდესაც ცერა თითების გამოყენებით ასახიერებთ მოწონების ჟესტს, ხელები სახესთან ახლოს მიიტანეთ ისე, რომ ბავშვმა თქვენი სახის გამომეტყველების ამოცნობა შეძლოს.
- ნაკლებად გამოიყენეთ სიტყვები და მეტად — არავერბალური ენა (სახის ხალისიანი გამომეტყველება, დიდი რაოდენობის ჟესტები და მასტიმულირებელი ხმა). გამოიყენეთ მხოლოდ მოკლე სიტყვიერი შექება, როგორიცაა — „გასაოცარია!“.
- ყურადღება გაამახვილეთ „ჩვენზე“, ვიდრე „შენზე“.
სამსაფეხურიანი სოციალური/ემოციური შექება არის მხიარული, სასიამოვნო და ორმხრივი წახალისება, რომელიც დაფუძნებულია ემოციის გაზიარებაზე და რომლის შესრულებაც მარტივია. მისი გამოყენებით არა მხოლოდ აძლიერებთ დავალების შესრულების უნარს, არამედ ავითარებთ ძლიერ სოციალურ და ემოციურ უნარებს. ეს არის ურთიერთობის გზით სწავლა.
ისიამოვნეთ ერთად გატარებული წუთებით!
ნინო კაპერსკი, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი