ახალი სასწავლო წლის დაწყებას თან ახლავს გარკვეული შფოთვა როგორც მშობლების, ისე პირველკლასელების მხრიდან. რა მოლოდინები აქვს მშობელს სასწავლო პროცესის დაწყების წინ, მით უფრო, როცა მისი შვილი სსსმ მოსწავლეა და როგორ ემზადება ბავშვის სკოლაში წასაყვანად? რა არის „საკომუნიკაციო პასპორტი“ და როგორია მისი როლი მოსწავლის სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერის პროცესში — ამ თემებზე გვესაუბრება თამარ ნაკაიძე — განათლების ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი.
⏩ თამარ ნაკაიძე
🔸🔸 მშობლის ემოციები სასწავლო პროცესის დაწყების წინ
სავსებით ბუნებრივია, რომ როდესაც ბავშვი იწყებს სასკოლო ცხოვრებას, ამასთან მიმართებით, მშობელს აქვს შფოთვა და აწუხებს ბევრი კითხვა, მაგალითად: როგორ გაუმკლავდება ბავშვი ახალ მოთხოვნებს, გარემოს, ადამიანებს? იქცევა თუ არა ბავშვისთვის სკოლა სასიამოვნო სტიმულად და ექნება თუ არა მას სკოლაში სიარულის მოტივაცია? ვინ იქნება სკოლაში ბავშვის მხარდამჭერი და რამდენად ეფექტური იქნება ეს მხარდაჭერა? როგორ დაამყარებს იგი კომუნიკაციას თანატოლებთან? როგორ იგრძნობს თავს გაკვეთილზე? რამდენად შეძლებს მიწოდებული მასალის ათვისებას? როგორ შეძლებს სკოლის გარემოში დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და სკოლაში არსებული რუტინის მიყოლას?
თუ ბავშვს სპეციალური საჭიროება აქვს, შფოთვა კიდევ უფრო ინტენსიური შეიძლება იყოს და მშობელს მეტი კითხვა შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: შეძლებს თუ არა ბავშვი სრულ გაკვეთილზე გაჩერებას და მასში მონაწილეობას, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში? დასჭირდება თუ არა გაკვეთილებზე ინდივიდუალური დასწრების განრიგი? გაკვეთილის თვითნებურად დატოვება რომ მოისურვოს, ვინ მიაქცევს ყურადღებას? ვინ გააკონტროლებს მის უსაფრთხოებას? ხომ არ დასჭირდება დამატებითი დამხმარე ადამიანი (ინდივიდუალური ასისტენტი)? შესთავაზებენ თუ არა მასზე მორგებულ აქტივობებს? და ა.შ.
მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ მათი მღელვარება ბავშვის სასკოლო ცხოვრების დაწყების წინ სავსებით ბუნებრივია და კარგი იქნება, თუ შეეცდებიან, თავიანთი შფოთვის ბალანსირებისთვის წინასწარ მოემზადონ.
🔸🔸 როგორ მოემზადოს მშობელი ბავშვის სკოლაში წასვლისთვის
ამისთვის აუცილებელია, რომ მშობელი წინასწარ გაეცნოს სკოლის გარემოს, სადაც ბავშვი მიდის; ნუ დაელოდება სკოლის ინიციატივას მასთან კომუნიკაციის დამყარების კუთხით, თვითონ იყოს ამ კომუნიკაციის ინიციატორი; წინასწარ დაამყაროს კონტაქტი სკოლის ადმინისტრაციასთან; გაიცნოს ბავშვის დამრიგებელი და დამხმარე სპეციალისტები (სკოლის ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი); გადასცეს სკოლის წარმომადგენლებს ინფორმაცია ბავშვის შესაძლებლობების, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების, ინტერესების, ინდივიდუალური თავისებურებების შესახებ; ასევე, დასვას კითხვები და სკოლის წარმომადგენლებისგან მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ისინი ბავშვისთვის; კარგი იქნება, თუ მშობელი ერთმანეთს გააცნობს ბავშვის დამრიგებელს და იმ სპეციალისტებს, რომელთაც ბავშვთან ურთიერთობის, სწავლების გამოცდილება აქვთ, მაგალითად, თუ ბავშვი დამატებითი მომსახურებით სარგებლობს და მასთან მუშაობს ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი ან სხვა სპეციალისტი, მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს სკოლის კადრისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების შეხვედრების ინიციატორი, რათა ამ უკანასკნელებმა სკოლას ბავშვთან მუშაობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარონ. სასურველია, მშობელმა, მომავალ მასწავლებლებსა და სპეციალისტებთან ერთად, განიხილოს და დაგეგმოს ბავშვის სკოლაში ტრანზიციის პროცესი; თუ ბავშვი, კომუნიკაციის დროს, ვერ მეტყველებს და კომუნიკაციის ალტერნატიულ ფორმებს მიმართავს, მნიშვნელოვანია, მშობელმა ეს ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს სკოლის პერსონალს, გაუზიაროს ბავშვთან ინტერაქციის თავისი გამოცდილება და ურჩიოს მათ, როგორ შეიძლება ყველაზე უფრო ეფექტიანი გზებით მის შვილთან ურთიერთობის დამყარება;
ზუსტად იმისათვის, რომ მშობელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს სკოლას მისი შვილის შესახებ და წერილობით გაუზიაროს რჩევები, მას გამოადგება საკომუნიკაციო პასპორტი.
🔸🔸 რა არის საკომუნიკაციო პასპორტი
საკომუნიკაციო პასპორტი შეიძლება წარმოვიდგინოთ პატარა წიგნის სახით, სადაც ფიქსირდება ბავშვის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს არის ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის საჭირო პირებისთვის გაზიარების ერთ-ერთი მხარდამჭერი ინსტრუმენტი და განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვებთან მიმართებაში. ამ დოკუმენტს ავსებს მშობელი. ამ პროცესში მას შეუძლია დაიხმაროს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები და საბავშვო ბაღის მასწავლებელიც.
ასევე, მნიშვნელოვანია, მშობელმა, ამ პატარა წიგნის (საკომუნიკაციო პასპორტის) მომზადებისა და გაფორმების პროცესში, ჩართოს ბავშვი. ეს პროცესი სახალისო უნდა იყოს. არ არის აუცილებელი, რომ საკომუნიკაციო პასპორტს სტანდარტული დოკუმენტის ფორმა ჰქონდეს. შეიძლება მას იმ ობიექტის ფორმა მისცეს მშობელმა, ბავშვთან ერთად (თუ ბავშვის რესურსი იძლევა საშუალებას, რომ საკომუნიკაციო პასპორტის მომზადებაში მიიღოს მონაწილეობა), რომელიც მას ძალიან მოსწონს, მაგალითად, მატარებლის, სახლის და სხვა. შეიძლება ეს დოკუმენტი გაფორმებული იყოს ნახატებით, ფერადი ქაღალდებით, სურათებითა და სხვ. მშობელს შეუძლია ამ დოკუმენტში, მარტივი და გასაგები ენით, პოზიტიურად ასახოს ბავშვის შესახებ კომპლექსური ინფორმაცია ისე, რომ დოკუმენტი იოლად წასაკითხი, სასარგებლო, ინფორმაციული და სახალისო იყოს; მასში შეჯამებულად უნდა იყოს წარმოდგენილი ბავშის შესახებ პერსონალურ ინფორმაცია, მისი ხედვები საკუთარ თავზე, ინტერესები, ფუნქციონირების თავისებურებები.
აღსანიშნავია, რომ საკომუნიკაციო პასპორტი პიროვნებაზე ცენტრირებულ მიდგომას ემყარება და პირველ პირში ივსება, მაგალითად, შეიძლება იყოს ასეთი ჩანაწერი, სადაც ისმის ბავშვის ხმა: „ძალიან მომწონს სათამაშო ცხოველების დათვალიერება და ძალიან მიყვარს, როცა მათ შესახებ ამბებს მიყვებიან და სურათებს მათვალიერებინებენ“; „არ მიყვარს ხმამაღალი ხმები და ხმაური; ასეთ დროს ძალიან ვშფოთავ, შეიძლება ძლიერი ყვირილი დავიწყო და ყურებზე ხელები ავიფარო“. ასევე, ამ დოკუმენტის საშუალებით, ბავშვი შეიძლება გვატყობინებდეს, თუ როგორ შეიძლება სკოლაში მისი დახმარება: „მე მიჭირს სიახლეებთან შეგუება და ამისთვის დრო მჭირდება. გთხოვთ, როცა დაგეგმილ განრიგში რამე შეიცვლება, წინასწარ გამაგებინეთ ხოლმე ამის შესახებ“.
ამ სახალისო დოკუმენტის საშუალებით ბავშვის შესახებ წინასწარ ინფორმაციის მიწოდება, წესით, მნიშვნელოვნად უნდა დაეხმაროს მასწავლებელს, რათა შეიქმნას მასზე წარმოდგენა, მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს და ხელი შეუწყოს სკოლაში მის უმტკივნეულო ტრანზიციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ სკოლაც წაახალისებს მშობლის მიერ საკომუნიკაციო პასპორტის მომზადებას.
🔸🔸 ტრანზიციის არსი და მისი მნიშვნელობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებისთვის
მომავალი პირველკლასელები გარკვეული გამოწვევის წინაშე დგებიან, როდესაც სკოლაში მისვლა უწევთ. მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში მისვლის/ტრანზიციის ეტაპი ბავშვების ცხოვრებაში აისახოს, როგორც პოზიტიური გამოცდილება, რაც, კვლევების თანახმად, მათი მომავალი სოციალური, ემოციური და საგანმანათლებლო წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
იმისათვის, რომ სკოლაში ტრანზიცია მოსწავლეებისთვის უმტკივნეულო იყოს და პოზიტიურ გამოცდილებად იქცეს, ეს პროცესი უფროსების მხრიდან უნდა იყოს დაგეგმილი, მხარდაჭერილი და დიდი სიფრთხილით განხორციელებული. ამისთვის კი აუცილებელია, ერთმანეთთან მჭიდროდ და კოორდინირებულად თანამშრომლობდეს ყველა რგოლი: სკოლის კადრი, მშობელი, ბაღი და სარეაბილიტაციო/დღის ცენტრი (თუ ბავშვი სარგებლობს დამატებითი სერვისით), ანუ ბავშვის მიმღები და გამშვები დაწესებულებები ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ და მათ შორის კომუნიკაცია არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი და თანმიმდევრული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ ბავშვი წინასწარ იცნობდეს სკოლის ფიზიკურ გარემოს, თავის მომავალ მასწავლებელს, იცოდეს, რას ნიშნავს მოსწავლის როლი, რა მოთხოვნები არსებობს სკოლაში მოსწავლის ქცევასთან მიმართებით. ასევე, თვითონ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს სკოლის მიმართ; როდესაც დახმარება დასჭირდება, ვის მიმართოს და სხვა, ანუ, ერთი მხრივ, ბავშვი, ფსიქოემოციური თვალსაზრისით, შემზადებული უნდა იყოს სასკოლო ცხოვრების დასაწყებად და, მეორე მხრივ, თავად სკოლის კადრსაც წინასწარ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ბავშვის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შესახებ, რათა მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს მას. თუ მომავალ პირველკლასელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვს, მას გაფართოებული მხარდაჭერა დასჭირდება. ბავშვის შესახებ სკოლის წინასწარ ინფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს მშობელს.