გთავაზობთ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელების ⇒ თინათინ შარაბიძისა და ანანო ესართიას თხზულებებს.
პედაგოგი ⇒ თამარ კობერიძე
თინათინ შარაბიძე
ბეთანია
ბეთანიის მონასტერმა გამოხმაურება ჰპოვა გრიგოლ ორბელიანისა და ნიკო სამადაშვილის ლექსებში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ და „უკანასკნელი ქრისტიანები“. ორივე ლექსში ბეთანია დაკავშირებულია დიდებულ წარსულთან და პოეტებს ამ დიდებული წარსულის დღევანდელობასთან შედარება მწუხარებით ავსებს:
„ყვავილოვანი წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივმოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!“
გრიგოლ ორბელიანი თამარ მეფეს ევედრება, რომ საქართველოს „მოწყალის თვალით“ მოხედოს, რომ აკურთხოს თავისი ჯვრით ქართველები, როგორც ამას შამქორისა და ბასიანის ბრძოლების წინ აკეთებდა ხოლმე:
„მოხედო ბედკრულს,
შენს სატრფოს-მამულს,
და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.“
ბეთანიის მონასტრისკენ მიმავალი ნიკო სამადაშვილი კი თითქოს გოლგოთაზე ადიოდეს, გზაში ომში დაღუპულთა მიერ შეწირული ცრემლებით ნასაზრდოებ მდინარეს ხედავს:
„ხევში მდინარე შემოგვეფეთა,
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.“
გრიგოლ ორბელიანი თამარ მეფის ფრესკას უყურებს და წუხს იმაზე, რომ ქართველთ დაუკარგავთ ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ერი გვერქვას:
„წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა!“
ნიკო სამადაშვილს კი ბეთანიის ნახვისას ქართველი მეფე ლაშა-გიორგი ახსენდება, რომელიც სწორედ მონღოლებთან ბრძოლაში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ამას ძალიან ხატოვნად გამოთქვამს იგი:
„ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზედ
ჯალალედდინის შემოკრულ სილას.“
გრიგოლ ორბელიანი ფიქრობს, რომ ეროვნულ თვისებათა დაკარგულ ქართველებს, დამცირებულებს, უიმედოებს, ხმაჩაკმენდილებს ვეღარ იცნობს თამარ მეფე, რომელსაც ლოცვაში გართულს თვალები და ხელები ზეცისკენ აღუპყრია:
„მაგრამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულშემუსვრილსა.“
ერის მმართველი ხომ მწყემსია კეთილი, ხოლო ხალხი კი მისი სამწყსო. ნიკო სამადაშვილის აზრით კი მის თანამედროვე, ანუ კომუნისტურ რეჟიმში მცხოვრებ ქართველობას დაუკარგავს თავისი მწყემსი და ამიტომ, მმართველდაკარგული, ღირსებაშელახული „სოფლის ნახირი“, საკუთარი საფლავის თხრას თავად შესდგომია:
„აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს,
წყემსდაღუპული სოფლის ნახირი.“
გრიგოლ ორბელიანს, მუხთალი წუთისოფლისგან შეშინებულს, თამარის ფრესკის ცქერისას, უიმედობა ეუფლება, ვაითუ ის ძველი დიდებულება აღარ დაბრუნდეს:
„ვაჰ თურ რაც წახდეს
ვეღარა აღჰდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?“
ქართველებზე, ქრისტიანებზე, კომუნისტური უღმერთობის გაბატონებით აღშფოთებულ მაცხოვარს ძლივს ამშვიდებდა რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი. ეს ორი ქართველი ბეთანიის სანახავად წამოსული ნიკო სამადაშვილი და მისი მეგობარია, ხოლო რჯულდაწყვეტილნი იმიტომ არიან, რომ ვერ შეინარჩუნეს ქრისტიანობა, ღმერთის სიყვარული და ჩვენი სარწმუნოების სიწმინდე მტერმა შებღალა. ბეთანია რომ უდიდებულესი ტაძარი იყო და საქართველო კი უძლიერესი ქვეყანა, ამას ამტკიცებს ნიკო სამადაშვილის შემდეგი სიტყვები:
„აქ წარმართებიც მუხლებს იყრიდნენ,
როგორც ამბობენ დიდ გიორგობას.“
დღეს იმ დიდებულებისგან კი ბეთანიის სამრეკლოში მხოლოდ მტვერი და ნაგავი დარჩენილა:
„სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,
თუ დარეკავდი გაყრიდა ნაგავს.“
ქართველთა ასეთი მდგომარეობით აღშფოთებულ პოეტს, იესოს მსგავსად, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა უნდა ქართველების ცოდვათა გამოსასყიდად და გადასარჩენად:
„აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი.“
გრიგოლ ორბელიანიც, ნიკო სამადაშვილის მსგავსად, მიიჩნევს, რომ საქართველოს ძველი დიდებულების სახე მხოლოდ ბეთანიის ფრესკებში ინახება; სხვა ყველაფერი კი გაქრა და გაცამტვერდა:
„დიდება ჩვენი,
ცად სხივმიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?“
ამგვარად, ბეთანია, როგორც ძველი დიდებულების სახე-სიმბოლო ჰპოვებს გამოხმაურებას გრიგოლ ორბელიანისა და ნიკო სამადაშვილის ლექსებში. ორივე პოეტში წარსულის გახსენება თან სიხარულსა და თან დიდ მწუხარებას ჰბადებს, რომ იმ დიდებულებისგან მცირედიც აღარ დარჩენილა და ქართველ ერს ის მნიშვნელოვანი თვისებები დაუკარგავს, რომელმაც ამდენი ხანი გააძლებინა საქართველოს მუხთალ წუთისოფელთან ბრძოლაში.
ანანო ესართია
გოგჩა
„მღერალო ტკბილო, მამულიშვილო, ამაღლებულო სულით ზეცამდე, იყავ კურთხეულ, არდავიწყებულ, ამიერიდან უკუნისამდე“ — სწორედ ასე მოიხსენიებს აკაკი წერეთელი ალექსანდრე ჭავჭავაძეს. მოგეხსენებათ, ალექსანდრე გახლდათ რომანტიკოსი პოეტი, რომლის შემოქმედება სავსეა წარსულის განცდებით. ილია ჭავჭავაძეს ლექსიც აქვს მიძღვნილი, რომელშიც ვკითხულობთ: „მისი ლექსი შვებით, ლხენით, ხან მეჯლისში მოფრინდება, გულს ჩაგეკვრის, ლაღობს, ხარობს, გამღერებს და ამღერდება, ხან დაჰყურებს ნაღლიანად, დაფიქრებით გოგჩის ტბასა და ემდურის წვავის მოთქმით, დაუდგრომელ დროთ ბრუნვასა“.
პოეტი ლექსში „გოგჩა“ თავის შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს ტბის პირველად ნახვისას. ლექსში თვიდანვე იგრძნობა წუთისოფლის წარმავლობა, დროის დაუდგრომლობა და ცხოვრების ამაოება, რაც ალექსანდრეს შემოქმედებისთვის დამახასიათებელია. როგორც ვიცით, ბუნება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რომანტიკოსების პოეზიაში. ხან მშვიდია ეს ტბა, ხან მღელვარე, ზოგჯერ ბროლივით გამჭირვალე, წმინდა და უძრავი. ამ ეპითეტებით ამკობს პოეტი ტბას, რადგან მკითხველისათვის უფრო თვალსაჩინო გახდეს მისი განსაკუთრებულობა. მასში ხან ცის ლაჟვარდი ირეკლება, ხან — მწვანე მთები. ზოგისთვის ეს ტბა შესაძლოა ცხოვრების სიმბოლო იყოს, თუმცა ჩემთვის სარკეა. იგი არის მიწაზე, თუმცა ირეკლავს როგორც მთებს, ისე ზეციურს — ცას და მთვარეს. სარკე საკმაოდ საინტერესო და ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია.
ხანდახან უეცრად მოჰკრავ თვალს შენს თავს სარკეში და შეამჩნევ რამდენი წელი გავიდა. თითქოს, ძალიან ბანალურია, თუმცა სარკე ხომ ცხოვრების ანარეკლია. იგი ზუსტად ასახავს ჩვენს დღევანდელობას. თავიდან უმზერ შენს თავს, ფიქრობ გარეგან სილამაზეზე, მაგრამ რაც უფრო დიდხანს შეხედავ, სარკეც აგხედ-ჩაგხედავს და დათვალიერებას დაგიწყებს. შენ კი ამჩნევ წლების შტრიხებს, უნებლიედ მოდის კითხვა თუ რა გააკეთე, რისთვის მოხვედი. სარკე გვახსენებს ჩვენს გასაკეთებელ და დამთავრებულ საქმეებს, რომ არის წუთისოფელი და ბევრი რამ მოსასწრებია. თუმცა, ამავდროულად, დადგება დღე, როდესაც ვეღარასდროს ჩაიხედავ ვერც საკუთარ თავში და ვეღარც სარკეში. სარკეს განსაკუთრებული თვისება აქვს, მისთვის ყველა და ყველაფერი სულერთია და ერთია. ჩარლი ჩაპლინი ამბობდა, რომ სარკე საუკეთესო მეგობარია, რადგან როცა ტირი, ის არასდროს იცინის. აღსანიშნავია, რომ, ამავდროულად, სარკე ცრუ ნდობის განცდას გვიქმნის. იგი ერთადერთი ანარეკლია, რომლითაც საკუთარ თავს აღვიქვამთ და ყოველდღიურად ვხედავთ, საერთო არ აქვს იმასთან, თუ როგორ გვხედავენ სხვები. ამიტომაც ვთლი, რომ შესაძლოა ტბა სწორედ სარკის სიმბოლო იყოს.
ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ ცხოვრება გორაკს ჰგავს, ანუ უსასრულო არაფერია. მუდამ აწმყოთი არ უნდა ვიცხოვროთ, რაც იყო გუშინ, დღეს აღარ არის და არავინ იცის რა იქნება ხვალ; „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ (შოთა რუსთაველი).
„და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი).
„ბრძენნი ამბობენ, მოვა დრო და თქვენც ჩაქრებითო, — უთხრა ციცინათელამ ვარსკვლავებს. ვარსკვლავებმა არაფერი უპასუხეს“.
ბეთანია გრიგოლ ორბელიანისა და ნიკო სამადაშვილის მიხედვით
ჩვენ გავეცანით გრიგოლ ორბელიანისა და ნიკო სამადაშვილის ლექსებს — „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ და „უკანასკნელი ქრისტიანები“. მიუხედავად მთავარი საერთო გულისტკივილისა, ეს ორი ლექსი საგრძნობლივ განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანებს, და მით უფრო ქართველებს, გვახასიათებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ისეთი ადგილებისათვის, რომლებიც გამორჩეულია სხვებისგან და განსაკუთრებული ისტორიის მქონეა, როგორიც, მაგალითად, იერუსალიმია. სწორედ ანალოგიური დატვირთვის გამო გვხვდება ამ ორ ლექსში ბეთანიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოვლენა, ვინაიდან ეს გახლდათ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის ლოკაცია. ამ ტაძარმა შემოგვინახა, როგორც თამარ მეფის, ისე ლაშა-გიორგის ფრესკები, რომელთადმი პოეტების დამოკიდებულებას ლექსებშიც შევხვდებით.
გრიგოლ ორბელიანი განიცდის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და მოსახლეობის ზნეობრივ დაცემას. თამარ მეფე კი მისთვის სათაყვანებელ და მისაბაძ ხატს წარმოადგენს, რომლის წინაშე ცრემლმომდგარი მუხლს იდრეკს და თავისი ქვეყნის სატკივარს შესჩივის. იგი ასევე საუბრობს თამარის მეფობის პერიოდზე, ანუ მხატვრულად რომ ვთქვათ, „ოქროს ხანა“-ზე. პოეტს სურს, საქართველოს დაუბრუნდეს წარსული დიდება.
აღსანიშნავია, რომ ნიკო სამადაშვილის ლექსში არ გვხვდება პირდაპირი მიმართვა ფრესკისადმი. იგი, უბრალოდ, გაკვრით ახსენებს „ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზედ ჯალალედინის შემოკრულ სილას“. ურწმუნოების განცდა ჭარბად იჩენს თავს. ღმერთი, როგორც „ქმნილება“, არ ჩანს მის ლექსში, რაც ვფიქრობ, ადამიანის ამ სამყაროში ზედმეტობისა და სიცოცხლის უაზრობის შეგრძნებას იწვევს მკითხველში. ტიპიური ქრისტიანისთვის უფალი რწმენის და იმედის მომტანია, რასაც ვერ ვიტყოდი ნიკოზე. ლექსისათვის დამახასიათებელია მოსახლეობისა და გარემოს უბედურება და სევდა. როგორც გრიგოლს, ისე მასაც ადარდებს საკუთარი სამშობლოს ბედი, თუმცა რაღა ბედი, იგი თვითონვე აღწერს იმდროინდელ გახრწნილ საქართველოს. ყველაფერი დამჭკნარი, გამოფიტული და უპატრონოა: „დაუსუსხია მზის ბუჩქი ჭინჭარს, ქანდაკება სდგას აღთქმული მგზავრის“, „აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი“. ამ უკანასკნელ სტრიქონში ჩანს ბიბლიური მწყემსის, როგორც სიკეთის სიმბოლოსა და გარესამყაროს ურთიერთობა. ლექსის მიხედვით მწყემსი, ანუ ლიდერი, რომელიც ბრბოს მეთაურია, დაღუპულია და აღარ არსებობს, შესაბამისად, არ არის ჰარმონია და სიმშვიდე, არის ქაოსი და ბრბოს ქმედებას არ გააჩნია არანაირი მოტივი, მიზანი და აზრი.
ნიცშეს აზრით, ადამიანი არის ის, რაც უნდა დაიძლიოს. ნიკო კი ეძებს ადამიანის ჭეშმარიტ დანიშნულებას. ლექსში „უკანასკნელი ქრისტიანები“ ნათლად ჩანს, რომ ადამიანი პეიზაჟის ნაწილია. ეს პეიზაჟი კი, უმეტესწილად, თავად ადამიანის წარსულის ფუნჯითაა ნახატი.
„მათხოვარი ზის, როგორც ობობა, მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა“. ნიკოსთვის ადამიანის სახე არის მათხოვარი, რომელიც საკუთარი გაურკვეველი და ძირითადად, მექანიკურად მომუშავე საცეცებით ეძებს ადგილს სამყაროში. გასამახვილებელია ყურადღება იმაზე, რომ ადამიანი მოხსენებულია როგორც „მათხოვარი“, რაც, ვფიქრობ, იმდროინდელი საქართველოს მორალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზეც მეტყველებს.
„ყველაფერში ბზარია. ასე შემოდის შუქი,“ — თქვა ლეონარდ კოენმა. მიუხედავად ასეთი პესიმისტური განწყობისა, ნიკო სამადაშვილი, მართალია, შეპარვით, თუმცა მაინც ამბობს რომ „გზა სჩანდა ოდნავ“. პოეტი იმედგაცრუებული საქართველოს რეალობიდან გამომდინარე გახლდათ, თუმცა მას არ ჰქონდა დაკარგული უსასრულო იმედი, რომ საქართველო ოდესმე დამოუკიდებელი გახდებოდა. იმედის სხივი ყოველთვის არის. მას გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა ამის, ვინაიდან, როდესაც ჩვენ დაზუსტებით ვიცით რა გვინდა, შეგვიძლია ადრე თუ გვიან განვახორციელოთ ჩვენი სურვილები. ნიკო იყო დარწმუნებული, რომ რაღაცას ჰქონდა აზრი, მიუხედავად იმისა თუ როგორ და როდის გამოვიდოდა და რა იქნებოდა გამოსავალი.