მე ვარ ლეილა ნამაზოვი. 2008 წლიდან ვმუშაობ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად. 2009 წლის აგვისტოში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებისთვის 14-დღიანი ენის შემსწავლელი კურსი, რომელიც 2013 წლამდე გაგრძელდა. დიდი სიამოვნებითა და და ხალისით ვასრულებდი ჩემს საქმიანობას. მაშინ გავიცანი ის მასწავლებლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, შორ სოფლებში მიდიოდნენ და სახელმწიფო ენას ასწავლიდნენ. თავიდან არ მიფიქრია, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. მხოლოდ 2018 წელს გადავწყვიტე, რაც ჩემთვის კიდევ ორმაგი პასუხისმგებლობა იყო — არაქართულენოვან სკოლაში სახელმწიფო ენა მესწავლებინა.
ჩემი პროფესია ბავშვობიდან მიყვარს, რადგან მშობლებიც მასწავლებლები არიან. ვხედავდი როგორი სიყვარულით ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას (დედაც ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია) და იმ დროიდან გამიჩნდა სიყვარული ქართული ენის მიმართ. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გადავწყვიტე, ქართული ენის მასწავლებელი გავმხდარიყავი. მე ამ პროგრამით ქალაქ მარნეულის მე-8 საჯარო სკოლაში წავედი, თავად ეს სკოლა მქონდა დამთავრებული. სკოლის დამთავრების შემდეგ ვოცნებობდი ამ სკოლაში მუშაობაზე. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან, მუშაობის დაწყება არ იყო მარტივი, მაგრამ შევძელი სირთულეების გადალახვა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, არასოდეს მიფიქრია საქმისთვის თავის დანებებაზე, ეს სკოლა ჩემი მშობლიური სკოლა იყო და მინდოდა, მის ცხოვრებაში ჩემი წვლილი შემეტანა. სკოლაში მისვლის დღიდან მასწავლებლებს ვეხმარები და ხელს ვუწყობ პროფესიულ განვითრებაში. ჩემს იქ მისვლამდე მასწავლებლებმა არ იცოდნენ პროფესიული განვითარებისათვის რა ნაბიჯების გადადგმა სჭირდებოდათ. ხშირი კონტაქტი გვქონდა, ვაწვდიდი საჭირო ინფორმაციას. შემდეგ ჩემი კოლეგები ეტაპობრივად ჩავრთე სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსზე. ამ ეტაპზეც, ვმუშაობ სკოლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან, ისინი სწავლობენ სახელმწიფო ენას, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, ასევე, ვარეგისტრირებ საგნობრივ გამოცდებზე. ჩემი მოსწავლეებისათვის კი მე ვიყავი და ვარ მაგალითი, როგორი მომავალი ექნებათ, თუ სახელმწიფო ენას კარგად შეისწავლიან.
სკოლაში შესვლის დღიდან ჩემს მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ვაგრძნობინე, რომ მათთვის მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი არ ვარ. მიუხედავთ იმისა, რომ ეს სკოლა რაიონის ცენტრში მდებარეობს, მოსწავლეები კარგად არ იცნობდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციას. ქართული ენის სწავლების პარალელურად, მათ ქართულ კულტურასა და ტრადიციას ვაცნობ და ვაწვდი ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ, რომლის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ვატარებთ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. სკოლაში ჩავატარე საშემოდგომო, საახალწლო, 14 აპრილის, 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები, სადაც მოსწავლეები კიდევ უფრო კარგად გაეცნენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ჩვენ არა მარტო სახელმწიფო ენას ვსწავლობდით, არამედ, ამ ღონისძიებებით, ქართულ კულტურას ვაცოცხლებდით. მე ამ გზით კიდევ უფრო სიღრმისეულად ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს ქართულ კულტურას, ისტორიას და ლიტერატურას. იმის გათვალისწინებით, რომ არც ინფრასტრუქტურა და არც რესურსების მრავალფეროვნება გვიწყობს ხელს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ. 2022 წელს განვახორციელე პროექტი „დავიაროთ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ“. მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და მოვამზადეთ პრეზენტაციები, მოსწავლეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების შესახებ. პროექტი კი დავასრულეთ ექსკურსიებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ჩემი მოსწავლეები არ იყვნენ ნამყოფი.
ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები, მათთან მუშაობისას არასოდეს ვიღლები, პირიქით, ძალას ვიკრებ, რომ ყოველი მომდევნო გაკვეთილი, თითოეული მათგანისთვის, წინა გაკვეთილზე საინტერესო იყოს. ისინი ჩემი საგნით სწავლობენ სახელმწიფო ენასა და მის კულტურას. ამიტომ, მთელი ძალისხმევით ვმუშაობ, რომ ისწავლონ ქართული ენა და იყვნენ მშობლიური ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები.