გასულ წელს, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში, განათლების სამინისტრომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც დროებითი ცოდნის დაგროვება, რომელიც მხოლოდ გამოცდების ჩაბარებაზე იყო ორიენტირებული და მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს ვერ აფასებდა, წარსულს ჩაბარდა. დღეს მეთორმეტეკლასელს აღარც 12 გამოცდის ჩაბარების შიშის დაძლევა უწევს და აღარც მის მშობელს ამდენივე საგნის რეპეტიტორისთვის გადასახდელი თანხის მოძიება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მართლაც უმძიმეს ტვირთად აწვა ოჯახებს. მოკლედ, ფინანსური რესურსიც დაიზოგა და ბავშვების ნერვებიც, მაგარამ ამის გარდა, საინტერესოა, რა შეიცვალა სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით? რა გავლენა იქონია (საერთოდ, იქონია თუ არა?) კატის გამოცდების გაუქმებამ განათლების ხარისხზე?
„სკოლის როლის დაბრუნების გარეშე, შეუძლებელია მაღალი ხარისხის განათლებაზე საუბარი“ – რეფორმის ინიციატორი მინისტრი ამ როლის დაბრუნების ერთ-ერთ გზად სწორედ გამოცდების გაუქმებას განიხილავდა. დაიბრუნა თუ არა ამ გადაწყევტილებით სკოლამ დაკარგული როლი და ახლა რის საფუძველზე გაიცემა ატესტატი? – წაიკითხეთ სკოლის დირექტორების შეფასებები.
გულნაზ ხორბალაძე
№128 საჯარო სკოლის დირექტორი
მეთორმეტე კლასში, წელს, მოსწავლეების შეფასებას გამოცდის სახით არ ვგეგმავთ, ატესტატი გაიცემა ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი წესის მიხედვით – საფეხურის დაჯამების საფუძველზე. მათ, გარკვეულწილად, სხვადასხვა საგნები უკვე ჩაბარებული აქვთ IX, X და XI კლასებში. ესგ-ში არსებობდა ჩანაწერი, რომ ატესტატს მეთორმეტეკლასელები მიიღებდნენ გამოსაშვები გამოცდების — კატის გამოცდების ჩაბარების შედეგად, თუმცა, გამოცდების გაუქმების შემდეგ, ბუნებრივია, ეს ჩანაწერიც აღარ არსებობს და ახლა ქულა მიიღება მეთორმეტე კლასში მიღებული ნიშნების შეჯამების საფუძველზე, ანუ ყველა საგანში დაჯამდება წლიური ქულები, ვისაც 30% გაცდენა დაუფიქსირდება, ექსტერნის გამოცდის დაძლევა მოუწევს.
რა შეცვალა კატის გამოცდის გაუქმებამ? ჩემი დაკვირვებით, მასწავლებლებს მეთორმეტე კლასის გაკვეთილები ახლა უფრო მეტად ეროვნული გამოცდებისკენ მიჰყავთ და უფროსკლასელებს იმ სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან, რაც რეალურად მათ წინაშეა. მაგალითად, ზოგს მათემატიკაში უჭირს მეტად, ზოგს – ქართულში, ნაწილს კიდევ – სხვა საგნებში. ამიტომ, მასწავლებელი მათი საჭიროებიდან გამომდინარე მოქმედებს. გარდა ამისა, პოზიტივია ისიც, რომ ახლა მოსწავლე ერთი მიმართულებით ფიქრობს და აღარ არის გაორებული, როგორც ეს გამოსაშვები გამოცდების დროს იყო. არ იცოდა, რომლისთვის მიეხედა, ორცეცხლშუა იყო მოქცეული – კატის გამოცდებსა და ეროვნულ გამოცდებს შორის. ერთი მხრივ, თითქოს, ეს კარგია, მაგრამ შეიძლება – არასაკმარისი. მოსაფიქრებელია შიდაშეფასების ბერკეტი ან ორსაფეხურიანი (ორნაწილიანი) ეროვნული გამოცდები, რომელიც სკოლის პროგრამასა და მისაღებ პროგრამას ერთ გამოცდაზე შეამოწმებს. ეს მოსწავლის პასუხისმგებლობასაც აუცილებლად გაზრდის. ადრე იყო საუბარი ამ ტიპის გამოცდაზე, ორნაწილიან ტესტზე, რომელიც ერთდროულად შეაფასებდა, როგორ არის მომზადებული ახალგაზრდა სასკოლო პროგრამის მიხედვით და უმაღლესში მისაღები გამოცდისთვის, ერთ გამოცდაზე ორ შედეგს აჩვენებდა. ეს მართლაც მშვენიერი იდეა იყო, თუმცა, ჯერჯერობით, ამის შესახებ საუბარი აღარ მიდის.
ამ ტიპის გამოცდას ვემხრობი, მაგრამ არა ცალკე გამოსაშვებ გამოცდას, მით უფრო ისეთს, როგორიც კატის გამოცდა იყო – მხოლოდ რაოდენობრივ ცოდნაზე გათვლილი და არა უნარებზე, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებზე. ეს „წყალწყალა“ გამოცდა იყო, რომელიც მხოლოდ კონცეპტუალურ საკითხებს ამოწმებდა და გამოცდიდან გამოსული მოსწავლე ვერ გეუბნებოდა (რადგან თავადაც ვერ იგებდა), რაში მიიღო 5, 6 ან 10 ქულა.
რომ შევაჯამო, ერთ წელიწადში, კატის გამოცდების გაუქმებას რაიმე სერიოზული ცვლილება არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ მოსწავლე ფსიქოლოგიურად განიტვირთა.
რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე გაიცემა სკოლის ატესტატი, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ მოსწავლე ატესტატს საკუთარი შრომის შედეგებით მიიღებს – საკლასო-საშინაო დავალებები, სემესტრული ნიშნები, წლიური ნიშნები და ა.შ. წელს მეთორმეტე კლასში გამოცდა იმიტომ არ დავნიშნეთ, რომ პირველი წელია და ვაკვირდებით, რა მოჰყვება ამ ცვლილებას, სხვა მხრივ, სკოლას თავისუფლად შეუძლია ჩაატაროს შიდა გამოცდა და შეაფასოს მეთორმეტეკლასელი.
გამოცდის გაუქმებამ სწავლის მოტივაცია ხომ არ გააქრო – არა, ამას ვერ ვიტყვი. შესაძლოა, მოსწავლეთა ნაწილი მართლაც ასე ფიქრობს, ბოლოს მაინც არავინ მამოწმებს გამოცდით და რატომ ვისწავლო, როცა შეიძლება უფრო იოლად გამოვძვრე, არ ვიცი, მაგრამ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი ახლა იმ პროფილებით მუშაობენ უფრო ინტენსიურად, რა პროფილიც აქვთ არჩეული. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. როცა ორი მიზანი გაქვს ერთდროულად მისაღწევი, მაშინ უფრო მეტად იბნევი, ეს დიდებსაც გვიჭირს, არათუ მოსწავლეებს. უძილო ღამეების ხარჯზე რთულია მიზნის მიღწევა. ასეთ რეჟიმში იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ მეთორმეტე კლასში – მთელი წელი მეცადინეობდნენ როგორც კატის გამოცდებისთვის, ისე ეროვნული გამოცდებისთვის. ამიტომ, მხარს ვუჭერ კატის გამოცდების გაუქმებას, თუმცა, შეიძლება სხვაგვარად მოხდეს საშუალო საფეხურზე მოსწავლის მიღებაც და საფეხურის დასრულებაც. საბაზოდან საშუალოზე გადასასვლელად მოსწავლეს მეტი უნდა მოვთხოვოთ ისევე, როგორც საშუალო საფეხურის დასრულებისას. შესაძლოა, სამინისტროში მოფიქრებულიც აქვთ რამე, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ამ მოლოდინში ვართ, რომ შეიცვლება მიდგომებიც, გაკვეთილის ფორმაც, პროფილებიც და ა.შ. ეს აუცილებელია, რადგან, ის, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ხარისხიანი არ არის. მესამე საფეხური კარგად დასალაგებელია, თავის გამოცდებთან ერთად.
თამთა კვარაცხელია
ბათუმის №16 საჯარო სკოლის დირექტორი
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, იმ ფორმით გამოსაშვები გამოცდების არსებობა (ვგულისმობ კატის) შეცდომა იყო. თავდაპირველად, გამოცდების დანიშვნამ თითქოს დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეებზე იმ კუთხით, რომ მეტი ყურადღება მიაქციეს სწავლას, სკოლაში სიარულს, გაკვეთილებსაც უფრო აქტიურად ესწრებოდნენ — სკოლა უფრო მეტად იქცა ცოდნის მისაღებ ადგილად, მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, როგორც ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, ამას მიეჩვივნენ და თავს აღარც გამოცდების გამო იწუხებდნენ და სკოლაში სიარულის გარეშეც ახერხებდნენ, როგორღაც, ჩაბარებას. მოსწავლეები მხოლოდ დაზეპირებაზე გადავიდნენ, სხვათა შორის, მასწავლებლებიც. მოკლედ, ყველაფერი მხოლოდ ამ გამოცდებზე იყო ორიენტირებული! რაც მთავარია, ეს გამოცდები მოსწავლეთა უნარების გამოლენას ვერ ახერხებდა, ამ მიმართულებითაც მახინჯი სახე მიიღო, ამიტომ ცვლილებები გარდაუვალი გახდა.
მეორე მხრივ, ცხადია, გამოცდების გაუქმებამ უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეთა დასწრებაზე. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, გამოცდა იქნება თუ არა, მთავარია როგორია ნდობის ხარისხი — როგორ ენდობა მოსწავლე და მშობელი სკოლას. ამ მხრივ, სავალალო მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში. მუდმივად ტრიალებს აზრი, რომ სკოლა მოსწავლეს ვერ აძლევს იმ დონის განათლებას, რასაც საზოგადოება მოითხოვს და ა.შ. თუმცა, ასე ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა არ შეიძლება. ხარისხიან სწავლებაზე არანაკლები პრობლემაა სწორედ ნდობა, ხშირ შემთხვევაში სკოლა კარგ განათლებას აძლევს მოსწავლეებს, მაგრამ მას მაინც არ ენდობიან არც მოსწავლეები და არც მშობლები. სამწუხაროდ, შესაძლოა, ამაში მასწავლებლების წილიც დიდია.
ახლა დღის წესრიგში სხვაგვარი გამოცდები და სხვა ფორმით შეფასება დგას. ვიდრე სახელმწიფო ამ ნაბიჯებს გადადგამს (მჯერა, რომ აუცილებლად გადადგამს, რადგან ეროვნული გამოცდებიც მოძველდა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს), მანამდე, შესაძლებელია, სკოლამ თავად შეცვალოს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მაგალითად, დანიშნოს შიდა გამოცდები — კლასიდან კლასში გადასაყვანი (ამას არ კრძალავს ეროვნული სასწავლო გეგმა) ან ჩაატაროს დიაგნოსტიკური წერები, რომელიც საუკეთესო იქნება ჩვენს რეალობაში იმიტომ, რომ განმავითარებელი შეფასების საშუალებას იძლევა. ასეთი ტიპის შეფასებები აუცილებელია იმიტომ, რომ, თუნდაც, ის დაკარგული ნდობა აღიდგინოს სკოლამ. რაც მთავარია, გამოცდა გამოჭერის საშუალებად კი არ უნდა იქცეს, არამედ გახდეს აქტივობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლის პროგრესისთვის განხორციელდება, იმისთვის, რომ მოსწავლემ, მშობელმა და მასწავლებელმა დაინახონ რეალურად ძლიერი და სუსტი მხარეები. მხოლოდ ასეთი ღონისძიებებით შეუძლია სკოლას შექმნილი ვითარების გამოსწორება.
წელს ჩვენ მეთორმეტეკლასელების გამოცდის ფორმით შეფასებას არ ვგეგმავთ, იმიტომ, რომ ეს ძალიან საფრთხილო ამბავია, დიდ გამოცდილებასა და დამატებით ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის კარგი შემაჯამებელი დავალებების შეთავაზება და დიაგნოსტიკური წერები საუკეთესო გამოსავალი იქნება. თუმცა, მე-12 კლასში, წელს, ამას ვერ ვგეგმავთ, მე-11, მე-10 და მე-9 კლასებში კი ვატარებთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ვფრთხილობთ, რადგან ამისთვის სერიოზული მომზადება გვჭირდება.
მომავალ წელს, თუ არაფერი შეიცვალა, აუცილებლად ჩავატარებთ ასეთი ტიპის შეფასებებს, რადგან უკვე სათანადო გამოცდილება გვექნება, თუნდაც წინა კლასებში ჩატარებული დიაგნოსტიკური წერების სახით. დამამთავრებელი კლასი მაინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ რას გავაკეთებთ მომავალ წელს, ამაზე ზაფხულის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ. სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდება, რადგან ყველა ნაწერი დეტალურად გაანალიზდება და გადაწყვეტილებას ამის შედეგად მივიღებთ.
ზოგადად კი, გამოცდების გაუქმებით, ცხადია, დამოკიდებულება შეიცვალა და ეს ბუნებრივიცაა – ისე გამოვიდა, რომ მაშინ მოსწავლეთა ნაწილი გამოცდების შიშით დადიოდა სკოლაში. თუმცა, ახლაც ასეა – ნაწილი სკოლაში მხოლოდ იმის გამო დადის, რომ ექსტერნის ჩაბარება არ მოუწიოს, ნაწილი კი იმისთვის, რომ ისწავლოს და ეროვნული გამოცდები ჩააბაროს, საბოლოოდ, მაინც გამოცდებამდე მივდივართ.
რაც შეეხება ატესტატის მიღებას, ვფიქრობ, წელს მოსწავლეებს ეს არ გაუჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც დადიოდა სკოლაში, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დადგენილი 10-ბალიანი შეფასებიდან, მოსწავლე, რომელიც მინიმალურ ზღვრად დადგენილი 5 და მეტი ქულით შეფასდება, ატესტატს მიიღებს. ეს კი, ნამდვილად არ არის შეუძლებელი. ჩვეულებრივი მოსწავლე, რომელიც არ აცდენს სკოლას და გაკვეთილებს ესწრება მთელი წლის განმავლობაში, ადგილობრივად შესრულებული დავალების საფუძველზე ფასდება და თავისუფლად შეძლებს ამ ბარიერის დაძლევას. თუმცა, ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში არ დადიან, არ შეფასდებიან და ექტერნატის გამოცდით შეფასება მოუწევთ. ჩემს სკოლაში, ამ მხრივ, ცუდი მდგომარეობა არ გვაქვს, რადგან ბავშვები თავად ერიდებიან ექსტერნის ჩაბარებას.
თამარ კაპანაძე
თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი
რა თქმა უნდა, სკოლას ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უფლება აქვს, თავად დანიშნოს სასკოლო გამოცდები არა მხოლოდ მეთორმეტე კლასში, არამედ სხვა კლასებშიც. ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, რომ მე-12 კლასში გამოცდები დაგვენიშნა, თუმცა, სხვა კლასებში ორ-ორ გამოცდას ვატარებთ. მეთორმეტე კლასში იმიტომ არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად გამოცდის ჩატარება, რომ მაინც რთული პერიოდია მოსწავლეებისთვის — ეს წელი მათგან ძალიან დიდი ადამიანური რესურსის გაღებას მოითხოვს, წინ ეროვნული გამოცდები აქვთ, ასევე, მთელი წლის განმავლობაში, სასკოლო მასალა აქვთ მოსამზადებელი, რომ დადებითი ნიშნები მიიღონ – ყველა საგანში, მინიმუმ, 5 ქულა. ამიტომ, კიდევ გამოცდის დანიშვნა საჭიროდ არ ჩავთვალეთ. 5 ქულის მოპოვების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატს მიიღებენ.
ზოგადად, რატომ არის გამოცდა ცუდი, თუკი ის ცოდნის შეჯამებას მოახდენს? ამ კუთხით, ბავშვების განწყობაზეა სამუშაო. საგნების შესწავლა პერმანენტულად, სასწავლო გეგმით გაწერილ დროში უნდა მიმდინარეობდეს, ეს უნდა იყოს გაწელილი პროცესი და არა გამოცდებისთვის, ორ-სამ თვეში, მომზადებული საგანი. ცხადია, მოსწავლე მხოლოდ გამოცდებისთვის არ უნდა ემზადებოდეს. ზოგადად, ფსიქოლოგიაშიც ასეა, გამოცდისთვის მომზადებული საგანი, გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, უკვალოდ ქრება, მარტივად რომ ვთქვათ, არაეფექტურია. ჩვენც ვადასტურებთ ამას, რომ ორ-სამ თვეში ძალიან რთულია საფუძვლიანად შეისწავლო ორ-სამ წელიწადში ასათვისებელი მასალა. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ წლის ბოლოსთვის ჰქონდეთ ბავშვებს მზაობა იმისთვის, რომ სკოლა შიდა გამოცდებს ჩაუტარებს.
ასე რომ, ვერ გეტყვით, რომ კატის მოხსნამ რამით დაგვაზარალა, ცოდნის მიღების ან დასწრების თვალსაზრისით. პრინციპში, კონკრეტული ორგანიზაციის გადასაწყვეტია რა შეღავათებს დააწესებს გაცდენებზე. ჩვენ არანაირი შეღავათი არ დაგვიწესებია, რადგან ვფიქრობთ, ეს ძალიან ცუდი სამსახური იქნება ჩვენი მხრიდან. ამიტომ, ბავშვები სკოლაში დადიან, ყოველ შემთხვევაში, აკონტროლებენ გაცდენების დაწესებულ 30%-იან ზღვარს თითოეულ საგანში, რომ არ დასჭირდეთ ექსტერნის ფორმით გამოცდის ჩაბარება. ძირითადად, მაღალ კალსებში 70-80%-იანი დასწრება გვაქვს.
მოტივაციაზე კი, გამოსაშვები გამოცდების მოხსნა ვერ იმოქმედებდა ძალიან მარტივი მიზეზი გამო – თუ მე მხოლოდ გამოცდისთვის ვსწავლობ, მოტივაცია ისედაც არ მაქვს, თუ ზოგადად ვსწავლობ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ მოტივირებული ვარ და მხოლოდ გამოცდისთვის არ ვსწავლობ.
თამაზ კილაძე
ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი
კატის გამოცდის მოხსნამ რეალურად არაფერი შეცვალა, ერთადერთი – მოსწავლეს აღარ აქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს 12 საგნის ჩაბარება მოუწევს. მეთორმეტეკლასელთა დასწრება არც კატის გამოცდების დროს იყო მაღალი და არც მისი გაუქმების შემდეგაა, დასწრების ხარისხი ამით არ შეცვლილა. მეთორმეტეკლასელებს, დასწრება რომ მაღალი იყოს, 12 საათზე უმთავრდებათ სასწავლო პროცესი (სამი გაკვეთილი, ხანდახან მეოთხე გაკვეთილზეც უწევთ დასწრება). ასე რომ, არასწორი იქნება შეფასება, თითქოს კატის გამოცდების დროს უფრო მეტად დადიოდნენ სკოლაში და ახლა ნაკლებად დადიან. დასამალი არ არის, რომ ამ კუთხით სახარბიელო მდგომარეობა არც მაშინ გვქონდა და არც ახლა გვაქვს. ქართულის, მათემატიკის, უცხო ენის, ისტორიის გაკვეთილებს ყოველთვის უფრო ესწრებოდნენ მოსწავლეები და ახლაც ასეა, ეს საგნები უფრო მეტად სჭირდებათ ეროვნულ გამოცდებზე, განსაკუთრებით იმ კატეგორიას, რომელიც სწავლაზეა ორიენტირებული. ისინი, შეიძლება, რეპეტიტორთანაც დადიოდნენ, მაგრამ სკოლაში ცოდნის მიღების შესაძლებლობასაც არ კარგავენ.
ჩემი აზრით, სასურველია, გამოცდა საბაზო განათლების საფეხურის დამთავრებისას ჩატარდეს, დამამთავრებელ კლასში გამოცდის ჩატარება, მით უფრო იმ სტილით, როგორიც გვქონდა, არაფრისმომცემია. გამოსაშვებ გამოცდაზე ისეთი მოსწავლეები იღებდნენ მაღალ ქულებს ან პირიქით, დაბალ ქულებს, გაოცდებოდი. ამიტომ, იქ, სადაც შემთხვევითობაა, გამოცდას არანაირი აზრი არ აქვს. გამოცდას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ მოსწავლის უნარებს შეამოწმებს, გამოავლენს მის შესაძლებლობებს წაკითხულის გააზრებასა და კრიტიკულ აზროვნებაში, გვიჩვენებს შეუძლია თუ არა მას მსჯელობა, დასაბუთება და ა.შ. კატის გამოცდა კი, უბრალოდ, იყო მექანიზმი, რომ სკოლაში, ერთი კვირის განმავლობაში, შექმნილიყო რაც შეიძლება სტრესული ვითარება — ფორიაქი, ნერვიულობა, სტრესი… მოსწავლეს უნდა ჩაებარებინა არაფრის მომცემი გამოცდა იმისთვის, რომ აეღო ატესტატი.
რაც შეეხება მოსწავლეთა შეფასებას, მიიღონ თუ არა ატესტატი, გამოცდების დროსაც ასეთივე ტიპის შეფასებით გადიოდა მოსწავლე გამოცდაზე – მასწავლებლები მას, მთელი წლის განმავლობაში, ქულებით აფასებენ. თუკი მაშინ ვენდობოდით, რა საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ახლა არ ვენდოთ? მინიმუმ ხუთი ქულა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს ყველა საგანში, რომ ატესტატი მიიღოს. ამის გარდა, მასწავლებლები ატარებენ შემაჯამებელ დავალებებს და მათი გადასაწყვეტია, წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაატარებენ თუ მხოლოდ წლის ბოლოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
წელს სკოლაში, მეთორმეტე კლასში, შიდა გამოცდა არ დავნიშნე, მაგრამ მეცხრე და მეექვსე კლასებისთვის ნაეკიდან, ყოველ წელს, ვყიდულობ გამოცდას, რომელიც აუცილებლად გვჭირდება სადიაგნოსტიკოდ, რა ხდება ჩვენს სკოლაში ამ კლასებში, რომ ვნახოთ სად უჭირთ მოსწავლეებს და შემდეგ სწორი აქცენტები გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, ორ საგანში – ქართულსა და მათემატიკაში – აღნიშნულ კლასებში, ვატარებთ გამოცდებს. შედეგებს ცენტრში აანალიზებენ და, ამ ანალიზის საფუძველზე, ვმუშაობთ მასწავლებლებთან. კარგია, რომ მეექვსე კლასში შეფასების ახალი მოდელის პილოტირების პროცესი იწყება, რომელიც შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება.
ლალი ჯელაძე