პროექტი „ინოვაციების ცენტრი – მომავლისთვის“, მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და მას ზემო სვანეთში მოქმედი სათემო ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“ უდგას სათავეში. პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელია მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის (დირექტორი – გულო ვიბლიანი) პედაგოგი, ორგანიზაციის „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ეკა წულუკიძე.
პროექტის მიზანი მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში (14-29 წლამდე), არაფორმალურ გარემოში, STEM და STEAM განათლების მიღებისთვის სათანადო პირობების შექმნაა – STEM განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ზემო სვანეთის სკოლებში მისი დანერგვის ხელშეწყობაა. საბოლოო მიზანი კი, ახალგაზრდული პლატფორმის ჩამოყალიბებაა, რომელიც ორიენტირებული იქნება იქ მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემების გადაჭრასა და აქტიურ მოქალაქეებად აღზრდაზე.
სწორედ ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის ახალგაზრდულ ცენტრში, მოეწყო ინოვაციების ცენტრი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური და ელექტრონული მოწყობილობებით აღიჭურვა.
შეიქმნა სასწავლო კურსები:
1) პროგრამირება და ანიმაციები;
2) რობოტექნიკის საფუძვლები;
3) რეალურ-ვირტუალური საგანმანათლებლო პროექტების მათემატიკური მოდელირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
4) corel.
სასწავლო პროცესში, მესტიის მუნიციპალიტეტის 10 თემიდან, 25 ახალგაზრდა ჩაერთ. 3 თვეა, ისინი STEM და STEAM მიმართულებით განათლებას ეუფლებიან, კვირაში ერთი დღე კი, პრაქტიკულ სამუშაოებს ეთმობა. ახალგაზრდები ფარის ინოვაციების ცენტრში მიდიან და თეორიულ ცოდნას არდუინოს პროგრამის შესასწავლად იყენებენ.
რა სახის ცოდნას იღებენ ახალგაზრდები?
მონაწილეები სწავლობენ Adobe Flash Professional CS6 პროგრამის გამოყენებას, ქმნიან სასწავლო რესურსებს, რომლის დანერგვა შესაძლებელია სასწავლო პროცესში, როგორც ციფრული რესურსის.
სწავლობენ რობოტექნიკის საფუძვლებს, შესაძლებლობა აქვთ, საფუძვლიანად გაეცნონ ფიზიკა-მათემატიკის ძირითადი პრინციპების გამოყენებას საინჟინრო ტექნოლოგიაში. ამის გარდა, გაიღრმავონ ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში და შეძლონ ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები თავად ემზადებიან, შექმნან ინოვაციური ტექნოლოგია და მუდმივად განვითარებადი ახალი ტექნოლოგიების სამყაროში კონკურენტუნარიანები გახდნენ.
„პროექტი ხელს უწყობს, რომ ახალგაზრდებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ჩამოუყალიბდეთ, მაღალი ტექნოლოგიების დაუფლების ინტერესი გაუჩნდეთ, საინჟინრო და საკონსტრუქტორო უნარები გამოუმუშავდეთ, მოდელირებისა და კონსტრუირების პროცესში, შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ სხვადასხვა ტიპის ამოცანა,“ – ამბობს პროექტის იდეის ავტორი.
სასწავლო კურსს მოწვეული წარმატებული და საერთაშორისო გამოცდილების სპეციალისტები ხელმძღვანელობენ: საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი, ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის ავტორი დავით სონღულაშვილი; წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის STEM-ის პედაგოგი, მასწავლებლის სახლის მიერ 2019 წლის საუკეთესო ისტ პედაგოგის კონკურსის გამარჯვებული, 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ათეულის წევრი ტოლია (უტა) კილასონია; პროგრამისტ-ანიმატორი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის – buki.ge – სასწავლო-შემეცნებითი რესურსების ავტორი ილია სონღულაშვილი.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბი – „ROBO SPACE-რობოსივრცე“, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდული იდეების განხორციელებაზე, სვანეთის ახალგაზრდებისთვის STEM განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდული პრობლემების გადაჭრაზე.
კლუბის საქმიანობის ფარგლებში, ტარდება სხვადასხვა ტრენინგები, კიბერუსაფრთხოებასა და ხელოვნურ ინტელექტზე, ასევე, დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებაზე. „მსგავსი ცენტრი და პროექტის შინაარსი, პირველია მესტიის მუნიციპალიტეტში. ცოდნა, რომელსაც ახალგაზრდები აქ მიიღებენ, დიდ გამოცდილებად დარჩება ჩვენს რეგიონს. დღეს, სკოლებში, არ გვაქვს ლაბორატორიები, რითიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება უფრო საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის, ისინი ვერ ხედავენ კავშირს ნასწავლსა და რეალურ ცხოვრებას შორის, უჭირთ ცოდნის ტრანსფერი. ეს პროექტი ხელს უწყობს სწორედ იმის დანახვას, როგორ გამოიყენონ მოსწავლეებმა სკოლაში მიღებული ცოდნა სხვადასხვა ფიზიკური კანონზომიერების ამოსახსნელად და ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად. მონაწილეებისთვის დღითი დღე საინტერესო ხდება ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის შესწავლა, რადგან ხედავენ მათ კავშირს იმ გარემოსთან, რომელშიც ცხოვრობენ. ამ მეთოდიკის საგაკვეთილო პროცესი თანამედროვე სუპერ ტექნოლოგიების მიღწევებს ემყარება, ამ ტექნოლოგიების დანერგვისა და რეალიზების პროექტებს მოიცავს, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, გაეცნოს ფიზიკურ მოვლენებს, პროგრამირების საფუძვლებს, მარტივი ალგორითმების შექმნას და მათ გამოყენებას როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ გარემოში.
მსგავსი გაკვეთილები ემყარება ცოდნის მიღებას, რაიმე ბუნებრივი მოვლენის ან მზა ობიექტის (მაგ., მექანიზმის, მოწყობილობის, მოდელის და ა.შ.) დეტალურ შესწავლას.
პრაქტიკული სამუშაოები ანალოგიური მოწყობილობების შექმნის პროცესში მონაწილეობას გულისხმობს, მოსწავლეები შეძლებენ მარტივი მექანიზმების შექმნასა და დაპროგრამებას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მათ ცოდნას და შესძენს გამოცდილებას.
პროექტების რეალიზების პროცესი, ამავდროულად, სხვადასხვა მოვლენის კვლევისა და ძირეული გააზრების საშუალებას წარმოადგენს.“ – ამბობს ეკა წულუკიძე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებსა და საჯარო სკოლების დირექტორებს, პროექტის ფარგლებში, ტრენინგებიც ჩაუტარდათ – „როგორ მოვამზადოთ ახალგაზრდები თანამედროვე გამოწვევებისთვის და ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნის სწავლებისას“. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში ვირტუალური ლაბორატორიების დანერგვა, რადგან ამით გაკვეთილი საინტერესო ხდება და, რაც მთავარია, მოსწავლეებისთვის იოლად გასაგები და აღსაქმელია სხვადასხვა მოვლენის არსი, ამასთანავე, სასწავლო პროცესი მხოლოდ სახელმძღვანელოზე აღარ არის მიჯაჭვული.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი გვიამბობს, ძალიან გაიზარდა ინტერესი მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგარზდებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისადმი. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საგნებში, საგანმანათლებლო რესურსები იქმნება, რაც მასწავლებლებს ძალიან ეხმარებათ, მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებაში და მთავარ მიზანთან დაახლოებაში – ხელშესახები გახადონ STEM და STEAM განათლების დანერგვა და გაზარდონ მასზე ხელმისაწვდომობა.
პროექტში ჩართული მოსწავლეები კამყოფილები გვიამბობენ პროექტის შესახებ:
✅ სანდრა ფირცხელანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე: „წარმოუდგენლად საინტერესო და დატვირთული 3 თვე გავიდა და ჩვენი ცოდნა გაორმაგებულია, თუნდაც ისეთ საგანში, როგორიც არის ფიზიკა. ამ სამ თვეში პროგრამირების რამდენიმე დარგი შევისწავლეთ, კლუბი ჩამოვაყალიბეთ, სხვადასხვა ტრენინგებს ვესწრებოდით და ეს დიდი გამოცდილება იყო თითოეული ჩვენგანისთვის.“
✅ ნინო ქურდიანი, დაბა მესტიის №3 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე: „პროექტით მივიღე უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება, ბევრი ისეთი რამ ვისწავლეთ, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა, საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა. დიდი მადლობა პროექტის წარმომადგენლებს ამ შესაძლებლობისთვის“.
✅ ავთანდილ გაბულდანი, კლუბ „რობოსივრცის“ ყველაზე პატარა მონაწილე, მე-7 კლასის მოსწავლე ამბობს, რომ პროექტი იმდენად მნიშვნელოვანი და სინტერესოა მისთვის, დასრულების შემდეგაც, ალბათ, მსგავსი პროექტების მოძიებით დაკავდება. პროფესიაც უკვე შერჩეული აქვს – რობოტექნიკის ინჟინერი უნდა გამოვიდეს: „ბეჩოს საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ერთი რობოტი უკვე შევქმენი, თუმცა, ბოლომდე არ მაქვს დასრულებული. ვაპირებ, რობოტს ტუმბოები მივუერთო და, ფაქტობრივად, სარწყავი აპარატი იქნება, რომელიც ეზოში ივლის და მცენარეებს მორწყავს. ჩემი აზრით, უფრო რთული რამის შექმნასაც შევძლებ. შეიძლება ადამიანის ოთხფეხა მეგობარი რობოტი ავაწყო, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობას შეძლებს იმ მიზნით, რომ დაჭრილ ადამიანებს დაეხმაროს. საერთოდ კი, ძალიან სასარგებლოა ამ პროექტში მონაწილეობა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა ჩაერთოს. ბევრ სასარგებლო რამეს გაიგებენ, შეძლებენ გახდნენ არა მარტო მომხმარებლები, არამედ მწარმოებლებიც. თან აქ მიღებული ცოდნა სკოლაშიც გამომადგა, განსაკუთრებით ფიზიკაში, რადგან რობოტექნიკის მასწავლებელი, როცა რამეს გვიხსნის, ფიზიკაზეც გვესაუბრება.“
„ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა მიმართ უზომოდ დიდი მადლიერების განცდა მეუფლება და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. როცა პროექტი „ინოვაციების ცენტრი – მომავლისთვის“ დავიწყეთ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და გვერდში დაგვიდგა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სვანეთში მეტი და მეტი ინოვაციური ცოდნის მიღების შესაძლებლობა გასჩენოდათ. პროექტში მართლა უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან ჩართული, რომლებიც ციფრულ სამყაროში საკუთარ გზას მიიკვლევენ და ის შრომა, რომელიც თან ახლავს პროექტის მართვას, მით უფრო, ამ ურთულეს ეპიდვითარების დროს, მათთვის ნამდვილად ღირს.
რას ვაკეთებთ ინოვაციების კლუბში? – ვიწვევთ ახალგაზრდებს, მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვსწავლობთ პროგრამირებას, ვქმნით ანიმაციებსა და ვირტუალურ სასწავლო რესურსებს, ვსწავლობთ ელექტრონიკასა და რობოტექნიკის საფუძვლებს; ვსწავლობთ დიზაინის შექმნასა და სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებას. ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგზრდებით და, რაც მთავარია, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენი ინოვაციების ცენტრით დაინტერესდა.“ – ამბობს ეკა წულუკიძე.
ლალი ჯელაძე