24 ნოემბერი, კვირა, 2024

თსუ-ში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

spot_img

რეგიონში პირველად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების პრეზენტაციას ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ქეთრინ შვაიცერი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ABET-ის აკრედიტაცია მიიღო ორმა პროგრამამ: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. შესაბამისად, ამ პროგრამების კურსდამთავრებულები საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს მიიღებენ, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა მიხეილ ჩხენკელმა: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიღება, რაც დიდი მიღწევაა საქართველოს აკადემიური სივრცისათვის. ჩვენი მისწრაფებაც სწორედ ეს არის, რომ ყველა პროგრამა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს და ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის დაუჭერს მხარს ამგვარ მნიშვნელოვან აკადემიურ ინიციატივებს.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულითადი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერების კუთხით.“

აღსანიშნავია, რომ თსუ პირველი უნივერსიტეტია ABET-ის ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია. ასევე პირველია საქართველოში თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა ქიმიაში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო. საქართველო 24-ე ქვეყანაა, სადაც ACS-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, პროგრამების საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნივერსიტეტის მედლებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები