25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ეს ხანძარი უნდა ჩავაქროთ და ამისთვის სახლში დარჩენა წყლის ჭავლის ტოლფასია

spot_img

ლადო აფხაზავა, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი,  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017“-ის გამარჯვებული

#დარჩისახლში

ყოველთვის საჭიროა აღიარო მტერი და სტრატეგიული ბრძოლა გამოუცხადო მას. ამჯერად ისეთ მდგომარეობაში ვართ, მტერი უხილავია და ზოგისთვის რთული დარჩა ამის აღიარება, თუმცა ვიცით , როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას და დავამარცხოთ, მაგრამ სწორედ იმ უსარგებლო „კაპრიზებს“ ვიშველიებთ, რომელიც მტერს ამრავლებს და უკონტროლოს ხდის. ამიტომ დარჩით სახლში.

ზედმეტი არაფერია კარგი, მათ შორის ონლაინ გაკვეთილები. თითქმის ყოველ დღე ვკითხულობთ სხვადასხვა სკოლის დირექტორები, სოციალურ ქსელში, როგორ აქვეყნებენ ონლაინ გაკვეთილების ცხრილებს. ეს ცხრილი კი, იმდენად გადატვირთულია, რომ ეჭვი მეპარება, ამ სტრესულ სიტუაციაში, ბავშვმა კი არა, უფროსებმა გაუძლონ ამდენ გონებრივ დატვირთვას.   მართალია, გვსურს სწავლების პროცესის შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფა, მაგრამ ამ ვითარებაში ზედმეტი დატვირთვა კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს სტრესულ მდგომარეობას, რომელშიც, სამწუხაროდ, ყველანი აღმოვჩნდით.

დღევანდელი მოცემულობა გვაიძულებს, შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენები განათლების მიღებულ ფორმებზე. ვფიქრობ, უარი უნდა ვთქვათ რაღაცნაირ რუტინულ სწავლების პროცესზე, რადგან ჩვენს მოსწავლეებს, სამომავლოდ, სხვა გამოწვევები აქვთ.

ახლა უმთავრესია, ჩვენს მოსწავლეებს სტრესული დღეების გადალახვაში დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ თვითიზოლაციის რთული პერიოდი და არა პირიქით. უნდა ვეცადოთ, გავახალისოთ ბავშვები.

დღეს როლები შეიცვალა – მასწავლებელი ახლა მშობელია, მეტწილად, სწორეთ მათზეა დამოკიდებული ყველა იმ საგანმანათლებლო პროცესის წინსვლა/უკუსვლა, რაც ჩვენს რეალობაში ხდება. ისინი არეგისტრირებენ პატარებს სხვადასხვა პლატფორმაზე, ახსენებენ შვილებს გაკვეთილების ცხრილს, ამეცადინებენ, უღებენ ვიდეოებს და უგზავნიან საგნის მასწავლებლებს, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენზე მეტად ერკვევიან ციფრულ კომპეტენციებში. მნიშვნელოვანია, მათი რესურსი სწორად გამოვიყენოთ.

მიხარია, რომ მასწავლებლები დღითი დღე ვიხვეწებით და ვცდილობთ, მრავალფეროვანი ონლაინ გაკვეთილები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს.

რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, ვფიქრობ, როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთმანეთის გაფრთხილება. როცა სხვაზე ზრუნავ და სხვისთვის დათმობებზეც მიდიხარ, სწორედ მაშინ აღმოაჩენ საკუთარ თავსაც და შენს შესაძლებლობებსაც. დღეს სახლში დარჩენით ვზრუნავთ ძალიან ბევრ ადამიანზე: ახალგაზრდებზე, მოხუცებზე, ექიმებზე, პოლიციელებზე და ყველაზე მთავარზე – ჩვენს სამშობლოზე.

გახსოვთ, როცა ჩვენი ტყეები იწვოდა, როგორ განვიცდიდით და გულთან მიგვქონდა თითოეული ნარგავის ბედი, ახლაც სწორედ ასეთ სიტუაციაში ვართ! ხანძარი უნდა ჩავაქროთ და ამისთვის სახლში დარჩენა წყლის ჭავლის ტოლფასია.

დარჩით სახლში, თქვენი ტკბილი ბებიებისთვის და ბაბუებისთვის, იმ ბავშვებისთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალია, იმ ექიმებისთვის, რომლებსაც იატაკზე სძინავთ, პოლიციელებისთვის, რომლებიც დღე და ღამ ქუჩაში აღამებენ და ათენებენ, ადამიანებისთის, ვინც ჩვენზე ზრუნავენ.

#დარჩისახლში სიყვარულისთვის და გამარჯვებისთვის!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები