დასრულდა ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი ვიზიტი – „ესტონური განათლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, რომელშიც მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზნებსა და შედეგებზე თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
ვიზიტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენი თხოვნით ზოგადი განათლების საკითხებს მიეძღვნა, მით უმეტეს, ქართული საგანმანათლებლო სისტემა ახლა რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტის – სკოლების ავტორიზაციის პროცესშია. ამიტომაც ვიზიტის შესახებ საუბარი სწორედ ამ საკითხით მინდა დავიწყო.
კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ავალდებულებს სისტემას, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდეს ავტორიზაციის პროცესი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში, რომელიც 6 აპრილს შევიდა ძალაში. ამ დღიდან ჩვენ გვაქვს 6-თვიანი ვადა იმისათვის, რომ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ კანონქვემდებარე აქტები. მოგეხსენებათ, კანონი ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც მთავარ პრინციპებსა და სტანდარტების ჩამონათვალს განსაზღვრავს ავტორიზაციასთან მიმართებაში, დანარჩენი დელეგირებულია კანონქვემდებარე აქტებზე. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია ინტენსიური მუშაობა. პოლიტიკის შემქმნელებისა და განმახორციელებლების დონეზე, ხარისხის ცენტრში, შეიქმნა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ცენტრისა და განათლების სამინისტროს, სხვადასხვა სსიპ-ებისა და დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, როცა სამინისტრო და მის სტრუქტურაში შემავალი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც სკოლების ავტორიზაციაა, რაც აისახა კიდეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში. მონაწილე მხარეები შეთანხმებული ვართ, რომ ავტორიზაცია, როგორც ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა და მექანიზმი, იქნება ძირითადი ღერძი სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა თუ ცალკეული მიმართულებების განვითარებისთვის, ხოლო ჩონჩხი, სტრუქტურულად, იქნება ავტორიზაციის სტანდარტები, ანუ სკოლის ეროვნული სტანდარტები, იმიტომ, რომ ავტორიზაცია არ არის ერთჯერადი პროცესი, სტანდარტები არის სამიზნე, საითაც მთელი განათლების სისტემა, სკოლა უნდა წავიდეს. ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ სკოლების მისწრაფებას სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევაში. ამიტომ ვანიჭებთ ამ დოკუმენტს ასეთ მნიშვნელობას, როგორც ამოსავალს და ფუნდამენტურს. შესაბამისად, ფართო ჩართულობის გარეშე, მისი შემუშავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
სწორედ სტანდარტების გარშემო ტრიალებს რეფორმის ყველა მიმართულება, რამაც ერთგვარი სტრუქტურირებული სახე მისცა სკოლების მხარდაჭერის ძალისხმევას როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე გაწეულ ინტერვენციებს სკოლის განვითარების მიმართულებით – ეს იქნება სკოლის ლიდერთა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ზოგადი განათლების დაფინანსება, მასწავლებელთა ანაზღაურების სქემა, ინფრასტრუქტურული მოთხოვნები/საჭიროებები, მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსები, მოსწავლეთა სერვისები, როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი… ყველაფერი უნდა მიემართებოდეს ხარისხის განვითარებას. აი, ამ კუთხით შეხედა სისტემამ ამ მნიშვნელოვან პროცესს და გამოცდილების გაზიარების მიზნით მიმართა ესტონელ კოლეგებს, რომელთაც ზოგად განათლებაში გატარებული რეფორმებით ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აქვთ.
რატომ ესტონეთი? ავტორიზაციის სტანდარტზე მუშაობისას, მხედველობაში მივიღეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება და აშშ-ის პრაქტიკაც. ეროვნული სტანდარტი, რომელსაც ქართულ საზოგადოებას შევთავაზებთ, მათგან შექმნილი ოპტიმალური ნაზავია ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით. თუმცა, ესტონური გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმითაც იყო ჩვენთვის, რომ წინა თვინინგის პროექტის განხორციელებისას, ხარისხის ნაწილში, ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო, გერმანულ მხარესთან ერთად, ისინი მონაწილეობდნენ ხარისხის უზრუნველყოფის ახალი კონცეფციის შექმნაში; გარდა ამისა, ესტონეთი ყოველთვის განსაკუთრებული პარტნიორი იყო ზოგადი განათლების ნაწილში. ჩვენ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, ერთნაირი წინარე პირობებით დავიწყეთ ზოგადი განათლების რეფორმა, თუმცა ესტონეთმა ეს უფრო სწრაფად გააკეთა და, PIZA-ს შეფასებით, ევროპაში პირველ ადგილზეა. ამიტომაც არის ასე საშური ესტონელი კოლეგების გამოცდილება ახლა, როცა 6 თვეში ჩვენ უნდა შევქმნათ კანონქვემდებარე აქტები და სწორად გამოვკვეთოთ ძირითადი მიდგომები, რომ ზოგადი განათლების რეფორმა წარმატებული იყოს, რომლის მთავარი ინდიკატორი იქნება მოსწავლეთა მიღწევები. ესტონურმა მხარემ უყოყმანოდ მიიღო ჩვენი წინადადება. მთავარი მასპინძელი განათლების სამინისტროს განათლების ახალგაზრდული საბჭო გახლდათ, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ესტონური პრაქტიკის გაზიარებაა. ჩვენ წინასწარ შევთანხმდით იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც გვაინტერესებდა ესტონური გამოცდილება. მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად საკითხების სიმრავლისა მცირედი კორექტივიც არ შეუტანიათ ჩვენს შეთავაზებაში. ინტერესი კი საკმაოდ მრავალმხრივი იყო – ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, პროფესიაში შესვლა, შრომის ანაზღაურება, მოსწავლეთა კვებისა და სკოლების ლოკაციებთან დაკავშირებული საკითხები (ამ საკითხში ჩვენი პრობლემები ერთნაირია). მათ კარგად გაიგეს ვიზიტის კონტექსტი და მნიშვნელობა, დაგეგმეს ინტენსიური შეხვედრები შესაბამის ორგანიზაციებთან და უშურველად გაგვიზიარეს მთელი ის გამოცდილება, რისი ინტერესიც გვქონდა.
გადმოვიტანთ თუ არა ესტონურ გამოცდილებას საქართველოში? საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე ამ ორი ქვეყნის სოციალური, ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური მდგომარეობა და პირობები გარკვეულწილად განსხვავებულია. ესტონეთმა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან აიღო ორიენტაცია ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რამაც დიდწილად შეუწყო ხელი ზოგადი განათლების რეფორმის დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობას. დღეს იგი ცნობილია როგორც წარმატებული, მაღალი ტექნოლოგიების ქვეყანა, ტექნოლოგიები ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს, მათ შორის განათლების სისტემას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი როლი რეფორმის წარმატებაში ესტონური საზოგადოების განსხვავებულ ხედვას, სკოლის მნიშვნელობის სიღრმისეულ გათავისებას, საკითხებისადმი სწორ მიდგომასა და დამოკიდებულებასაც ეკუთვნის.
ყოველივე ზემონათქვამის გათვალისწინებით, ესტონურ მოდელს საქართველოში ვერ დავაკოპირებთ, თუმცა, რისი მზაობაც ამ ეტაპზე აქვს ქართული განათლების სისტემას, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.
და მაინც, რა არის ამ ორი ქვეყნის განათლების სისტემების მიდგომებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი? ესაა სკოლის ავტონომიურობის ძალიან მაღალი ხარისხი! სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის გადაწყვეტილებებს, ყველა ასპექტში, იღებს დირექტორი. ცენტრალური რეგულაცია ჩარჩო რეგულაციაა და მხოლოდ პრინციპულ საკითხებთან მიმართებით მოქმედებს. ცხადია, ჩვენთანაც აქვთ სკოლებს გარკვეული ავტონომიურობა, რომლის ხარისხის ზრდაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს. თუ სკოლის ლიდერი კარგად გაიაზრებს, ავტონომიურობის მაღალი ხარისხი მაღალი პასუხისმგებლობაცაა. თუმცა, სკოლის ავტონომიურობის ხარისხის ზრდა გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და ეს ათწლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც ესტონურ საზოგადოებაში დავინახე, ეს არის თემის აქტიური და ფართო ჩართულობა სკოლის მართვაში. ამ მხრივ, წამყვანი როლი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ – სკოლები და საბავშვო ბაღები მუნიციპალური მართვის ორგანოების დაქვემდებარებაშია. წლის დასაწყისში სწორედ მათ წარუდგენენ სკოლები განვითარების გეგმას, რომელიც სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს და მის აღსრულებაზე სრული პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა, მხოლოდ პედაგოგთა ხელფასები გაიცემა ცენტრალური ბიუჯეტიდან. სკოლა აღქმულია, როგორც საკუთარი მუნიციალიტეტის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი, ეს მხოლოდ ის ადგილი არ არის, სადაც ბავშვები განათლებას იღებენ, ეს სოციოკულტურული გარემოა. ჩვენ ვიყავით რეგიონის რამდენიმე სკოლაში და ვნახეთ, რომ სკოლის ბიბლიოთეკა რეგიონის, თემის ბიბლიოთეკაა, მთელი რიგი ღონისძიებები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქ ტარდება; ერთ-ერთ სკოლაში ცეკვის შემსწავლელი კურსებიც ფუნქციონირებს, დღის ბოლოს, მოსწავლეთა მშობლებისთვის; ეწყობა ცნობილი ადამიანების იუბილეების აღნიშვნა და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ სკოლა სოციუმისთვის მნიშვნელოვან ფუნქციასაც წარმატებით ითავსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას კარგად აქვს გათავისებული ამ ფუნქციის მნიშვნელობა და ამიტომაც მიმართავს სერიოზულ რესურსებს სკოლის განვითარებაზე.
ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, სწავლების ესტონურ სისტემასთან, კურიკულუმთან მიმართებაში გვაქვს, თუმცა მესამე თაობის ესგ სკოლას ახალ შესაძლებლობებს უხსნის – განათლების მიზნები, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია, მაგრამ შიდა პროცესები, მეთოდები, მოქნილობა, სწავლება და ა.შ. სკოლის მიერაა ორგანიზებული. მთავარია, მოსწავლეებმა განათლების ეროვნულ მიზნებთან შესაბამისობის მაღალი დონე დაადასტურონ.
ზემოთ ესტონეთის სკოლებში ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების ძალიან მაღალ ხარისხზე ვისაუბრე, ინტერნეტთან თუ კომპიუტერულ ტექნიკასთან წვდომა დღის წესრიგში არ დგას, ეს უზრუნველყოფილია. თვალშისაცემია ტექნოლოგიების გამოყენების სრულიად განსხვავებული მიდგომა. მაგალითად, შეკითხვაზე – აქვთ თუ არა კომპიუტერული კლასი, გვიპასუხეს, რომ აქვთ, მაგრამ იქ არავინ აღარ შედის. მაშინ სად ისწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიები? ისწავლება გამჭოლად, ყველა საგანში, იმიტომ რომ, სკოლაა გამჭოლი კომპეტენციების განმავითარებელი, ჩვენ ხომ აქ პროფესიას არ ვასწავლით, ვასწავლით მოქალაქეობას და ვუვითარებთ ისეთ კომპეტენციებს, რაც ცხოვრებაში დასჭირდებათ, ვუქმნით მზაობას მომავალი პროფესიის დაუფლებისათვის. ჩვენი ახალი თაობის ესგ-ც იზიარებს და ეყრდნობა ამ პრინციპს. ძალიან მნიშვნელოვანია, დანერგვის პროცესი წარიმართოს სწორად და შეუფერხებლად. განათლების სამინისტრო და ესგ-ს დეპარტამენტი დიდ ძალისხმევას წევენ მისი წარმატებით დანერგვისათვის. ავტორიზაციის პროცესიც ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა იქნება.
ესტონეთში ვიზიტისას ერთი სასიამოვნო აღმოჩენაც გავაკეთეთ – არის თემები, სადაც ჩვენი გამოცდილება იყო მათთვის საინტერესო. ერთი დღე დაეთმო ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემის ვალიდაციას. პრეზენტაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, ესწრებოდნენ: ესტონეთის განათლების სამინისტროს, ხარისხის სააგენტოს წარმომადგენლები და ზოგადი განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა წრე. ვისაუბრეთ ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ სკოლების ავტორიზაციასთან მიმართებით. უაღრესად პოზიტიური იყო ესტონელი კოლეგების უკუკავშირი. საკითხით დაინტერესება იმან განაპირობა, რომ ისინიც ახლა იწყებენ საჯარო სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეტანას და ჩვენსავით სასტარტო პოზიციაზე არიან.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ინტერესი ორმა თემამ გამოიწვია. ერთია სკოლის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი – თვითშეფასება, რომლის პილოტირება ელექტრონულად მიმდინარეობს საქართველოში (312-მა სკოლამ დაასრულა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი, წლის ბოლოსთვის ყველა სკოლა გაივლის ამ პროცესს). სიახლე ისაა, რომ მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ დაწერილი რეპორტი წარსულს ჩაბარდა. თვითშეფასების ახალი მოდელი ითვალისწინებს მშობლის, მოსწავლის, მასწავლებლისა და ადმინისტრაციის ერთობლივ ჩართულობას, ყველა მხარე აფასებს სკოლას, ერთი და იმავე სტანდარტთან მიმართებით და ეს ხდება ელექტრონულად, შემდეგ, პლატფორმა აკეთებს ანალიზს და ინფორმაციას გარდაქმნის ვიზუალურ დიაგრამებში, ცხრილებში, რაც, წლიდან წლამდე, პროგრესის დანახვის საშუალებას მოგვცემს. ესტონელი კოლეგებისათვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა საკითხი, შევთანხმდით, რომ აუცილებლად გვეწვევიან პილოტირების შედეგების გასაცნობად.
მეორე თემა, ეს იყო გარე შემფასებელთა სერტიფიცირება – ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსის შექმნა, რაც ჯერ პროფესიულ განათლებაში დავნერგეთ, შემდეგ კი – ზოგად განათლებაში. კანდიდატები გადიან შერჩევის ეტაპს, შემდეგ – ტრენინგების ციკლს და ბოლოს ხდება მათი შეფასება რეალური ქეისების გათვალისწინებით. ასე იქმნება სერტიფიცირებულ ექსპერტთა ჯგუფი. ეს პროცესი შარშან დავიწყეთ და წელს დავასრულეთ – უკვე ხარისხის უზრუნველყოფის 140 სპეციალისტი გვყავს, რომელთაც სკოლების თვითშეფასებაში მხარდამჭერებად ვიყენებთ. სტატუსის მინიჭება ავალდებულებს მათ, ჩაერთონ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში, მუდმივად ეცნობოდნენ მოსალოდნელ ცვლილებებსა და სიახლეებს, თითოეულის ექსპერტული მზაობა შესაბამისობაში უნდა იყოს განათლების სისტემაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებთან. როგორც გითხარით, ეს ექსპერტის ვალდებულებაა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ თითოეული მათგანი შესაბამისი ტრენინგებით, მასალებითა და რესურსებით. ეს სისტემა ხარისხის განვითარების ცენტრს შესანიშნავად აქვს აწყობილი. ამ დღეებში, პირველად ქვეყანაში, პროფესიული განათლების სპეციალისტთა კონფერენცია ჩატარდება. იმსჯელებენ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებზე, რომელიც 2020 წელს შევიდა ძალაში. საინტერესო იქნება, რა გვიჩვენა პრაქტიკამ, შეფასდება განვლილი ორი წლის შედეგები და შესაძლოა, რაიმე ცვლილების საჭიროებაც გამოიკვეთოს. ეს კონფერენცია ერთგვარ განმავითარებელ ღონისძიებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მსგავსს, გარკვეული პერიოდულობით ვუტარებთ ხოლმე სერტიფიცირებულ ექსპერტთა ჯგუფს, ცოდნის განახლებისა და განვითარების მიზნით.
აი, ეს ორი თემა იყო განსაკუთრებულად საინტერესო ესტონელი კოლეგებისთვის. ჩვენთვის კი ბევრი რამაა საგულისხმო და გასაზიარებელი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ქვეყნის მდიდარი და წარმატებული საგანმანათლებლო გამოცდილებიდან. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორმხრივად სასარგებლო და საინტერესო ვიზიტი იყო.