9 ნოემბერს, JA Europe-ის ManpowerGroup-თან თანამშრომლობით, ევროპული პროფესიული უნარების კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიური ღონისძიების TESAwards 2020 — „სამეწარმეო სკოლის ჯილდო“ — დაჯილდოების რიგით მე-6 ცერემონია და ვორქშოფი გაიმართა. ღონისძიებაში ევროპის 25 ქვეყნის 29 საუკეთესო სამეწარმეო სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს 2020 წლის საუკეთესო სამეწარმეო სკოლის სახელით, ონლაინ ღონისძიებას თბილისის №175 საჯაროს სკოლის მეწარმეობის, ეკონომიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ მორგოშია ესწრებოდა.
The Entrepreneurial School Award — „სამეწარმეო სკოლის ჯილდო“ ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჯუნიორ ეჩივმენტის მიერ წარდგენილი კერძო ან საჯარო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები მონაწილეობენ, როგორც წლის საუკეთესო სკოლები სამეწარმეო განათლების კუთხით. TES Award-ის მიზანია, ევროპის მასშტაბით, სკოლებს, დირექტორებსა და მასწავლებლებს დახმარება გაუწიოს, სამეწარმეო სწავლების გამოცდილება გაუზიაროს. ღონისძიებაში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები ესწრებიან სემინარებს და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მათ გადაეცემათ 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი და საუკეთესო სამეწარმეო სკოლის ჯილდო.
JA Europe-ის მიერ ორგანიზებული TES Awards ხელს უწყობს პროფესიულ, კერძო და საჯარო სკოლებს, მეტი ყურადღება დაუთმონ მეწარმეობის სწავლებას, რათა ახალგაზრდები მომავალში უკეთ იყვნენ მომზადებულები სამუშაოს შესასრულებლად. ღონისძიების ორგანიზატორების (ManpowerGroup და JA Europe) აზრით: „გამომდინარე იქიდან, რომ ხვალინდელი ლიდერები დღევანდელი მოსწავლეები არიან, მასწავლებლები თამაშობენ კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს საზოგადოების მტკიცე მომავლის ჩამოყალიბებაში. ახალი ციფრული რეალობა აერთიანებს უნარ-ჩვევების რევოლუციას, რომელთანაც ყველამ უნდა მოვახდინოთ ადაპტირება, უნდა დავეხმაროთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, მოემზადონ ამისთვის და მუდმივად გაზარდონ მათი დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მასწავლებლებს, როგორც ექსპერტებს, გახდნენ ფასილიტატორები, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს განავითარონ ის უნარები, რაც მათ სჭირდებათ როგორც ახლა, ისე მომავალში“.
ელენე რთველაძე, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი და პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ კოორდინატორი: „სამეწარმეო სკოლების დაჯილდოების ღონისძიებაზე, რომელიც ევროპული პროფესიული უნარების კვირეულის ფარგლებში იმართება, საქართველოს სახელით, უკვე მესამე წელია, ვმონაწილეობთ. სასიხარულოა, რომ თბილისის №175 საჯარო სკოლა ევროპის 25 ქვეყნის 39 საუკეთესო სამეწარმეო სკოლებს შორის დასახელდა.
ამ სკოლაში, უკვე მრავალი წლის განმავლობაში, არჩევითი საგნის სახით, ისწავლება ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლები“. სწავლების პროცესს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, უწევს მონიტორინგს, ამზადებს მასწავლებლებს და ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებს პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებისთვის.“
ქალბატონი ელენე ამბობს, რომ წლების განმავლობაში, №175 საჯარო სკოლა, პროგრამის ფარგლებში, წარმატებით ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებს. წელსაც მეწარმეობის საფუძვლების სწავლების ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანია „Helmet Vision“ წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა და, საქართველოს სახელით, მონაწილეობდა ევროპის წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიების კონკურსში, „City Foundation“-ის ნომინაციაშიც გაიმარჯვა, როგორც „მომხმარებელზე ორიენტირებულმა კომპანიამ“. სწორედ მრავალწლიანი წარმატებული პროექტებისა და მასწავლებლის, ქალბატონი თამარ მორგოშიას თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ წელს საქართველოს საუკეთესო სამეწარმეო სკოლა გახდა თბილისის №175 საჯარო სკოლა და ევროპის საუკეთესო სამეწარმეო სკოლებს შორისაც დასახელდა. რა თქმა უნდა, სკოლისთვის TES Awards — სამეწარმეო სკოლის ჯილდო მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, ფაქტობრივად, აღიარებას ნიშნავს, რომ ის საუკეთესოა სამეწარმეო განათლების კუთხით როგორც ქვეყანაში, ასევე ევროპის მასშტაბით.
175-ე საჯაროს სკოლის მეწარმეობის, ეკონომიკის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ მორგოშია ამბობს, რომ მათი სკოლა 2008 წლიდან თანამშრომლობს ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან. ყოველწლიურად ვითარდებიან და იზრდებიან, ცდილობენ, ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვების მიუხედავად, პირველად დავსახელდნენ, როგორც საუკეთესო სამეწარმეო სკოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მისთვის ან სკოლისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. „შეიძლება ეს აღიარება განსაკუთრებულად არაფერს ცვლის, თუმცა, უთუოდ სასიხარულოა, რომ გაფასებენ. ეს ჩემთვის სტიმულია, რათა უფრო მეტად მოვინდომო და ვიშრომო, ჩემს მოსწავლეებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიის გამო, ევროპის საუკეთესო სამეწარმეო სკოლების 2020 წლის დაჯილდოების მეორე ნაწილი ვორქშოფებს დაეთმო, სადაც უცხოელმა კოლეგებმა ჩვენ, მიწვეულ მასწავლებლებს, გამოცდილება გაგვიზიარეს, რაც ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, დამეხმარება ჩემი პრაქტიკის განვითარებაში.“ — გვითხრა ქალბატონი თამარმა.
მეწარმეობის საფუძვლების სწავლების ფარგლებში მას, მოსწავლეებთან ერთად, საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. განსაკუთრებით გამოარჩევს კომპანია „Helmet Vision“, რომლის გამოც ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ 175-ე სკოლა ევროპის საუკეთესო სამეწარმეო სკოლების დაჯილდოებაზე წარადგინა.
2020 წელს მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს მოსწავლეთა კომპანია „Helmet Vision“ , რომლის ფარგლებშიც შექმნეს პროდუქტი — „ჭკვიანი ჩაფხუტი“, მეხანძრის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩაფხუტზე დატანილი სენსორები მეხანძრეს დაკვამლიანებულ გარემოში გზის გაკვლევაში ეხმარება.
ამ პროექტით მოსწავლეებმა, თებერვალში, ესტონეთის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე, „ყველაზე ინოვაციური კომპანიის“ ჯილდო აიღეს. აპრილში კი, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს კონკურსზე, „საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიად“ აღიარეს. კომპანია „Helmet Vision“-მა წარადგინა საქართველო პორტუგალიაში, „ევროპის — 2020 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიების“ კონკურსზე, სადაც გაიმარჯვეს ნომინაციაში „მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია“. წარმდგენი იყო „City Foundation“. მოსწავლეთა კომპანიის წევრები სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ქალბატონ თამარს მიაჩნია, რომ სკოლაში საგნის მეწარმეობის საუძვლების“ სწავლება მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, უნიკალური მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მიღებული განათლება რეალური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენონ. საგნის სწავლების ფარგლებში, მოსწავლეები გადიან ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამას „მოსწავლეთა კომპანია“, სადაც ისინი სწავლობენ, როგორ უნდა დააფუძნონ საკუთარი ბიზნესი და მოახდინონ მისი ოპერირება, მუშაობენ იდეების გენერირებაზე, იკვლევენ ბაზარს, ირჩევენ დირექტორთა საბჭოს, ასევე, იზიდავენ სააქციო კაპიტალს, აფინანსებენ, ავითარებენ და ბაზარზე გააქვთ პროდუქტი ან მომსახურებას არჩევანის მიხედვით აკეთებენ, გასცემენ ხელფასს, წლის ბოლოს კი, ამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებას აქციონერებისთვის და ახდენენ კომპანიის ლიკვიდაციას, რადგან ეს სასწავლო პროექტია და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება.
პროგრამის მიზანია, მოსწავლეებმა გამოიმუშაონ მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მომავალში მათ თავის დამკვირდებაში დაეხმარებათ, დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი, აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის საქართველოში.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა, გარდა იმისა, რომ პროექტეზე მუშაობისას გამოიმუშავეს გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციის, მარკეტინგის, ოპერირების, ფინანსების მართვის უნარები, ასევე დაეუფლნენ ისეთ უნარებს, რამაც მათი მომავალი პროფესია განსაზღვრა. მათ იმ მიმართულებით გააგრძელეს უნივერსიტეტში სწავლა, რა პოზიციაც კომპანიაში ეკავათ. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის HR მენეჯერი — თამარ მაზმიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
კომპანიის „skill board“ წევრები ფიქრობენ, დაარსონ თავიანთი სტარტაპ კომპანია და დაიწყონ რეალური ბიზნეს საქმიანობა. სკოლაში სწავლისა და მუშაობის პროცესში მათ გავლილი აქვთ ყველა დეტალი, რაც საჭიროა კომპანიის ფუნქციონირებისათვის, ასევე, გათვლილი აქვთ ერთი წლის სავარაუდო ბიუჯეტი და რისკებიც მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი.
არჩევითი საგნის — „მეწარმეობის საფუძვლების“ შესწავლისადმი დაინტერესება სკოლის მოსწავლეების მხრიდან ძალიან დიდია.
მარიამ ფარქოსაძე, თბილისის 175 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ამავე სკოლის კომპანიის „Helmet Vision“ CEO გენერალური მენეჯერი: „2019 წელს, სკოლაში, მეწარმეობის საფუძვლების შესწავლა დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მოსწავლეთა კომპანია. ჩემი მეგობრის, გაბრიელ ახსაბაძის ძალიან კარგი იდეის ირგვლივ 4 მოსწავლე, ჩვენს მასწავლებელთან — თამარ მორგოშიასთან ერთად, გავერთიანდით და, სულ მალე, იდეა რეალობად ვაქციეთ. საკმაოდ საინტერესო იყო სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც საბოლოო პროდუქტი — „ჭკვიანი ჩაფხუტი“ შევქმენით, რომელმაც არაერთი წარმატება მოგვაპოვებინა.
მოსწავლეთა კომპანიაში „Helmet Vision“ მუშაობის დროს ვერც კი ვაცნობიერებდი, რაოდენ დიდი გამოცდილება შევიძინე და როგორ გავიზარდე, გასული ერთი წლის განმალობაში, თუმცა, როდესაც უნივერსიტეტში ეკონომიკის საფუძვლების, თეორიის შესწავლა დავიწყდე, მივხვდი, რომ ეს უკვე მქონდა პრაქტიკაში გამოყენებული. თანაკლასელებთან ერთად, მუდმივად გვიწევდა პრეზენტაციების მომზადება, საჯაროდ გამოსვლა, უცხოელებთან აქტიური კომუნიკაცია, რაც მოსწავლეთა კომპანიის თითოეული წევრისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრების წარმატების საფუძველი გახდა. პროდუქტზე მუშაობისას ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, ზოგი გადავლახეთ, ზოგი ვერა, ბევრ შეცდომებსაც ვუშვებდით, თუმცა, ამ შეცდომების გამოსწორებით ერთი ნაბიჯით წინ მივიწევდით. მიზნის მისაღწევად ყველანი ერთად ვშრომობდით, ვუსმენდით ერთმანეთს და დაძაბულ მომენტებშიც კი ვინარჩუნებდით სიმშვიდეს, რის შედეგადაც ვისწავლეთ გუნდური მუშაობა. ამ ყველაფერმა როგორც ჩემს პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას შეუწყო ხელი. ახლა, ყველანი ვცდილობთ, ის უნარები, რომელიც სკოლაში მოსწავლეთა კომპანიამ „Helmet Vision“ შეგვძინა, პოზიტიური საქმის კეთებისკენ მივმართოდ“.