6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

დაუგეგმავმა ცვლილებამ ბევრი რამ გადააფასა

spot_img

 

➡ განათლების სისტემაში შექმნილ ახალ რეალობაზე და ამ რეალობის თანმხლებ მოვლენებზე გვესაუბრება ირინა სამსონია, განათლების სპეციალისტი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) ეროვნული კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიმიწვეული ლექტორი.

 

მოულოდნელი რეალობა

ასეა, ძალიან საინტერესო მოვლენების მოწმენი აღმოვჩნდით. სრულიად მოულოდნელად, ფაქტობრივად თვალის ერთ დახამხამებაში, მთელი მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენი განათლების სისტემა აღმოჩნდა სრულიად ახალ რეალობაში, რომელმაც, ბუნებრივია, მთლიანად ახალ რეჟიმზე გადააწყო ყველა, მთელი სასკოლო  საზოგადოება – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი თუ სკოლის ადმინისტრაცია.

ცხადია, ასეთი სწრაფი ცვლილებები არავისთვის იყო ადვილი, არც მოზარდისთვის და არც მოზრდილისთვის. მასწავლებლები, მოულოდნელად, სრულიად ახალ რეალობას შეეჩეხნენ. არც ის არის გასაკვირი, რომ დისტანციური სწავლებისთვისა მათი დიდი ნაწილი, გარკვეულწილად, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებს მთლიანად შეეცვალათ დღის რეჟიმი, შეიცვალა სასწავლო საათების ინტენსივობა, სასწავლო გარემო, შესაბამისად, ამ ყველაფერმა მათი ქცევის ცვლილების აუცილებლობაც მოითხოვა. მშობლები კი, რომელთა დიდ ნაწილსაც მთლიანად სკოლისთვის ჰყავდა მიბარებული თავისი შვილი, ნებით თუ უნებლიეთ, სასწავლო პროცესის მონაწილე გახდნენ. მათ დაიწყეს თვალყურის დევნება, თუ რას სწავლობენ მათი შვილები, როგორ ასრულებენ ისინი დავლებებს, როგორი მასწავლებლები ჰყავთ, გააცნობიერეს ისიც, რომ ასეთ არაორდინარულ გარემოში საჭიროა, თუნდაც, ორგანიზაციული პასუხისმგებლობის აღება შვილის სწავლაზე. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მშობელთა ჩართულობას დიდი გავლენა აქვს მოსწავლის აკადემიურ წარმატებაზე.

ამ მოულოდნელმა ცვლილებამ ბევრი ისეთი რამ წარმოაჩინა, რასაც მანამდე შეიძლება არც დავკვირვებოდით, ასევე ბევრი რამ გადაგვაფასებინა.

ისევ ფრონტის წინა ხაზზე

ერთი, რაც ნათლად გამოჩნდა, არის ჩვენი მასწავლებლების სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. აქვე გულახდილად ვიტყვი იმასაც, რომ მასწავლებლების სამოქალაქო თვითშეგნება მაინც და მაინც დიდი სიახლე არ ყოფილა ჩემთვის. მათ სხვა დროსაც დაუმტკიცებიათ თავიანთი ერთგულება საქმისადმი, მაგალითად, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა გაყინულ საკლასო ოთახებში ყოველდღე ატარებდნენ გაკვეთილებს, თანაც, თვიდან თვემდე უხელფასოდ მუშაობდნენ ხოლმე. დღესაც ისინი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩდნენ ექიმებთან, ექთნებთან, სანიტრებთან, სამართალდამცველებთან და ჯარისკაცებთან ერთად და ზუსტად ისეთივე შეუპოვრობა გამოიჩინეს, როგორც ყოველთვის. მაგრამ დღეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა მათი კიდევ ერთი ახალი პროფესიული თვისება. ეს არის მათი გახსნილობა და მუდმივი მზადყოფნა, რომ ითანამშრომლონ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

 მშობელი – სასკოლო ცხოვრების თანამონაწილე

ძალიან საინტერესოა ასევე მშობელთა დამოკიდებულების ცვლილებაც სასკოლო ცხოვრების მიმართ. ცხადია, ეს საკვლევი თემაა, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ამ, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, იძულებითი თანამონაწილეობის წყალობით, ამაღლდა მშობლის ცნობიერება, როგორც სასკოლო ცხოვრების თანამონაწილისა. მათ გააცნობიერეს, რომ შედეგის მისაღებად უნდა ითანამშრომლონ სკოლასთან. ბევრმა მშობელმა ისიც აღმოაჩინა, რომ მის შვილს ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს ამა თუ იმ საგანში, მაგრამ, ამასთანავე, აღმოაჩინა საპირისპიროც და, რაც მთავარია, მათი შეფასება გაცილებით ობიექტურია დღეს, ვიდრე მანამდე.

დისტანციური სწავლება

რაც შეეხება უშუალოდ დისტანციურ სასწავლო პროცესს, აქ, ბუნებრივია, თავი იჩინა პრობლემებმაც, რაც, ვფიქრობ გარდაუვალიც იყო. არაფერს ახალს არ ვიტყვი, თუ დავასახელებ ყველასთვის კარგად ნაცნობ პრობლემას – ციფრულ მოწყობილობებთან და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას. გვაქვს კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში მოსწავლეების, დაახლოებით, 20%-ისთვის საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი არანაირი ციფრული მოწყობილობა. შესაბამისად, ონლაინ სასწავლო პროცესში მათი მონაწილეობა შეუძლებელია. ისიც ვიცით, რომ ზოგიერთ რეგიონს თუ დასახლებას უხარისხოდ ან საერთოდ არ მიეწოდება ინტერნეტი. ასევე პრობლემაა ასეთი მოწყობილობების განაწილება ოჯახებში, სადაც ერთზე მეტი მოსწავლეა. ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემებია.

კარგია, რომ ამ პრობლემის გათვალისწინებით სახელმწიფომ მოსწავლეებს შესთავაზა ალტერნატიული ფორმატი, ტელესკოლის პროექტის სახით. თუმცა, ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორ ხდება ტელეგაკვეთილების გამოყენება სკოლების მიერ, რა სახის აქტივობები მოსდევს ამ გაკვეთილებს, მაგალითად, რამდენად ახერხებენ მოსწავლეები დავალებების შესრულებას, მათ მიწოდებას მასწავლებლისთვის და შემდეგ უკუკავშირის მიღებას. ასევე საინტერესოა, რამდენად ერთგვაროვანია სიტუაცია იმ პოპულაციაში, სადაც ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას. ჯერ კვლევა არ ჩატარებულა ამ მიმართულებით და  ამ ეტაპზე, არც არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, მაგრამ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ ეს მოსწავლეებიც არ არიან თანაბარ პირობებში, განათლებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

კიდევ ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი

სახელმწიფოსგან, დისტანციური სწავლების განხორციელებისას, სკოლებს არ მიუღიათ კონკრეტული დირექტივა, მაგალითად, თუ რომელი ფორმატი უნდა აერჩიათ დისტანციური სწავლებისთვის. ყველასათვის ცხადია ისიც, რომ ახალ ფორმატში შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სკოლებს სამინისტროსგან არ მიუღიათ ინსტრუქციები, როგორ უნდა მოეხდინათ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების პრიორიტეტიზაცია. ერთი მხრივ, ეს თავისთავად დადებითი მოვლენაა, რადგან ზრდის სკოლის ავტონომიურობის ხარისხს, მასწავლებელთა პროფესიული დამოუკიდებლობის განცდას, თუმცა, შემდგომში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შედეგების კვლევაც.

აკადემიური წელი მთავრდება და უკვე საკმაოდ მწვავედ დადგა მოსწავლეთა შეფასების საკითხიც. მოგეხსენებათ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდ არის გაწერილი მოსწავლეთა შეფასების კომპონენტები, შემაჯამებელი დავალებების ტიპები და რაოდენობა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, ასევე სემესტრული და წლიური ქულების გამოანგარიშების წესი, რასაც ზედმიწევნით მიჰყვება ყველა სკოლა, მაგრამ რამდენად შეესაბამება შეფასების ეს სისტემა, ასე ვთქვათ, „არაპანდემიური“ სასწავლო წლის კალენდარს და საათობრივ ბადეს. ეს ის საკითხია, რაშიც, ვფიქრობ, არაერთგვაროვანი მიდგომა არანაირად არ არის გამართლებული და ზუსტი ინსტრუქციების გაცემა აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან.

ტელესკოლა

რაც შეეხება ტელესკოლას, ამ ვირუსმა ნამდვილად გაგვიკეთა საჩუქარი, ძალიან კარგი საგანმანათლებლო არხის სახით, ქართულ ტელესივრცეში. მგონი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის პროექტი, რომელიც არ უნდა დამთავრდეს პანდემიასთან ერთად. მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს არსებობა და განვითარდეს, მაგრამ არა როგორც ძირითადი, არამედ როგორც განათლების ალტერნატიული, დამატებითი საშუალება. მგონი, საკამათო არ უნდა იყოს, რომ მიუხედავად უამრავი საინტერესო და ხარისხიანი გაკვეთილისა, ეს ფორმატი მაინც არ იძლევა საშუალებას, უზრუნველყოს სისტემური განათლების მიწოდება მოსწავლეებისთვის.

შეძლებისდაგვარად ყურადღებით ვადევნებ თვალს ტელესკოლის გაკვეთილებს. ამ პროექტმა ნამდვილად გააცნო საზოგადოებას ბევრი მართლაც საუკეთესო მასწავლებელი, და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღლა ასწია კიდეც პროფესიული თამასა. ეს კი აუცილებლად იქონიებს თავის გავლენას მთლიანად სისტემაზე, მაგალითად, დაეხმარება სხვა მასწავლებლებს საკუთარი პრაქტიკის შეფასებაში და, შესაბამისად, თავიანთი პროფესიული განვითარების მიზნების სწორად განსაზღვრაში.

ამასთანავე, ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თითქოს ძალიან ბანალური, ყველასათვის კარგად ნაცნობი ჭეშმარიტება. ეს არის სკოლის, როგორც უპირველესად აკადემიური სივრცის მნიშვნელობა. კიდევ ის, რომ მასწავლებელი უპირველესად აკადემიური ცოდნით უნდა იყოს აღჭურვილი, რასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ახლდეს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების, სწავლების სხვადასხვა ტექნიკის ცოდნა. ეს ორი რამ ერთმანეთისაგან განუყოფელია. ტელესკოლამ თვალნათლივ დამანახა, რომ ვერ ხერხდება არასაკმარისი აკადემიური ცოდნის „გაკეთილშობილება“ ტრენინგებზე თუ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის შედეგად ნასწავლი სწავლების ტექნიკების გამოყენებით. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალში, მასწავლებლის პროფესიის რეგულირების მიზნით შემუშავებულ შეფასების მექანიზმებში  სათანადო მნიშვნელობა სწორედ ამ ასპექტს უნდა მიენიჭოს.

საინტერესო ცვლილებების მოლოდინში

ეს ახალი გამოცდილებაა ყველასთვის, საწყის ეტაპზე ვართ. ამიტომ გლობალური დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით. დანარჩენს კვლევების შედეგები გვეტყვის. კვლევები გვეტყვის იმასაც, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სასკოლო ცხოვრება პანდემიის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საინტერესო ცვლილებას უნდა ველოდოთ.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები