მოგეხსენებათ, ლიტერატურა არაზუსტი მეცნიერებაა, მისი მთავარი ხიბლიც სწორედ ისაა, რამდენი მკითხველიც ჰყავს ნაწარმოებს, იმდენნაირად ხედავენ მას, თითოეულს თავისი აზრი და ინტერპრეტაცია უჩნდება. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ მოსწავლე უფრო ღრმად სწვდება ავტორის სათქმელს, მედლის მეორე მხარესაც შეგათვალიერებინებს, უკეთ ჭვრეტს წვრილმანებს, ასეთ შემთხვევაში, შენც სწავლობ, გიხარია, ასე იზრდება ერთიცა და მეორეც. ელენეს მიერ განხილული ნაწარმოებიც მხოლოდ მცდელობაა იმისა, თუ როგორ უნდა აღმოაჩინოს უფლის მიერ „უთვალავი ფერით“ შემკულ სამყაროში, გარდატეხის ასაკში, 13 წლის გოგონამ საკუთარი „მე“.
მაიკო გვიჩია
სსიპ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახ. №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
წიგნის სიკეთეზე ბევრი დაწერილა, მეც ვერ ვიქნები ამ შემთხვევაში გამონაკლისი, მხოლოდ ჩემი თვალით აღქმულ წიგნის სამყაროში შეგახედებთ წამით, როგორ გამომივა, არ ვიცი… რევაზ ინანიშვილის „წიგნი“ წავიკითხე გასულ წელს, ბავშვურად რასაც მივხვდი, ის იყო, რომ სასიკვდილოდ გამზადებული კაცი მკვლელმა მხოლოდ იმიტომ დაინდო, რომ ხელთ წიგნი ეკავა და მთელი არსებით კითხულობდა. თურმე მკვლელსაც ჰყვარებია კითხვა, ჩასაფრებულმა სამსხვერპლო ვერ გაწირა, მერე ვერ უმხელდა, თანასოფლელები იყვნენ, ვერც ეკითხებოდა, ნეტავ რა წიგნი იყოო ის…
წინა კვირას მასწავლებელმა მოგვცა ასეთი დავალება, რომ წაგვეკითხა გურამ რჩეულიშვილის ერთი მოთხრობა და კლასისთვის პრეზენტაციის სახით წარგვედგინა. მე ეს მწერალი პირველად აღმოვაჩინე. სასკოლო წიგნში მისი სურათი იყო, სურათზე – ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი და სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ სურათი არაფერს მეუბნებოდა. მოვისმინე მისი ტრაგიკული დაღუპვის ისტორია, რამაც, ცოტა არ იყოს, დამაღონა.
როცა სახლში დავბრუნდი, ეს დავალება ბოლოსკენ მოვიტოვე, რაღაცნაირად არ მინდოდა მისი შესრულება, მაგრამ დავნამუსდი და მაინც დავიწყე მოთხრობის მოძიება. ბევრი სხვადასხვა ნაწარმოები ვნახე განსხვავებული სათაურით, როგორებიცაა: „ალავერდობა“, „წვიმაში“, „სიყვარული შემოდგომაზე“, „ზამთარი იწყება“, „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“… მაგრამ ერთმა სათაურმა განსაკუთრებულად მიიპყრო ჩემი ყურადღება, ეს იყო მოთხრობა „აქ კი თბილა“. ნეტა რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნაწარმოები? შევუდექი კითხვას. მოთხრობის სიუჟეტი ასეთია: ერთ ცივ, სუსხიან დღეს ვაჟა და მისი დიასახლისი სასადილო ოთახში ისხდნენ. ვაჟა მეცადინეობდა, ხოლო დიასახლისი სახლის საქმეებს აკეთებდა. ცოტა ხანში მათ მეზობელი ეწვია და ამიტომ დიასახლისმა და მეზობელმა ქეიფი გადაწყვიტეს. გაშალეს სუფრა, დააწყვეს სანოვაგე და დაიწყეს მოლხენა, როგორც ქართველებს შეგვეფერება. აქ, მართალია, ოსები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. დალიეს სადღეგრძელოები, გაიხსენეს სტუდენტობა და მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან თბილად გაატარეს ეს საღამო. თუმცა ყველასთვის თბილი არ იყო. როდესაც დიასახლისი და მოსული შეზარხოშდნენ, მათ ხშირად გააჟღერეს ასეთი ფრაზა: „აქ კი თბილა“. მაგრამ ეს სითბო, როგორც ჩანს, ღუმელიდან კი არ მოდიოდა, არამედ ეს იყო ადამიანური სითბო, რომელსაც ისინი გასცემდნენ, თუმცა არა ვაჟა. მას ეს სიტუაცია არ მოსწონდა, მას ყველაფერი აწუხებდა, აღიზიანებდა სასმელის სუნი, ხალხმრავლობა, ჭამისას პირის წკლაპუნიც, ღორის ხორცისა თუ თევზის სუნი, რომელიც უხვად იფრქვეოდა საკვებიდან. მეორე დღეს ვაჟა სახლში მარტო დარჩა. იგი წიგნს კითხულობდა, იჯდა სიჩუმეში. რამდენიმე წუთში ვაჟამაც გაიმეორა იგივე ფრაზა… „აქ კი თბილა“… ზამთრის დღეებია აღწერილი, ბაკურიანში, ცივა. თბილ ღუმელთან არ იქნებოდა სიცივე, თუმცა ვერ გამერკვია, რატომ თბილოდა ვაჟასთან…
როცა დავასრულე ამ მოთხრობის კითხვა ბევრი ვიფიქრე, თუ რაზე იყო და რა მასწავლა. ეს უცნაური ამბავი იმდენად რთული იყო ჩემთვის, რომ მეორეჯერაც მომიწია წაკითხვა და შემდგომ მივხვდი… ეს მოთხრობა გაფიქრებს ადამიანისა და წიგნის ურთიერთობაზე. თუ როგორ შეუძლია წიგნს, თუნდაც ბავშვობაში წაკითხულ „რობინზონ კრუზოს“, რომელიც ვაჟამ ოჯახის დიასახლისის ბავშვს არ დაუთმო და გონებით გადაეშვა კითხვასა და წარსულში, გვაგრძნობინოს ის სითბო, რომელსაც ადამიანები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ, ასევე დამაფიქრა იმაზე, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული კომფორტის ზონა, ზოგისთვის ეს იქნება მეგობრებთან დროის გატარება, ზოგისთვის მეზობლის სახლში მადიანად ღორის ხორცის მირთმევა არაყთან ერთად, წარსულის მოგონება და ზოგისთვის კი სიმარტოვეში წიგნის კითხვა, მავანისთვის – ხატვა, ცეკვა, მოგზაურობა, საყვარელი მუსიკის მოსმენა და სხვა მრავალი. ვფიქრობ, ეს სრულიად ნორმალურია, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, განსხვავებული, სხვადასხვა შეხედულებით. ყველანი ამ სამყაროს სხვადასხვა ფერით ვხედავთ და აღვიქვამთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ მხოლოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისთვის როგორი იქნება ეს ფერები: ცივი თუ თბილი… როცა ამ წერილს ვწერდი, აქაც თბილოდა…
ელენე მიქიაშვილი
VIIა კლასის მოსწავლე