სკოლა უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, სადაც ხდება მომავალი თაობის ფორმირება და ჩამოყალიბება. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა როლი აკისრია სკოლას და მასწავლებელს, რათა მომავალი თაობა იყოს იმ ფასეულობის მატარებელი, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ ქალი და კაცი თანასწორია, დაუშვებელია დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის – CCIIR მიერ განხორციელდა კვლევა, პროექტის „გენდერული თანასწორობის ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში“ (პროგრამა „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“) ფარგლებში, UN WOMEN-სა და UNFPA-ს ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის ქვეშ გაანალიზდა მესამე თაობის სასწავლო გეგმის ფარგლებში შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები, როგორც დაწყებითი (I-VI), ასევე საბაზო საფეხურის (VII-VIII). რამდენად უზრუნველყოფს განათლების პოლიტიკა გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას საქართველოს სასკოლო სივრცეში, რამდენადაა გათვალისწინებული გენდერული ასპექტები საგანმანათლებლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში, კვლევის მნიშვნელობასა და შედეგებზე გვესაუბრება განათლების საკითხების სპეციალისტი, კვლევის „გენდერული თანასწორობის ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში“ ერთ-ერთი ავტორი ნათია გორგაძე.
– ვის მიერ განხორციელდა კვლევა „გენდერული თანასწორობის ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში“, რა იყო მისი მიზანი და რომელი კლას/ებ/ის სახელმძღვანელოები წარმოადგენდნენ კვლევის საგანს?
– კვლევა „გენდერული თანასწორობის საკითხები სასკოლო სახელმძღვანელოებში: გრიფირების წესისა და პროცედურების, მესამე თაობის სასწავლო გეგმის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი“ განხორციელდა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მკვლევრების მიერ, გაეროს ქალთა ფონდის პროგრამის „ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „გენდერული თანასწორობის ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში“ ამოცანის შესაბამისად. პროექტის მიზანს წარმოადგენდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული და რეკომენდებული საგანმანათლებლო რესურსების გენდერული თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენა. კვლევის ფარგლებში, გაანალიზდა I-VIII კლასების სახელმძღვანელოები, რომლებსაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მიენიჭა გრიფი. 16 სახელმძღვანელო, რომელიც კვლევის საგანს წარმოადგენდა, მოიცავდა ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი, ესთეტიკური საგნობრივი მიმართულების, ბიოლოგიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებს.
– რა ინსტრუმენტები გამოიყენეთ კვლევის ფარგლებში და რა იყო კვლევის ობიექტი – რომელი სახელმძღვანელოები, ავტორები /სახელმძღვანელოს ავტორთა გენდერული შემადგენლობა/, გამომცემლობები… რა თქმა უნდა, თუ ჩათვლით საჭიროდ დასახელებას?
– კვლევა თვისებრივი მეთოდოლოგიის რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდა, უფრო კონკრეტულად, სამაგიდე კვლევის, კონტენტ-ანალიზისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდებით. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ჩვენ არ ვასახელებთ ავტორთა შემადგენლობასა და გამომცემლებს, თუმცა, ორსაფეხურიანი სტრატიფიკაციის საშუალებით, შევძელით, ყველა იმ გამომცემლობის სახელმძღვანელოს ანალიზი, რომელსაც ამ კლასებში, მიზნობრივი საგნობრივი მიმართულების სახელმძღვანელოები აქვს გამოცემული, 2018-2020 წლებში.
– რამდენად უზრუნველყოფს განათლების პოლიტიკა გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას საქართველოს სასკოლო სივრცეში, რამდენადაა გათვალისწინებული გენდერული ასპექტები საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში?
– ქართული საგანმანათლებლო სისტემა ნაკლებადაა ორიენტირებული გენდერული საკითხების სათანადოდ წარმოჩენისაკენ. გენდერული პრინციპები ძალიან ფრაგმენტულად და არასაკმარისადაა ასახული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ და მარეგულირებელ დოკუმენტაციაშიც. ამ კუთხით, პროგრამები და რესურსები არ არის ორიენტირებული თანასწორობის გენდერული კუთხით წარმოჩენისკენ, რაც, თავისთავად, ასევე მტკივნეულად აისახება გენდერის, როგორც საკითხის, მიდგომის ან ხედვის ზოგადი განათლების განხორციელების ხედვებსა და პრაქტიკებში დანერგვაზე. სასკოლო საზოგადოების, მათ შორის, მასწავლებლების განათლების, მომზადებისა თუ განვითარების პროგრამები ასევე უმნიშვნელოდ ან სრულებით არ არის ორიენტირებული გენდერული მგრძნობელობის ჩამოყალიბებაზე, რაც სწავლებაშიც აისახება. მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილი ხდება იმ ღონისძიებების სამიზნე, რომელიც მეტწილად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული და გენდერულ საკითხებზე, სრულად თუ ნაწილობრივ, ორიენტირებული. ამ ტიპის აქტივობები კი, მასწავლებლებს გენდერის სწავლებაში დანერგვისთვის არ ამზადებს, მიღებული ინფორმაცია საკმარისია გენდერის განყენებულ ასპექტად და განათლების ორგანულ კომპონენტად აღსაქმელად.
– სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრმა, რამდენიმე წლის წინ, ჩაატარა პირველი თაობის სასკოლო სახელმძღვანელოების კვლევა გენდერული საკითხების მიმართულებით. რამდენადაა გათვალისწინებული მესამე თაობის სახელმძღვანელოებში წინა კვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციები ან თუნდაც დაბალანსების მცდელობა? თუ არა, რას ასახელებენ ავტორები მიზეზად და ზოგადად, არსებობს თუ არა სარეკომენდაციო გზამკვლევი?
– ორგანიზაციის მკვლევრებს, აქამდე, სახელმძღვანელოების ანალიზი ორჯერ აქვთ განხორციელებული, 2012 და 2013 წლებში. დაბალანსების მცდელობა მეტია. საზოგადოებრივი მიმართულების სახელმძღვანელოების (სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიის…) ავტორები უფრო ცდილობენ გენდერული ბალანსის მიღწევას და მეტად მგრძნობიარენი არიან სქესთაშორისი თანასწორობის მიმართ. თუმცა, მეორე მხრივ, სხვა საგნებში ძალიან პრობლემურ მაგალითებს ვაწყდებით. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ გაუმჯობესება მცირედად იხატება.
ავტორების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, თუმცა მეტწილად პრობლემად გენდერული თანასწორობისათვის მათი არასაკმარისი მომზადება სახელდება და რომ სამინისტროს არანაირი ძალისხმევა არ გაუღია; ასევე, ასახვისა და შეფასების კრიტერიუმების არამკაფიოობა; შემფასებლების კვალიფიკაციის განსხვავება და მათი შეფასებების სუბიექტურობა…
– რა ხარვეზები არსებობს სახელმძღვანელოებში გენდერული კუთხით და კვლევის შედეგად, რა მნიშვნელოვანი და საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა?
— სახელმძღვანელოში პრობლემები რეპრეზენტაციულობის არათანაბრობაშია, არაადეკვატურობასა და ასევე შინაარსობრივ დამოკიდებულებებში, რომელიც გენდერის რაოდენობრივი და თვისებრივი დისბალანსით ხასიათდება. გვხვდება გენდერულად უხეში გადაცდომები და „გაპარული“ უთანასწორობები. გენდერული დაბალანსების ძირითადი მცდელობისათვის ილუსტრაციები გამოიყენება ან, მოქმედ პირთა შორის, ქალთა დამატება. თუმცა, მსგავსი მცდელობების დროსაც კი, ბევრი შეუსაბამობა და სტერეოტიპული ხედვებია.
– არის თუ არა გრიფირების წესში გენდერული ბალანსის დაცვის მოთხოვნა?
– გრიფირების წესის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები აყალიბებს მოთხოვნას – „თანასწორობის დაცვა, დისკრიმინაციული და დისკრედიტაციული ელემენტების აკრძალვა“, რომელიც ორი პუნქტისგან შედგება: „არ შეიცავს სტერეოტიპულ, არაკორექტულ, დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ ელემენტებს ენის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, სოციალური კუთვნილების და სხვა ნიშნით“ და „საგნობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ტექსტსა და ილუსტრაციებში დაცულია თანასწორობა ეროვნების, რელიგიის, სქესის, სოციალური კუთვნილების და სხვა ნიშნით.“ თუმცა, არ არის განსაზღვრული ამ კრიტერიუმების მნიშვნელობა/წილი საერთო შეფასებაში და არ არსებობს განმარტება, გზამკვლევი, რას გულისხმობს ეს პუნქტები.
– რამდენად დაბალანსებულადაა ასახული სასკოლო სახელმძღვანელოების ილუსტრაციებში გენდერული საკითხები?
– ილუსტრაციები ის ძირითადი საშუალებაა, რომლითაც ავტორები ბალანსის უზრუნველყოფას ცდილობენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ბალანსი ძალიან დარღვეულია და შეიძლება ისე ფურცლო ნახევარი სახელმძღვანელო, რომ ქალის გამოსახულება ვერსად დაინახო. როდესაც ავტორები დაბალანსებას ცდილობენ, არის შემთხვევები, რომ ილუსტრაცია არ არის შინაარსთან კავშირში და ხელოვნური, არაფრისმთქმელია. ასევე, ბევრი ისეთი ილუსტრაციაა, სადაც რაოდენობრივი უზრუნველყოფის მიუხედავად, მკაფიოდ ვლინდება სტერეოტიპული ხედვები.
– როგორ არის გადანაწილებული ქალთა და კაცთა სოციალური როლები, ასევე საქმიანობა, როლებისა და პროფესიების განაწილება?
– ყველაზე მეტად თვალსაჩინოა სოციალური როლების, საქმიანობის და ფუნქციების სეგრეგაცია სქესის მიხედვით. ქალები არიან დედები, ბებიები, მაღაზიის გამყიდველები, მედდები, ცოლები, მამაკაცები – მეფეები, მბრძანებლები, ჭკვიანი მოსწავლეები, ლიდერები, ინჟინრები. გარდა ამისა, წინ არის წამოწეული მასკულინური პრიმატი – მამაკაცს ყველგან განსაკუთრებული როლი ეკისრება. ისინი ქმნიან, ავითარებენ, წყვეტენ პრობლემებს, ფიქრობენ, შთამომავლობას ტოვებენ. ასევე დამახასიათებელია ის ენობრივი განსხვავებები, რომლებიც მამაკაცისა და ქალის მახასიათებლებში გვხვდება. „ნაზი“, „მთრთოლარე“, „ულამაზესი“ „ჰაეროვანი“ – ამ სიტყვებით ქალი ხასიათდება. გვხვდება ქალის დისკრედიტაციის მაგალითებიც – ენამწარე ცოლი, რომელმაც კაცის მეგობარს გული მოუკლა; დედა, რომელიც შვილის დაკარგვისას ამბობს, „მაინც სამარცხვინო შვილი მყავსო“; ვხვდებით „დაწუნებულ“ პრინცესებს ზღაპრებში.
– გვხვდება თუ არა სასწავლო მასალებში გენდერული სტერეოტიპები? კარგი იქნება, სახელმძღვანელოებიდან რამდენიმე მაგალითს თუ მოიყვანთ
– სტერეოტიპები ხშირად უკავშირდება ქალებისა და მამაკაცების როლებისა და ფუნქციების განაწილებას. ბევრგან ქალი საოჯახო მეურნეობითაა დაკავებული, ხოლო კაცი გარე საქმიანობით. ასევე, გმირებისა და მოქმედი პირების დამოკიდებულებებში. ქალი და მამაკაცი სტერეოტიპულად განაწილებული ფერების გამოყენებით არიან ჩაცმული ან გამოსახული არიან სტერეოტიპული ხედვების შესაბამის ფონზე, მაგალითად, გოგონები ყვავილების, გაშლილი მაგიდის ფონზე.
– გენდერული ბალანსის მხრივ, რომელი საგნის სახელმძღვანელოებს გამოყოფდით და, პირიქით, რომელ სახელმძღვანელოებშია მეტად გამოხატული გენდერული დისბალანსი?
– საგნის ან საგნობრივი მიმართულების მიხედვით, სახელმძღვანელოს გამოყოფა არც ისე მარტივია. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ავტორებისა და გამომცემლობების მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, უფრო საზოგადოებრივი მიმართულების საგნების სახელმძღვანელოებში იგრძნობა ბალანსის დაცვის სურვილი. ავტორების ნაწილი, ასევე, ცდილობს, კონკრეტული საკითხების განხილვისას, გამოკვეთოს გენდერული საკითხები და ამ დისკურსის საშუალებით გაააქტიუროს მასწავლებლისა და მოსწავლეების ცნობიერება. ამის მაგალითებიც საზოგადოებრივი მიმართულების სახელმძღვანელოებში უფრო ხშირია. თუმცა, როგორც ვთქვით, ბევრ შემთხვევაში, ამგვარი განხილვებისა და დისკუსიების მრავალფეროვანი შესაძლებლობები სრულად იგნორირებულია ავტორების მიერ.
– რამდენად მნიშვნელოვანია ავტორებისთვის გენდერული საკითხების კვლევა და დეტალური განხილვა?
– მნიშვნელოვანია იმ ავტორებისთვის, რომლებიც ღია არიან ამისათვის. ავტორების ნაწილმა გვთხოვა, რომ ანალიზი მიგვეწოდებინა და გზამკვლევები, რეკომენდაციები გაგვეზიარებინა. არიან ძალიან სკეპტიკურად განწყობილი ავტორებიც, რომლებიც განათლებაში გენდერის საკითხზე მომუშავე პირებსა და ორგანიზაციებს არაკორექტულადაც კი მოიხსენიებენ. მიაჩნიათ, რომ დასკვნები თითიდან გამოწოვილია, ხოლო სახელმძღვანელოების ანალიზი, ამ მიმართულებით, უსაქმურობაა.
– რა გამოიკვეთა კვლევის შედეგად, როგორია თქვენი რეკომენდაციები?
– რეკომენდაციები რამდენიმე მიმართულებით წარმოვადგინეთ და ეხება როგორც განათლების საკანონმდებლო და რეგულაციური სფეროს გენდერული მგრძნობელობის გაუმჯობესებას და ამ საკითხების უკეთ ასახვას, ასევე გრიფირების წესისა და პროცედურების დარეგულირებას, როგორიცაა: კრიტერიუმების მკაფიობა, მათი განსაზღვრება; კრიტერიუმების საერთო შეფასებაში ნათლად გათვალისწინება; რეცენზენტების გადამზადება ამ კუთხით, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნებისადმი ყურადღება, გრიფირების პროცესის გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა; ასევე, ვსაუბრობთ ავტორებისა და გამომცემლების გადამზადების აუცილებლობაზე; ომბუდსმენისა და გენდერის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების არა ფორმალურ, არამედ ფუნქციურ ჩართულობას შეფასების პროცესებში, დამოუკიდებელი შემფასებლის სტატუსით, შეფასებების სათანადო ყურადღებით გათვალისწინებას. ადამიანების კვალიფიკაცია, რომლებიც სახელმძღვანელოების შეფასებაში მონაწილეობენ, უნდა შეესაბამებოდეს განსახორციელებელ დავალებას, რაც გულისხმობს, ასეთი ადამიანი კარგად იცნობს გენდერულ და განათლების საკითხებსაც, შესაბამისად, ხედავს პრობლემებს.
ესაუბრა მაკა ყიფიანი