ლიუსია სალარცორციანი
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. კიზილქილისის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის და რუსული ენის მასწავლებელი
სწავლა-სწავლების დაწყებით საფეხურზე ხშირად ვიყენებ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მინდა აღვნიშნო, რომ დიფერენცირებულ სწავლებას, ბევრ დადებითთან ერთად (მოსწავლეს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, ხდება მისი ინტერესების დაკმაყოფილება), ახლავს გარკვეული სირთულეებიც (ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობა, რესურსების შესაქმნელად დიდ დროს საჭიროებს), რა მიზეზითაც მასწავლებელთა უმრავლესობა არ იყენებს სწავლა-სწავლების აღნიშნულ მეთოდს საკუთარ პრაქტიკაში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია კოლეგებთან. აქედან გამომდინარე, საჭიროა, შევისწავლოთ დიფერენცირებული სწავლების ეფექტურობა, დავხვეწოთ კლასში სწავლების ამ ფორმით მუშაობა, გამოვავლინოთ მუშაობის პროცესში ხარვეზები, დავგეგმოთ გაუმჯობესების გზები და კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. ამიტომ, გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა ეს საკითხი, მომეძებნა პრობლემების გადაჭრის გზები და დამენერგა პრაქტიკაში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია დაადგინოს, რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.
განსხვავებით განმავითარებელი შეფასებისგან, განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება სასწავლო თემაზე/საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ. მისი მიზანია დაადგინოს, როგორია მოსწავლის შედეგები სტანდარტით განსაზღვრულ მიზანთან მიმართებით და რა ქულას იმსახურებს იგი.
დიფერენცირებული სწავლება კი, რომელიც მჭიდრო კავშირშია განმავითარებელ შეფასებასთან, ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით.
როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის სწავლას და განვითარებას?
- ყველა მოსწავლე გრძნობს, რომ მას კარგად იცნობენ და თბილად ეპყრობიან
მოსწავლესთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, საჭიროა, მასწავლებელი კარგად იცნობდეს საკუთარი მოსწავლეების პიროვნულ თავისებურებებს, მათ ინტერესებს, სწავლის სტილს, ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს.
2. მასწავლებელს აქვს მაღალი მოლოდინი თითოეული მოსწავლის ქცევისა და სწავლის მიმართ
მასწავლებელი უნდა მოელოდეს მოსწავლისგან წარმატებას და, ამავე დროს, ეხმარებოდეს მას სწავლასა და სათანადო ქცევის გამოვლენაში. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა გამოიყენოს წამახალისებელი სტრატეგიები და დაეხმაროს სწავლაში თითოეულ მოსწავლეს.
3. გაკვეთილის გეგმა მკაფიო და კარგად გააზრებულია
მასში გაერთიანებულია აქტივობები, რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას, იძლევა სასწავლო თემასთან დაკავშირებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას, ავითარებს სხვადასხვა უნარს და, ამავდროულად, ზუსტად არის გათვლილი თემის შესწავლისა თუ კონკრეტული უნარის განვითარებისთვის საჭირო დრო.
4. სასწავლო მიზნები ცნობილია მოსწავლეებისთვის. ისინი მკაფიო, კონკრეტული და საინტერესოა
საუკეთესო პრაქტიკადაა აღიარებული, გაკვეთილის დაწყებისას, მისი მიზნის განმარტება და სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგის დაფაზე დაწერა. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ახლოს არიან მოსწავლეები სასწავლო მიზანთან, შეიძლება მასწავლებელმა განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოს.
5. სასწავლო გარემო პოზიტიურია, წახალისებულია მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და მეტის გაგების სურვილი
მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს, სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად, უპასუხოს მოსწავლეთა კითხვებს ან მათთან ერთად მოიძიოს პასუხები. ამავდროულად, ის თავად უნდა შეეცადოს, აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა.
თუ მასწავლებელი მოსწავლეებს ხშირად აკრიტიკებს ან კლასში ხშირია ბულინგის შემთხვევები, ეს არათუ ხელს უშლის მოსწავლის ცნობისმოყვარეობის ზრდას, არამედ მთლიანად აქრობს მასში სწავლის სურვილს.
ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგენს მასწავლებლის ძირითად ორიენტირს, რათა განსაზღვროს, თუ რა შედეგებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს.
მას შემდეგ, რაც შეირჩევა შესასწავლი თემატური ერთეული და ჩამოყალიბდება შესაბამისი მიზანი/მიზნები, მასწავლებელმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უნდა განსაზღვროს აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო გაკვეთილების რაოდენობა და გაწეროს თითოეული გაკვეთილის მიზანი/მიზნები. საბოლოოდ კი, მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს გაკვეთილი, რომელიც კონკრეტული აქტივობებისგან შედგება.
ყოველი ახალი საკითხის შესწავლის წინ, უნდა დასახოს სასწავლო მიზნები და შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.
თემატური ერთეულის, გაკვეთილისა და შესაბამისი აქტივობების მიზნების განსაზღვრასა და მათ მიღწევაში მასწავლებელს შემდეგი ეტაპების გავლა დაეხმარება:
- შესაბამისი საგნის სტანდარტის მიმოხილვა
- თემატური ერთეულის მიზნის განსაზღვრა
- გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა
გაზომვადი მიზნების ჩამოყალიბებაში მასწავლებელს დაეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:
♦ რა ეცოდინება, რის გაკეთებას შეძლებს მოსწავლე?
♦ რა პირობებში გამოამჟღავნებს მოსწავლე ამ ცოდნას/შეძლებს ამის გაკეთებას?
♦ რა იქნება მიზნის მიღწევის მაჩვენებელი (ინდიკატორი)?
- აქტივობის მიზნის შემუშავება
შესაძლებელია, მასწავლებელმა ყოველთვის არ გაწეროს თითოეული აქტივობის მიზანი, მაგრამ დაგეგმვის ეტაპზე, მათი შერჩევის დროს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისინი ლოგიკურად უკავშირდება გაკვეთილის მიზანს და თანმიმდევრულად მიჰყავს მოსწავლეები მის მიღწევამდე.
სასწავლო მიზნების განსაზღვრა გადამწყვეტი ეტაპია სწავლა-სწავლების ეფექტიანად დაგეგმვისა და შეფასების დროს. რაც უფრო ზუსტად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი, მით უფრო მარტივია იმის შეფასება, თუ რამდენად მიაღწიეს ამ მიზანს მოსწავლეებმა.
რაც შეეხება შეფასებას, შეფასების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს:
- რა უნდა შეფასდეს?
კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს ზუსტად ის, რის სწავლებასაც გეგმავს.
- რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად?
მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებს მოსწავლეებს და დაადგენს, თუ რა დონეზე მიაღწია მიზანს თითოეულმა მათგანმა.
- როგორ მოხდება შეფასება?
მოსწავლეთა შესაფასებლად შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.
- როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება?
შეფასების შედეგების გასაანალიზებლად და სწავლების შესაბამისად დასაგეგმად საჭიროა მონაცემების ორგანიზება. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოსწავლის აქტიური ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში. ამაში მას, მასწავლებლის უკუკავშირთან ერთად, მოსწავლის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ინსტრუმენტების გამოყენება დაეხმარება.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სწორად გამოყენებას, მოსწავლეებისთვის მათი მიზნისა და დანიშნულების განმარტებას.
მაგალითისთვის განვიხილოთ ინსტრუმენტი „შუქნიშანი“, რომლის მიზანია მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების სწრაფად შეფასება და რომელსაც ხშირად ვიყენებ საკუთარ პრაქტიკაში. ინსტრუქციის თანახმად, მოსწავლეებს ვთხოვ, თუ მათთვის საკითხი სრულიად გასაგებია, წინასწარ დარიგებული ფერადი ბარათებიდან, ამოარჩიონ მწვანე და ასწიონ ზემოთ, ყვითელი – თუ კითხვები დარჩათ ან ბოლომდე არ არიან დარწმუნებულნი რაიმეში, ხოლო წითელი – თუ გაუჭირდათ საკითხის გაგება და სჭირდებათ დახმარება.
ასევე, დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებიდან, ძალიან ხშირად ვიყენებ სასწავლო მენიუს, რომლის არსი შემდგომში მდგომარეობს:
მოსწავლეს ვაძლევ სამი ტიპის დავალებას, რომელთა სახელწოდებებს მოსწავლეთა ასაკის მიხედვით ვარჩევ (უმცროსკლასელებთან შეგვიძლია გამოვიყენოთ შეცვლილი სახელწოდებები, მაგ.: „მთავარი კერძი“, „სალათები“ და „დესერტი“):
- სავალდებულო, ანუ ძირითადი – მისი შესრულება აუცილებელია;
- არჩევითი – მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეასრულოს ჩამოთვლილთაგან ერთი, მისთვის სასურველი, დავალება მაინც;
- არასავალდებულო – მოსწავლეს შეუძლია, შეასრულოს ერთი, ერთზე მეტი დავალება ან არ შეასრულოს არც ერთი.
ჩვენი მოსწავლეებისთვის სასწავლო მენიუს შეთავაზებისას, ვაძლევთ არჩევნის თავისუფლებას, რაც დადებითად აისახება, პირველ რიგში, მოსწავლის მოტივაციაზე, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაზე და პასუხისმგებლობაზე. ასეთი ტიპის ნამუშევრების გაანალიზების შედეგად, მასწავლებლისთვის ნათელი ხდება მოსწავლის ინტერესების სფერო, შესაძლებლობები და საჭიროებები, რაც ეხმარება მას თითოეულ მოსწავლეზე მორგებული და უფრო ეფექტიანი გაკვეთილის დაგეგმვაში. ეს კი ხელს უწყობს სასწავლო მიზნის მიღწევას მოკლე დროში.
როგორც უკვე აღვნიშნე, დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით. სანამ დიფერენცირებულ გაკვეთილს დავგეგმავთ, აუცილებელია, შევაგროვოთ ინფორმაცია მოსწავლეთა ნიჭის, ემოციების, გამოცდილების, ინტერესებისა და სწავლის სტილის შესახებ.
დიფერენცირებული სწავლება იწყება უსაფრთხო და პროდუქტიული სასწავლო გარემოს შექმნით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია იკვლიოს და ისწავლოს. ამას თან ერთვის მისი სწავლის სტილის, მზაობისა და ინტერესის მიხედვით წინასწარ მოფიქრებული სწავლების სტრატეგიების გამოყენება. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია სასწავლო მასალის შინაარსის, სწავლა-სწავლების პროცესის, ასევე, იმ საბოლოო პროდუქტის დიფერენცირება, რომელიც მოსწავლემ ნასწავლის სადემონსტრაციოდ უნდა შექმნას.
ამიტომ, საჭიროა მოსწავლეთა დიფერენცირება:
- სწავლის სტილის მიხედვით
მოსწავლის სწავლის სტილი გულისხმობს მის მიდგომას სწავლისადმი, ასევე იმას, თუ როგორ გადაამუშავებს ის აზრებს გონებაში.
გავრცელებულია აზრი, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელმა უნდა გაზომოს მოსწავლეთა სწავლის სტილი, ტესტის საშუალებით, შემდეგ კი, ამის მიხედვით შესთავაზოს დავალებები. თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, მოსწავლეებისთვის ასეთი იარლიყების მიწებება საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ხელს შეუწყობს სტერეოტიპის გაძლიერებას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეს, ძირითადად, მისი უპირატესი სწავლის სტილის შესაბამისი დავალებები უნდა შევთავაზოთ.
სიმართლე კი ისაა, რომ ადამიანები, როგორც წესი, სხვადასხვა გზით სწავლობენ. ამიტომ, როდესაც მასწავლებელი გეგმავს ისეთ გაკვეთილს, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილზე მორგებული აქტივობებისგან შედგება, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ და იმახსოვრებენ. ისინი მით უფრო მეტად ვითარდებიან, რაც უფრო მდიდარი სასწავლო მასალა მიეწოდებათ. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან, თავის წამყვან სწავლის სტილთან ერთად, განივითაროს სწავლის სხვადასხვა სტილი.
- მზაობის მიხედვით
მზაობის მიხედვით დიფერენცირება იმის გათვალისწინებით ხდება, თუ რამდენად დაძლიეს მოსწავლეებმა სასწავლო მიზნები. ამ ინფორმაციას მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებაზე დაყრდნობით იღებს.
მასწავლებელს შეუძლია დიფერენცირებული სწავლების ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორებიცაა „სასწავლო მენიუ“ ან „სასწავლო გაჩერებები“, რომელთა დახმარებითაც ის შეძლებს დავალებების დიფერენცირებას მოსწავლეთა მზაობის მიხედვით.
სასწავლო მენიუ მოსწავლეებს სთავაზობს არჩევანს. მათ შეუძლიათ აირჩიონ კონკრეტულ სასწავლო მიზანთან დაკავშირებული საკითხის შესწავლის ფორმა, დავალების ტიპი ან ამ დავალების შესასრულებლად საჭირო დრო. სასწავლო მენიუში სასწავლო ამოცანების დიფერენცირება შესაძლებელია მოსწავლის მზაობის, ინტერესებისა და სწავლის სტილის მიხედვით. სასწავლო მენიუ ხშირად მრავალგანზომილებიანი დიფერენცირების საშუალებას იძლევა. მაგალითად, კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მენიუ მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დიფერენცირება, ერთდროულად, მოსწავლეთა მზაობისა და ინტერესების მიხედვით მოახდინოს.
- ინტერესის მიხედვით
მასწავლებელს შეუძლია გარკვეულ შემთხვევებში მოსწავლეს მისცეს შესაძლებლობა, აირჩიოს სასწავლო თემასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს (არჩევანის თავისუფლება). მოსწავლეებს შეიძლება ერთი და იგივე სასწავლო მიზანი ჰქონდეთ, მაგრამ მიეცეთ შესაძლებლობა, აირჩიონ სხვადასხვა სახის სტრატეგია ამ მიზნის მისაღწევად.
დიფერენცირებული სწავლება ემყარება მასწავლებლის რწმენას, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა.
კავშირი განმავითარებელ შეფასებასა და დიფერენცირებულ სწავლებას შორის
მასწავლებელი, რომელიც განმავითარებელი შეფასების გზით მოაგროვებს ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ, ორიენტირებული ხდება იმაზე, რომ დაგეგმოს სწავლების ეფექტიანი აქტივობები და დაეხმაროს მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში.
განმავითარებელი შეფასების მსგავსად, დიფერენცირებული სწავლება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მასწავლებელი, რომელიც იყენებს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, დარწმუნებულია, რომ ყველა მოსწავლეს განსაკუთრებული უნარები აქვს, თავისი ძლიერი მხარე, ასევე, სირთულეები. იგი ამ ყველაფრის გათვალისწინებით გეგმავს სწავლებას. ამგვარ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოსწავლეს საკუთარი თავის რწმენა ჩამოუყალიბდეს და სწავლაში წარმატებას მიაღწიოს.
განმავითარებელი შეფასება სწავლების პროცესში შესრულებული შეფასებაა, სწავლების ან სწავლის გაუმჯობესების მიზნით (Black & William, 2003). თუ განმავითარებელი შეფასება რეგულარულად ხორციელდება, მაშინ აუცილებელია სწავლების დიფერენცირება (Perrenoud 1991, p.89).
დიფერენცირებული სწავლება ან/და რემედიაცია არის რეაგირება მოსწავლეთა საჭიროებებზე. მასწავლებლებს, განმავითარებელ შეფასებებზე დაყრდნობითა და მის საფუძველზე, სწავლების პროცესში ცვლილების შეტანა შეგვიძლია. განმავითარებელი შეფასების არსიც სწორედ ისაა, რომ მოსწავლეებს შედეგის გაუმჯობესებისთვის საჭირო გარემო შევუქმნათ.
როგორც უკვე აღვნიშნე, განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სწავლების პროცესის მიმდინარეობისას, ამისთვის უამრავი სტრატეგია თუ ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს, განვსაზღვროთ, რა ცოდნა მიიღო თითოეულმა მოსწავლემ გაკვეთილის დასაწყისიდან დასასრულამდე, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად დინამიური და ტრანსფერული იქნება ეს ცოდნა, ასევე შენარჩუნდება თუ არა შემდეგი გაკვეთილისთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკუთარ პრაქტიკაში ხშირად განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებ, მაგალითად, შესასვლელ და გასასვლელ ბილეთებს.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ „გასასვლელ ბილეთებს“, რომელსაც ინდივიდუალურად ავსებენ. ეს ინსტრუმენტი ძალიან ეფექტურია იმის გასარკვევად, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილზე განხილული საკითხები, რა ხარვეზები დარჩა და რა უნდა გავითვალისწინო შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვისას. ასევე, აღმოჩენილი ხარვეზების გათვალისწინებით, ვამზადებ შემდეგი გაკვეთილის „შესასვლელ ბილეთებს“, რომელსაც მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში ვურიგებ მოსწავლეებს. შესასვლელი ბილეთები მეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მოხდა წინა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაგება-გააზრება და მაძლევს გაკვეთილის წარმართვის მიმართულებებს, ანუ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ვახდენ გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას.
შესასვლელი ბილეთების მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში, ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა წინარე ცოდნის, ინტერესების, მანამდე არსებული ღირებულებების/დამოკიდებულებების შესახებ მიღებული ინფორმაციის გამოყენება გაკვეთილში ცვლილებების შესატანად.
გასასვლელი ბილეთების გამოყენებით, მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, გაკვეთილის ბოლოს:
ა. მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
♦ მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ;
♦ მოსწავლეთა ინტერესების, ღირებულებების, დამოკიდებულებების შესახებ;
♦ სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ.
ბ. მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებებისა თუ ინტერესების გათვალისწინებით.
შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მასწავლებელი, ძალიან მოკლე დროში, მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს მოსწავლეებისგან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის ხშირი გამოყენება ერთგვარ რუტინას უდებს საფუძველს – მოსწავლეებმა იციან, როგორ შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს გაკვეთილი. შესასვლელი ბილეთი ეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან, მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო; ხოლო გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის მართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენება უბიძგებს მოსწავლეებს რეფლექსიისკენ, რაც ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობასა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს.
შესასვლელი ბილეთის ნიმუში:
სახელი და გვარი: ……………………………………………………………………………..
რა არის ჩემთვის ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით?………………………………….
……………………………………………………………………………………………………
ერთი კითხვა, რომელსაც მინდა, რომ პასუხი გაეცეს: ………………………………………
……………………………………………………………………………………………………
რამდენად დარწმუნებული ვარ ჩემს ცოდნაში, ამ საკითხთან დაკავშირებით:……………
……………………………………………………………………………………………………
რა არის ჩემი მიზანი ამ გაკვეთილზე? ………………………………………………………..
გასასვლელი ბილეთის ნიმუში:
დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო ………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაკვეთილიდან დამამახსოვრდა:……………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება ……………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
განმავითარებელი შეფასება, მასწავლებლის მხრიდან, განსხვავებულ (ჩვეული განმსაზღვრელისგან) დამოკიდებულებას მოითხოვს შეფასებისადმი, კერძოდ, შეცდომის სტატუსის შეცვლას და მოსწავლის როლის გადაფასებას.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლისთვის უნდა გამორიცხავდეს ყოველგვარ საფრთხეს. ამიტომ, ცხადია, რომ მაღალი ხარისხის განმავითარებელი შეფასება მიიღწევა კლასში, სადაც ჯანსაღი, ტოლერანტული გარემოა.
განმავითარებელი შეფასება მოიცავს არა მხოლოდ მოსწავლისთვის უკუკავშირის მიწოდებას, მისი განვითარების მიზნით, არამედ სასწავლო პროცესის ეფექტიანობასთან დაკავშირებული დასკვნების გაკეთებასაც, სწავლების განვითარების მიზნით და სწავლების მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე.
მართლაც, მოსწავლისთვის უკუკავშირის მიწოდების შემდეგ, მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ხარვეზების აღმოფხვრას, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. ამიტომ, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გააანალიზოს წარმოქნილი ხარვეზების მიზეზები, მიაგნოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ეფექტური სწავლების საშუალებებს და აამოქმედოს ისინი, რომ დაეხმაროს მოსწავლეს.
მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლის საშუალებებია: დაკვირვება, ინტერვიუ და ტესტირება, რომელთაგან ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ეფექტიან დაკვირვებას და ზუსტი დასკვნების გამოტანას.
დაკვირვებაში იგულისხმება მოსწავლეების თვალის მიდევნება და მათი მოსმენა, და ამის შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენება მათი სწავლისა და განვითარების გასაუმჯობესებლად. იმის მიხედვით, რა ინფორმაციის მიღება სურს, მასწავლებელმა შეიძლება დაკვირვების სხვადასხვა მეთოდებს მიმართოს.
დაკვირვება მუდმივი პროცესია, რომელიც მოსწავლეზე დაკვირვებას გულისხმობს სხვადასხვა – სასწავლო თუ არასასწავლო (დასვენებებზე, სპორტულ მოედნებზე/დარბაზში და სხვ.) სიტუაციაში იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციის მიღება სურს მასწავლებელს. დაკვირვებამდე, უნდა განისაზღვროს, რომელ მოსწავლეს/მოსწავლეებს ვაკვირდებით და რას, რომელ უნარ-ჩვევას ვაკვირდებით (სასწავლო უნარ-ჩვევებს, სააზროვნო უნარებს, ძირითადად, გაკვეთილებზე, ვაკვირდებით, ხოლო სოციალურ უნარ-ჩვევებს – გაკვეთილზე წყვილებსა თუ ჯგუფებში მუშაობისას და არასასწავლო სიტუაციებში).
თუ მონაცემები მიუთითებს, რომ მოსწავლეები ითვისებენ იმას, რასაც მასწავლებელი ისახავს მიზნად სწავლების ამ ეტაპზე, მაშინ ბუნებრივია დასკვნა, რომ სწავლება კარგად მიმდინარეობს.
შესაბამისად, არანაირი ცვლილება არ არის საჭირო და გაკვეთილი შეიძლება გაგრძელდეს, როგორც დაგეგმილია, თუ მტკიცებულებებში წარმოჩენილია, რომ: მოსწავლეები არასწორად იგებენ საკითხებს; ან შეფერხებები აქვთ, სასურველი სისწრაფით ვერ ითვისებენ სასწავლო მასალას, ანუ მათი გაწაფვის ტემპი მოსალოდნელზე დაბალია; ან მოსწავლეებმა, გაკვეთილის მსვლელობის გარკვეულ ეტაპზე, უკვე აითვისეს სასწავლო მასალა დაგეგმილ დონეზე და არ აქვთ არანაირი შეკითხვა ან გაუგებრობა, რომელსაც ელოდა მასწავლებელი და რეაგირებას აპირებდა, მაშინ კორექტირება აუცილებელია. დროა, მასწავლებელმა გამოიყენოს სწავლების გეგმა B, ან C, ან ნებისმიერი სხვა მიდგომა, რომელიც მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს მზად.
განმავითარებელი შეფასება არ არის ერთჯერადი აქტი, იგი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. მოსწავლის შეფასებისას, აუცილებელია, გავარკვიოთ, როგორია მოსწავლის მიღწევები სტანდარტთან მიმართებაში და უკუკავშირის ფორმულირებისთვის გამოვიყენოთ.
თუ სასწავლო პროცესს, თითოეული მოსწავლისთვის, მოგზაურობად აღვიქვამთ, მაშინ განმავითარებელი შეფასება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მოგზაურობის პროცესში მოსწავლეებისთვის გეზის ჩვენება. მასწავლებელს შეუძლია, მუდმივი თვალყურის დევნებით და მიმართულების მიცემით, დაეხმაროს მოსწავლეს, არ ასცდეს გზას.
განმავითარებელი შეფასების დანიშნულებაა მოსწავლის სწავლის პროცესის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი, რაც ეხმარება მასწავლებლებს სწავლების, ხოლო მოსწავლეებს – სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში. განმავითარებელი შეფასება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დიფერენცირებულ საკლასო ოთახშიც, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ განსხვავებული მზაობისა და მიღწევების მქონე მოსწავლეები სხედან. რეგულარული განმავითარებელი შეფასების, ანუ ათვისების შემოწმების გარეშე, მასწავლებელი ვერ გაიგებს, თუ რა სჭირდება თითოეულ მოსწავლეს სტანდარტებით გათვალისწინებული წარმატების მისაღწევად.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად შეიძლება გამოდგეს ნებისმიერ სასწავლო აქტივობაზე დაკვირვება, ამიტომ მასწავლებელმა ყურადღებით უნდა შეისწავლოს მოსწავლეთა ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების ფურცლები და სხვ. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწორ გეზს არ გადაუხვიონ.
გამოყენებული ლიტერატურა:
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება, სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის (მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი).