ქრისტინე მაჭარაძე
ქუთაისის №33 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი
სამყაროს შეცნობა მათემატიკური ცნებებისა და ფორმულების საშუალებით მართლაც შესაძლებლია და ჩემი, როგორც მასწავლებლის, უპირველესი მიზანი მოსწავლეებისთვის ამის ჩვენებაა.
მოსწავლის განვითარებისთვის დაწყებით საფეხურზე მიღებული ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია. ამრიგად, ვფიქრობ, მასწავლებელი ამ ასაკის მოსწავლეებთან ძალიან აქტიური და შემოქმედებითი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ ცნებაზე მუშაობისას, სასწავლო რესურსები და აქტივობები ისე იყოს შერჩეული, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ ის უნარები, რომლებიც მათ სამომავლოდ გამოადგებათ.
ციფრული კომპეტენციების გასაუმჯობესებლად, ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენს სკოლაში, დიდი ენერგია იხარჯება, როგორც დამწყებმა პედაგოგმა, ძალიან ბევრ საინტერესო სასწავლო პროგრამაში თუ ვებსაიტზე მუშაობა შევისწავლე. მიღებული ცოდნა, ვფიქრობ, წარმატებით გამოვიყენე პრაქტიკაში, რადგან მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში და აქტივობებშიც დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ინტერაქტიული პრეზენტაცია
დისტანციურად სწავლების რეჟიმს მოსდევს მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით გამიადვილდა. Peardeck.com ერთ-ერთი ძალიან კარგი პლატფორმაა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა გაკვეთილზე, შეამოწმოს მათი ცოდნა და სწრაფად გასცეს განმავითარებელი შეფასება.
ამ საიტის საშუალებით, მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ PowerPoint პრეზენტაციას გარდაქმნის ინტერაქციულ პრეზენტაციად. კერძოდ, მასწავლებელი PearDeck-ის სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით, პრეზენტაციის თითოეულ სლაიდზე, ირჩევს თუ რა ფორმით სურს მიიღოს მოსწავლისგან პასუხი. შესაძლებელია, მოსწავლეებს მივცეთ ღია და დახურული შეკითხვები. ამასთანავე, გვაქვს შესაძლებლობა, მოსწავლეებმა შეასრულონ ნახაზები/ნახატები, შეავსონ ვენის დიაგრამები, მართალია/ტყუილია ტიპის დავალებები და ა.შ. ამრიგად, მრავალფუნქციური პლატფორმა ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ რესურსს სასწავლო პროცესში, ვინაიდან მასწავლებელს საშუალება ეძლევა, მოკლე დროში, შეამოწმოს თითოეული მოსწავლის ცოდნა და სწრაფადვე გასცეს განმავითარებელი შეფასება.
„თეთრი დაფები“
მას შემდეგ, რაც საკლასო ოთახებს დავუბრუნდით, ზემოთ აღნიშნულ რესურსს ადაპტირება გავუკეთეთ, რომ მისი გამოყენება პირისპირ სწავლების დროსაც შესაძლებელი ყოფილიყო. ყოველივე ამისთვის თითოეულ მოსწავლეს დასჭირდა ერთი ცალი თაბახის ფურცელი, გამჭვირვალე ფაილი, დაფის მარკერი და ღრუბელი. მას შემდეგ, რაც დავსვამ შეკითხვას, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ან ახლად ათვისებული მასალის შესამოწმებლად, თითოეული მოსწავლე პასუხს თავის „თეთრ დაფაზე“ წერს და ჩემი მითითების შემდეგ, ყველა მოსწავლე დაფას მაღლა სწევს. ამის შემდეგ, მარტივად ვიგებ რომელ მოსწავლეს რა საკითხში ესაჭიროება დახმარება.
Minecraft: Education Edition
Minecraft Education Edition მრავალი საინტერესო შესაძლებლობის მქონე პროგრამაა, რომლის გამოყენებაც აქტიურად შეიძლება მათემატიკის სახალისო დავალებების შექმნისთვის თუ შესრულებული დავალების ვიზუალურად წარმოსადგენად. პროგრამის გამოყენება წარმატებითაა შესაძლებელი მათემატიკაში ნებისმიერი მიმართულებით.
აღნიშნული პროგრამა გამოვიყენე VI კლასში, მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობისა და ზედაპირის ფართობის უკეთ შესასწავლად. კერძოდ: მოვამზადე ორი დავალება, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებოდა, უკეთ გაეაზრებინათ და პრაქტიკული თვალით დაენახათ მართკუთხა პარალელეპიპედის თვისებები.
Liveworksheets.com
Liveworksheets.com წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შექმნას ცოცხალი დავალებები და სწრაფად გასცეს განმავითარებელი შეფასება. პლატფორმაზე მასწავლებელი ტვირთავს წინასწარ გამზადებულ, pdf ან jpg ფორმატში, ფაილს, რომელსაც შემდგომში საიტის ინსტრუმენტების საშუალებით ისე ამუშავებს, რომ მოსწავლეებმა შეძლონ პასუხის არჩევა/ჩაწერა, დაკავშირება, სწორი პასუხის შესაბამის ადგილზე გადატანა და ა.შ.
Liveworksheet-ით შექმნილი დავალებები არაერთხელ გამოვიყენე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან. აღნიშნული ტიპის დავალებები სახალისო აღამოჩნდა აგრეთვე, სსსმ მოსწავლეებისთვისაც.
ნიმუშები:
1) https://www.liveworksheets.com/bl1859039bd
2) https://www.liveworksheets.com/sh2860448so
3) https://www.liveworksheets.com/uz1647621rn
4) https://www.liveworksheets.com/vo2887078cu
საბოლოოდ მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი საინტერესო პროგრამისა და პლატფორმის დახმარებით შესაძლებელია, მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სახალისო და საინტერესო გავხადოთ, საგანი სხვა თვალით დავანახოთ და ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა ცხოვრებაში.