23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ბატიაშვილის მინისტრობის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები – ინტერვიუ შალვა ტაბატაძესთან

spot_img
7 ნოემბერს მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა – „ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.“ – განაცხადა ექს-მინისტრმა.
ბუნებრივია, მის გადადგომას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ინტენსიურად განიხილება რა გახდა ბატიაშვილის წასვლის რეალური მიზეზი? თუმცა, ამ მიზეზის გარდა, მნიშვნელოვანია მისი მინისტრობის დროს დაწყებული კომპლექსური რეფორმის შეფასება – როგორია ერთი წლის წინ დაწყებული რეფორმა და, საერთო ჯამში, როგორი მინისტრი იყო მიხეილ ბატიაშვილი? რეფორმის პოზიტურ და ნეგატიურ ასპექტებზე საუბრობს განათლების ექსპერტი,   სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე და ამბობს, რომ მინისტრის წასვლის რეალურ მიზეზს მაშინ დავინახავთ, როცა ახალი დასახელდება.

– ბატონო შალვა, რას უკავშირებთ მიხეილ ბატიაშვილის წასვლას და, ზოგადად, რას გამოიწვევს სისტემაში მინისტრების ასეთი ხშირი ცვლა?

– კონკრეტულად ბატიაშვილის წასვლა რითი იყო გამოწვეული, ჩემთვის უცნობია, შესაბამისად, არ ვიცი, რას უკავშირდებოდა. გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, უფრო ნათელი გახდება, ახალი მინისტრის დასახელების შემდგომ. რასაკვირველია, ზოგადად, ის ფაქტი, რომ მინისტრი ხშირად იცვლება, პრობლემატურია და რეალურად ხელს უშლის გარკვეული ხედვებისა და კონცეფციების განხორციელებას სისტემაში. არადა, ყველაზე ხშირად სწორედ განათლების მინისტრი იცვლება. მეორე მხრივ, საკმაოდ კარგი მანიშნებელია, კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა ხდება სისტემაში. ვგულისხმობ იმას, რომ სისტემაში არ აქვთ რეფორმების გრძელვადიანი ხედვა. მეტიც, მთავრობის მცდელობა იმაზეა მიმართული, კონკრეტულმა მინისტრმა კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული დავალება შეასრულოს სისტემის სტაბილურობისა და სისტემის სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად და არა რეფორმირებისთვის, მით უმეტეს, როცა წინ საარჩევნო პერიოდია გადასაგორებელი. სწორედ ამიტომ იცვლებიან ყოველ წელს მინისტრები. სამწუხაროდ, ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რა რეფორმა განხორციელდეს, ვინ შეძლებს ამ რეფრომის განხორციელებას, რა პერიოდი დასჭირდება და მინისტრიც ამ მიზნების უკეთ განხორციელებისთვის შეცვალოს. ამ ხშირ ცვლილებებში ნათლად ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილებები კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულ სამთავრობო მიზანზეა ხოლმე მორგებული და არც ბატიაშვილის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეხებოდა იმას, მაგალითად, „ახალი სკოლის მოდელის“ მუშაობა მოსწონდა თუ არა მთავრობას ან ფიქრობდა, რომ რეფორმის უფრო ეფექტურად განსახორციელებლად უკეთესი იყო ახალი მინისტრის მოყვანა. თუმცა, რეალურად, რა იყო გადაწყვეტილების საფუძველი, ამას მალე დავინახავთ.

– როგორ აფასებთ მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს დაწყებულ კომპლექსურ რეფორმას? თქვენი აზრით, რომელია პოზიტიური ცვლილება და სად ხედავთ ხარვეზებს?

– ბატიაშვილის რეფორმებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეიძლება ჩამოვთვალოთ, თუმცა, ბოლომდე შესრულების თვალსაზრისით, არ ვიცით, რა შედეგის მომტანი იქნება. პირველი – რეალურად, საატესტატო გამოცდების გაუქმება და ცვლილებები მისაღებ გამოცდებში გარკვეული აუცილებელი წინაპირობა იყო ამ მიმართულებით რეფორმების განსახორცილებლად, მათ შორის სასკოლო შეფასების სისტემის დახვეწის თავალსაზრისით როგორც ანგარიშვალდებულების, ასევე მხარდაჭერის და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. თუმცა, გაუქმების შემდგომ, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, ამ ეტაპზეც კი საკმაოდ ბუნდოვანია. რეფორმისთვის გაუქმება აუცილებელი იყო, თუმცა, შემდეგი ნაბიჯები აღარ გამოჩნდა, ამიტომ ეს ნაწილი შეიძლება რეფორმის ნახევარფაბრიკატადაც კი არ შეფასდეს. ბუნებრივია, მხოლოდ საატესტატო გამოცდების გაუქმება შედეგის მომტანი ვერ გახდება.

ანალოგიური მდგომარეობაა მისაღები გამოცდების მიმართულებითაც. შემოთავაზებულია გამოცდების ახალი მოდელი, თუმცა, მისი დასაბუთება საკმაოდ სუსტია და არ ჩანს რეფორმის შემდგომი პერსპექტივა. თუმცა, ამ ფაქტს მაინც ასე შევაფასებ – ნაბიჯი გადადგმულია, რადგან მისაღები გამოცდების რეფორმირებასთან დაკავშირებით გარკვეული მიმართულებით სვლა დაიწყო.

მეორე მნიშვნელოვანი რეფორმა, ჩემი თვალთახედვით, საპენსიო ასაკის მასწავლებელთა პროფესიიდან გასვლისა და ახალი კადრების სისტემაში შემოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა – მცდელობა იმისა, რომ პროცესი, ამ მიმართულებით, გარკვეულწილად დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ამ პროცესსაც ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. ეს ხარვეზები დღესაც მოქმედებს, თუმცა, ეს იყო ჩაკეტილი სისტემის გახსნის პირველი მცდელობა.

ამ შემთხვევაში, ხარვეზებში იგულისხმება, მაგალითად, ვაკანტური ადგილების საკმაოდ ხელოვნურად შევსების პროცესი. თუნდაც მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, სადაც დანაკლისი დღესაც არის. მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ სკოლას შეუძლია აიყვანოს მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონე ადამიანი და შემდეგ, სკოლაში მუშაობის პერიოდში, მან დისტანციურად გაიაროს განათლების კურსი და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი. ეს გადაწყვეტილება სწორედ დანაკლისის შევსების სურვილით იყო გამოწვეული. თუმცა, მიმაჩნია, რომ არასწორია, სკოლებს მისცე შესაძლებლობა, შეუსაბამო კვალიფიკაციის ადამიანები შეიყვანონ პროფესიაში. ამან, თავისთავად, გამოიწვია გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, დასაქმების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში, დასაქმების კუთხით პრობლემები რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში გაჩნდა. სხვა მხრივ, ამ გადაწყვეტილებას პოზიტიური მხარეც ჰქონდა – პროცესი დაიწყო, მაგრამ რა გაგრძელება ექნება არ ვიცით, სარეფორმო ნაწილში არ ჩანს.

– პოზიტივი რა იყო, საპენსიო ასაკის მასწავლებლების სისტემიდან წასვლა თუ ახალი კადრების შემოყვანა სისტემაში?

– რა თქმა უნდა, ახალი კადრების შემოყვანა, რადგან მიზანი სისტემიდან გასვლა არ არის, მიზანია სკოლების ახალი კადრებით შევსება და, რაც მთავარია, ახალი კადრები კვალიფიციურები უნდა იყვნენ. ეს უფრო კომპლექსური პროცესია, ვიდრე უბრალოდ კადრების შესვლა. ქალაქებში საკმაოდ კარგი შესაძლებლობა გაჩნდა სკოლებისთვის, შეერჩიათ მაქსიმალურად კვალიფიციური კანდიდატები, რეგიონებში კი, როგორც გითხარით, არჩევდნენ კადრებს, რომელთა კვალიფიკაცია, ხშირ შემთხვევაში, არ იყო შესაბამისი. ამდენად, კადრების შევსების ახალი სისტემა პრობლემის მოსაგვარებლად არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა – კადრების შესვლის შესაძლებლობა არც გარანტიაა, არც იმის წინაპირობა, რომ კვალიფიციური კადრები შევლენ სკოლებში. კვალიფიციური კადრების შესვლის გარანტიისთვის სხვა მექანიზმების ამუშავებაა საჭირო, მათ შორის, უმაღლეს სასწავლებლებში. სამწუხაროდ, ეს მექანიზმები აქამდე არ ამუშავებულა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი ან დისტანციური სწავლების პროგრამები კვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს, ეს მხოლოდ ილუზიაა. ამ კუთხით რეფორმა არ გატარებულა.

სხვა მხრივ, პრინციპში, გაგრძელდა ახალი სასწავლო გეგმების დანერგვა და, რეფორმის ფარგლებში, შემოთავაზებულია „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც იდეაში მნიშვნელოვან, სწორ საგანმანათლებლო პრინციპებს ეფუძნება. თუმცა, მე ნაკლებად მწამს ყველა საჯარო სკოლაში მისი რეალისტურად განხორციელების, რადგან პროგრამის განხორციელების გზები არასწორად მიმაჩნია. სამინისტროს უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერის ჯგუფებით სასკოლო კულტურის შეცვლა, ვფიქრობ, არაეფექტური იქნება. მხარდამჭერი ჯუფების გასვლის შემდეგ, ამ ყველაფრის სასკოლო კულტურაში გადაზრდა ცოტა რთული იქნება, თუ ეს, რეალურად, სკოლის ხელმძღვანელობის ხედვა და ღირებულება არ გახდა. ამ თვალსაზრისით კი, ნაბიჯები არ გადადგმულა, მათ შორის, ხელმძღვანელობის ცვლილების, პროცესის სხვა მიმართულებით მართვისა და მართვაში ანგარიშვალდებულების მექანიზმების შეცვლის თვალსაზრისით – საფინანსო ანგარიშვალდებულებიდან ხარისხთან დაკავშირებულ ანგარიშვალდებულებაზე გადასვლა. მმართველობის სხვადასხვა ფორმის შემოტანის შესაძლებლობების თვალსაზრისით, არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი დასაწყისია, თუმცა, არაკომპლექსური და საჭირო თანმხლები რეფორმების გარეშე.

– რეფორმაში ჯერჯერობით არ ჩანს დირექტორი?

– სწორედ ამას ვგულისხმობ – დირექტორის და მმართველი რგოლის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დირექტორის ანგარიშვალდებულების მექანიზმებია. დირექტორების შერჩევის მექნიზმები, ისევე როგორც მმართველობის ფორმები, ზუსტად იგივე რჩება, როგორიც იყო და არ შემოდის თავისუფალი სკოლის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ქალაქებში. სხვადასხვა მმართველობის ტიპის შესაძლებლობები და მეტი დელეგირებებია საჭირო, არ არის დიფერენცირება ქალაქისა და მაღალმთიანი სოფლის სკოლებს შორის და ა.შ. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლების კულტურის ნაწილად „ახალი სკოლის მოდელში“ ჩადებული კონცეფცია ვერ იქცევა. ვფიქრობ, პროცესი მას შემდეგ დამთავრდება, როცა სამინისტროს უშუალო აქტივობა დასრულდება ამ მიმართულებით.

– რეალურად, დღემდე პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის მიღმა არიან დარჩენილი არაქართულენოვანი მასწავლებლები. პროცენტულად ძალიან მცირე მასწავლებელმა შეძლო სერტიფიცირება. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხედავს რეფორმა ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებს?

– პრობლემა ის არის, რომ ამ სკოლებს, ზოგადად, საერთო მიდგომებთან ერთად, განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ. სამწუხაროდ, არაქართულენოვან სკოლებში ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია სხვადასხვა პრობლემების არსებობის გამო, მათ შორის, ენობრივი, ასაკობრივი თუ სხვადასხვა სოციალური პრობლემების. ამიტომ, თუ განსხვავებული მიდგომები და განსხვავებული პოლიტიკა არ იქნა, საქმე ვერ დაიძვრება. ერთადერთ გამართლებად იმას ასახელებენ, თითქოს, განსხვავებული მიდგომა იმიტომ არ არსებობს, რომ მათ საერთო სისტემის ქვეშ მოვიაზრებთ. ამ დროს, განსხვავებული სისტემები გვაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებში, ასევე გამოცდების ჩაბარების თვალსაზრისით. განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ როგორც მასწავლებელთა მომზადების კუთხით, ასევე მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხითაც. სამწუხაროდ, ეს მიდგომები არ ამუშავებულა, თუ არ ჩავთვლით 2015 წლიდან (ეს ბატიაშვილს ნაკლებად უკავშირდება) ამოქმედებულ პროგრამას, როცა მათ მშობლიურ ენაზე პროფესიული უნარების ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ, უტარდებოდათ ტრენინგებიც. ჩემი აზრით, პროფესიული განვითარების მხოლოდ სქემაზე მიბმა მაინცდამაინც სწორი არ არის. რეალურად, თუ მასწავლებლები სქემაში ჩაერთვებიან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არაქართულენოვან სკოლებში სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. ამ თვალსაზრისით, სისტემა უცვლელი დარჩა. ერთადერთი, შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად პოზიტიური ცვლილებაა ბიუროკრატიის როლის შემცირება. საერთო ჯამში, სქემამ მკვეთრი ცვლილებები მაინც ვერ განიცადა. ეს იმ მემკვიდრეობის შედეგიცაა, რომლის ძირეულ შეცვლას, სამწუხაროდ, მინისტრი ვერ შეძლებდა. თუმცა, გარკვეული მექანიზმების გაიოლება შეიძლება პოზიტივად ჩაითვალოს.

– საერთო ჯამში, როგორი მინისტრი იყო ბატიაშვილი?

– მარტივად ვიტყვი, ბატიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შეეხო გარკვეულ საკითხებს, რომელსაც მანამდე არავინ შეხებია, მეტიც, განხილვაც კი არ ხდებოდა. თავისთავად, ეს პოზიტიურია, თუმცა, სამწუხაროდ, რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტებიც არ გამოკვეთილა. სამწუხაროდ, ბატიაშვილის მოღვაწეობას საკმაოდ ნეგატიური ელფერიც აქვს. რეფორმების გარკვეული ნაწილი დეკლარირებულია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მისი განხორციელების რეალური წანამძღვრები არ ჩანს – განხორციელება არც დაწყებულა.

კონკრეტული ნეგატიური საკითხებიდან, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდს ეხება, აუცილებლად მინდა დავასახელო ია კერზაიას საქმე, თუმცა, ეს ჯერჯერობით სადავო საკითხია. ასევე, მინდა ვისაუბრო იმ პრობლემატურ საკითხზე, რომელსაც არავინ ახსენებს – შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე. ახალი მისული იყო მინისტრად, როდესაც შავი ზღვის უნივერსიტეტს, 21 აგვისტოს, პირველკურსელების მიღება აუკრძალეს. შემდგომ გადაწყვეტილებებში ეს პრობლემა ფორმალურად გამოსწორდა. მინისტრი, ამ შემთხვევაში, თავად უნდა ყოფილიყო აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესების რეფორმირების მხარდამჭერი, რომ ეს ინსტიტუცია სადამსჯელო ინსტუტუციად არ ქცეულიყო. სწორედ სადამსჯელო ინსტიტუციის როლი შეასრულეს, მისი მინისტრობის პერიოდში, შავი ზღვის უნივერსიტეტთან მიმართებაში, მინისტრმა ვერ შეძლო ამ ფუნქციის ჩამოშორება, ამ მიმართულებით რეფორმაზე საერთოდ არ იზრუნა.

კიდევ ერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელიც შეიძლება კერძო შემთხვევის სახით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ რეალურად სისტემური პრობლემაა – უკავშირდებოდა წიგნების გრიფირების პროცესს. ერთ-ერთი დასკვნის საფუძველზე, პირველი კლასის ერთ სახელმძღვანელოს გრიფი არ მიენიჭა. დასკვნა ხელმისაწვდომი და საჯარო გახდა. ასეთი არაკვალიფიციური და დაბალი ხარისხის დასკვნაზე სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა. პირიქით, დასკვნის წახალისება მოხდა. სირცხვილიც კი იყო, ასეთი დასკვნის საფუძველზე რომ არ მისცეს სახელმძღვანელოს გრიფი. უფრო მეტიც, მისი ავტორი დაწინაურდა სამინისტროს კარზე, რაც პირადად ჩემთვის ნიშანდობლივია, თუ როგორ ხედავს სამინისტრო სისტემის რეფორმირებას და, მათ შორის, გრიფირების პროცესს. ეს თვალსაჩინო მაგალითია, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა და რომ სისტემა კვლავ ცდილობს, გრიფირების პროცესში გარკვეული კონტროლის მექანიზმები ჩამოაყალიბოს. ჩემთვის ეს დასკვნა სამინისტროს დიდი სირცხვილია, რაზეც, კიდევ ვიმეორებ, სერიოზული რეაგირება უნდა მოეხდინა იმდროინდელ მინისტრს. სამწუხაროდ, ეს რეაგირებაც არ მოხდა. ეს რამდენიმე ფაქტი, შეიძლება, ძალიან სპეციფიკური შემთხვევებია, მაგრამ სწორედ ასეთი სპეციფიკური შემთხვევები მიანიშნებს სერიოზულ დარღვევებზე და გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ, როგორია მინისტრის ხედვა სამინისტროს ფუქნციებსა და, ზოგადად, სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

– თქვენი აზრით, მისაღები გამოცდებიდან პროფესიული უნარების ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყო?

– ზოგად უნარებთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მაქვს და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმ კვლევის შედეგები, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, რეალურ შედეგებს არ ასახავდა. ერთადერთი გამართლება ის იყო, რომ უნარების ტესტში დიდი განსხვავებაა მაჩვენებლებს შორის – საკმაოდ მაღალი იყო მომზადების ხარისხი და დაბალი პრედიქტული ვალიდობა. ანალოგიური ვითარებაა ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებით, აქაც დიდი სხვაობაა, თუმცა, ეს რეფორმა ინგლისურს არ შეხებია.

გარდა ამისა, პრედიქტულ ვალიდობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევით, ვიგებთ, რომ რეალურად ამის გამოკვეთაც პრობლემატური იყო. პრობლემები აღმოჩნდა როგორც ჩატარებული კვლევის მასშტაბის (მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში), ისე გამომწვევი მიზეზის დადგენის მიმართულებით. დაუდგენელია, რეალურად რა არის დაბალი პრედიქტული ვალიდობის მიზეზი, თვითონ ტესტის არადემოკრატიული სისტემა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგალითად, პირველკურსელებში სუბსტაციის მაღალი ხარისხი? არ იყო შესწავლილი უშუალოდ უნარების ტესტი. გაურკვეველი დარჩა, რამ განაპირობა დაბალი პრედიქტული ვალიდობა. თუ ტესტშია პრობლემა, მაშინ ტესტი უნდა შევცვალოთ და არა სისტემა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უნარების ტესტის ერთგვარი დისკრედიტაციის თვალსაზრისით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული სისტემაა, რომელიც ნაკლებად ეფუძნება უფრო მეტ მომზადებას და იდეაში უკეთ ზომავს ზოგად უნარებს. მომავალში ამ სისტემის გარკვეული ფორმატის გამოყენება ან უკან დაბრუნება შეუძლებელია, იმდენად დისკრედიტირებული გახადეს რეფორმირების შედეგად.

– სკოლის მოსწავლეთა შეფესაბებზე რას გვეტყვით? რა ფორმით უნდა შეფასდეს მოსწავლე ნებისმიერ საფეხურზე?

– აქ მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ შეფასება და გამოცდა, მით უმეტეს, ცენტრალიზებული გამოცდის სისტემა. თავისთავად, გამოცდა არ უნდა იყოს შეფასების ერთადერთი სისტემა, შეიძლება დაინერგოს როგორც ანგარიშვალდებულების ერთიანი მექანიზმი, რადგან სკოლებს აქვთ ანგარიშვალდებულება, რომელიც შეუძლიათ მხარდაჭერის მექანიზმად გამოიყენონ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ სად გვაქვს პრობლემები ამა თუ იმ სკოლის მიმართულებით.

რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, როგორც შეფასების ინსტრუმენტს ატესტატის მისაღებად თუ მისაღებ გამოცდებში ჩასართვად, აქ უფრო სხვა სისტემაა საჭირო. ჩემი აზრით, შეუძლებელია ცენტრალიზებული შეფასება, თუმცა, მნიშვნელოვანია სკოლის მიერ შეფასება, მათ შორის, სკოლის მიერ დანიშნული გამოცდა, განსაკუთრებით ზედა კლასებში. როგორ მოხდება ამ სისტემის დანერგვა, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა, რაც ძალიან ცუდია.

 – გიორგი ჭაუჭიძემ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაჯილდოებაზე, ძალიან საყურადღებო გზავნილი გააკეთა – მეტი თავისუფლება უსურვა მინისტრს და განათლების სისტემას. როგორია დღევანდელი სკოლის თავისუფლების ხარისხი?

– რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, სისტემა თავისუფალი არ არის და ვერც იქნება იმ ბიუროკრატიული ხელმძღვანელობის, სკოლის დირექტორების, რესურსცენტრების თუ მასწავლებლების პირობებში, რომლებიც ერთმანეთის მორჩილებაზე არიან დამყარებული. მინისტრი არ არის თავისუფალი სამთავრობო წნეხისგან, სამწუხაროდ, პარტიული ლიდერების შიშის ქვეშ იმყოფება, შესაბამისად, არც გადაწყვეტილებებშია თავისუფალი; მოადგილეები მინისტრის მორჩილების ქვეშ იმყოფებიან; დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი უფროსის მორჩილებაშია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სტრუქტურის შიგნით ძალიან კვალიფიციური კადრები გვყავს, მათი მთავარი ორიენტირია, რა გამოსავალი მოუძებნონ მინისტრის, პრემიერ-მინისტრის თუ სხვების ახირებულ გადაწყვეტილებებს, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება მათაც ხელეწიფებოდეთ, არამედ მუდმივად ცდილობენ, თუ რომელიმე მინისტრი, მაგალითად, სასწავლო გეგმის პირადი მოსაზრებების მიხედვით შეცვლას მოინდომებს, ეს სასწავლო გეგმებშიც ასახონ და თან გამართლებაც უპოვონ. ეს ადამიანები მინისტრის პოზიციების გამყარებას ემსახურებიან და თავისუფლება, თავისთავად, გვერდზე იწევს.

გვყავს სკოლის დირექტორები, რომელთა უმრავლესობა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაა დანიშნული და არა თავისუფლების მაღალი ხარისხით, რეფორმების განსახორციელებლად; გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც მორჩილება ურჩევნიათ, ცენტრალიზებულად მითითებების შესრულება, ვიდრე ყოველდღიურ რეჟიმში თავისუფალი ქმედება; ისეთი მასწავლებლებიც გვყავს, რომლებიც ვერც მოსწავლის თავისუფლებას იცავენ და ვერც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობების თავისუფლებას. შესაბამისად, ასეთი სისტემის ქვეშ მყოფთა თავისუფლებაზე საუბარი ცოტა ზედმეტია.

უმნიშვნელოვანესია ისიც, რამდენად უნდათ ეს თავისუფლება ადამიანებს, რომლებიც სისტემას ემსახურებიან. სამწუხაროდ, უმეტესად, არ სურთ – ეს მხოლოდ ზოგად განათლებას არ ეხება, იმავეს ვიტყვი უმაღლეს განათლებაზეც. მათ არ სჭირდებათ თავისუფლება, მათ შორის არც აკადემიური თავისუფლება. ამის კონკრეტული დადასტურება იყო, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებს შესთავაზეს თვითონ მოეფიქრებინათ მექანიზმი როგორ მიიღებდნენ სტუდენტებს. პირდაპირ უარი განაცხადეს, ურჩევნიათ, ამ საქმეს ისევ შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ასრულებდეს. ისევე, როგორც კურიკულუმის განვითარების თვალსაზრისით ავტონომიას, ურჩევნიათ განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული შაბლონის ფორმალურად შევსება. ამიტომ, ჩვენ თავისუფლების სურვილის პრობლემა უფრო გვაქვს. სისტემაში მყოფ ადამიანებს უფრო მეტად ხიბლავთ მმართველობა, სადაც მათი პასუხისმგებლობა მინიმალურია, თავისუფლება კი დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს – თვითონ ხდები პასუხისმგებელი შენს გადაწყვეტილებაზე. სამწუხაროდ, პასუხისმგებლობის აღების სურვილი ნაკლებია, შესაბამისად – თავისუფლების სურვილიც. აქედან გამომდინარე, გვაქვს უპასუხისმგებლო და არა თავისუფალი სისტემა, რომლის ქვეშაც გვიწევს ზოგადი თუ უმაღლესი განათლების მიცემა მომავალი თაობისთვის.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები