26 აპრილი, პარასკევი, 2024

სოფელ ქვეშში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს. საოკუპაციო ხაზიდან 1 კილომეტრის მოშორებით მდებარე სკოლის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სრულად გარემონტდა 3-სართულიანი შენობა, განახლდა ინტერიერი, შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის ახალი სისტემები და ელექტროგაყვანილობა, ასევე, მოეწყო სკოლის ეზო და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშში, ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ელიზაბეთ რუდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, ადამინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გახსნას გამშვები პუნქტები და ადგილობრივ მოსახლეობას მისცეს თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება: „იმედი გავქვს, რომ სკოლა გააძლიერებს ქვეშის თემს და დაეხმარება სოფლის მოსახლეობას, გადალახონ ის გამოწვევები, რაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ცხოვრებას უკავშირდება.“ – განაცხადა მან.

მიხეილ ჩხენკელმა სოფლისა და რეგიონის მოსახლეობას სკოლის განახლება მიულოცა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან გავხსენით ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს პროექტი ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, ამერიკის საელჩოს ამ პროექტის განხორციელებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, განათლება და ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.“

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ფინანსურად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების (OHDACA) ფონდმა უზრუნველყო, აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნულ პროექტზე ამერიკის მთავრობამ 2.5 მილიონი ლარი დახარჯა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები