26 აპრილი, პარასკევი, 2024

რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა

spot_img

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. რექტორთა საბჭოზე ორი ძირითადი საკითხი განიხილეს:

♦ საუნივერსიტეტო სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, სასწავლო ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრების;

♦ სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა.

მინისტრმა რექტორებს მადლობა გადაუხადა კრიზისულ სიტუაციაში უმოკლეს დროში რესურსების მობილიზაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის. განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების შესაბამისად.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს ეძლევა შესაძლებლობა, შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპამდე, ნებაყოფლობით, საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, საუნივერსიტეტო სივრცეში ინტენსიურ რეჟიმში ჩაატარონ. თუმცა, ამისათვის ცალკეული ლაბორატორიების მზაობა უნდა დაადასტურონ. კერძოდ, უნივერსიტეტები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.moh.gov.ge/ka/740/ და სპეციალური შემოწმების შედეგად, ექსპერტებისაგან მიიღონ ნებართვა განსაზღვრულ სივრცეებში სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ. იგივე წესი გავრცელდება სახელოვნებო და შემოქმედებით მიმართულებებზე, რომლებიც პრაქტიკული კომპონენტების ჩასატარებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებას გადაწყვეტენ.

ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ. ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატი და თარიღი უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინეს სამინისტროს რეკომენდაცია სწავლის გადასახადის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი მიდგომა სტუდენტების ახალი მიმართვის შემთხვევაშიც გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Danarti_N17_Sascavlo_laboratoeriebi_da_Sagamocdo_centrebi_Rekomendaciebi_149.pdf

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები