მათი მცირედი წარმატებაც კი მაბედნიერებს  – ირინე ფიროსმანაშვილი

707

მარტის თვის დასაწყისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა, მათ შორის იყო ჩვენი რესპონდენტი, დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი ირინე ფიროსმანაშვილი, რომელიც ცენტრმა წლის საუკეთესო სპეციალურ მასწავლებლად აღიარა. „წლის საუკეთესო მასწავლებელს“ ამ სფეროში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ მისი პროფესიული ზრდა პირდაპირ უკავშირდება მისი მოსწავლეების „ზრდას“, რადგან ჰყავს მოსწავლე, რომელსაც პირველივე კლასიდან მოჰყვება და მისი ყოველი წარმატებული ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია ირინე მასწავლებლის დაუზოგავ შრომასა და პროფესიონალიზმთან. მისი ერთ-ერთი მოსწავლე – ლანა დაუნის სინდრომის მქონე გოგონაა, რომელსაც ირინე მასწავლებელმა მოთხრობაც კი მიუძღვნა.

 

 დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებითა და აქტივობებით აღინიშნება. ფერადი წინდები – ამ დღის სიმბოლო და უცვეთი ლოზუნგი: „მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს“, ყოველ 21 მარტს გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს, უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებით, ერთით მეტი ქრომოსომა აქვთ. წელს, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით შექმნილი ვითარების გამო, ბუნებრივია, მასშტაბური ღონისძიებები გადაიდო, თუმცა, დისტანციურ აქტივობებს, ინფორმაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებლები მაინც ახორციელებენ. ირინე მასწავლებელმაც მოსწავლეებს ასეთი აქტივობა შესთავაზა: მათ, სურვილის მიხედვით, გადაეღოთ ფოტოები ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, და-ძმებთან და გადმოეგზავნათ  მასწავლებელთან. შეგროვებული ფოტომასალით კი, მოსწავლეების ჩართულობით, მოამზადეს ფოტო და ვიდეოკოლაჟები, რომელიც დაუნის სინდრომის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათივე სკოლის ფეისბუქგვერდზე განთავსდება.

 გთავაზობთ წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის, ირინე ფიროსმანაშვილის ინტერვიუს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მისთვის ამ პროფესიის მსახურება და მისივე მოთხრობას, რომელიც დაუნის სინდრომის მოქნე მოსწავლეს მიუძღვნა.

√ მოგვიყევით რა ემოცია გქონდათ, როცა წლის საუკეთესო სპეციალურ მასწავლებლად დაგასახელეს? ელოდით?

საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე ფინალისტები ვიყავით მიწვეული. შედეგი წინასწარ არ იყო ცნობილი. ძალიან სასიამოვნო და, ამავე დროს, ამაღელვებელი იყო დაჯილდოების პროცესში ჩემი გვარის გამოცხადება. სასიხარულოა მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი შეფასება.

√ როგორ ფიქრობთ, რატომ გამოგარჩიათ ჟიურიმ?

ეს, ალბათ, შემფასებელმა კომისიამ უკეთ იცის. ჩემი პროფესიული საქმიანობა კომისიამ დეტალურად შეისწავლა და მაღალი შეფასება მისცა. მეც არ დავიშურე ძალა და ენერგია, რომ ეს ყველაფერი სრულყოფილად წარმომეჩინა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო შემფასებელი კომისიის წევრების მიმართ, რომელთა პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება ნამდვილად მისაბაძია.

√ რამ განაპირობა თქვენი პირველი ნაბიჯი ინკლუზიური განათლებისკენ?

იყო2003 წელს დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი სპეცილობით ,,კორექციული პედაგოგიკა“. მე-5 კურსზე სწავლისას მონაწილეობა მივიღე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პირველი ნაბიჯი საქართველო“ კონკურსში, რომელიც წარმატებით დავძლიე და შემდეგ, ათ წელზე მეტი, ვიმუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მეთოდისტ-მასწავლებლად, ამასთან უწყვეტი სტაჟით, პარალელურად, ვმუშაობდი სხვა პროექტებშიც. ამ პერიოდმა ჩემი შრომითი საქმიანობა საბოლოოდ დააკავშირა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების აღზრდის პროცესთან და ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. 6 წლის წინ გადავწყვიტე ჩემი ძალები ახლა უკვე ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში მომესინჯა, ეს იყო პირველი ნაბიჯი ინკლუზიური განათლებისკენ. რა თქმა უნდა, თავიდან იყო სირთულეები, მაგრამ სკოლის დირექციის ხელშეწყობით, დაუღალავი შრომით, სიახლეების ძებნით და მონდომებით შევძელით წარმატების მიღწევა. როგორც დავრწმუნდი, ეს სწორი ნაბიჯი იყო.

√ როგორია სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე?   ძირითადად, რა სირთულეების გადალახვა გიწევთ?

ყოველი დღე საინტერესო და განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთოც ბევრი აქვთ. ჩემი სამუშაო დღე იწყება სსსმ მოსწავლეების მოკითხვით, ვიცი თითოეულის ისტორია, ოჯახური მდგომარეობა. სისტემატიური კონტაქტი მაქვს მშობლებთან, სკოლაში მყოფ და-ძმებთან. ხელს ვუწყობ სსსმ მოსწავლესა და კლასის დანარჩენ მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ჯგუფთან მიკუთვნებულობის ხარისხის გაზრდას. აქტიურად ვმონაწილეობ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელებაში. საგნის მასწავლებლებთან ერთად ვმუშაობ სასწავლო პროცესის დაგეგმვა-ადაპტირებაში. ვცდილობ, დრო თანაბრად გადავანაწილო ყველა მოსწავლეზე. მუშაობის პროცესში მუდმივად ვიყენებ დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპებს. ჩემი მიზანიც თითოეული სსსმ მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, ასევე იმ უნარ-ჩვევების დაუფლებაა, რაც გამოადგებათ სკოლის შემდგომი განათლების მიღებაში და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ სწრაფ და მაქსიმალურ ინტეგრირებას.

სირთულეები წლების წინ უფრო იყო, ამ ეტაპზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ არის გამოწვევებიც, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სკოლების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ჯერ კიდევ არასათანადოდ ადაპტირებული გარემო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დღითი დღე, თანმიმდევრულად, მივდივართ პროგრესისკენ და ეს მახარებს.

√ მოგვიყევით თქვენს მოსწავლეებზე, მათთან მუშაობის მეთოდებსა და ურთიერთობებზე…

ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის პროცესში მომიწია მუშაობა სხვადასხვა დარღვევის, სირთულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მათგანთან. მუშაობის პროცესში ვითვალისწინებ არა მხოლოდ ბავშვის შესაძლებლობებს, საჭიროებებს და ინტერესებს, არამედ მშობლის პრიორიტეტებს. სწავლების პროცესში უპირატესობას ვანიჭებ მულტიმოდალურ მეთოდს, ასევე, ეფექტურია კეთებით სწავლებაც.

მოსწავლეებთან ურთიერთობები მაქვს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოშიც. გავიხსენებ წინა სადღესასწაულო სამზადისებს, საკლასო, სასკოლო და სარაიონო ღონისძიებების მზადების პროცესებს, ექსკურსიებს, სადაც ყველა ერთად ჩართულია დიდი ხალისით, მონდომებით და ინტერესით.

სიამოვნებას მანიჭებს ჩემს მოსწავლეებთან გატარებული დრო, თითოეული გაკვეთილი და მათი მცირედი წარმატებაც კი მაბედნიერებს.

√ ერთგვარი რჩევა კოლეგებს – რო­გორ მო­იქ­ცნენ, თუ­ კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე ჰყავთ?

პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვების სიყვარული, საქმისადმი ერთგულება, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და შეუნელებელი ყურადღება. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნა, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება თანატოლებთან. გასათვალისწინებელია სირთულეების დროს წინააღმდეგობების გადალახვისადმი მზადყოფნაც.

კოლეგებს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას და ვურჩევ აქტიურად გამოიყენონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული ლიტერატურა; მუშაობის პროცესში ძალიან მეხმარება ინტერნეტში მოძიებული მასალები, სასურველია სიახლეების ერთმანეთისთვის გაზიარებაც. წარმატების მისაღწევად უაღრესად საჭიროა სისტემატური მუშაობა საკუთარ თავზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

√ ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია, რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ეს ნამდვილად ასეა და ამ მდგომარეობას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. პირველთაგან გამოვყოფდი, ზოგ შემთხვევაში, მასწავლებლების სუბიექტურ დამოკიდებულებას ინკლუზიური განათლებისადმი, მუშობის სირთულისადმი. რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს, მათი აღმოფხვრის მიზნით ვისურვებდი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცებას, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროფესიის პოპულარიზაციას.

√ მო­ტი­ვა­ცი­ის სა­ხით რას ეტყვით კოლეგებს – ბევრი სირთულის მიუხედავად ამ პროფესიისთვის მსახურება რას ნიშნავს თქვენთვის?

ამ პროფესიის მსახურება ჩემთვის ნიშნავს ბევრი პირადულის გვერდზე გადადებას, თავდაუზოგავ შრომას და, რაც მთავარია, ბავშვების სიყვარულს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მოსწავლე გრძნობს შენს დამოკიდებულებას და სითბოს. ასევე აღსანიშნავია მშობლის მადლიერი თვალები, როდესაც ის ხედავს მისი შვილის აღზრდა-განვითარებაში პროგრესს. რა თქმა უნდა, ჩემთვის და ყველა მასწავლებლისთვის უდიდესი სტიმულია, როცა ვხედავთ ჩვენი შრომის თვალსაჩინო შედეგებს. მინდა წარმატება ვუსურვო კოლეგებს შრომით საქმიანობაში ქვეყნისა და მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მოთხრობა ლანაზე

 

დატოვეთ კომენტარი