25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლანას ისტორია

spot_img

ლანას ისტორია 

ირინე ფიროსმანაშვილი

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს დაიბადნენ ტყუპები. ოჯახი გახარებული იყო, რადგან ერთდროულად ვაჟი და გოგონა შეეძინათ. დედა დასცქეროდა გოგოს, ამჩნევდა ძმისგან განსხვავებას, მაგრამ არაფერს ამბობდა, ვერ ხვდებოდა განსხვავების მიზეზს. ექიმმა მშობლებს ამცნო ბავშვის გენეტიკური დარღვევა. გაურკვევლად ნათქვამმა სიტყვებმა დააბნია ცოლ-ქმარი. რამდენიმე დღის მერე გაიგეს, რომ ტყუპისცალ გოგოს დაუნის სინდრომი ჰქონდა. დედამ გულში ჩაიკრა ბავშვი და ცრემლნარევი ხმით უთხრა: ,,მე შენ არასოდეს მიგატოვებ„.

სოფელში ბავშვები ისე იზრდებოდნენ, რომ ლანას განსხვავებულობას არავინ აგრძნობინებდა. ეთამაშებოდნენ თანატოლები, უმცროსები და უფროსებიც. 4 წლის ასაკში სახლთან ახლომდებარე ბაგა-ბაღში მიიყვანეს, მიყვანისთანავე ტიროდა, უჭირდა დედასთან განშორება და უცხო გარემოსთან შეგუება. ამას ემატებოდა ისიც, რომ აღმზრდელებს არ ჰქონდათ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. დედას ეტანჯებოდა გული შვილის განწირული ტირილის ყურებით და გადაწყვიტა მოგვიანებით მიეყვანა ბაღში. 5 წლის ასაკში ისევ მიიყვანეს ბაღში, დედა ფიქრობდა სკოლამდე 1 წელი აშორებსო და იქნებ რამენაირად შეეგუოსო. ლანა თავიდან ტიროდა, ნელ-ნელა შეეგუა ახალ გარემოს, უცხო ადამიანებს, ძმის დახმარებით გაიჩინა მეგობრები. მოსიყვარულე გოგონამ გარშემომყოფებს ყველას თავი შეაყვარა.

დადგა სკოლაში წასვლის პერიოდიც. დედა ღელავდა ლანას პირველ ნაბიჯებზე.ძმისგან განსხვავებით გოგონა მორცხვი იყო, უჭირდა გამართული სიარული და ლაპარაკი, ხშირად შიოდა და სრულად დამოკიდებული იყო დედაზე. სახლში წინა სასკოლო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ლანაც. დედის დახმარებით მოკრიფა ყვავილები, ულამაზესი თაიგული პირველი მასწავლებლისთვის უნდა მიერთმია.

 

გათენდა მზიანი დილა. სადღესასწაულო ფუსფუსი იყო სკოლაში. ეზოში ტრადიციისამებრ იკრიბებოდნენ ბავშვები, მათი მშობლები და მასწავლებლები. გამოჩნდა ლამაზად გამოწყობილი ლანა დედასთან და ძმასთან ერთად, ხელში თაიგული ეჭირა. ტყუპები შეუერთდნენ პირველ კლასელებს, ლანა გაოცებული აქეთ-იქით იყურებოდა, დედა ესაუბრებოდა დაბალი ხმით. მასწავლებლების ჯგუფს გამოეყო ერთი ახალგაზრდა ქალი, მიუახლოვდა ლანას, მიესალმა, მოეფერა და სწავლის დაწყება მიულოცა. ეს იყო სპეციალური მასწავლებელი. მას ისევე უცემდა გული, როგორც პირველ კლასელს.

სკოლის დირექტორმა და მოადგილემ ლამაზად მორთულ სცენაზე ბავშვებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა, იცეკვეს, იმღერეს. პირველ კლასელებს სთხოვეს ლექსების წაკითხვა, ვისაც სურვილი ჰქონდა თამამად გავიდა სცენაზე, ლანა მორცხვად იდგა და მხოლოდ მაყურებლის როლით შემოიფარგლებოდა. დირექტორმა პირველ კლასელებს გადასცა ,,ბუქები’’, ლანა გაოცებული დაჰყურებდა საჩუქარს. დაირეკა ზარი, დამრიგებელი გაეცნო ბავშვებს, მიუახლოვდა გოგონას, მოეფერა, მოკიდა ხელი და კლასისაკენ წაიყვანა თანაკლასელებთან ერთად. ოთახი ლამაზად იყო მორთული, ბავშვები და მათ შორის ლანაც ათვალიერებდნენ ირგვლივ ყველაფერს. ლანამ თაიგული მორიდებით მიაწოდა მასწავლებელს და ძმის გვერდით მერხთან დაჯდა. ბავშვები ხმაურობდნენ, გოგონა კი ჩუმად იყო და გაოცებულ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.

სწავლის დაწყებიდან პირველ დღეს სკოლის დირექტორი შეხვდა ლანას დედას, აუხსნა სპეციალური მასწავლებლის მუშაობის აუცილებლობა მისი შვილის სკოლაში ადაპტაციის და განათლების ხელშეწყობის მიზნით. საუბრის დროს მშობელმა პირველად გაიგო, რომ სკოლაში ინკლუზიური განათლება ახლად იკიდებდა ფეხს. დირექტორის რჩევა დედამ დადებითად მიიღო და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

მეორე დღეს, პირველი კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექტორი და სპეციალური მასწავლებელი ერთად შეხვდნენ ლანას დედას. მათ შორის შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა. მშობელი გაეცნო სკოლაში ინკლუზიური განათლების მიზანს, შეხვედრის მონაწილეებმა გააცნეს თავიანთი მოვალეობები, ისაუბრეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელების აუცილებლობაზე. სკოლაში რესურს ოთახის არსებობასა და მის ფუნქციაზე. გოგონას დედის თანხმობის შემდეგ, შედგა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გაიგზავნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ამ დოკუმენტის საფუძველზე სკოლაში მოვიდა მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, შეაფასა ლანა, მიანიჭა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტატუსი და გასცა რეკომენდაციები.

სწავლის დაწყებიდან პირველი დღეები ლანასთვის იყო რთული. უჭირდა გარემოში ადაპტაცია და საგაკვეთილო პროცესთან შეგუება. მალე იღლებოდა, არ ასრულებდა უცხო ადამიანების ინსტრუქციებს. გაკვეთილის მიმდინარეობისას უნებართვოდ დგებოდა, დადიოდა საკლასო ოთახში და გარეთ გასვლას ითხოვდა. ვერ იცავდა უსაფრთხოების წესებს. საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას.

სპეციალური მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი აკვირდებოდნენ ბავშვს, მშობლისგან იღებდნენ დაწვრილებით ინფორმაციას, დასვენების მიზნით შეყავდათ რესურს ოთახში. თავდაპირველად პატარა გოგონას მოეწონა პუფში დასვენება. მისთვის ძნელი იყო საგაკვეთილო წესების დაცვა და მერხთან მოწესრიგებულად ჯდომა. დასვენებას ეტაპობრივად ჩაენაცვლა თამაში რესურს ოთახში არსებული მრავალფეროვანი სათამაშოებით. ლანას მოეწონა პირამიდით თამაში. შეძლო მისი დაშლა და უფროსის დახმარებით აწყობა, სამწუხაროდ ვერ ცნობდა ფერებს. საუბრობდა გაურკვევლად და ჩურჩულით. თამაშობდა მარტივი ფაზლით, მოზაიკით, კუბიკებით.

სპეციალურმა მასწავლებელმა შეაფასა ლანას აკადემიური, შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მოტორული, ფუნქციური უნარები, გაარკვია მისი ინტერესები და განსაკუთრებული მიდრეკილებები. შეფასების საფუძველზე დაწერა ასეთი დასკვნა: მოსწავლე გადაადგილებისას საჭიროებს მეთვალყურეს, მცირე ბარიერის შემთხვევაში კარგავს წონასწორობას. კომუნიკაციას ამყარებს ნაცნობ ადამიანებთან, არის მორცხვი, არ აღენიშნება აგრესია, უყვარს ჭამა, დახმარებით იყენებს საპირფარეშოს, მისი მეტყველება გარშემომყოფებისთვის გაუგებარია, ვერ იყენებს კალამს დანიშნულებისამებრ, მუჭაში მოუხერხებლად იჭერს ფანქარს და ავლებს რამდენიმე ხაზს, ვერ ცნობს ასოებს, ციფრებს, გეომეტრიულ ფიგურებს. უჭირს ყურადღების კონცენტრაცია. ვერ უფრთხილდება საკუთარ ნივთებს, ხევს რვეულს, ჯღაბნის წიგნს. მოსწონს ქვიშაში თამაში და ხელით ხატვა გუაშის გამოყენებით. გოგონას ამასთანავე აქვს მხედველობის პრობლემა.

ბავშვზე დაკვირვების და მშობელთან ინტერვიუს შემდეგ, შეიკრიბა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდი, წევრებმა ისაუბრეს ყველა საგანში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის აუცილებლობაზე. მულტიდისციპლინური გუნდის წევრის რეკომენდაციის საფუძველზე და სპეციალური მასწავლებლის მონაწილეობით მითითებულ ვადაში – 1 თვის განმავლობაში საგნის მასწავლებლებმა შეადგინეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. ბავშვის შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, შედეგებისა და ინდიკატორების გამარტივება. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ჩაიწერა ინდივიდუალური განრიგი. პირველი გაკვეთილი კლასში, მეორე გაკვეთილი რესურს ოთახში, ეტაპობრივად გაიზრდებოდა კლასში ყოფნის ხანგრძლივობა, ორი გაკვეთილის შემდეგ რესურს ოთახში მუშაობა, სამი გაკვეთილის შემდეგ და ბოლოს გაკვეთილების შემდეგ და საჭიროების მიხედვით.

შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარების მიზნით სპეციალურმა მასწავლებელმა შეადგინა რესურს ოთახში შესასრულებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. გეგმის შესასრულებლად საჭირო რესურსის ნაწილი სკოლის დირექტორის დახმარებით შეძენილ იქნა მაღაზიებში, ნაწილი კი სპეციალურმა მასწავლებელმა გააკეთა სხვადასხვა მასალის გამოყენებით. აიღო ფეხსაცმლის ყუთი, გაუკეთა დიდი, საშუალო და პატარა ზომის ნახვრეტები, სადაც გოგონა ზომის მიხედვით ჩაყრიდა ღილებს და მონეტებს. დაჭრა მუყაოს ზოლები სხვადასხვა რაოდენობის ნახვრეტებით, რომელშიც თასმას გაუყრიდა. რესურსის შექმნაში მონაწილეობა მიაღებინა ლანას და მის მეგობრებსაც. ბავშვებმა გააფერადეს ამობეჭდილი ხილი, ბოსტნეული, ცხოველები, ფრინველები, გამოჭრეს, დააწებეს და ააწყეს სახალისო ლოტო, დომინო. ერთობლივად გააკეთეს კედელზე გასაკრავი კალენდარი, ფერადი გეომეტრიული ფიგურების პლაკატი. ციფრები და ასოები დაამზადეს სხვადასხვა მასალით, გამოძერწეს პლასტელინით და თიხით, ააწყეს მარცვლეულით, გამოჭრეს ფერადი ქსოვილებით, დახატეს ფანქრებით, პასტელებით, ფლომასტერებით და გუაშებით.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დეტალურად გაეცნო მშობელს. დედა საჭიროებიდან გამომდინარე იღებდა კლასის დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების და სპეციალური მასწავლებლის რეკომენდაციებს. შვილს ყოველდღიურად ეხმარებოდა საშინაო დავალების შესრულებაში.

სკოლის დირექტორის მოადგილემ პირველ კლასელების გაკვეთილების ცხრილი ისე შეადგინა, რომ ლანას ინდივიდუალური განრიგით შეეძლო ყველა საგანზე დასწრება. კლასის დამრიგებელმა და სპეციალურმა მასწავლებელმა ერთობლივი მუშაობით გოგონასთვის შეადგინეს ვიზუალური გაკვეთილების ცხრილი, გოგონამ სიმბოლოების გარჩევით შეძლო ცხრილის კითხვა. განსაკუთრებულად მოსწონდა სპორტის გაკვეთილი. ცხრილშიც სიმბოლოდ მისი საყვარელი ბურთი ეხატა.

თანაკლასელებთან დამეგობრების მიზნით მიმდინარეობდა მუშაობა როგორც კლასში, ასევე კლასის გარეთ. ლანა აქტივობებში ჩართული იყო წყვილში, ჯგუფში, საჭიროების დროს სპეციალური მასწავლებლის დახმარებით. პირველი სემესტრის მიმდინარეობისას დაიგეგმა ლაშქრობა ბუნებაში. შემოდგომის მზიან დღეს სკოლასთან შეკრებილი ბავშვები მშობლებთან ერთად წავიდნენ სოფლის განაპირა ტყეში. ითამაშეს ბურთით, მოაგროვეს გირჩები, ფოთლები. ჯგუფები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ბუნებრივი რესურსით წარმოსახვითი ობიექტების გამოსახვაში. ლანას ჯგუფმა გირჩებით მიწაზე ააწყო სმაილი.

რესურს ოთახში განსაკუთრებული ფუსფუსი იყო წინა საახალწლოდ. სამზადისში ჩართულები იყვნენ სკოლაში მყოფი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები მშობლებთან და თანატოლებთან ერთად. სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და ოჯახის წევრებს მოუმზადეს მისალოცი ბარათები. ააწყეს ხელნაკეთი ნაძვის ხე და დაამშვენეს წითელი ბაფთებით. გამოჭრეს ნაირნაირი ფიფქები და მორთეს ფანჯრები. დახატეს თოვლის ბაბუა მარხილით და კედელზე მიამაგრეს ნაძვის ხის გვერდით. ბავშვებმა ერთმანეთს საჩუქრად მოუმზადეს ნაძვის ხის მოსართავები. დღის ბოლოს სკოლაში მოეწყო საახალწლო კარნავალი. დიდი და პატარა გამოწყობილი იყო სადღესასწაულო ფორმებით და ნიღბებით. ყველა ერთად სიხარულით ზეიმობდა ახალი წლის დადგომას.

სკოლა ყოველთვის აღნიშნავდა ღონისძიებებს, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით აღინიშნა 21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. სპეციალური მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე აქტივობა. უფროს კლასელმა ბავშვებმა მოაწყეს სემინარი ,,მზის შვილები’’. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლების მეთვალყურეობით გამოჭრეს ფერადი წინდები, მოხატეს და ააწყეს ქრომოსომების მსგავსად. დიდ პლაკატზე დაწერეს ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს’’. ერთად დახატეს, გამოფენა ფოიეში მოაწყეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სკოლის გვერდზეც დაწერეს პატარა წერილი; მსოფლიო გზავნილია – ,,არავინ დატოვო მიღმა’’. დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით, იყოს სრულუფლებიანი, სხვების თანასწორი მოქალაქე. სწორედ ასეთია ჩვენი უსაყვარლესი ლანა, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასია. ვუსურვებთ ლანას ჯანმრთელობას და წარმატებებს!

ლანა თანაკლასელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ,,დედამიწის დღეს’’. სხვა მოსწავლეების მსგავსად სახლიდან მოიტანა მცენარეები. ქოთნის ყვავილებით გაალამაზეს საკლასო ოთახი. დღის ბოლოს მოასუფთავეს სკოლის ეზო და გაამწვანეს სხვადასხვა მცენარეებით, ხის ნერგებით. ბავშვები მასწავლებლის მეთვალყურეობით ხალისით ზრუნავდნენ ყვავილებზე, ხეებზე და რწყავდნენ მორიგეობით. 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლის ეზოში მოეწყო აქტივობები. მოსწავლეებმა ცარცით მოხატეს ასფალტი, დახატეს დიდი გული, შუაში ჩააყენეს ლანა და ერთად იმღერეს.

დღითიდღე იცვლებოდა ლანა, ეზრდებოდა სწავლის მოტივაცია და სკოლის სიყვარული. შეიძინა მეგობრები. გოგონა მიეჩვია სკოლაში ძმასთან და თანატოლებთან ერთად სიარულს. ყველაზე მეტად ხელზე დახატული ბედნიერი სმაილი ახარებდა. თავისუფალ დროს სახლში თოჯინებით მასწავლებლობანას თამაშობდა, წარმატებულ მოსწავლეს სმაილით აჯილდოვებდა. დედის გადმოცემით, ავადმყოფობის დროს სახლში არ უჩერდებოდა გული და სკოლაში წაყვანას ითხოვდა.

კლასის დამრიგებელი ხშირად აწყობდა გასვლით აქტივობებს და ღონისძიებებს. ლანა ყოველთვის იყო თანაკლასელების გვერდით. დადიოდა ექსკურსიებზე ისტორიულ ადგილებში, ნახულობდა ღირსშესანიშნაობებს. პირველი ექსკურსია მოეწყო მცხეთაში.

სპეციალური მასწავლებლის რეკომენდაციით გოგონა ჩართეს რაიონის კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა სტუდიაში. თავიდან ლანა შემოიფარგლებოდა მაყურებლის როლით. მორიდებით უყურებდა გარშემომყოფებს, დისკომფორტს უქმნიდა ხალხმრავლობა და მაღალი ხმით ჩართული მუსიკა. ნელ-ნელა შეძლო უცხო გარემოში ადგილის დამკვიდრება, გამოდიოდა სცენაზე, ცეკვავდა და მღეროდა ბავშვებთან ერთად. ის უკვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყო.

ერთ დღეს, ყველასთვის მოულოდნელად ლანა დაიკარგა სკოლის შენობიდან. დიდი და პატარა ეძებდა, ვერსად ვერ იპოვეს. დედასთან დაკავშირებისას აღმოჩნდა, რომ ბავშვი სახლში იყო. როგორც გაირკვა, მშობლები სამუშაოზე იყვნენ, ლანა ავადმყოფი ბებიის მოსაკითხად გაიქცა სკოლიდან. უფროსებმა გოგონას აუხსნეს თუ რამხელა დარდი მიაყენა გარშემომყოფებს გაუფრთხილებლად გადადგმულმა ნაბიჯმა, ამასთანავე გულისხმიერება შეუქეს.

სპეციალურმა მასწავლებელმა სპორტის მასწავლებელთან ერთად მშობლების და ბავშვების მონაწილეობით სახალისო აქტივობები დაგეგმეს. მათი მიზანი იყო მშობლების ჩართულობა, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ კომუნიკაციას, აკადემიური მოსწრების და სწავლის მოტივაციის გაზრდას. ორ გუნდად იყვნენ დაყოფილი ბავშვებიც და მშობლებიც. გუნდებს ჟიური აფასებდა. შედეგს არ ჰქონდა მნიშვნელობა, უფროსებსა და უმცროსებში საერთო იყო სიხარული და დადებითი განწყობაც. განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა გუნდს, რომელშიც ლანა მონაწილეობდა.

ყოველდღიურად მიმდინარეობდა ლანასთან მუშაობა. სემესტრის დასასრულს და წლის ბოლოს იკრიბებოდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდი და შედეგებზე მსჯელობდა. ყველას ახარებდა გოგონას წარმატებული ნაბიჯები. ასაკის მატებასთან ერთად ლანამ ისწავლა დამოუკიდებელი სიარული, ხტომა, სირბილი. უყვარდა ბურთით თამაში. გახდა კომუნიკაბელური, ვერბალურად გამოხატავდა სურვილებს და ემოციებს. ისწავლა საკუთარი სახელისა და გვარის, მარტივი სიტყვების, წინადადებების წერა-კითხვა, თვლა, 10-ის ფარგლებში ციფრების ცნობა და რაოდენობასთან დაკავშირება. გეომეტრიული ფიგურების დასახელება და გამოსახვა სახაზავის გამოყენებით. ფერების ცნობა-გარჩევა. კომპიუტერის გამოყენება. ისწავლა გაფერადება, ხატვა. ხატავდა ოჯახის წევრებს, მის საყვარელ მასწავლებლებს, ყვავილებს და მზეს. აკეთებდა აპლიკაციებს სეზონების, ამინდის, დღესასწაულების მიხედვით.

სკოლაში აქტიურმა მუშაობამ ლანას გამოუმუშავა გარკვეული უნარ-ჩვევები. სპეციალური მასწავლებლის რეკომენდაციით დედამ მიიყვანა მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან არსებულ ხელგარჯილობის წრეზე. გოგონა შეეგუა უცხო სიტუაციას, შეიძინა ახალი მეგობრები, ისწავლა ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ხელნაკეთი ნამუშევრების გაკეთება. გამოფენაზე ეპატიჟებოდა ახლობლებს და სკოლის მეგობრებს.

ერთხელ სკოლას ეწვია ქართველი ემიგრანტი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა. რესურს ოთახს საჩუქრად გადასცა თვალსაჩინო და საგანმანათლებლო რესურსი. სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შესთავაზა საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვა. სპეციალური მასწავლებლის დახმარებით ლანამ კლასელებთან ერთად დახატა ინდივიდუალური და ჯგუფური ნახატები. თითოეული ნამუშევარი მოათავსეს ჩარჩოში და გაიტანეს გამოფენაზე, სადაც გამოტანილი იყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების ნახატები. საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუმრებიც. ნახატების ავტორებმა დიდ დარბაზში ამოიცნეს თავიანთი ნამუშევრები. ათვალიერებდნენ და დადებით ემოციებს უზიარებდნენ ერთმანეთს. პატარა მხატვრებმა გაიცნეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. გულისხმიერმა ადამიანებმა შეიძინეს ნახატები. გაყიდული ნახატებიდან შემოსული თანხა მოხმარდა ისევ ბავშვებს.

გადიოდა წლები, იზრდებოდა ლანა, მასწავლებლები ცდილობდნენ გოგონა აქტიურად ჩართული ყოფილიყო სკოლის ცხოვრებაში, მიეღო საშუალო განათლება, დაუფლებოდა იმ უნარ-ჩვევებს, რაც გამოადგებოდა პროფესიულ განათლებაში. მშობლების ოცნებაც ხომ მისი განათლება და შემდეგში დასაქმება იყო.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები