დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ცვლილებები. გარდამავალი დოკუმენტი უკვე ძალაშია და, შესაბამისად, ცვლილებები აისახება, ვიდრე 2020 წლისთვის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ამოქმედდება.
რა ცვლილებები შევიდა არსებულ სქემაში, რომელიც მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს და რა გახდა ამ ცვლილებების საბაბი – ამის შეახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი:
— რა ძირითადი ცვლილებები შევიდა სქემაში და რამ განაპირობა ამის აუცილებლობა?
— პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ რამდენიმე სახის პრობლემასთან შეიძლება გვქონოდა საქმე, თუკი ეს ცვლილებები არ განხორციელდებოდა.
პირველი ცვლილება სტატუსის შენარჩუნებას შეეხო. სისტემაში გვყავს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რომელთაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვპირდებოდით, რომ სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ცვლილებები აისახებოდა არსებულ სქემაში, რომლის თანახმადაც, მათ სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა აღარ მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, ისინი, რა თქმა უნდა, ენდნენ ამ განაცხადს და აღარ აგროვებდნენ სტატუსის შესანარჩუნებლად განსაზღვრულ კრედიტქულებს. ცვლილებით, რომელიც გარდამავალ დოკუმენტში აისახა, მასწავლებლებს მივეცით საშუალება, რომ სტატუსი ჩაეთვალოთ შენარჩუნებულად, ვიდრე მასწავლებელთა რეგულირების წესი არ ამოქმედდება და ის არ განსაზღვრავს რომელი სტატუსის მასწავლებელს რა სავალდებულო აქტივობა ექნება განსახორციელებელი იმისათვის, რომ პროფესიაში დარჩეს და მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს.
მეორე ცვლილებით თვითშეფასების კითხვარი სარეკომენდაციო ხასიათის გახდა. ეს ინსტრუმენტი ძალიან მუშაა და მასწავლებელთა ნაწილისთვის მისაღებიც იყო. ახლა ნებაყოფლობითია და სავალდებულო აღარ იქნება. სკოლები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას იმისთვის, რომ მასწავლებლის საჭიროებები დაადგინონ, მას გამოიყენებენ, თუმცა, ამის ვალდებულება აღარ ექნებათ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ვალდებულებები ფორმალურ ვალდებულებებად გადაიქცევა ხოლმე და მასწავლებლები უკვე შინაარსს აღარ უყურებენ, არამედ ორიენტირებულები არიან რაღაცის შევსებასა და დასრულებაზე. ამ ცვლილებით ვალდებულებების წნეხი მოვხსენით.
ასევე, შეზღუდვები გვქონდა დაწესებული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის — მათ დამატებით აქტივობებში 5 კრედიტზე მეტის დაგროვების უფლება არ ჰქონდათ, რაც, კარიერულ წინსვლაში, გარკვეულწილად, დამატებით ბარიერებს უქმნიდათ. თუკი მასწავლებელს შექმნილი ჰქონდა სხვადასხვა რესურსი, განხორციელებული — არაერთი აქტივობა, დასწრებული იყო ტრენინგებზე და ა.შ., ამის აღიარება ვერ მოხდებოდა 5-ზე მეტი კრედიტქულით. ცვლილებით ეს შეზღუდვაც მოვუხსენით მასწავლებლებს. შეზღუდვა ვრცელდებოდა სამუშაო შეხვედრების რაოდენობაზეც — წლის განმავლობაში, 3-ზე მეტ სამუშაო შეხვედრაზე არ შეიძლება ყოფილიყვნენ ჩართულები. თუკი მასწავლებლები კოლეგებს ხვდებიან და მათთან განათლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ახლა ეს ყველაფერი უღიარდებათ და რაოდენობრივი შეზღუდვაც მოეხსნათ.
მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო სპეცსკოლებს — სპეცსკოლების მასწავლებლები განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობენ. მიუხედავად ამისა, მათი შეფასება ხდებოდა იმ სტანდარტიზებული შეფასების ინსტრუმენტებით, რომელიც სქემის მიხედვით იყო დამტკიცებული. ჩვენი ცენტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სპეცსკოლებს მიეცათ საშუალება, ცვლილებები განახორციელონ საკუთარი შეხედულებების შესაბამისად (უბრალოდ, ცენტრთან უნდა შეათანხმონ). ახლა ისინი შეძლებენ მოდიფიცირებული ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელსაც თვითონვე გაუკეთებენ მოდიფიკაციას და ეს არ მოხდება ცენტრალიზებულად, არამედ, სკოლების დონეზე.
რაც მთავარია, არსებული კრიტერიუმების მოდიფიცირებას იმ საჭიროებებისა და არსებული ვითარების შესაბამისად მოახდენენ, რომელიც კონკრეტულ საკლასო ოთახში იქნება. შესაბამისად, ინსტრუმენტებს თავად სკოლა დაამტკიცებს და შემდეგ მისი მეშვეობით შეაფასებს მასწავლებელს. ვფიქრობ, ძალიან კარგი და საჭირო ცვლილებაა. რესურსსკოლების რაოდენობა ბევრი არ არის — სულ 8 რესურსსკოლაა, მაგრამ იქ მასწავლებლები საკმაოდ განსხვავებულ მდგომარეობაში მუშაობენ და მათი გარემო არ არის ჩვეულებრივი სასწავლო გარემო. ასეთ არათანაბარ პირობებში აღმოჩენილ პედაგოგებს, სამწუხაროდ, წინსვლის საშუალება არ ჰქონდათ.
დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩაიწერა კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს სახელმწიფომ, პენსიაში გასვლის სანაცვლოდ, ჯილდო შესთავაზა. ისინი, ამ შეთავაზების არჩევის შემთხვევაში, პროფესიიდან გადიან ან უარს ამბობენ ჯილდოზე, პროფესიაში რჩებიან და გამოცდას აბარებენ. თუ მასწავლებელი, წელს, პირველად გადის გამოცდაზე, შესაძლოა, მან სრულად ვერ დააგროვოს საკმარისი კრედიტქულები შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად. ამიტომ, ცვლილების თანახმად, პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვების ვადა 2020 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდათ. შესაბამისად, საშემოდგომო სემესტრში ისინი შეძლებენ გააგრძელონ კრედიტქულების დაგროვება და შეავსონ სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო რაოდენობა. ამის გარდა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, შემოდგომაზე გამოცხადებულ გამოცდაზე ისევ სცადონ ბედი გასაუმჯობესებლად ან ხელმეორედ ჩასაბარებლად, თუკი მაშინაც ვერ დააგროვებენ სტატუსის შესაცვლელად საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ისევ გააგრძელონ აქტივობებით შევსება.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება და სტატუსის ამაღლება 2020 წლის იანვრამდე გაგრძელდება და, როგორც გითხარით, კრედიტქულებიც აღარ შეიზღუდება.
გარკვეული ცვლილება შეეხო უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებსაც — იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც აპირებენ წამყვანის სტატუსის მიღებას და დაგროვებული ექნებათ 15 კრედიტქულა როგორც სავალდებულო, ისე დამატებითი აქტივობებით, სექტემბერში, დამატებით გამოცხადდება გარედაკვირვება, რითაც შესაძლებლობა მიეცემათ, სტატუსი 2020 წლისთვის შეიცვალონ.
სიახლეა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის. იმის გამო, რომ მათ ინტენსიურად იმუშავეს, უღიარდებათ საგაკვეთილო დაკვირვებები და სამუშაო შეხვედრები. ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდნენ მხარდამჭერ ჯგუფებს, მუშაობდნენ ინდივიდუალური სასკოლო გეგმის განვითარებაზე. ამ გაწეული საქმიანობისთვის, მათ, დამატებით, 6 კრედიტქულა მიენიჭებათ.
ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც სქემაში შევიდა. ჩვენი სურვილია, გარდამავალ ეტაპზე ყველა მასწავლებელს, რომელიც სქემაში იყო ჩართული და აქტიურად აგროვებდნენ კრედიტებს, წინსვლის საშუალება მივცეთ, რომ მათი განვითარების პროცესი შუაში არ შეწყდეს. 2020 წლისათვის კი, როცა შემუშავდება ახალი დოკუმენტი, ის დაარეგულირებს მასწავლებლის პროფესიაში საჭირო მოთხოვნებს.
— იქნება თუ არა რაიმე ცვლილება გამოცდებზე? როგორც ცნობილია, ბარიერი წელსაც იგივეა
— წელსაც დარჩა ნაწილობრივი დაგროვების შესაძლებლობა, რადგან არიან მასწავლებლები, რომლებსაც კრედიტქულების გარკვეული ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ და მხოლოდ რამდენიმე აკლიათ სტატუსის ასამაღლებლად. მათ მივეცით შანსი, ეს მცირე დანაკლისი გამოცდით შეივსონ. ამიტომაც არ შევცვალეთ ამ გარდამავალ პერიოდში ეს პირობა, რადგან გვინდოდა სამართლიანობის პრინციპიც დაგვეცვა — თუკი ერთ მასწავლებელს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცდით ნაწილობრივ დაეგროვებინა კრედიტქულები, ეს შესაძლებლობა გვინდოდა დანარჩენებისთვისაც მიგვეცა. ამდენად, ვეცადეთ ვყოფილიყავით თანმიმდევრულები და სამართლიანები.
რაც შეეხება ბარიერის გადალახვას 60 პროცენტზე ზევით, ანუ თუ მასწავლებელი ორივე გამოცდაში 10-10 კრედიტქულას მიიღებს, ის ავტომატურად მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და სხვა დამატებითი აქტივობების განხორციელება არ დასჭირდება. ასევე, უცვლელია პირობა მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ და 60-კრედიტიან პროგრამას გაივლიან, ისინიც, ავტომატურად, უფროსი მასწავლებლები ხდებიან.
მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება — თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს კომპეტენციები, ანუ გამოცდები ჩაბარებული, მას ხელმეორედ აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება.
— რამდენი მასწავლებელი დარეგისტრირდა გამოცდებზე?
— წელს, ზაფხულის გამოცდებზე დარეგისტრირდა 32 ათასი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათგან 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველია. ეს ნიშნავს, რომ პროფესია მიმზიდველი ხდება გარეშე ადამიანებისთვის, რაც ჩვენთვის ნამდვილად გასახარია. ხშირად ჩიოდნენ — რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ გარეშე ადამიანებს აღარც კი უჩნდებათ პროფესიაში შემოსვლის სურვილი ან სკოლაში ვაკანსიები მაინც არ არის. მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობის გაზრდას ხელი შეუწყო დაანონსებულმა რეფორმამ — საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზებამ. სწორედ ამან გააჩინა ამდენი მსურველი. სიმართლე გითხრათ, საქართველოში არც კი გამიგია რომელიმე პროფესიაში ასეთი შეთავაზება პენსიონერებისთვის. რეალურად, ეს მართლა ჯილდოა იმ ღვაწლისთვის, რაც პროფესიაში გასწიეს. ახალგაზრდებისთვის კი ამ საკმაოდ მიმზიდველმა წინადადებამ, მოტივაცია გაზარდა, გახდნენ მასწავლებლები.
— თუ არის ცნობილი, რამდენი საპენსიო ასაკის მასწავლებელი დარეგისტრირდა გამოცდაზე და რამდენმა განაცხადა ჯილდოს აღების სურვილი?
— განაცხადების მიღება გრძელდება და ამიტომ საბოლოო შედეგებზე ვერაფერს გეტყვით. დარეგისტრირებულ მასწავლებელთა ასაკობრივ ჯგუფს თუ გადავხედავთ, 6 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი დარეგისტრირდა გამოცდაზე. არც ეს მოგვცემს ჯერჯერობით ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას, რადგან მათგან ნაწილმა, შესაძლოა, უარი თქვას გამოცდაზე გასვლაზე და ჯილდო ამჯობინოს, ნაწილმა კი გადაწყვიტოს პროფესიაში დარჩენა და სცადოს ბედი კომპეტენციების დასადასტურებლად, ჩააბარონ გამოცდები და ისევ ემსახურონ პროფესიას.
რაც შეეხება ჯილდოს მსურველთა გაცხადებულ რაოდენობას, 5 ათასმა მასწავლებელმა უკვე შეიტანა სამინისტროში განაცხადი. საბოლოო ჯამში, რამდენი მასწავლებელი გადაწყვეტს ჯილდოს მიღებას უახლოეს მომავალში გაირკვევა, განაცხადების მიღება მაისის ბოლომდე გრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის შეთავაზება მაისის ბოლოს დასრულდება — თუკი მასწავლებელი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას კიდევ ეძლევა შანსი, ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვას.
— გარდამავალი დოკუმენტის მიხედვით, არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება 2021 წლიდან მოხდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ისინი მანამდე ვერ შეძლებენ პროფესიულ განვითარებას და სტატუსის შეცვლას?
— უნდა ვაღიაროთ, რომ მასწავლებლები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში და სექტორებში ასწავლიან, თანაბარ პირობებში ვერ არიან სხვა მასწავლებლებთან. სწორედ ამიტომ, ახლა ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც არაქართულენოვან მასწავლებლებს, 2021 წლამდე, მისცემს საშუალებას, სხვა გზებით გაიუმჯობესონ სტატუსი. ჩვენი სურვილია, სექტემბრიდან მათ ალტერნატიული გზები შევთავაზოთ. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, პროცესში ჩართულია სამინისტრო და მათთვის, გამოცდების საპირწონედ, შეიქმნება სხვა ტიპის პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი უსამართლოდ დაჩაგრულები არ აღმოჩნდნენ.
2010 წლიდან მოყოლებული არაქართულენოვან მასწავლებლებს სახელმწიფო სთავაზობს გამოცდაზე გასვლას პროფესიულ უნარებშიც და საგნობრივ გამოცდაზეც. მათთვის საგნის გამოცდის ტესტები ნათარგმნია, პროფესიული უნარების გამოცდა კი ქართულ ენაზე უნდა გაიგონ და შემდეგ დაწერონ მშობლიურ ენაზე. ეს გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ამ ინსტრუქციის ყველასთვის გაგება მარტივი არ არის. ამიტომ, მათთვის შეთავაზებები სიტუაციის ადეკვატური უნდა იყოს. ამას გულისხმობს ჩვენი ალტერნატიული შეთავაზება. თუმცა, არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით კვალიფიკაციაზე და თამასას დაბლა არ დავწევთ, თუმცა, ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, რომ პროფესიულად განვითარდნენ და სტატუსიც აიმაღლონ. ეს არ იქნება გამოცდა, არამედ იქნება გამოცდის ალტერნატივები, თუმცა, გამოცდაც ერთ-ერთ ჩვეულებრივ გზად დარჩება.
— მათი პროფესიული განვითარება ადგილზე მოხდება?
— ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ. როგორც კი სამუშაო დოკუმენტს შევქმნით, ადგილზე ჩავალთ, განხილვებს მოვაწყობთ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან. დოკუმენტზე ვმუშაობთ და რაკი საკითხი სასწრაფოდაა გადასაწყვეტი, დიდია სამინისტროს ინტერსიც, ეს შეთავაზება ახლო მომავალში მზად გვექნება.
— ჯილდოს გამოცხადების შემდეგ, გაჩნდა აზრი, რომ სკოლებში შესაძლოა მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნას და ეს ერთმნიშვნელოვნად აისახება არაქართულენოვან და მაღალმთიან სკოლებზე. რეალურად, ეს საფრთხე მართლაც არსებობს, თუნდაც იმ შემთხვევაში, არაქართულენოვან მასწავლებელთა 50-მა პროცენტმაც რომ გამოაცხადოს ჯილდოს მიღების სურვილი. გასათვალისწინებელია, რომ მათი უმრავლესობა პრაქტიკოსი მასწავლებელია და, ზოგადად, ჩვენი საპენსიო ასაკის მასწავლებლების პროცენტული მაჩვენებლები დიდია. რა გეგმა გაქვთ, როგორ შეავსებთ ამ დეფიციტს?
— მასწავლებლების პენსიაზე წასვლით გამოწვეული დეფიციტის შევსებას სისტემა რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობით გეგმავს. პირველი — მასწავლებელთა სრული საათობრივი დატვირთვით, რაც ამ მასწავლებლების კეთილდღეობაზეც აისახება, რადგან ისინი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. მეორე — პროგრამებით, რომლებიც მასწავლებლის დეფიციტის შევსებისკენაა მიმართული — „ასწავლე საქართველოსთვის“. ასევე, მაძიებლობის პროგრამა, რომელიც კანონით უკვე დამტკიცებულია. მაძიებლობის პროგრამა გულისხმობს სკოლაში ახალი კადრის შესვლას და, სწავლების პარალელურად, პროფესიაში განვითარებას — ისწავლის ონლაინ კურსებით, ზედამხედველობით, ადგილზე მასწავლებლის მხარდაჭერით, კონსულტირებით და, 2 წლის განმავლობაში, დაადასტურებს სტატუსს.
ამის გარდა, გვექნება პროფესიაში შესვლის სწრაფი გზა — მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის შემჭიდროვებულ ვადებში ინტენსიურად გავლის შესაძლებლობა.
— რა კვალიფიკაცია მოეთხოვება მაძიებელს?
— პირველ რიგში, ბაკალავრის კვალიფიკაცია. თუკი მაძიებელს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს, როგორც გითხარით, ის შემოდის და, 2 წლის განმავლობაში ან უფრო სწრაფად, ადასტურებს სტატუსს — გადის მაძიებლობის პროგრამას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მაძიებელს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, მისი მაძიებლად დარეგისტრირების წინაპირობა საგნის გამოცდის ჩაბარებაა.
ჩვენ გარანტირებული უნდა ვიყოთ, რომ ვინც მოსწავლესთან შედის, მან, სულ მცირე, ის საგანი უნდა იცოდეს, რომელსაც ასწავლის. პროფესიული პედაგოგიური უნარების განვითარებაში კი ადგილზე დავეხმარებით. მთავარია, განათლების ხარისხი ამაღლდეს, სკოლამ და მასწავლებელმა უზრუნველყონ, რომ თითოეული მოსწავლე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების მატარებელი იყოს.
საერთო ჯამში, თუკი გაჩნდება მასწავლებელთა დეფიციტი, სისტემა მზადაა, ის შეავსოს არა ნებისმიერით, არამედ კომპეტენტური ადამიანებით, რომლებიც სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხს აამაღლებენ — მთავარი ამოსავალი პრინციპიც ხომ ეს არის.
ესაუბრა ლალი ჯელაძე