„აუშვიცის გამოცდილება რომ არა, არასდროს არაფერს დავწერდი. მიზეზი არ მექნებოდა, მეწერა, არც არაფერი მიბიძგებდა საამისოდ: იტალიურში საშუალო მოსწავლე ვიყავი, ისტორიაში – სუსტი, უფრო ფიზიკა და ქიმია მაინტერესებდა და შემდეგ პროფესიად ქიმიკოსობა ავირჩიე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დაწერილი სიტყვის სამყაროსთან. ლაგერის გამოცდილებამ მაიძულა, მეწერა: სიზარმაცის დაძლევა არ დამჭირვებია, სტილის პრობლემები არ მადარდებდა, სასწაულებრივად მოვახერხე, ისე მეწერა, რომ ჩემი ყოველდღიური ხელობისთვის ერთი საათიც არ დამიკლია, მეჩვენებოდა, რომ ეს წიგნი თავში უკვე სრულიად მზად მედო, მხოლოდ ის მევალებოდა, გარეთ გამომეშვა და ქაღალდზე გადამეტანა.“
პრიმო ლევი
მკითხველებმა ვიცით – მხატვრული ლიტერატურა სავსეა შემაძრწუნებელი ამბებით. გამონაგონი კი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის, არასდროსაა ისეთი, სინამდვილეში რომ არ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ არსებობს წიგნები, რომლებიც სიმართლეს ჰყვება; ჰყვება იმაზე, რაც მოხდა, რაც ნამდვილად მოხდა, რაც უკვე გამოვიარეთ.
ასეთი ტექსტია იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის წიგნიც – „განა ეს ადამიანია“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2022, მთარგმნელი – დარეჯან კიკოლიაშვილი).
პრიმო ლევი, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად ითვლება, ებრაული წარმოშობის იტალიელი პოეტი, ესეისტი და მწერალია. 1938 წელს მწერალს ტურინის უნივერსიტეტში სწავლის მიტოვება მოუწია, რადგან ფაშისტურმა ხელისუფლებამ ებრაელებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა, 1943 წელს კი დააპატიმრეს და ერთი წლის შემდეგ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
წიგნში სწორედ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ამბებია მოთხრობილი და მოთხრობილია არა სიძულვილით დაბრმავებული კაცის, არამედ, სასამართლოს წინაშე წარმდგარი მოწმის პოზიციიდან, რომელსაც სიძულვილი კი არ ალაპარაკებს, მას სიმართლის ბოლომდე აღწერის სურვილი კლავს.
ეს სწორედ ასეთი კაცის დაწერილი წიგნია – ჰოლოკოსტს გადარჩენილი კაცის, რომელსაც მწერლობაზე არც უფიქრია და არც უოცნებია, კაცის, რომლის მთავარი მოწოდება ქიმიკოსობა იყო. ქიმიკოსს კი, დამეთანხმებით, სიტყვები ნაკლებად სჭირდება (ათასნაირი და ათასგვარი ფორმულებისგან განსხვავებით). მაგრამ სიტყვები საჭიროა მაშინ, როცა შენს პიროვნებას წაშლა ემუქრება, მაშინ, როდესაც ადამიანურ სახეს, სამყაროში ღვთის ხატად რომაა მოვლენილი, ფასი აღარ აქვს; საჭიროა მაშინ, როცა ჯოჯოხეთში ჩაგიყვანენ, მის ცხრავე შრეს მიმოიხილავ და შემდეგ ზედაპირზე ბრუნდები. ამ დროს იცი, რომ ეს უნდა მოჰყვე – მოჰყვე იმიტომ, რომ იცხოვრო, იცხოვრო იმიტომ, რომ მოჰყვე! მოჰყვე ამბები იმის შესახებ, რაც აღარასდროს უნდა განმეორდეს, რასაც კაცობრიობა აღარ უნდა შეეგუოს!
ეს წიგნი სწორედ ამიტომ დაიწერა.
აქ წაიკითხავთ სულისშემძვრელ ამბავს იმაზე, რა დაუშვა კაცობრიობამ აქ და ახლა; ფაშიზმის სუნთქვა, ებრაელი ხალხის მიმართ ფანატიკური სიძულვილი, აუშვიცის ბანაკები, გაზის კამერები და გენოციდი -„ ეს ხომ ჩვენი გუშინდელი დღეა, დღე, რომელიც შუაგულ ევროპაში დაიწყო და, კიდევ კარგი, დასრულდა.
პრიმო ლევი წერს, მე მჯერა, რომ წიგნებს, ადამიანების მსგავსად, საკუთარი ბედი აქვთო. მეც მჯერა, ძალიან მძაფრად და ძლიერად მჯერა. ბედისწერა იყო ისიც, რომ ამ წიგნს რუსეთიდან უწყვეტად შემოსული, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს სახლებში, ჩვენს ღია თუ დახურულ სივრცეებში შეცხოვრებული რუსეთის მოქალაქეების გარემოცვაში ვკითხულობდი და არასდროს, ერთხელაც კი არ მქონია ისეთი შემთხვევა, „განა ეს ადამიანია“ მეტროს გრილ ვაგონსა თუ ავტობუსის შემჭიდროებულ რიგში გადამეშალა და იქ თუნდაც ერთი მათგანი მაინც არ დამენახა, როგორც ბედის ირონია და როგორც ფიქრის საბაბი, როგორც შეხსენება, რომ რაღაცები არ უნდა დავივიწყოთ, რაღაცებს თვალი არ უნდა მოვუხუჭოთ. პრიმო ლევიც ამას ამტკიცებს – ის, რაც მოხდა, ისევ მოხდება; აუცილებლად განმეორდება, თუ კაცობრიობამ ადამიანთა უსამართლო რბევა, გაწყვეტა, არაადამიანური ტანჯვა-წვალება ვერ შეისისხლხორცა, ვერ იგრძნო, არ აღიარა და არ მოინანია.
გერმანიამ ეს შეძლო, გერმანელმა ხალხმა ეს მოახერხა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მტერი კი დღემდე საბჭოთა ბანაკებისა და საბჭოთა სადამსჯელო მეთოდებით აგრძელებს ცხოვრებას – მათ არაფერი უსწავლიათ!
„განა ეს ადამიანია“ ლექსით იწყება. ავტორი პოეზიის დახმარებით მიმართავს პოტენციურ მკითხველს და ეუბნება – უფლება არ გვაქვს დავივიწყოთ ის, რაც ადამიანებმა გადაიტანეს, ის, რაც ადამიანებმა ვერ გადაიტანეს, ის, რაც ყოველგვარ ადამიანურს ასამარებს.
„თქვენ, თბილი, მყუდრო სახლების მკვიდრნო,
თქვენ, ვისაც ცხელი შეჭამანდი
და კეთილი სახეები გეგებებათ
შინ დაბრუნებულთ,
დაფიქრდით, აბა, თუ არის კაცი,
ვინც ლაფში შრომობს,
ვინც არ იცის, რაა მშვიდობა,
რომელიც იბრძვის ლუკმაპურისთვის
და კვდება ერთი „ჰოს“ ან „არასგან“.
დაფიქრდით, აბა, თუ არის ქალი,
გადახოტრილი და უსახელო,
ვისაც წაართვეს მეხსიერება.
უმეტყველოა მისი თვალები,
და მისი საშო – უნაყოფო,
ზამთრით დამზრალ გომბეშოსავით.
არ დაივიწყოთ, რომ ეს მოხდა,
ამას გიბრძანებთ,
გულისფიცარზე დაიწერეთ ეს სიტყვები
სახლში მყოფმა, გზაზე დამდგარმა,
ადგომისას თუ დაწოლისას;
უმეორეთ ისინი შვილებს.
თუ არა, სახლი თავს დაგემხოთ,
შეგჭამოთ სენმა
და ნაშიერმა პირი ზიზღით იქციოს თქვენგან“.
ეს ლექსი ასე სრულდება. შემძრა დასასრულმა.
საკუთარ თავს ვკითხოთ – რა დავიმახსოვრეთ ჩვენ, როგორც ერმა, რას ვუამბობთ ჩვენს შვილებს, ვინ არის ჩვენთვის მოყვარე და ვის მივიჩნევთ მტრად?
არა, მე სიძულვილზე არ ვსაუბრობ. პრიმო ლევიც არ საუბრობს სიძულვილზე და სიძულვილით; წიგნი, დანართის ჩათვლით, 18 თავისგან შედგება და მთელ 18 თავში ვერსად, ვერც ერთ ხაზზე, აბზაცსა თუ სტრიქონში ვერ იგრძნობთ სიძულვილს, ვერ იგრძნობთ მრისხანებით დაბრმავებული ადამიანის მონათხრობს.
როგორ მოახერხა ავტორმა ეს?! კაცმა, რომელმაც საკუთარ კანზე იწვნია საკონცენტრაციო ბანაკის სასტიკი ყოველდღიურობა!
ავტორმა ამ შეკითხვას შთამბეჭდავი პასუხი გასცა: „არ მინდა, ჩემი თავშეკავება განუკითხავ მიმტევებლობაში აერიოს ვინმეს. არა, არც ერთი დამნაშავისთვის არ მიმიტევებია, არც ახლა ვარ და არც მომავალში ვიქნები იმ განწყობაზე, რომ ვინმეს რამე მივუტევო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმით (და არა სიტყვით, და არა მეტისმეტად გვიან) აჩვენებს, რომ გაიაზრა ჩვენებური თუ უცხოური ფაშიზმის ბრალეულობები და შეცდომები და მზადაა, დაგმოს ისინი, ამოძირკვოს საკუთარი და სხვების შეგნებიდან. ამ შემთხვევაში მე, არაქრისტიანი, მზად ვარ, აღვასრულო მტრის შენდობის ებრაული და ქრისტიანული მცნება, თუმცა მტერი, რომელიც საკუთარ ბრალს აღიარებს, მტერი აღარაა“.
პრიმო ლევის წიგნის კითხვისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ვარლამ შალამოვი – რუსი მწერალი, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების (გულაგი) მთელი სისასტიკის მოწმე და მემატიანე. შალამოვი ერთგან წერს: „ბოღმა ბოლო გრძნობაა, რომლითაც ადამიანი გადადის არყოფნაში, მკვდარ სამყაროში“. იმავეს ფიქრობს პრიმო ლევიც.
არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ, მე შეგნებულად არ ვსაუბრობ წიგნის შიდა, უფრო ღრმა ფენების შესახებ, არ მიმოვიხილავ პრიმო ლევისა და მასთან ერთად უთვალავი ნათელი გონების ადამიანის უსასტიკეს გამოცდილებას, წართმეულ სახელსა და გვარს, დაკარგულ თმას, ტანსაცმელს, სტატისტიკის ნაწილად ქცევას, როდესაც შენი სახელი იქცევა უბრალო ნომრად, შენ ხარ 605-ე თუ 607-ე „ცალი“ და ხვდები, რომ ფსკერზე ხარ და რომ უბედურსაც ვერ უწოდებ საკუთარ თავს, რადგან თურმე, ყველა გრძნობა, ტკივილიც კი, თავისუფალი ადამიანების პრეროგატივა ყოფილა მხოლოდ.
ამ ღრმა ფენებს სწორედ იმიტომ არ განვიხილავ, რადგან მწამს, თითოეული სხვადასხვანაირად ვიგრძნობთ ამ წიგნში მოთხრობილ ისტორიებს, ადამიანთა დაცემის, გატყდომის, განადგურების, სულის სიმტკიცის შენარჩუნებისა თუ ვერშენარჩუნების ამბებს, ფსკერზე ყოფნასა თუ ზედაპირზე ტივტივს, გზას სახლიდან საკონცენტრაციო ბანაკამდე და, თუ ძალიან, ძალიან გაგიმართლა, საკონცენტრაციო ბანაკიდან უკან – სახლამდე.
სამაგიეროდ, ვსაუბრობ ამ წიგნის დაწერის მიზანზე, მისი აღმოჩენით მოგვრილ ტკივილსა და სიხარულზე, მისი პოვნის აუცილებლობასა და ძალაზე, რომ მისი წაკითხვის შემდეგ პიროვნულად იზრდები – როგორც მკითხველი და როგორც მოქალაქე.
როგორც მკითხველი, სწავლობ, რომ სიძულვილით შენ ვერასდროს შეძლებ ღირსეულად ებრძოლო უსამართლობას, როგორც მოქალაქე კი რწმუნდები, რომ არ შეიძლება წარსულის დავიწყება, რადგან მისი დავიწყება წარსულის ყველაზე მწარე რეალობის განმეორების საფუძველი ხდება.
ჩემთვის აღმოჩენა იყო იმის გაგება, რომ „განა ეს ადამიანია“ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკშივე იწერებოდა – რა თქმა უნდა, მალულად… მომავლის რამხელა რწმენაა, რამხელა სურვილია იმისა, რომ ეს ყველაფერი იქვე არ მოკვდეს, იქვე არ მიეცეს დავიწყებას, არამედ ყველამ შეიტყოს მის შესახებ და ყველამ აღიაროს, რომ ეს იყო ის ჯოჯოხეთი, რომელიც ადამიანებს თავს დაატყდა.
მწამს, რომ ამ წიგნის თითოეული მკითხველი მყარი საფუძველია იმისა, რომ ერთი ერის მეორეს მიმართ ძალადობა საბოლოოდ უარვყოთ, საბოლოოდ ვთქვათ – არა!
ლიტერატურისმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი ვარლამ შალამოვის შესახებ წერს: „შალამოვის პროზა განუყრელადაა დაკავშირებული გულაგის გამოცდილებასთან. მისი პოეტიკა არის პასუხი შეკითხვაზე, როგორ შეიძლება გადმოსცე უკიდურესად უარყოფითი, თითქმის არაადამიანური გამოცდილება ლიტერატურის ენაზე“.
სწორედ ასე იქცევა პრიმო ლევიც, რადგან სწამს, რომ ამის დავიწყება დაუშვებელია. დავიწყების უარყოფით გავლენაზე საუბრობს ოთარ ჭილაძეც თავის ბრწყინვალე რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. ქართული ლიტერატურის კლასიკოსი სულ რამდენიმე სიტყვით ახერხებს შეგვაგრძნობინოს მეხსიერების მნიშვნელობა ადამიანისთვის და, მით უფრო, ერისთვის. ჭილაძე ამბობს: „დავიწყება დამარცხებას ნიშნავს“!
დამარცხების დრო კი ა(ღა)რ არის…