რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ დეკანოზიშვილი
? მარიამ, როგორც ვიცი, საზღვარგარეთ სწავლის გასაგძელებლად, სხვადასხვა დროს, რამდენიმე ქვეყანაში მოგიწია წასვლა. მიამბე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ვსწავლობდი თბილისის 161-ე საშუალო სკოლაში. 1998 წელს ჩავაბარე ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე. 2002 წელს წარჩინებით დავამთავრე ბაკალავრიატი და სასწავლებლად გავემგზავრე შვედეთში, კერძოდ ლუნდის უნივერსიტეტში ევროპის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამით. დაფინანსება მოვიპოვე შვედური ინსტიტუტისაგან (Swedish Institute) საკონკურსო შერჩევის შედეგად. კონკურსში გამარჯვებულთა შერჩევა მოხდა წარდგენილი საბუთების (აპლიკაცია, ნიშნების ფურცელი, სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები) და ინგლისური ენის ცოდნის დონის (TOEFL) საფუძველზე. ამავდროულად გავიმარჯვე ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს” (სოროსის ფონდის სახელით ცნობილი) მიერ გამოცხადებულ ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (CEU) სამაგისტრო პროგრამის კონკურსში. არჩევანი საკმაოდ რთული იყო, რადგან ორივე უნივერსიტეტი ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს. საბოლოო ჯამში, შვედეთზე შევჩერდი. არჩევანი განპირობებული იყო გეოგრაფიით და არა სწავლისა და უნივერსიტეტის ხარისხით. ლუნდი შვედეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და ორესუნდის ხიდით უერთდება დანიას. შვედეთში მოგზაურობა ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო ასეთ შორ მანძილზე. ალბათ ცოტა რამეს თუ მოუხდენია მსგავსი შთაბეჭდილება, როგორც ამ პირველ შორეულ მგზავრობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში. თუმცა, რასაკვირველია, იყო საკმაოდ რთული მომენტებიც: შვედეთის კლიმატი, რომელიც ზამთრის პერიოდში ძალიან დეპრესიული აღმოჩნდა, განსხვავებული კულტურა, წასაკითხი მასალების სიმრავლე და ა.შ. მაგრამ სიახლე და სირთულეები მედალიონის ორი მხარეა და თუკი ადამიანს აქვს მოტივაცია და მიზანი, ყველაფრის დაძლევა შეიძლება.
შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს ევროინტეგრაციის სამინისტროში. 2005 წელს კვლავ სასწავლებლად გამზავრება გადავწყვიტე, ამჯერად — აშშ-ში. ვიცოდი მასკის პროგრამის შესახებ, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით აგზავნიდა სტუდენტებს მაგისტრატურაში. კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგებოდა (აპლიკაცია, გასაუბრება და ტესტები). სამივე ეტაპი წარმატებით გავიარე და 2005 წლის აგვისტოს გავემგზავრე აშშ-ში, კერძოდ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლებლად. მასკის პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი (მასკის პროგრამა ითვალისწინებდა, რომ პროგრამის ყველა მონაწილე, პროგრამის დასრულებისთანავე, დაბრუნებულიყო საქართველოში, მინიმუმ 1 ან 2 წლით) და დავიწყე მუშაობა ეუთოს საქართველოს მისიის ოფისში, პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე. ამავდროულად, ვკითხულობდი ლექციებს ჩემს მშობლიურ ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ კვლავ სასწავლებლად გამზავრება გადავწყვიტე და ჩავაბარე სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.
? საინტერესოა ამ სასწავლებლის ისტორია, რა პროფესიას ეუფლები და რამდენად რთულია სტიპენდიის შენარჩუნება?
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია — დაფუძნებულია 1801 წელს. სადოქტორო პროგრამა აშშ-ში, საშუალოდ, 5-7 წელი გრძელდება. სწავლის საფასური განსხვავდება ე.წ. რეზიდენტის სტატუსის მიხედვით, არსებობს ე.წ. in-state და out of state სტატუსი. პირველის შემთხვევაში სწავლის საფასური გაცილებით ნაკლებია (9 საკრედიტო საათს პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა, დაახლოებით — 5000 აშშ დოლარი). ასეთი სტატუსით სარგებლობენ სტუდენტები, რომელთაც აქვთ ე.წ. Graduate Assistantship (ანუ რაიმე სახის ფინანსური დახმარება უნივერსიტეტის რომელიმე დეპარტამენტის ბიუჯეტიდან). სხვა შემთხვევაში, სწავლის საფასური ორჯერ ძვირია (9 საკრედიტო საათს პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა, დაახლოებით — 10 000 აშშ დოლარი).
მეხუთე წელია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტურაში ვსწავლობ. დოქტორანტურის სტუდენტებს სტიპენდია მხოლოდ 5 წლის განმავლობაში ეძლევათ. 5 წლის შემდეგ სტუდენტმა თავად უნდა მოიძიოს დაფინანსების სხვა წყარო.
? ზოგიერთი სასწავლებელი, უცხოეთში, საკონკურსო საწყისებზე, ნიჭიერი სტუდენტებისათვის თავად აწესებს სტიპენდიებს. წარჩინებულ სტუდენტებს გარკვეული პრივილეგიებიც აქვთ, როგორ იყო შენ შემთხვევაში?
ლუნდის უნივერსიტეტში ვსწავლობდი შვედური ინსტიტუტის დაფინანსებით, რომელიც ყოველთვიურ სტიპენდიას მოიცავდა. ყოველი სემესტრის ბოლოს ვუგზავნიდი მათ ნიშნების ფურცელს, რათა მეჩვენებინა ჩემი შედეგები. შვედეთში საკმაოდ განსხვავებული შეფასების სისტემაა. იქ არ არსებობს არც ხუთბალიანი და არც ასქულიანი შკალა, მხოლოდ ჩათვლა (pass), გამორჩევით ჩათვლა (pass with distinction) და არჩათვლა (fail). სტიპენდიის შესანარჩუნებლად ჩათვლა ყველა საგანში იყო საჭირო.
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის სტიპენდიით ვიყავი, რომელიც რამდენიმეეტაპიანი კონკურსის საფუძველზე მოვიგე. პირველ ეტაპზე, საბუთები ჩავაბარე IREX-ის თბილისის ოფისში (დიპლომი, ნიშნები, რეკომენდაციები, აპლიკაციის ფორმა, სამოტივაციო წერილი). მეორე ეტაპი გასაუბრებისაგან შედგებოდა. მესამე ეტაპზე ჩავაბარე TOEFL და GRE. მაისში მივიღე დადებითი პასუხი და აგვისტოში სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში გავემგზავრე. სტიპენდიის შესანარჩუნებლად საშუალო სემესტრული ნიშანი B-ზე დაბალი არ უნდა ყოფილიყო.
მასკის პროგრამის ერთ-ერთი სავალდებულო და საინტერესო ნაწილია საზაფხულო პრაქტიკა (summer internship) რომელიმე ამერიკულ ორგანიზაციაში. საზაფხულო პრაქტიკა გავიარე ქალაქ ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (Center for Strategic and International Studies), ევროპის ენერგოპოლიტიკის პროგრამულ ნაწილში. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. სტრატეგიული კვლევების ცენტრი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციაა. ტარდებოდა მრავალი შეხვედრა, სემინარი და კონფერენცია წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით.
მასკის პროგრამის დასრულებიდან ერთი წლის თავზე გადავწყვიტე დოქტორანტურაში ჩამებარებინა. სამაგისტრო თეზისის წარჩინებით დაცვისას კომისიის წევრებმა მითხრეს, რომ დოქტორანტურაში სწავლის გაგძელების შემთხვევაში მათი სრული მხარდაჭერა მექნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, კვლავ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში მეცადა სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარება. გავაგზავნე მოთხოვნილი საბუთები (დიპლომები, ნიშნები, რეკომენდაციები, აპლიკაციის ფორმა, სამოტივაციო წერილი). რამდენიმე თვეში დადებითი პასუხი მივიღე. რაც მთავარია, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა 5-წლიანი სრული დაფინანსება გამოყო. სადოქტორო პროგრამა აშშ-ში, საშუალოდ, 5-7 წელი გრძელდება. ამჟამად ჩემთვის ეს მეხუთე წელია და მომავალ წელს ვგეგმავ დისერტაციის დაცვას.
წარჩინებული სტუდენტებისათვის სხვადასხვა გრანტები არსებობს. მაგალითად, ყოველ წელს ტარდება კონკურსი კვლევითი სამოგზაურო გრანტებისათვის. პირადად მე ორჯერ ვიმოგზაურე ევროპაში სამოგზაურო გრანტით. არსებობს ასევე საკონფერენციო გრანტები. რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციაში ასეთი გრანტების წყალობით. სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისი მრავალი უნივერსიტეტის ბიუჯეტზე მწვავედ აისახა, რის გამოც ბოლო 5 წლის განმავლობაში გრანტების რაოდენობა შედარებით შეზღუდულია.
ლუნდის უნივერსიტეტიდან ერთკვირიანი ჯგუფური სასწავლო ვიზიტით ვესტუმრეთ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებს ბრიუსელში. ვიზიტი საინფორმაციო ხასიათის იყო და საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით და სამაგისტრო თეზისთან დაკავშირებით ინტერვიუები ჩაგვეტარებინა ევროკავშირის ინსტიტუტებში მომუშავე ბიუროკრატებთან.
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას, რამდენჯერმე ვიმოგზაურე ევროპის სახვადასხვა ქვეყანაში (ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი). ეს იყო ჩემი დისერტაციის თემასთან დაკავშირებული კვლევითი ვიზიტები ზაფხულის თვეებში. ორჯერ გავიმარჯვე ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე სამოგზაურო გრანტის კონკურსში, რამაც შესაძლებელი გახადა ევროპაში მოგზაურობა.
? იმ სასწავლებელში, სადაც შენ სწავლობდი, ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. კერძოდ, ვინ არიან ისინი?
გააჩნია როგორ განვსაზღვრავთ „ცნობილს“ — ცნობილი სად? ცნობილი რით? ცნობილი ვისთვის? შემიძლია ჩამოვთვალო ცნობილი პროფესორები პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში, რაც არაფრის მთქმელი იქნება სხვა პროფესიის ადამიანებისათვის.და კიდევ, „ცნობილი“ ადამიანი ხშირად კარგი იმიჯის შედეგია და არა რაიმე განსაკუთრებული ღირსების.
? რა შეგიძლია გვითხრა, სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ… რამდენადაც ვიცი, ასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ
ვფიქრობ, ეს ძალიან მისასალმებელი პრაქტიკაა. ვისურვებდი საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი საუნივერსიტეტო ტრადიცია. სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ისევე როგორც ლუნდის უნივერსიტეტში, მრავალი სტუმარი და სპიკერი გვყოლია. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამ გრძელ სიაში ელჩები, პოლიტიკოსები თუ გამოჩენილი პროფესორები ნამდვილად არ წარმოადგენს იშვიათობას.
?ზოგადად, რა შეგიძლია თქვა ამერიკულ განათლების სისტემაზე. ალბათ ეს ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ იმის შესახებ მაინც, რასთანაც უშუალოდ გაქვს შეხება
ეს მართლა ვრცელი თემაა და გამიჭირდება მოკლედ საუბარი. უბრალოდ ვიტყვი, რომ არ არსებობს სრულყოფილი სისტემა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ზოგადად ამერიკული უნივერსიტეტები, ევროპის უნივერსიტეტებთან შედარებით, უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამერიკული განათლების ყველაზე სუსტი რგოლი დაწყებითი და საშუალო სკოლაა. ასევე საკმაოდ პრობლემატურია ბავშვების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის არარსებობა. ზოგიერთ შემთხვევაში, სწორხაზოვან და შაბლონურ მიდგომებს სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ბავშვს, რომელიც ქცევის წესებით იმდენადაა შეზღუდული, რომ შესვენების დროს, სკოლის დერეფანში, თანატოლებთან თავისუფლად საუბარი ეკრძალება, სკოლის გარეთ უწევს ენერგიის მიმართვა. ხოლო შედარებით მოზრდილ ასაკში იღებს ავტომატს და…
? სწავლის პარალელურად გაქვთ თუ არა მუშაობის შესაძლებლობა? უცხოეთში, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგად, უცხოელ სტუდენტებს, სწავლის პირველივე წლიდან, უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე
აშშ-ში, სადოქტორო პროგრამის წესების თანახმად, უფლება მაქვს ვიმუშავო 20 საათი უნივერსიტეტის კამპუსზე. ამჟამად ვმუშაობ ასისტენტ-მკვლევრად სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის სენი უოქერის სახელობის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში. ჩემს პროფესორთან ერთად ვმუშაობ სტატიაზე „გერმანიის წამყვანი როლი განახლებად ენერგორესურსებში“ (German Leadership in Renewable Energy Sources).
მანამდე, ორი წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ასისტენტ-ლექტორად სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ბაკალავრიატის სტუდენტებს ვასწავლიდი სხვადასხვა კურსებს ევროკავშირისა და ევროპული პოლიტიკის თემატიკაზე.
რაც შეეხება კამპუსის გარეთ მუშაობას, ამისათვის საჭიროა აშშ-ს საემიგრაციო სამსახურიდან სპეციალური ნებართვის მიღება, რაც საკმაოდ რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. პირადად მე, არასოდეს მიცდია, რადგან დოქტორანტურაში სწავლა ძალიან დატვირთულ რეჟიმში მიმდინარეობს.
? როგოია ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრება, რა არის მათთვის ყველაზე პრიორიტეტული, რომელი დარგია მეტად განვითარებული?
აშშ-ში ყველა დარგი განვითარებულია, მაგრამ, ალბათ, მაინც ბიზნესს და ფინანსებს გამოვყოფდი. რაც შეეხება პრიორიტეტებს აკადემიურ სფეროში, ახალი არ იქნება იმის თქმა, რომ ბიოინჟინერია და ახალი ტექნოლოგიები წარმოადგენს პრიორიტეტულ სფეროებს. პოლიტიკური მეცნიერებების გადმოსახედიდან, ამჟამად, საკმაოდ პოპულარულია ჩინეთთან დაკავშირებული კვლევები და პროგრამები, ასევე კვლევის მეთოდები. აქვე დავამატებ, რომ აშშ-ში პოლიტიკურ მეცნიერებებში გამოყენებულ ზოგიერთ კვლევის მეთოდზე ჩემი შეხედულება მაქვს, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.
ხალხი ყველგან ხალხია. პრობლემები არსებობს ყველა ქვეყანაში. უბრალოდ, განსხვავდება ამ პრობლემების გამოხატულება და ფორმა, მაგრამ არსი ერთია — ფულის და სიყვარულის ნაკლებობა თუ მეტობა.
? სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
თავისუფალ დროს ვვარჯიშობ, ვთამაშობ ჩოგბურთს და უბრალოდ ვატარებ დროს მეგობრებთან.
? მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას?
ზოგადად არ მიყვარს გეგმის მიხედვით ცხოვრება, რადგან ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ამიტომ წინასწარ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ აშშ-ში და აქვე ვაპირებ პროფესიული ცხოვრების გაგრძელებას. ამავდროულად აქტიურად ვარ ჩაბმული ხვადასხვა პროექტებში საქართველოშიც. რადგან ჩემი კვლევის ინტერესი ევროპაა, კერძოდ კი ევროკავშირის ენერგოპოლიტიკა, ხშირად ვმოგზაურობ ევროპაშიც. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს მომავალს სამ გეოგრაფიულ განზომილებაში ვხედავ. ვფიქრობ, ადამიანი გახსნილი უნდა იყოს სხვადასხვა შესაძლებლობების, პერსპექტივებისა თუ შემოთავაზებების მიმართ. ბუნებრივად არსებობს სივრცე, საზღვრები კი ხელოვნური შემოქმედებაა.
? როგორ ფიქრობ, საქართველოში დასაქმებაში საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
შემეძლო ერთობ სტანდარტული პასუხი გამეცა ამ კითხვაზე და ჩამომეთვალა მრავალი მიზეზი და ფაქტორი, თუ როგორ დამეხმარება საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში „კარგი“ სამსახურის მოძიებაში, მაგრამ ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებ:
რეალურად ცხოვრება, ძირითადად, შედგება იმისგან, რასაც ვერ ვსწავლობთ წიგნებიდან. განათლება და გამოცდილება კი გვეხმარება გავაცნობიეროთ ის, რაც ვერ ვისწავლეთ.
მიმაჩნია, რომ ადამიანების დასაქმება მათი პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა დიპლომის წარმომავლობის, ოჯახური წარმომავლობის, თანამდებობიანი ნაცნობ-მეგორებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ჰარვარდდამთავრებული ბრიყვებიც არსებობენ და უნივერსიტეტიდან გარიცხული გენიოსებიც.
ესაუბრა მაკა ყიფიანი