22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

ჯემალ ქარჩხაძის „ახალი მოსწავლის“ სწავლებისათვის (წიგნიდან „ქარავანი“)

spot_img
ქეთევან დავითაძე
სსიპ ქ. ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლისა და შპს სკოლა-ლიცეუმის „მასტერკლასი“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში შესაძლოა დადგეს მომენტი და მას მოუწიოს ახალ კლასში, ახალ გარემოში თავის დამკვიდრება. ეს რთული პროცესია და ასეთ დროს მოსწავლეებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. ისინი, ხშირ შემთხვევაში, ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან. ასეთ დროს დახმარება სჭირდება არა მხოლოდ ჩაგრულს, არამედ მჩაგვრელსაც. მათ უჭირთ ნებისმიერი ტიპის პრობლემის დაძლევა, სწორი ღირებულებებისა და ფასეულობების გააზრება. აქედან გამომდინარე, ცხადია, მასწავლებლის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი ამოცანაა, მოსწავლეებს თავად აღმოვაჩენინოთ, გავააზრებინოთ, გადავაჭრევინოთ აღნიშნული პრობლემა.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობა, რომელიც მეხმარება მე, როგორც მასწავლებელს, შევაძლებინო მოსწავლეებს პრობლემის ამოცნობა, გაანალიზება, რეალურ ცხოვრებაში სწორი, გონივრული გადაწყვეტილების მიღება; სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისაკენ.

ტექსტის სრულად გაცნობა-გააზრებისა და ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რონანის გაქცევა“.

https://www.youtube.com/watch?v=6XLcfdkkHQE

ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, ნანახი წაკითხულთან დაეკავშირებინათ. აღმოეჩინათ მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავება. აღნიშნული ფილმი დაეხმარა მოსწავლეებს ძირითადი პრობლემების გამოკვეთაში:

  1. ბულინგი სკოლაში;
  2. მასწავლებლის როლი სასკოლო ცხოვრებაში;
  3. საზოგადოების გულგრილობა;
  4. პრობლემის დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა;
  5. მხარდაჭერის მნიშვნელობა;
  6. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

სასკოლო ცხოვრება ეფუძნება თანამშრომლობის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის, მხარდაჭერის, მოთმინებისა და ტოლერანტობის პრინციპებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დავაფიქროთ რამდენად დიდი ძალა აქვს ადამიანის ერთ სიტყვას, ქმედებას, თანადგომას. ეს გვძენს სტიმულს, რწმენასა და თავდაჯერებულობას.

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს შევთავაზე ანიმაცია „ყველაფერი კარგადაა?“

https://www.youtube.com/watch?v=tJsGGsPNakw

ანიმაცია შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ისინი დაფიქრდნენ ადამიანებზე, რომლებიც მარტო რჩებიან პრობლემის წინაშე, წარმოიდგინეს საკუთარი თავი მათ ადგილას. გამოთქვეს მოსაზრებები, რა მოხდებოდა საკლასო ოთახში მაშინ, თუ რომელიმე კლასელი გერონტის ბულინგის წინააღმდეგ გაილაშქრებდა, მხარს დაუჭერდა მას. რამხელა ძალას იგრძნობდა ჩაგრული და რა ზეგავლენა ექნებოდა ამ გაბედულებას სხვა მოსწავლეებისათვის.

მოსწავლეებს ვთხოვე შეედგინათ კითხვარი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გამოგვეკვეთა საზოგადოების აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. გთავაზობთ კითხვარის ნიმუშს:

                  გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ბულინგის მსხვერპლი?
ჩაგვრისას მიგიღიათ თუ არა მხარდაჭერა?
თავად თუ ყოფილხართ მხარდამჭერი?

 

გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ვერ გამოხატავს ემპათიას ან აღიქვამს პრობლემას, მაგრამ ვერ ხედავს საკუთარ როლს ამ პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაში.

მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოსწავლეებმა გაიაზრონ პრობლემის დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა. ამისთვის გამოვიყენე სწაავლების მეთოდი „როლური თამაში“. მოსწავლეების მზაობისა და ინტერესის გათვალისწინებით გადავანაწილე როლები, ვთხოვე დაედგათ სცენარი ნაწარმოების შინაარსის გათვალისწინებით. რეალურად წარმოდგენილი სურათი კი, მათ  პრობლემის უკეთ აღქმაში დაეხმარა.

პრობლემის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ცხადია, გადაჭრის გზების ძიება გაცილებით საპასუხისმგებლოა. „როლური თამაშის“ მეორე ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვე შეეცვალათ პერსონაჟის ხედვის კუთხე – გერონტი ყოფილიყო თავდაჯერებული და გაბედული, მასწავლებელი – მოსწავლის მხარდამჭერი. მოსწავლეები მოძალადეები კი არ ყოფილიყვნენ, არამედ მიმღებლობითა და ემპათიით აღვსილნი.

ერთი სტატიის ფარგლებში, ყველა მეთოდისა თუ აქტივობის განხილვა, რომელიც ტექსტზე მუშაობის პერიოდში გამოვიყენე, შეუძლებელია. თუმცა, ერთი ტექსტის შესწავლისთვის რამდენიმე აქტივობის გაზიარება შევძელი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები