რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია ჰურიე აბაშიძე, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
? ჰურიე, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი, იქ გატარებული წლები, შენი მასწავლებლები, რამდენად წარჩინებული მოსწავლე იყავი, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
ხულოს რაიონის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დავამთავრე, ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩემს პედაგოგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით, მათი დახმარებით შევძელი XII კლასის წარმატებით დამთავრება. ალბათ ყველა დამეთანხმება, როგორი მონდომებული და წარმატებულიც უნდა იყოს მოსწავლე, მასწავლებლის დახმარება და წახალისება ყველაფერს აორმაგებს, ჩემს მასწავლებლებს კი ეს შესანიშნავად გამოუვიდათ. მადლიერი ვარ თითოეულის. რაც შეეხება სკოლის წლებს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი პერიოდია ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს შემდგომ ჩამოყალიბებასა და განვითარებას. სკოლაში სწავლის ბოლო პერიოდი, როგორც ყველა მოსწავლისთვის, ჩემთვისაც ემოციებით დატვირთული იყო. ყველა ემზადება ახალი ეტაპისთვის და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც არიან ჩართული. მათი გამოცდილება მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარება. მასწავლებლების გამოცდლიება და აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი სკოლამ ან პედაგოგმა ითამაშა, უბრალოდ, უფრო მეტად დამაფიქრა იმაზე, თუ ზუსტად ვინ მინდოდა ვყოფილიყავი და მომავალში რის გაკეთებას შევძლებდი. ყველაფრისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს სკოლას და ყველა იმ პედაგოგს, ვინც ჩემს განათლებაში ცოტაოდენი წვლილი მაინც შეიტანა.
? სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თურქეთის ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის ენებისა და კვლევის ცენტრში გააგრძელე. რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ეს ქვეყანა, რა პროფესიას დაეუფლე და რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?
ამ ქვეყნის არჩევა უფრო მეტად თურქეთის რესპუბლიკის მიერ უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილმა სტიპენდიამ განაპირობა, რაც საშუალებას მომცემდა, სასურველი პროფესია შემესწავლა. წელს დავამთავრე ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და უაღრესად კმაყოფილი ვარ, რომ განათლების მისაღებად ეს ქვეყანა ავირჩიე. ფსიქოლოგიის არჩევა თვით ფსიქოლოგიამ და ადამიანის ამოუცნობმა ბუნებამ გადამაწყვეტინა. ინტერესმა იმისა, რა იმალება ჩვენ შიგნით, რა იწვევს ადამიანის ამა თუ იმ ქმედებას და თვითონ ადამიანმა. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგიაა.
? რა წესით გამოიყოფა ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები და არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?
ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნებს, თურქეთის რესპუბლიკასაც აქვს უცხოელი სტუდენტებისთვის სტიპენდიები და გრანტები, რაც გულისხმობს როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულ დაფინანსებას. ასეთი მეთოდი ვფიქრობ, ბევრი სტუდენტისთვის, ვისაც ფინანსური საშუალება არ აქვს, ძალიან კარგი შესაძლებლობაა განათლების მისაღებად. ასევე უნივერსიტეტებს საკმაოდ კარგი გაცვლითი პროგრამები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, გაიცნოს ახალი ქვეყანა, მისი ტრადიცია, კულტურა და შეისწავლოს იმ ქვეყნის ენა, სადაც იმყოფება. ეს პროგრამები როგორც სემესტრულად, ასევე ერთი წლითაც გრძელდება. პირადად ჩემთვის, სხვა ქვეყანაში განათლების მიღება კარგი საშუალება იყო გამეცნო მისი კულტურა და ხალხი, არა მარტო თურქი, ასევე სხვადასხა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები, გავიცანი უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი, მათი კულტურა. მიხარია და ვამაყობ იმით, რომ მომეცა საშუალება, ჩემი პატარა ქვეყანა მეც გამეცნო სხვებისთვის. სხვა ქვეყანაში განათლების მიღება არ ნიშნავს, მხოლოდ იმ ქვეყნის გაცნობას, ეს საუკეთესო საშუალებაა, შენი ქვეყანა გააცნო სხვებს.
? რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ?
როგორც ზემოთ ვახსენე, სხვადასხვა სახის პროგრამები არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს პროფესიულად განვითარდეს, აირჩიოს რომელი პროგრამაც სურს, ასევე ზაფხულობით ეწყობა კონფერენციები სხვადასხვა უნივერსიტეტში, სადაც დასწრება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია თავისი პროფესიის ფარგლებში. მასში მონაწილეობენ ქვეყნის საუკეთესო პროფესორები, მსგავსი კონფერენციების და პროგრამების მიზანია სტუდენტებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება პროფესიასთან დაკავშირებით. საუბარი იმართება პროფესიაში არსებული მიღწევებისა და მომავალი გეგმების შესახებ. რაც შეეხება ლექციებს და პროფესორებს, შემიძლია ვთქვა,მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამღლელია ესწრებოდე და უსმენდე 3-საათიან ლექციას, ჩემთვის ყოველი ლექცია ერთი ნაბიჯით უფრო მაღლა ასვლა იყო, ყოველი ახალი ლექცია ახალი ინფორმაციის და განვითარების საშუალებას მაძლევდა, რაც, რა თქმა უნდა, პროფესორების უდიდესი დამსახურებაა. ყველა სტუდენტს საშუალება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი, პროფესორები უფლებას გვაძლევდნენ გვესაუბრა და გვემსჯელა ამა თუ იმ საკითხზე, თავად აგვერჩია თემა და განხილვა მოგვეწყო. პროფესორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის დატვირთული იყო სხვადასხვა წყაროთი, რაც მეტი ინფორმაციის მოძიების საშუალებას გვაძლევდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროფესორებსა და სტუდენტებს შორის მეგობრული დამოკიდებულება, რაც საშუალებას გვაძლევდა უფრო მეტად გახსნილები და უშუალოები ვყოფილიყავით მათთან. ეს, რა თქმა უნდა, აადვილებდა სწავლის პროცესს. ყოველი ლექცია ჩემთვის რაღაც ახლის შეძენა იყო, რაც ძალიან მახარებს.
? რა როლი უჭირავს თურქეთში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?
ბიბლიოთეკა, როგორც მოგეხსენებათ, განათლების მიღების ერთ-ერთი ნაწილია, თურქეთში კი უმთავრესი ადგილი ბიბილიოთეკას უჭირავს, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია. ყველაზე მეტად, რაც უნივერსიტეტში მომწონდა, ეს იყო ბიბლიოთეკის 24-საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე მუშაობა, შეგეძლო იქ დარჩენილიყავი და გამოცდების პერიოდში საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკით გესარგებლა. ბიბლიოთეკა აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რაც სტუდენტს ესაჭიროება. იქ არის წიგნები როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. სტუდენტს წვდომა აქვს ნებისმიერ საჭირო ინფორმაციასთან. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში შშმ პირებისთვის გამოყოფილია ადგილი, სადაც თავისუფლად შეუძლიათ მეცადინეობა, შშმ პირები თავს ისე გრძნობენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, რაც მნიშვნელოვანია და ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც განვითარდება ეს ტენდენცია.
? მიამბე შენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. გქონდა თუ არა საშუალება გაგევლო პრაქტიკა, ამჟამად რა საქმიანობას ეწევი?
პრაქტიკა სწავლის პერიოდში გავიარე, რასაც თავად ჩემი ფაკულტეტი (ფსიქოლოგია) ითვალისწინებდა, ეს პრაქტიკაზე მეტად უფრო სტაჟირება იყო, რომელიც მე-4 კურსის ბოლო სემესტრში გავიარე. ვმუშაობდი აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ცენტრში, სპეციალური სირთულეების მქონე 6-9 წლის ბავშვებთან, რომლებსაც გამართულად წერა-კითხვა უჭირთ. მიღებულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ სწორად ავირჩიე პროფესია. მივხვდი, რომ ყველა ბავშვი თავისებურად განსაკუთრებულია, ყველა ბავშვში არსებობს ის განსაკუთრებული თვისება, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რაში ჩამორჩება ის სხვა დანარჩენებს. თითოეულ ბავშვს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება და ყველას თავისი მომავალი აქვს, რომლის შექმნაში ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას. ისინი ხომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ჩვენი მომავალია. სწორედ ეს სტაჟირება გახდა მიზეზი, რომ მომავალში ამერჩია ბავშვთა ფსიქოლოგია. ახლა ვემზადები მაგისტრატურისთვის და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არჩევანია. ხანდახან სულ პატარა საბაბი ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი ხდება. მიხარია, რომ საშუალება მომეცა თუნდაც მხოლოდ 3 თვე გამეტარებინა ასეთ ბავშვებთან, რათა შემდეგ სწორი გზა მეპოვა.
? ჰურიე, დამეთანხმები, ალბათ, რომ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ძნელია. რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ…
კარგია, როცა განათლების მიღება გსურს და უფრო კარგია, როცა ამას უცხოეთში შეძლებ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უცხოეთში უნდა ისწავლოს, მაგრამ თუკი გეძლევა საშუალება, რომ განათლება უცხოეთში მიიღო, ეს შანსი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა, ოღონდ კარგად უნდა იყო დარწმუნებული, რომ შენი არჩევანი სწორია, რადგან ეს უბრალოდ სამოგზაუროდ წასვლა არ არის და ამ გადაწყვეტილებას თავისი სირთულეები ახლავს. იქ ცხოვრება, საკუთარი თავის იქაურ სიტუაციაზე მორგება, საკმაოდ რთულია. პირველ რიგში, კარგად უნდა იცნობდე იმ ქვეყნის უნივერსიტეტებს, უნდა იყო გარკვეული რამდენად პერსპექტიული და განვითარებადია შენი პროფესია იმ ქვეყანაში. ზოგადად კი ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდა ერთხელ მაინც უნდა წავიდეს უცხოეთში, რათა მეტად შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების მოსინჯვა, მით უმეტეს, რომ ეს გზა თვითგანვითარების საუკეთესო საშუალებაცაა.
? სწავლის პერიოდში, სად და როგორ ატარებდი თავისუფალ დროს? მიამბე, როგორ ცხოვრობენ თურქი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, როგორია თურქული სტუდენტური ცხოვრება?
როგორც სხვა ქვეყნის სტუდენტებს, თურქებსაც ბევრი საშუალება აქვთ თავისუფალი დროის გასატარებლად — თეატრი, კინო, სპორტი, მოგზაურობები, რაშიც თვითონ უნივერსიტეტი უწყობს ხელს. უნივერსიტეტში შექმნილია ჯგუფები, სადაც შეგიძლია გაწევრიანდე და თავისუფალი დრო მათთან ერთად გაატარო, გარდა ამისა, არის კლუბები. ყოველი წლის გაზაფხულზე უნივერსიტეტში იმართება საგაზაფხულო ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება და სადაც ქვეყნის ცნობილი მომღერლები მონაწილეობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი სტუდენტისთვის არის საშუალება, გაერთოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მოგეხსენებათ, თურქეთი ცნობილია თავისი კულტურითა და ისტორიით, რაც მოგზაურობის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ამისთვის სტამბულიც საკმარისია.
? მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
როგორც გითხარით, სწავლა წელს დავამთავრე და თავის დამკვიდრებას საქართველოში ვაპირებ. მინდა ჩემი პროფესიით საკუთარ ქვეყანას გამოვადგე, როგორც შევძლებ. სადაც არ უნდა წახვიდე და სადაც არ უნდა მიიღო განათლება, ვფიქრობ, საბოლოოდ, მაინც შენს ქვეყანას უნდა დაუბრუნდე. ყველაზე მეტად მხოლოდ საკუთარ ქვეყანას შეიძლება გამოადგე. რა თქმა უნდა, უცხოეთში მიღებული განათლება დამეხმარება ჩემი მიზნების განხორციელებასა და დასაქმებაში, თუმცა გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს, რადგან ნებისმიერ საქმეში მთავარ როლს არა დიპლომი, არამედ მიღებული განათლება ასრულებს. ყველანაირად ვეცდები მიღებული განათლება და გამოცდილება გამოვიყენო, გავუზიარო და დავეხმარო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
? დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ის ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს, როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს, როგორებიც ვართ თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს? რა არის ის, რაც თურქეთში გატარებულმა პერიოდმა მოგცა, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?
რა თქმა უნდა, როცა სხვა ქვეყანაში ხარ, ყველაზე მეტად გენატრება შენი სამშობლო და მასზე ყველაზე მეტად შეგტკივა გული. უკეთესად აფასებ შენი ქვეყნის მდგომარეობას და კარგად აანალიზებ არსებულ პრობლემებს. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენს ქვეყანას რა სირთულეების გადალახვა უწევდა და როგორ რთულ პირობებშია დღესაც, 2008 წლის ომი და მცოცავი ანექსია, რომელიც არამც და არამც არ მთავრდება. ყველაფერ ამის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა ცდილობს, საიმედო მოკავშირეების — ევროკავშირისა და ნატოს დახმარებით მოაგვაროს პრობლემა. თუმცა, ჯერ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ყველა ერთად მედგრად უნდა დავდგეთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც და ვიზა ლიბერალიზაციამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა.
თურქეთში გატარებულმა პერიოდმა ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა, საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მომცა და უკეთ დამანახა ჩემი ქვეყნის მდგომარეობა და არსებული სიტუაცია. საშუალება მომეცა ჩემი ქვეყანა გამეცნო სხვებისთვის, ასევე მე გამეცნო სხადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და მათი კულტურა. უცხოეთში სწავლა მხოლოდ რაიმე პროფესიის მიღება არ არის, ეს არის როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, ამ შესაძლებლობის გამო.
მადლობას გიხდით, რომ მომეცით საშუალება ვყოფილიყავი რუბრიკის სტუმარი, თქვენი მკითხველისთვის გამეზიარებინა ჩემი ემოციები, გამოცდილება და შთაბეჭდილებები.
ესაუბრა მაკა ყიფიანი