დიდუბის საგამოფენო ცენტრმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა, რიგით მეათე წლიურ კონფერენცია-გამოფენას უმასპინძლა. საგამოფენო ცენტრის მესამე პავილიონში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველ ფოტოებს. პედაგოგები სტუმრებს, ერთმანეთს იმ საუკეთესო პრაქტიკას უზიარებდნენ, რომლებიც მათ, თავიანთ მოსწავლეებთან ერთად, პროექტებზე მუშაობისას შეიძინეს და რამაც სკოლასა და საზოგადოებას დადებითი შედეგები მოუტანა. ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე სამოქალაქო განათლების პედაგოგს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ. მან ისაუბრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამა, საქართველოს მასშტაბით, უკვე 650 სკოლაში მუშაობს წარმატებით.
„დღევანდელი ღონისძიება ნათელი მაგალითია იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების სწავლება სკოლაში. რიგით მეათე წლიური ღონისძიება, პირველად, 2012 წელს USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა, მას შემდეგ სტაბილური ნაბიჯებით წინ მიდის სამოქალაქო განათლება და ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება. პროგრამის მიზანიც ის არის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. დემოკრატია ისწავლება ქმედებით. სამოქალაქო განათლების სწავლებისას მნიშვნელოვანია სწავლება ქმედებით, სწავლება პროექტებით. კონფერენციაზე შეკრებილ ადამიანებს აერთიანებთ საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი, ისინი ძალიან დიდ შრომას დებენ ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდა თაობის კეთილდღეობისთვის, სამოქალაქო განათლების განმტკიცებაში,“ – განაცხადა მარინა უშვერიძემ.
კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში: „მიხარია, რომ ვიმყოფები რიგით მეათე სამოქალაქო განათლების კონფერენციაზე. ჩვენ, ამერიკის საელჩო და USAID ვამაყობთ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ.
მქონდა შესაძლებლობა, ღონისძიების დასაწყისში, დამეთვალიერებია ის აქტივობები, რომელსაც სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ეწევით მოსწავლეებთან ერთად, რაც ძალიან ამაღელვებელი და შთამბეჭდავია. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული, რომ არა თქვენი ძალისხმევა, შთაგონება, ღვაწლი მოსწავლეებთან ურთიერთობაში. აშშ საქართველოს გვერდით დგას არა მხოლოდ დღეს, არამედ ამავეს გეგმავს მომავალშიც. სწორედ დღევანდელი დღე არის კარგი და ნათელი მაგალითი იმ საქმიანობისა და მხარდაჭერისა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს განათლების სისტემაში ინვესტიციების სახით, რომელიც საწინდარია წარმატებული, განვითარებული და უსაფრთხო ქვეყნისა. ნებისმიერი წარმატებული ქვეყნისა თუ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეები, აქტიური ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. მინდა აშშ-ის და ამერიკის საელჩოს სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ უდიდესი ღვაწლისთვის და კონტრიბუციისთვის, რასაც საზოგადოების განვითარებისთვის აკეთებთ. ყოველდღიურად, თქვენი შრომით საკლასო ოთახში და მის გარეთ საქმიანობით, ხელს უწყობთ უფრო აქტიური და უფრო პასუხისმგებლიანი მოსწავლეების, მოქალაქის და ლიდერების ჩამოყალიბებას. ზუსტად ეს არის ის საწინდარი და მთავარი მიზანი, რაც საქართველოს აქვს – განვითარდეს წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყნად, რაშიც თქვენ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ თქვენი საქმიანობით.
სამოქალაქო განათლება, როგორც საგანი, შედარებით ახალია ქართულ სასკოლო სისტემაში, თუმცა ისტორიულად, სამოქალაქო აქტივობა და მოღვაწეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული კულტურისა და ისტორიის. თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ სწორედ სამოქალაქო განათლების პროგრამის მეშვეობითაა შესაძლებელი აქტიური, პასუხისმგებლიანი, ინფორმირებული მოქალაქეების, ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ ამ პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით მოტანილი პოზიტიური ცვლილებები საზოგადოებაში და სწორედ თქვენ ხართ, მასწავლებლებო ,ის, ვინც მონაწილეობთ მომავალი თაობის აღზრდასა და ფორმირებაში. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, მოსწავლეებს, რომლებიც თანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამინისტროებთან. თქვენი საქმიანობით და აქტივობებით გრძელვადიან დადებით შედეგებს მოიტანთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის.“
კახა ხანდოლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: „განათლებისა და მეცნიერების განვითარება, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი ილუსტრაცია და დასტური ის ვალდებულებაა, რაც საქართველოს მთავრობამ აიღო, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე შიდა სამართლებრივ დოკუმენტებში, რათა განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე დაიხარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, რაც დღევანდელი მონაცემების, მინიმუმ, გაორმაგებას ნიშნავს. ეს ბუნებრივად ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, ახალი სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციას, სათანადო აღჭურვას; ითვალისწინებს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას; ითვალისწინებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და შრომის ანაზღაურების ზრდას. გრძელვადიანი ეკონომიკური წინსვლა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა შეუძლებელია ხარისხიანი განათლების გარეშე. სამოქალაქო განათლების როლი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, რადგან თქვენი, პედაგოგების მეშვეობით, მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა უნდა შეიძინონ ისეთი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, განსხვავებული აზრისა და ერთმანეთის, კანონის უზენაესობის პატივისცემა, დემოკრატიული ღირებულებები…
USAID-ის პროგრამები, სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება, რაშიც სამოქალაქო განათლების პედაგოგებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ.
დიდი მადლობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს.“
კონფერენცია-გამოფენაში, რომელიც ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ (აღმასრულებელი დირექტორი – მაკა ბიბილეიშვილი), ასევე მონაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, რომელმაც სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა, რომელმაც სამოქალაქო განათლების სწავლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო მონაწილეებს. აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საგანი სამოქალაქო განათლება პრიორიტეტია. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში სამოქალაქო განათლება ყველა საფეხურზე ინტენსიურად ისწავლება.
ღონისძიებაზე, სხვადასხვა ნომინაციებში, რეგიონების მიხედვით, დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები. პედაგოგები შეირჩნენ შემდეგი კრიტერიუმებით: რამდენად მუშაობს პედაგოგი მოსწავლეებთან პროექტული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, რამდენად ზრუნავს პროფესიული განვითარებისთვის, რამდენად ნერგავს სიახლეებს სწავლების პროცესში და, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს გარდა, მოიხმარს თუ არა დამხმარე რესურსებს.
ნომინაციაში წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი სიგელებით დაჯილდოვდნენ:
♦ მიმოზა ღოლიჯაშვილი, გორი, ხიდისთავის საჯარო სკოლა;
♦ ნინო კახნიაშვილი, წყალტუბო, ბანოჯის საჯარო სკოლა;
♦ თამარ აბრამიშვილი, ადიგენი, სოფელი ბოლაჯური;
♦ ნუგზარ სადიკოვი, თბილისის №55 საჯარო სკოლა;
♦ ინგა გეგეშიძე, ბათუმის №16 საჯარო სკოლა.
ნომინაციაში წლის წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ:
♦ ხათუნა აბრამიძე, ოზურგეთი, ბახვის საჯარო სკოლა;
♦ მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა;
♦ ფიქრია ხაჭაპურიძე, ქუთაისის №33 საჯარო სკოლა;
♦ ირინა ჯვარშეიშვილი, თბილისის №182 საჯარო სკოლა;
♦ მიხეილ (მელორ) ცქვიტაია, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა;
♦ ირინა მიქავა, ბოლნისი, (აიიპ) საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის კერძო სკოლა;
♦ შორენა ბრეგვაძე, დუშეთი, საშაბუროს საჯარო სკოლა.
ნომინაციაში სასკოლო სამოქალაქო კლუბის წლის საუკეთესო მეურვეები დაჯილდოვდნენ:
♦ მადონა გოგიტიძე, ქობულეთის №2 საჯარო სკოლა;
♦ შორენა გრიგალაშვილი, ხაშური, სურამის№ 2 საჯარო სკოლა;
♦ კონსტანტინე მარტინენკო, ახალციხე, აწყურის საჯარო სკოლა;
♦ ნანა სისვაძე, კორბოულის №2 საჯარო სკოლა;
♦ შალვა სარდალიშვილი, ფოთის №2 საჯარო სკოლა.
ნომინაციაში მოსწავლეთა პროექტების მხარდამჭერი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ:
♦ ფიქრია ჭიღვარია, ცაგერი, ლაჯანის საჯარო სკოლა;
♦ ნიკოლოზ იმედაშვილი, ბათუმის №9 საჯარო სკოლა;
♦ დოდო ჭყონია, სიღნაღის, საქობოს საჯარო სკოლა;
♦ ეკატერინე ნადირაძე, წყალტუბო, გეგუთის №1 საჯარო სკოლა;
♦ ნანა გოგატიშვილი, თბილისის №182 საჯარო სკოლა;
♦ ლაშა ახობაძე, მარტყოფის №2 საჯარო სკოლა;
♦ მზია ქორიძე, ჩოხატაური, საჭამიასერის საჯარო სკოლა.
ნომინაციაში სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა მხოლოდ ერთი მასწავლებელი – პედაგოგი, რომელიც აქტიურად ახორციელებს საკლუბო საქმიანობას, მათ შორის, ონლაინ ფორმატში და განსაკუთრებული ყურადღებითა და აქტიურობით გამოირჩევა. გალის რაიონში, მისი თაოსნობით, სკოლაში ჩამოყალიბდა ოთხი კლუბი: სამოქალაქო განათლების, სტემ, ეკო და სახელობო. თითოეული კლუბი მოსწავლეებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება. მთავარი მიმართულება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში მოსწავლეთა მხრიდან ინდივიდუალური წვლილის შეტანაა. მაგალითად, სახელობო კლუბის ფარგლებში, დამზადდა ეკო ჩანთები აფხაზური წარწერებით, ხოლო სტემ კლუბი სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციასა და სკოლის ვებგვერდზე აფხაზურენოვანი სტატიების განთავსებაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ნინო ფარულავას: „ბედნიერი ვარ, მაგრამ ორმაგად ბედნიერი ვიქნებოდი აფხაზეთის სახელით რომ წარვმდგარიყავი თქვენ წინაშე. მჯერა, მომავალ შეხვედრას აუცილებლად სოხუმში ჩავატარებთ.“
მიმოზა ღოლიჯაშვილი: „დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის. დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი საქმიანობის ასეთი შეფასება, იმ ღვაწლის დაფასება, რასაც თითოეული პედაგოგი, პროგრამის ფარგლებში, სკოლაში ვახორციელებთ, მოსწავლეებთან, თემთან ერთად, უდიდესი მოტივაცია და ძალიან დიდი სტიმულია. პროექტებით სწავლება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია იმისთვის, რომ მოსწავლეების ინტერესების, მათი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით დავგეგმოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები. ჩემი, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მოვალეობაა, მოსწავლეები სწორ ღირებულებებზე აღვზარდო.“
ნუგზარ სადიკოვი: „სამოქალაქო განათლება სწორედ ის საგანია, რომლითაც ვასწავლით და ჩვენ თავად ვსწავლობთ. ვინაიდან ეს საგანი უშუალოდ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც დღეს უმთავრესად გვჭირდება, რათა შევქმნათ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება, შევქმნათ კეთილდღეობა ჩვენ გარშემო. მადლობა თითოეულ ბავშვს, მშობლებს და დირექციას, რომლებიც აქტიურად გვიდგანან მხარში.“