ლეილა ხონელიძე
ფოთის ილ. ჭავჭავაძის სახ. №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
როცა ჩემს პატარა მოსწავლეებს ამა თუ იმ წიგნს ვურჩევ ხოლმე წასაკითხად, ვცდილობ , ყურადღების მიღმა არ დამრჩეს ახალგამოსული საბავშვო ლიტერატურაც. ამას წინათ სწორედ ერთ-ერთი მათგანი, ნინო ქადაგიძის „ონანა (ჩანაწერები მეგობრობის დღიურიდან)“ შევარჩიე მათთვის შესათავაზებლად და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა შთაბეჭდილებები იმიტომ, რომ ამ პატარა და საინტერესო წიგნს არა მხოლოდ ბავშვებისთვის აქვს ბევრი რამ სათქმელი, არამედ ჩვენთვის – უფროსებისთვისაც.
ამ წიგნის გმირი – ანანო-ონანა პატარა გოგონაა, რომელიც, მგონია, რომ ძალიან მოეწონებათ ჩვენს პატარებს, ონანად იმიტომ იქცა სახელი „ანანო“, რომ გოგონა ყველაფერს უკუღმა კითხულობს, სიტყვებს ატრიალებს, სიტყვებს კი არა, დასასჯელად დირექტორს რომ მიჰგვარეს თავგაბეზრებულმა მასწავლებლებმა („გააწამა ყველაო“), იქაც ვერ მოისვენა, დირექტორის მოსვლამდე სტაფილოსფერი სკამი მარჯვნივ გადაანაცვლა და ლურჯი – მარცხნივ, მერე ფეხსაცმელიც შემოიტრიალა – მარჯვენა მარცხენაზე მოირგო და პირიქით. არადა, რომ იცოდეთ, რა საყვარელი გოგოა, რამდენ კარგ რამეს ასწავლის ჩვენს პატარებს ამგვარი გმირი, რომელიც მომაბეზრებელი შეგონებებით კი არ ცდილობს მათთვის რამის სწავლებას, არამედ თავისი ბუნებრივობით, უშუალობით. ანანო, თქვენ წარმოიდგინეთ, მოწყვეტილი ფოთლების გაცოცხლებაზე, სახლში მათ წაყვანასა და გამოზამთრებაზე ოცნებობს, ფრთამოტეხილ ჩიტს უვლის, ხეებს ემეგობრება, სახელებს არქმევს, სხვა ხეებისაგან რომ გაარჩიოს, თბილ ხელისგულებს შემოჰხვევს ხოლმე, არ შესცივდეთო, თავის ამბებსაც უყვება, მიაჩნია, რომ ადამიანები მგლებისა და ტურებისაგან თავის გადასარჩენად მღერიან და ცეკვავენ, ყველაფრის მელოდია ესმის: ქარის, ფოთლების შრიალის, ჩიტების ჭიკჭიკის, ზღვისა და მდინარის, ქვის გარახუნების, ქვაბის სახურავის დავარდნის; ბევრი რამ აინტერესებს – „მზე რომ ამოიჭყიტავს ცაზე, ნეტავ რანაირი მუსიკა ისმის? ღრუბლები რომ მიცურავენ ცაზე, მაშინ? ყვავილები რომ იშლება და კვირტები სკდება?“
არა, არც ისე წარმოიდგინოთ, რომ ანანო-ონანა ძალიან განსხვავდება ჩვენი პატარებისგან – მათსავით ცელქია, მოუსვენარი, ხეებზე ძრომიალიც უყვარს, მუსიკის გაკვეთილსაც სატანჯველად მიიჩნევს, ანჩხლი მასწავლებლისგან თავის დასახსნელად ათასი ხრიკი შეუძლია მოიგონოს, გასაღებიც შეუძლია დაკარგოს და ძუნწ თანაკლასელს გვარიანად შემოსცხოს კიდეც, ონავარსაც ეძახიან, სახლიდანაც იპარება და ონავრობაშიც ზღვა ფანტაზიას იჩენს.
ასე რომ, ჩვენი პატარები ბევრ საერთოს მონახავენ მასთან.
რაც შეგვეხება ჩვენ, უფროსებს, საჩვენო გაკვეთილიც მრავლადაა ამ ტექსტში. სწორედ იგი შეგვახსენებს, როგორ უნდათ ხოლმე ბავშვებს „ზამთრის გაცრეცილი დღეების აფერადება“. ასე ააფერადებენ ჭიშკრებს ანანო და მისი მეგობრები, ყვავილებით, ბალახებით, ღრუბლებით, პეპლებით, ჩიტებით, გეომეტრიული ფიგურებით მოხატავენ, მერე თავს დაირწმუნებენ, რომ ეს გალერეაა და ერთმანეთის გალერეებს სტუმრობენ, აღტაცებულნი ელოდებიან, როგორ მოუწონებენ მშობლები, ისინი კი მივლენ და შეიცხადებენ, ეს რა გიქნიათო. ჰოდა, სწორიცაა ანანო, ამ შემთხვევის მერე რომ დაასკვნის, უფროსებს ერთფეროვანი და მუქი საგნები მოსწონთო“.
ანანო მასწავლებლებსაც შეგვახსენებს, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი – კეთილი უნდა იყოსო, ხმას არ აუწიოს გაკვეთილზე, ბავშვებს საინტერესო რამეები ასწავლოს, ექსკურსიებზე წაიყვანოს ხოლმეო. ანანოს კლასელმა, ლაშამ, მათემატიკის მასწავლებელს რა მისწერა, ისიც გავიხსენოთ: „სულ მინდოდა თქვენთვის მეთქვა, მაგრამ სიტყვიერად ვერ გაგიბედეთ, ამიტომ გწერთ, გთხოვთ, აღარ დამიყვიროთ, მეშინია ხოლმე და თან მწყინს!“
ანანოს ბებოს დარიგებებიდანაც კარგად დავინახავთ, რას უნდა ვასწავლიდეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს და იქნებ, არც ის გაგვიკვირდეს, რატომაა ანანო ასეთი გულისხმიერი: „ბებიამ მითხრა, სანამ რამეს მოიმოქმედებ, მანამდე იფიქრე, შენს საქციელს რა მოჰყვება, ვინმეს ხომ არ დააზიანებსო“; „რამე რომ გეწყინება, ეცადე, არ შეიჩნიო, მიუტევეო“, თუ ვერ მოითმენ, „მაშინ აუხსენი წყნარად, საყვედურის გარეშეო, ეცადე, გიყვარდეს ადამიანებიო, თუ არ გეყვარება – გებრალებოდესო, დაინდეო“, რა პასუხისმგებლობაც გაკისრია, ის აუცილებლად უნდა შეასრულოო…
არ შეიძლება, პატარები (უფროსებიც) არ მოხიბლოს ანანოს იდეებმა – მაგალითად, გამოიგონოს დღესასწაულები: წელიწადის დროების დღესასწაული – სამ თვეში ერთხელ რომ უნდა იზეიმონ ხოლმე – გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის დადგომისას, სეზონის დაწყების პირველივე დღეს ბუნებაში გავიდნენ და დაასუფთავონ; ბავშვთა სახლების დღე – ყველა ადამიანი რომ უნდა ესტუმროს ბავშვთა სახლებს საჩუქრებით, ტკბილეულით, ტანსაცმლით (კი, ჩვენც, უფროსებიც, ვეწვევით ხოლმე ბავშვთა სახლებს დღესასწაულებზე, მაგრამ თან რამდენიმე ტელევიზია მოგვყვება, კადრებში კარგად რომ გამოჩნდეს, რა კეთილები ვართ, რა გულმოწყალეები, ხელგაშლილები!); ავადმყოფთა მონახულების საერთაშორისო დღე; ფეხით სიარულის დღე; ფერადი ღრუბლების დღე; გაზაფხულის წვიმისას გზებზე გუბეების აფერადების დღესასწაული და ა.შ. (და აქვე, უფროსებს რომ გულზე მოხვდებათ, ისეთი მწარე სიმართლე – „უფროსები მხოლოდ ისეთ დღესასწაულებს აღნიშნავენ, აუცილებლად ლამაზად ჩაცმა-გაპრანჭვა და ღვინის დალევა რომ სჭირდებაო!“ )
კიდევ ერთი საინტერესო რამ დაგხვდებათ წიგნში – ანანოს კითხვებით თავგაბეზრებულმა დედამ ურჩია, კითხვების დასმა რომ გიყვარს, ასეთი ცნობისმოყვარე რომ ხარ და ყველაფერი გაინტერესებს, გააკეთე მეგობრობის დღიური, ჩამოწერე ის კითხვები, რომლებზეც პასუხი გაინტერესებსო. სწორედ ამ კითხვებით მთავრდება წიგნი. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:
⇒ „მოგიხდია ბოდიში ან გადაგიხდია მადლობა ვინმესთვის, თუკი არ იმსახურებდა?“
⇒ „როდესაც ტირი, როგორ ფიქრობ, სად მიდის ცრემლი?“
⇒ „რას ამბობს გადაქელილი ბალახი ან მოწყვეტილი ყვავილი?“
⇒ „რომ გითხრან, სიტყვად იქეციო, რომელი სიტყვა იქნებოდი და რატომ?“
⇒ „რა ფერია სიყვარული? შებრალება? სიძულვილი? დაცინვა?“
ამ წიგნში ბევრი სხვა რამაც მოგხიბლავთ! მოკლედ, კარგი წიგნია „ონანა“ – ბავშვებისთვისაც – ძალიან საინტერესო და უფროსებისთვისაც – საგულისხმო!
წავიკითხოთ და წავაკითხოთ!