თეა ჩადუნელი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი
♦ როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ყველაზე სენსიტიურ და საინტერესო მიმართულებაზე შევჩერდი – „კორექციული პედაგოგიკა სურდოპედაგოგის, ლოგოპედის კვალიფიკაციით“. რადგან ეს პროფილი ავირჩიე, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში დავიწყე სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა. ამ მიმართულებით ბევრი ტრენინგი გავიარე და გავიღრმავე ცოდნა. მუშაობის პროცესშიც სულ სიახლის ძიებაში ვიყავი, ინტერესით ვეცნობოდი ინკლუზიური განათლების პრინციპებს, განვითარების სხვადასხვა დარღვევას და მათთან მუშაობის მეთოდებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობამ კი საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რასაც მინდა ბოლომდე ვემსახურო, რათა დავეხმარო მათ სწავლის პროცესში ჩართვაში, საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
♦ ჩემთვის, როგორც სპეციალური მასწავლებლისთვის, ყოველი დღე ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და მოსწავლეებზე ზრუნვით იწყება. სკოლაში მისვლისთანავე, ყველა ჩემს მოსწავლეს მოვინახულებ, რათა გავიგო არიან თუ არა სკოლაში. ამის შემდეგ ვიწყებ ინდივიდუალური განრიგით განსაზღვრულ მეცადინეობას, ინდივიდუალურად/წყვილში, რესურსოთახში. მასწავლებელთან ერთად, განვიხილავ თითოეული სსსმ მოსწავლის საკითხს, ვსაუბრობთ მათ სირთულეებზე და თუნდაც უმნიშვნელო წინსვლაზე. ვამზადებ რესურსებს ინდივიდუალური მეცადინეობისთვის, განსაზღვრული მაქვს დრო მშობელთან შეხვედრისთვის, რადგან დიდ უპირატესობას ვანიჭებ მშობლის როლს; ვმართავ ისგ ჯგუფის შეხვედრებს, ვწერ ოქმებს, სსსმ მოსწავლეებთან ერთად ვთანამშრომლობ მათ კლასელებთან. მათი ჩართულობით ვატარებ სხვადასხვა ღონისძიებას: „დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე“, „აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე“და ა.შ. ვცდილობ, მსგავსი ღონისძიებებით, სკოლაში ინკლუზიური განათლების კულტურა დაინერგოს, რაც მეტად დააახლოებს და გააერთიანებს სასკოლო საზოგადოებას.
♦ ჩემი მოსწავლეები ძალიან პოზიტიურები, მოსიყვარულეები და მზრუნველები არიან. ერთმანეთისგან განსხვავდებიან მიდრეკილებებითა და შესაძლებლობებით. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ჩემი დანახვისას მათი გაბრწყინებული თვალები ყველაფრის მთქმელია, ხშირად მიზიარებენ თავიანთ გრძნობებს, ემოციებს, მომხდარ ამბებს, სიხარულსა თუ წყენას, მომმართავენ დასახმარებლად. სწავლის პროცესი მიმდინარეობს მულტიმოდალური მიდგომით, რაც ყველა შეგრძნების არხის გამოყენებით სწავლებას გულისხმობს. მოსწონთ, როდესაც ერთად ვქმნით რესურსს და შემდეგ აქტივობებზე ვიყენებთ. მულტიმოდალური მიდგომით მიწოდებულ მასალას უფრო ადვილად იმახსოვრებენ, იგებენ, ითვისებენ და პრაქტიკაშიც მარტივად გადააქვთ.
♦ ჩემმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ მიჩვენა, რომ აუცილებელია მათი ნდობის მოპოვება, უნდა გვესმოდეს ბავშვების. ხშირად საჭირო ხდება მოსწავლის გრძნობების, ემოციების ამოცნობა და გახმოვანება. საკუთარი ემოციების სახელდებასა და გამოხატვასაც ვასწავლი – რას გრძნობს კონკრეტულ მომენტში, რადგან როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ემოციების გამოხატვა ბევრ პრობლემას აგვარებს.
♦ ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, გაიცნონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეეები, მათი შესაძლებლობები, ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები და აუცილებლად მოუსმინონ, აგრძნობინონ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. მინდა ვთხოვო კოლეგებს: „ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს“.
ვფიქრობ, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება დღეს საზოგადოებაში უფრო მეტად ხდება, ზოგადად, ინკლუზიური განათლებისადმი ცნობიერებაც ნელ-ნელა გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შექმნამ და პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვამაც. ასევე, კონკურსებმა, სადაც სპეციალურ მასწავლებლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ, ეს პროფესია კიდევ უფრო მოთხოვნადი და პრესტიჟული იქნება. კარიერულ წინსვლაზეც აუცილებლად უნდა იზრუნოს სპეციალურმა მასწავლებელმა, მეც ვემზადები შემდეგი ნაბიჯისთვის – წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის.
♦ ინკლუზიური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ის არის, რომ კვლავ პრობლემად რჩება მიმღებლობა: აუცილებელია შემუშავდეს სტიგმის დაძლევაზე მიმართული საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის განხორციელებაში უფრო მეტი დოზით იქნება ჩართული მედია. კამპანია მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ არასწორი, სტერეოტიპული მიდგომები და წარმოდგენები სსსმ და შშმ პირების მიმართ. ზოგადად, ინკლუზიური განათლებისადმი სწორი მიდგომა გაზრდის სსსმ მოსწავლის მიმღებლობას. გამოწვევაა, ასევე, მშობელთან ურთიერთობაც, რომელიც არ იცნობს შვილს. ჩვენ გვიწევს, ერთმანეთს დავაახლოვოთ ისინი, ვასწავლოთ მშობელს შვილთან მუშაობის სტრატეგიები. სასურველია, თუკი ინკლუზიური განათლების მიმართულებით მეტ საინტერესო ტრენინგებს შემოგვთავაზებს სამინისტრო. საერთო ჯამში კი, თითოეულმა მასწავლებელმა, არა მხოლოდ სპეცმასწავლებელმა, მეტი პასუხისმგებლობით უნდა იზრუნოს სსსმ მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვაზე. აქვე გეტყვით, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა სკოლას ეყოლება ფსიქოლოგი.
ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ვემსახურებით, ყოველდღიურად გვჭირდება დიდი ძალისხმევა, მოთმინება, ხშირად გვიწევს ბავშვების ადვოკატირება, დადებითი ემოციების გაზიარება. ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობ თავს, როდესაც შენი მოსწავლე შენში იმედს, ნდობასა და სიყვარულს ხედავს, რაც გაძლევს სტიმულსა და მოტივაციას, უფრე მეტად გაიზარდო და მართლაც საიმედო საყრდენად იქცე.