აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენება საგანმანათლებლო შედეგების მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, რადგან ხელს უწყობს სასწავლო მოქმედებების ფორმირებას. მუსიკა დისციპლინაა, რომელიც ესთეტიკური გემოვნების განვითარებას უწყობს ხელს, მოსწავლეს უღვივებს მოტივაციას, წარმოაჩენს მის შემოქმედებით შესაძლებლობებს. სწორად წარმართული საგაკვეთილო პროცესი ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას. მუსიკის საგანში მთავარი ამოსავალი წერტილია მუსიკალური ენის გაგება და ამოცნობა. მხატვრული სახის გახსნაში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტილისა და ჟანრის ცოდნა, რომელიც, თავის მხრივ, მოითხოვს მელოდიის, ჰარმონიის, რიტმის, ფორმის, ფაქტურის, ტემბრისა და ბგერის გამომსახველობითობის ახსნას, გაგებას, დაკვირვებასა და ანალიზს.
სამყარო მუდმივად ბგერების ხმაურითაა გარემოცული. ბუნება მთლიანად ხმოვანი სამყაროა: წვიმისა თუ ჭექა-ქუხილის ხმები, ნაკადულის ჩუხჩუხი, მწერების ბზუილი, ცხოველთა და ფრინველთა ხმები… ტყის, მინდვრების, ზღვის ხმაური… ერთი სიტყვით, სამყაროში, ყველაფერი რაც მოძრაობს, თავისებურ ბგერას გამოსცემს.
თემის „ცხოველები მუსიკაში“ ძირითადი მიზანია, მუსიკის გამომსახველობით საშუალებებსა და ცხოველთა სამყაროს შორის ასოციაციური კავშირების გაბმით, მოსწავლის გრძნობად-ემოციური შთაბეჭდილებების გამდიდრება. ცხოველის გარეგნობის, ხმისა და ქცევის სხვადასხვა ხერხით გადმოცემის პროცესში მოსწავლე მელოდიის, მოტივის, ინტონაციის, რიტმული ფიგურაციის, ტემპის, რეგისტრის როლს განსაზღვრავს, მელოდიის მოტივსა და ინტონაციას, რიტმულ ფიგურაციას, ტემპს, რეგისტრსა და ცხოველის გარეგნობას გამოარჩევს, ხმასა და ქცევას შორის ასოციაციური კავშირების გაბმას შეძლებს.
თუ მოსწავლე მუსიკალურ ნაწარმოებს ყურადღებით მოუსმენს, მის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს; ცოდნის გამოყენებით და საგანთაშორისი კავშირით, ცოდნის ინტეგრირებით, ახალი ცოდნის კონსტრუირებას შეძლებს; მუსიკის საგნის წინარე ცოდნასა და გამოცდილებას, სხვა საგნებში ნასწავლ მასალასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირში, ახალი მასალის შესასწავლად გამოიყენებს.
საგაკვეთილო აქტივობები
აქტივობა №1
მასწავლებელი მღერის ინტონაციურ სავარჯიშოს და სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ რის შესახებაა?
მასწავლებელი ბავშვებს წრეში აყენებს და ამ სავარჯიშოდან, რიგ-რიგობით, ამღერებს თითო ტაქტს ისე, რომ სავარჯიშოს მთლიანობა არ დაირღვეს. რამდენჯერმე „დაატრიალებს“ სავარჯიშოს წრეში და შემდეგ სთხოვს, განმარტონ როგორ ესმით სიტყვა „ინტონაციის“ მნიშვნელობა.
მას შემდეგ, რაც მათ პასუხებს მოისმენს, სთხოვს, დააკვირდნენ სასვენ ნიშნებს და სიტყვები სხვადასხვა ინტონაციით წაიკითხონ, მაგ.:
თხრობითი – აბლაბუდა.
კითხვითი – აბლაბუდა?
ბრძანებითი – აბლაბუდა!
განმეორებით ამღერებს სავარჯიშოს იმავე პრინციპით და სთხოვს, მოცემული სიტყვებისთვის თავად შეარჩიონ ინტონაცია.
მოსწავლეები, სავარჯიშოში, აკვირდებიან მელოდიის მოძრაობას, აღნიშნავენ ყველაზე მაღალი, საშუალო და დაბალი, გრძელი და მოკლე გრძლიობის ბგერებს, მანძილს (დიდი, საშუალო ან მცირე დაშორება).
აქტივობა №2
მუსიკის მოსმენისას, მისი შინაარსის ამოცნობაში მუსიკალური ინტონაცია გვეხმარება. მოდი, განვიხილოთ ბენჟამენ ბრიტენის საორკესტრო პიესა „ობობა და ბუზი“, სადაც მოსწავლეები ისმენენ შემდეგ ტექსტს:
ზაფხულის ცხელ დღეს ბუზი აღმოჩნდა ოთახში, დაფრინავდა უდარდელად, ხან ერთ კედელს ეხეთქებოდა და ხან მეორეს. ბუზმა, ოთახის ერთ კუთხეში, ობობას ქსელი ვერ შენიშნა და უეცრად შიგ გაება, ობობამ დაინახა თუ არა ქსელში გახლართული ბუზი, მისკენ აიღო გეზი, მიუახლოვდა და საცეცით დაიჭირა. ბუზმა ვეღარ გაითავისუფლა თავი, განწირული, საცოდავი ხმით ბზუოდა და შველას ითხოვდა.
ამ ნაწარმოებში ინტონაცია სხვადასხვა მუსიკალურ სახეს ქმნის, მაგ.:ბენჟამინ ბრიტენმა საყვირისა და საქსოფონის ჟღერადობით გადმოსცა უდარდელი ბუზის ინტონაცია, ხოლო როიალის პარტიით – საშიში ობობასი.
აქტივობა №3
მოასმენინეთ რამდენიმე ფრაგმენტი ბრიტენის საორკესტრო პიესიდან „ობობა და ბუზი“ და დასვით კითხვები:
♦ რომელშია გადმოცემული უდარდელი ბუზის ინტონაცია?
♦ რომელშია საშიში ობობასი?
♦ რომელი ფრაგმენტი აღწერს ბუზის დაჭერის ინტონაციას?
♦ სად ჟღერს ინტონაცია, რომელიც აღწერს ბუზის შეძახილს „მიშველეთ“?
იხ. მოსასმენი მასალა
https://www.youtube.com/watch?v=kwxoMQRuhbI
https://www.youtube.com/watch?v=kwxoMQRuhbI
https://www.youtube.com/watch?v=GCH-nmfqddA
https://www.youtube.com/watch?v=P6v1064osqQ
აქტივობა №4
ბოლოს, მოსწავლეები მსჯელობენ ინსტრუმენტების ტემბრალურ შესაძლებლობაზე, ახასიათებენ თითოეულს და წარმოდგენილ პერსონაჟებს უსადაგებენ.
ასე მუშავდება თემა „ცხოველები მუსიკაში“, სადაც შერჩეულ მუსიკალურ მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეები იაზრებენ ესგ-ში მოცემულ ცნებებსა და ქვეცნებებს, აღწერენ ცხოველებს, მსჯელობენ ბგერის სიმაღლის, სიძლიერის, გრძლიობისა და ტემბრის შესახებ, იწყებენ ინტონაციების, მოტივების, შემდეგ კი ფრაზების, მუსიკალური წინადადებებისა და თემების ამოცნობას, რომელსაც უკავშირებენ შესაბამის სახეებს. საბოლოოდ, ეს აქტივობები მოსწავლეებს განუვითარებს მუსიკის მოსმენის, აღქმისა და გააზრების უნარებს, ასევე, მუსიკასთან საკუთარი დამოკიდებულების, მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ვფიქრობ, მოსწავლეები, მასწავლებელთან ერთად, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩასწვდებიან მუსიკალური ხელოვნების საიდუმლოებას და რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოიძიებენ ინდივიდუალურად, საკუთარ, თუნდაც არც ისე დიდ, ცხოვრებისეულ და მუსიკალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მით ნათელი იქნება მუსიკის გაკვეთილებზე მიღებული შთაბეჭდილებები.
თამარ თევდორაშვილი
სსიპ თბილისის №79 და №39 საჯარო სკოლების მუსიკის წამყვანი მასწავლებელი