რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი და მედია საშუალებები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში მომხდარმა ამბავმა მოიცვა. გაუგონარი ამბავი, ფოტომასალით, 2 ოქტომბერს, რეგიონულმა ინტერნეტმედიამ – actual.ge გაავრცელა – 12 მეოთხეკლასელი მასწავლებელმა, „ცუდად სწავლის“ გამო, დასაჯა, დაფის წინ მუხლებზე დააყენა და გაკვეთილი ისე ჩაუტარა. გავრცელებული ინფორმაციით, დასჯით კმაყოფილმა მასწავლებელმა ფოტოებიც გადაიღო და მშობლებსაც თავად დაუგზავნა. ვინ არის „დაჩოქილი ბავშვების“ მასწავლებელი? საზოგადოება აუცილებლად უნდა იცნობდეს მას.
რახმან მუსაევი
მისი დოსიე ასე იძებნება:
განათლება: 1999-2004 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
2021-დღემდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
2005-დღემდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. კირიხლოს საჯარო სკოლა.
ფლობს აზერბაიჯანულ და რუსულ ენებს.
დაოჯახებული
ფაქტის გახმაურებას, რასაც, სავარაუდოდ, მოძალადე მასწავლებელი არ ელოდა, საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. საქმის მოგვარების მიზნით, რახმან მუსაევმა სასწრაფოდ განცხადება დაწერა და სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. კანონი განმარტავს, რომ: იძულება სისხლის სამართლის დანაშაულია და მისი დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს ორწლიანი გამასწორებელი სამუშაო ან 18 თვემდე პატიმრობა ემუქრება.
რახმან მუსაევმა, რომელიც ამავე დროს მარნეულის საკრებულოს წევრიც იყო, საკანონმდებლო ორგანოც დატოვა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეც ადასტურებს მედიასთან მიცემულ კომენტარში (დეპუტატს უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერეს). „იცით, რომ მან სკოლაში თავის თანამდებობა დატოვა. დღეს მან განცხადება საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დაწერა. ასე რომ, ის გრძნობს იმ შეცდომას, რაც დაუშვა და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განცხადება დაეწერა“ – განაცხადა ამირან გიორგაძემ.
მომხდარს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხანალ გახრამონოვი, მედიაში გაკეთებული კომენტარით, კატეგორიულად გმობს მომხდარ ფაქტს და ამბობს, რომ ზუსტად როდის მოხდა არ იცის, მაგრამ პედაგოგმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და სკოლის მხრიდანაც დაკმაყოფილებულია მისი განცხადება. მისივე თქმით, „დისციპლინური კომისია ამ საკითხს ისედაც განიხილავდა და გაუშვებდა, მაგრამ თავადვე დაწერა და წავიდა სკოლიდან…“
რას შეცვლის განცხადების დაწერა და სკოლიდან მოძალადე მასწავლებლის წასვლა? თავისთავად, ასეთ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ძირეული მოკვლევა, თუნდაც იმ სკოლებში, სადაც, სავარაუდოდ, მასწავლებლები დასჯის მსგავს მეთოდებს იყენებენ და იყო თუ არა ეს ერთეული შემთხვევა? მსგავსი ფაქტი, ალბათ, არც პირველია და არც უკანასკნელი, თუკი რეაგირება მხოლოდ მოძალადე მასწავლებლის სკოლიდან გაშვებით ან თუნდაც კონკრეტული შემთხვევის სამართლებრივი კუთხით გადაწყვეტით შემოიფარგლება. სად არის სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა (მეხმან მუსაევი, რომელიც წლებია კირიხლოს სკოლას მართავს, ქართული ენის ყოფილი მასწავლებლის, რახმან მუსაევის ბიძაა)? პირველ რიგში, სასურველია პასუხის მისგან მოსმენა – რატომ მოხდა ეს მის სკოლაში? კანონი ავალდებულებს სკოლას, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლე უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და იყოს ნებისმიერი ბავშვის უფლების დამცველი. „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ წარმომადგენელი ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყება მხოლოდ ამ ფაქტის შესწავლით არ უნდა შემოიფარგლოს, „რადგან, როგორც წესი, ასეთი შემთხვევები პირველად არ ხდება, სავარაუდოდ, მსგავსი გამოცდილებები – დასჯის მეთოდები – არაერთი იქნებოდა ამ ბავშვების მიმართ და, ბუნებრივია, აბსოლუტურად ყველა ინციდენტი უნდა შეისწავლოს სახელმწიფომ“.
რასთან გვაქვს საქმე? მასწავლებელი მუხლებზე აყენებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში „ცუდად“ შესრულებული დავალების გამო, შემდეგ კმაყოფილი პედაგოგი დაჩოქილი ბავშვების ფოტოებს თავად უგზავნის მშობლებს. როგორც ჩანს, კომუნისტური ეპოქის დასჯის მეთოდები დღესაც „ძალაშია“. თვალწინ გაირბინა საბჭოთა სკოლის კადრებმა ფილმიდან „ლუკას სახარება“, როცა თავმომწონე დირექტორი ტრადიციად ქცეულ დილის სადამსჯელო რიტუალს ატარებს – ჩამწკრივებული ბავშვების რიგიდან ორი ნაბიჯით წინ იხმობს სიფრიფანა ბაფთებიან გოგონას და ძალიან მკაცრი ხმით ეკითხება: „რატომ არ გაცვია ფორმა?“ შეშინებული პატარა გოგო პასუხობს: „დედიკომ გამირეცხა და არ გაშრა!“ გამეხებული დირექტორი ბიჭების რიგიდან იხმობს თავის „მარჯვენა ხელს“, აფციაურს, აწოდებს კეტს და ავალებს, ათჯერ შემოსცხოს კოჭებში, მაგრამ ისე ურტყას, რომ ძალიან არ ატკინოს. აფციაური პირნათლად ასრულებს დირექტორის დავალებას, გამეტებით ურტყამს გოგონას, რომელმაც თავად უნდა დაითვალოს რამდენჯერ დაარტყამენ. ისიც ითვლის: ერთი, ორი, სამი…. ათი. ტკივილით გამწარებული პატარა რვას გამოტოვებს. არც ამას პატიობს საბჭოთა დირექტორი და კიდევ ორ კეტს უმატებს… სიუჟეტი უფრო მეტად მძაფრდება, როცა „ქრისტეს მონა“ ლუკას უბეში სააღდგომო კვერცხებს უპოვის.
ალბათ, გაგახსენდათ ეს ფილმი, ისიც გემახსოვრებათ, რომ ეს ამბავი კომუნისტურ ეპოქაში ხდება, როცა იდევნებოდა ქრისტიანობა, თუმცა აქ ბავშვის დასჯის მიზეზი ნაკლებად საინტერესოა. აქცენტი დასჯის მეთოდებზე უნდა გადავიტანოთ, რომელიც, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი სკოლისთვის დღესაც ნორმად შემორჩენილა. შეგახსენებთ, 2017 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის – „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის“ – შედეგებს. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი. საზოგადოება, უმეტესწილად, მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობა ბავშვის მიმართ ოჯახის შიდა საქმეა და მასში ჩარევის წინააღმდეგია. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გადაწყვეტს ჩაერიოს, არ იცის, ვის ან როგორ მიმართოს. ამ მხრივ, მდგომარეობა საგანგაშოდ იქნა შეფასებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეები იქ განიცდიან ძალადობას, სადაც თავს ყველაზე მეტად დაცულად უნდა გრძნობდნენ – სასწავლო დაწესებულებასა და ოჯახში.
ამ კვლევიდან თითქმის 5 წელი გავიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში, დიდად არაფერი შეცვლილა. ამის მაგალითია სწორედ კირიხლოს სკოლის მასწავლებლის მიერ განხორციელებული „სადამსჯელო ღონისძიება“, რომელსაც საკრებულოს დეპუტატი მასწავლებელი ახორციელებს.
„სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლემ თავი დაცულად უნდა იგრძნოს. მასწავლებელი უნდა შეეცადოს, უზრუნველყოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრას ძალადობა, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში. საქართველოს სხვადასხვა საკანონმდებლო დოკუმენტში ასახულია მასწავლებლისა და სკოლის უფლება-მოვალეობანი ამ მხრივ. „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში ჩამოთვლილია ყველა ის დაწესებულება, რომელიც ვალდებულია, გაატაროს ღონისძიებები ბავშვებზე ძალადობის პრევენციის ან ძალადობის აღმოფხვრისათვის და გაწერილია მათი ფუნქციები“ (ამონარიდი კვლევიდან). როგორც ჩანს, ამ კონკრეტული სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები, ასევე სხვა სკოლები, სადაც მსგავს ფაქტებთან გვაქვს საქმე, ვერ გრძნობენ ამ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. იმის ნაცვლად, რომ თავად გახდნენ მოსწავლეების დამცველები, პირიქით, დამსჯელები ხდებიან.
დაჩოქილ ბავშვებზე მოძალადე მასწავლებელი სკოლიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (!!), წავიდა. ეს ფაქტი რიტორიკულად აქცევს უმნიშვნელოვანეს კითხვებს – ვინ უნდა დაიცვას ბავშვის უფლებები სკოლაში? ვინ აგებს პასუხს 12 მეოთხეკლასელის დასჯის ფაქტზე?
ლალი ჯელაძე