2005 წლიდან, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება. თარიღი მოძრავია და, ყოველწლიურად, თებერვლის მეორე კვირას აღინიშნება. 2022 წელს ეს დღე 7 თებერვალია და საქართველოც შეუერთდა მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას, ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით. პანდემიის პერიოდში, როცა საგანმანათლებლო სისტემები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა, თემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
რა გამოწვევების წინაშე აყენებს ციფრული სამყარო მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და როგორ შევუქმნათ სკოლებში მოზარდებს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენების გარემო — ამ თემაზე საუბრობენ ტოლია კილასონია და ანი კინწურაშვილი.
ტოლია კილასონია, ქ. სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და სოფელ ხორშის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი:
რაც უფრო დიდი აქტივობით ვიყენებთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მით უფრო მეტია რისკი, რომ შეიძლება კიბერდანაშაულის წინაშე დაუცველები აღმოვჩნდეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გამოვიყენოთ და უარი ვთქვათ მათზე.
მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, მოსწავლეების უმეტესობა ონლაინ სწავლების რეჟიმში იმყოფება, შესაბამისად, დროის დიდ ნაწილს სახლში კომპიუტერებთან, გაჯეტებთან ატარებენ. ამიტომ მოსწავლეები სახლში ნაკლებად არიან დაცული კიბერდანაშაულისგან, ვიდრე სკოლის პირობებში.
სკოლებში გლობალური ქსელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (emis) მიერ კონტროლდება, ამდენად, სკოლებში მოსწავლეები ბევრად დაცულები არიან ვირტუალურ სივრცეში, ვიდრე სახლებში, სადაც მათ ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვთ. ძალიან ბევრ არასრულწლოვანს აქვს სოციალური ქსელი და დარეგისტრირებულია ისეთ ვებგვერდებზე, სადაც ასაკობრივი შეზღუდვაა. მათ ხელი მიუწვდებათ ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციაზე, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ სახიფათოა.
სწორედ ამის გათვალისწინებით, აუცილებელია მშობლების უფრო აქტიურად ჩართვა პროცესებში. მე, როგორც ტექნოლოგიების ექსპერტი და ასევე რიგითი მშობელი, ვურჩევდი მშობლებს, მეტი ყურადღება დაუთმონ შვილების ინტერნეტ სივრცეში ყოფნას, რათა დაიცვან ისინი სხვადასხვა კრიმინალური და აზარტული ინტერნეტ თამაშებისგან, ინტერნეტ ბულინგისგან, ფიშინგისგან, რადგან კვლევები ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით კიბერდანაშაულის სტატისტიკა საკმაოდ მზარდია.
აუცილებელია, გამოიკვეთოს სკოლის და მასწავლებლის როლი ამ საკითხში. სკოლამ უნდა დაგეგმოს შემეცნებითი აქტივობები მოსწავლეებისა და მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად, მიაწოდოს ინფორმაცია არსებულ საფრთხეებზე.
ვფიქრობ, წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული ონლაინ ქცევის წესები, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მათი ქცევა როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ არის იდენტური და პასუხისმგებლები არიან ორივე სივრცეში განხორციელებულ ქმედებებზე.
აქვე აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება დროის ფაქტორს, თუ რა დროს უნდა ატარებდეს მოსწავლე კომპიუტერთან, რაც ასაკობრივად განისაზღვრება და აუცილებელია ამ რეკომენდაციის დაცვა, ვინაიდან პირდაპირ კავშირშია მოსწავლის ჯანმრთელობასთან.
ანა კინწურაშვილი, კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი:
უსაფრთხო ინტერნეტის, უსაფრთხო ციფრული სამყაროს არსებობა, ჩემი აზრით, ყოველი ჩვენგანის ხელშია. ამ მიზნის მისაღწევად კი, პირველ რიგში, აუცილებელია ციფრული წიგნიერების ამაღლება და ტექნოლოგიების მიმართულებით ძლიერი კადრის მომზადება.
ყველა მასწავლებლისთვის, და არა მხოლოდ ჩვენთვის, ცნობილია მასლოუს პირამიდა, რომელსაც ასევე „ადამიანური მოტივაციის თეორიას“ უწოდებენ. მოთხოვნილებათა იერარქიის პირამიდაზე აღნიშნულია პირველადი მოთხოვნილებები: ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების, ხოლო მათ ზევით ე.წ. შეძენილი მოთხოვნილებებია: სოციალური, დაფასების, თვითრეალიზაციის. მასლოუს აზრით, როდესაც კონკრეტული მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია (დაკმაყოფილების ხარისხი ინდივიდუალურია), გადავდივართ იერარქიის ზედა საფეხურზე; თუმცა ამ საფეხურების გადაადგილება (მეტწილად მაღალ საფეხურებზე) შესაძლებელია კონკრეტული ადამიანის მისწრაფებიდან, ხასიათიდან, გარემო თუ სხვა პირობებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უსაფრთხოების განცდა, შეგრძნება არის უმნიშვნელოვანესი. თანამედროვე სამყაროში კი, ფიზიკურ გარემოსთან ერთად, საფრთხეს გვიქმნის ვირტუალური სამყარო, და თამამად შეიძლება ითქვას, რომ, რიგ შემთხვევებში, კიბერდანაშაული მეტად გვაზიანებს მორალურად, ფსიქოლოგიურად, ფინანსურად თუ სხვ. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქართველები, კიბერუსაფრთხოების თემაზე მეტწილად 2008 წელმა დაგვაფიქრა, როდესაც, აგვისტოს ომის დროს, არა მხოლოდ სამხედრო შეტევას ჰქონდა ადგილი, არამედ კიბერშეტევასაც.
რისთვის გვჭირდება ინტერნეტი? ამ კითხვაზე ბავშვები გვპასუხობენ: მეგობრებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, გართობა, საჭირო ინფორმაციის მოძიება, თამაშები და ა.შ. პანდემიიდან გამომდინარე, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ინტერნეტში ყოფნას მეტ დროს ვუთმობთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა სამუშაო მაგიდებმა, სკოლამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. შესაბამისად, ინტერნეტთან წვდომა ბავშვებისთვის არათუ ფუფუნება და გართობა, არამედ საჭიროებაც გახდა. სასწავლო პლატფორმები, ელექტრონული სახელმძღვანელოები, შემეცნებითი თამაშები — ეს ყველაფერი აუცილებელია თანამედროვე ბავშვის განვითარებისათვის, თუმცა, პარალელურად, არსებობს რისკები იმისა, რომ მოსწავლე ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანი, შესაძლოა გახდეს დეზინფორმაციის, კიბერთაღლითობის მსხვერპლი. ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ს სკოლებში დაფიქსირებული კიბერბულინგის შემთხვევები, დისტანციური სწავლების პერიოდში, თითქმის სამჯერ გაიზარდა. თუნდაც ერთ სოციალურ ქსელში გაწევრიანებამ შესაძლოა თავი უსაფრთხოდ არ გვაგრძნობინოს.
რამდენიმე საკითხს გამოვყოფ, ინტერნეტი და მედიაწიგნიერება — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნულ სასწავლო გეგმაში „მედიაწიგნიერებას“ განსაზღვრავს, როგორც გამჭოლ კომპეტენციას. მედიაწიგნიერების უნარები მოიაზრებს ინფორმაციის დიდ რაოდენობაში ორიენტირებისა და გაფილტვრის, შექმნისა და გაზიარების უნარებს. როგორც ვხედავთ, საუბარია მოსწავლეებში კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. ცხადია, მოსწავლეს მედიაწიგნიერების უნარები ყველა საგანში უნდა განუვითარდეს და თითოეულ ჩვენგანზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობაა.
ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ ბავშვთა უფლებები, ადამიანის უფლებები, ცხოველთა უფლებები და ა.შ. თუმცა, დღეს ხშირად არასწორად ესმით ცნებები „უფლება“ და „თავისუფლება“, ვინაიდან, პარალელურად, არ იაზრებენ ვალდებულებებსა და მოვალეობებს და, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს ხდება კიბერბულინგის გამომწვევი მიზეზი. კიბერბულინგში გოგონებისა და ბიჭების მონაწილეობა, შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია: გოგონებს უყვართ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, დამცინავი კომენტარების დაწერა და ამ საქმეში სხვა ბავშვების აყოლიება, ისეთი ფოტოს გავრცელება, რომელიც მსხვერპლისთვის შეურაცხმყოფელია; ბიჭების მიერ დაწერილი კომენტარი, მეტწილად, მუქარას შეიცავს ან სექსუალური ხასიათისაა. თუკი ბავშვი თავს გრძნობს მსხვერპლად, აუცილებლად უნდა მიმართოს მშობელს, მასწავლებელს, ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს ეს უჭირთ, რადგან ფიქრობენ, რომ უფროსებმა შესაძლოა ისინი დაადანაშაულონ, ემოციურად იძაბებიან, ხდებიან გულჩათხრობილები, სწავლის ხარისხი ეცემა, არ სურთ მეგობრებთან ურთიერთობა. სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენთვის ბავშვთან გასაუბრების მანიშნებელი, რათა დავადგინოთ, რა უჭირს. ვფიქრობ, აუცილებელია, მშობლებმა გადაამოწმონ ის ვებგვერდები, თამაშები, რომლებსაც ბავშვები ხშირად სტუმრობენ. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ კიბერდანაშაული დანაშაულია, შსაბამისად — დასჯადია.
რა არის ძალადობის მთავარი მიზეზი? ადამიანები სამყაროს მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან აღიქვამენ, ამდენად თანაგანცდის უნარი ნაკლებია. ემპათიის ნაკლებობამ და საკუთარი თავის სხვისი დამცირების გზით დამკვიდრების სურვილმა, შესაძლოა, ბავშვი გახადოს აგრესორი, ასევე შესაძლებელია, მანამდე ის თავად ყოფილიყო მსხვერპლი. სწორედ ამიტომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ბავშვებისთვის სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანების შესაძლებლობის მიცემა, რათა იპოვონ საკუთარი საქმე, საკუთარი თავი.
მოსწავლეებთან სხვადასხვა თემის განხილვისას, განსხვავებულ მეთოდებს ვიყენებ. შესაძლებელია მოვაწყოთ დისკუსია, კინოჩვენება — თემატურად შერჩეულ ფილმს ვუყურებთ და განვიხილავთ, ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას, მაგალითად, წავიკითხეთ წიგნები — „საოცრება“ და „თევზი ხეზე“, რითაც დავიწყეთ ანტიძალადობრივი პროექტი „არა ბულინგს!“. ჩემი გამოცდილებიდან, 13-15 წლის ასაკში, მსგავსი თემების განხილვა სიტუაციური ამოცანების, ქეისების, როლური თამაშების გამოყენებითაც საკმაოდ საინტერესო და შედეგის მომტანია.
ციფრული სამყარო ჩვენი აწმყო და მომავალია, შეუძლებელია უგულებელვყოთ ინტერნეტის მოხმარება, პირიქით, უნდა ვიზრუნოთ, რომ ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გავხადოთ.
5 გზა, როგორ დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში
- დაიცავით ბავშვები ღია კომუნიკაციის მეშვეობით
ესაუბრეთ შვილს გულახდილად და ჰკითხეთ, ვის და როგორ ეკონტაქტება ინტერნეტით. დარწმუნდით, რომ ბავშვი აცნობიერებს ისეთი ურთიერთობის მნიშვნელობას, რომელიც სიკეთესა და თანადგომაზეა დამყარებული და იაზრებს, რომ დისკრიმინაციული ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია ურთიერთობის მისაღები ფორმა არ არის. აუხსენით მას, როგორც კი ვინმესგან მსგავს დამოკიდებულებას იგრძნობს, დაუყოვნებლივ შეგატყობინოთ თქვენ ან სხვას, ვისაც ენდობა. შვილთან ერთად შეიმუშავეთ გარკვეული წესები, თუ როგორ, სად და როდის არის მიზანშეწონილი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება.
- გამოიყენეთ ტექნოლოგია, რათა უკეთ დაიცვათ ბავშვები
შეამოწმეთ შვილის ელექტრონული მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ პროგრამული უზრუნველყოფა და ანტივირუსი განახლებულია და რომ კონფიდენციალობის პოლიტიკაც გააქტიურებულია. თუკი ბავშვი ვებკამერას არ მოიხმარს, რამით დაფარეთ იგი. შედარებით პატარა ასაკის ბავშვებისთვის გამოიყენეთ მშობლის კონტროლის მექანიზმი, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხო საძიებო სისტემა, რაც თქვენი ბავშვებისთვის ინტერნეტში გატარებულ დროს უფრო პოზიტიურს გახდის.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ უფასო საგანმანათლებლო წყაროების მიმართ. გააფრთხილეთ შვილი, აღნიშნული რესურსების მოსაპოვებლად არ ატვირთოს თავისი ფოტო და არც სახელი და გვარი მიუთითოს. პერიოდულად შეამოწმეთ კონფიდენციალობის პოლიტიკა და მაქსიმალურად შეამცირეთ მონაცემებზე წვდომის დაშვება. ასწავლეთ ბავშვს პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა და აუხსენით, რომ მისი გაზიარება უცხო პირებისთვის არ შეიძლება.
- გაატარეთ ბავშვთან ერთად დრო ინტერნეტში
ბავშვს შეუქმენით ისეთი გარემო და შესაძლებლობები, რომ უსაფრთხოდ შეძლოს მეგობრებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან თქვენთან ურთიერთობა. დღეს ხომ სხვებთან კონტაქტს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ოდესმე, თქვენ კი, შესანიშნავი მაგალითის ჩვენება შეგიძლიათ, თუ როგორ შეიძლება ვირტუალური ურთიერთობის გაჯერება ემპათიითა და მხარდაჭერის გამოხატვით.
ასწავლეთ ბავშვს, როგორ ამოიცნოს ყალბი ამბავი და ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაცია, რომელმაც, შესაძლოა, გაამწვავოს კორონავირუსთან დაკავშირებული შფოთვები. არ დაგავიწყდეთ, რომ ინტერნეტში არაერთი სარწმუნო წყაროა, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა სანდო ორგანიზაციის ვებგვერდები, რომელთა საშუალებით, თქვენს შვილთან ერთად, შეძლებთ ვირუსის შესახებ მართებული ინფორმაციის მოძიებას.
გაატარეთ მეტი დრო შვილთან ერთად და გაიგეთ, რომელი აპლიკაციები, თამაშები და სხვა ონლაინ გასართობები შეესაბამება მის ინტერესებსა და ასაკს.
- დაეხმარეთ ბავშვს, გამოიმუშაოს ჯანსაღი ჩვევები ინტერნეტის მოხმარებისას
შეეცადეთ, წაახალისოთ და აკონტროლოთ ბავშვის კარგი ქცევა ინტერნეტის გამოყენებისას ან ვიდეოზარების დროს. აუხსენით მას, რომ კლასელებს პატივისცემით უნდა მოეპყრას, ფრთხილად აარჩიოს ტანსაცმელი და შეეცადოს, ვიდეოზარებს საძინებლიდან არ უპასუხოს.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, იცნობდეთ სკოლის პოლიტიკას და იმ ზომებს, რომლებსაც უნდა მიმართოთ კიბერბულინგის ან არასასურველი ონლაინ კონტენტის შესახებ შეტყობინების გადაცემისას.
რადგან ბავშვები ძალიან ბევრ დროს ატარებენ ინტერნეტში, იმის ალბათობაც იზრდება, რომ გადააწყდნენ ისეთ არასასურველ რეკლამებს, რომლებიც არაჯანსაღი საკვების პოპულარიზებას, გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას ან ასაკისთვის შეუსაბამო მასალის მიწოდებას ისახავს მიზნად. ასწავლეთ, როგორ ამოიცნოს ონლაინ რეკლამა, აქციეთ ეს მომენტი შესაძლებლობად და ბავშვთან ერთად გაარკვიეთ, თუ რატომ არის ამ ნეგატიური შეტყობინებების გავრცელება არასწორი.
- შეეცადეთ, ბავშვს მისცეთ გართობისა და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა
წაახალისეთ შვილები, რომ ისარგებლონ ციფრული ინსტრუმენტების დადებითი მხარეებით, ადგნენ, იმოძრაონ, ჩაურთეთ მათთვის განკუთვნილი ფიზიკური აქტივობის ვიდეოები ან ისეთი ვიდეოთამაშები, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.
გახსოვდეთ, ონლაინ განტვირთვის დაბალანსება აუცილებელია ისეთი აქტივობებით, რომლითაც ინტერნეტს მიღმა დაკავდებით, მაგალითად, სეირნობა.