სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR), USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, მოამზადა ბიულეტენი – რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოში, სადაც განხილულია მასწავლებლების მახასიათებლები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში, ასაკობრივ და სქესობრივ ჭრილში, ასევე, მასწავლებელთა საკადრო ცვლილების პერსპექტივები და განათლების მახასიათებლები.
კვლევის მიხედვით, საქართველოში, 2006-2007 წლიდან დღემდე, მასწავლებლების რაოდენობა 14043 ინდივიდით არის შემცირებული, ყველაზე მეტად მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (22.7%), ხოლო ყველაზე ნაკლები რაოდენობა – თბილისში (5.7%).
დღევანდელი მდგომარეობით, 2016-2017 წლებთან შედარებით, გაზრდილია მასწავლებელთა საშუალო ასაკიც და 49.97 წელს შეადგენს. მასწავლებელთა ასაკი ყველაზე მაღალია გურიაში (53.04), ხოლო ყველაზე დაბალი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (46.9). სისტემას 70 წელს ზევით ასაკის 2776 მასწავლებელი ჰყავს, რაც საერთო რაოდენობის 4%-ია. მკვეთრად არის შემცირებული 40 წლამდე ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა და ხვედრითი წილიც. თუკი 2016-2017 აკადემიურ წელს 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა 15 277 იყო, უკანასკნელი აკადემიური წლისთვის მათი რიცხვი 11 616 გახდა. იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც პირველად ჩაატარეს გაკვეთილი (2019-2020 წლები) მხოლოდ 3672-ია.
ბიულეტენში ყურადღება გამახვილებულია ასევე კადრების ცვლილების პერსპექტივებსა და მასწავლებლების განათლების პროგრამის მახასიათებლებზე და ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე არსებული ვითარება შეუსაბამოა მასწავლებლების საგნობრივ-ასაკობრივი სტრუქტურისთვის. „თუკი მასწავლებელთა განათლების 60-კრედიტიანი პროგრამების 2016-2021 წლების სტატისტიკას გავაანალიზებთ, ნათელია, რომ ეს პროგრამები, უმეტესად, ამზადებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს (საერთო რაოდენობის 20,5 %. იმ დროს, როცა მოქმედი ინგლისური ენის მასწავლებელთა საშუალო ასაკია 41,9 წელი, 50 წელს ზევით მასწავლებელთა რაოდენობა კი სულ 921-ია, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სადაც ყველაზე მაღალია მასწავლებელთა ასაკი (ფიზიკა – 55,6 წელი, ქიმია – 53,8 წელი), მხოლოდ მიზერული რაოდენობის მასწავლებლები მზადდება (ფიზიკა – 26 სტუდენტი, ქიმია – 34 სტუდენტი).
რა გამოწვევები დგას ციფრებს მიღმა და, პირველ რიგში, რა ტიპის ღონისძიებები უნდა გაატაროს სისტემამ იმისთვის, რომ მასწავლებელთა ასაკობრივი მაჩვენებლები გააახალგაზრდავდეს, სწავლების ხარისხი ამაღლდეს, საგნობრივი მიმართულებების მიხედვით შექმნილი კადრების დეფიციტი აღმოიფხვრას და სისტემაში ახალი თაობა შემოვიდეს – ციფრებს მიღმა არსებულ რეალობაზე გვესაურება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებთაშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე, განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე.
მასწავლებლის პროფესიისთვის მაღალი კვალიფიკაცია უდავოდ საჭიროა.
შალვა ტაბატაძე
ბიულეტენის მიხედვით, მასწავლებელთა რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირებულია – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 22,7%, ყველაზე ნაკლებად კი თბილისში- 5,7 %-ით. რას უკავშირდება რეგიონში ასეთი მკვეთრი კლება? არის თუ არა ეს კავშირში რეგიონებში მასწავლებელთა საჭიროებებზე სწორი და ზუსტი რეაგირების პრობლემასთან? ამის შესახებ შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ილუზორულად ჰგონია, რომ სკოლის არსებობა შეინარჩუნებს სოფელს და თემს, ეს სრული აბსურდია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ, ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფო ცდილობდა სკოლების შენარჩუნებას და ამით მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას, სტატისტიკის მიხედვით, ეს რეგიონები მოსახლეობისგან მაინც იცლება. მისივე აზრით, „სკოლა არ არის საფუძველი სოფლის და თემის შენარჩუნების, მას სხვა ტიპის სოციალური და ეკონომიკური საფუძვლები სჭირდება. შემდგომ, რა თქმა უნდა, სკოლა მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას შეასრულებს. იმ რეგიონებში, სადაც შემცირებულია მასწავლებელთა რაოდენობა, ორი კომპონენტი თამაშობს მთავარ როლს – ერთი, მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება და მეორე – არ ხდება ახალი თაობის მასწავლებელთა შედინება სკოლებში. შესაბამისად, მასწავლებელთა ასაკობრივი ხვედრითი წილი, მათ შორის გურიაში, ყველაზე მაღალია. თბილისში მასწავლებელთა შემცირების ყველაზე დაბალი პროცენტია იმიტომ, რომ მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება და შესაბამისად, მასწავლებელთა საჭიროებაც მეტადაა. ზოგადად, სისტემაში, სერიოზული პრობლემაა ახალგაზრდა კადრების მხრივ, ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა, არარელევანტური პოლიტიკის შედეგია და არა მთლიანად დანახული სურათის.
მთლიანობაში, შემცირება შეიძლებოდა სხვადასხვა მიზეზს გამოეწვია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით 2016-17 წლებიდან, ფიქსირდება მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა, ხოლო მასწავლებელთა რაოდენობის – კლება. თუმცა, დინამიკა სხვა თვალსაზრისითაც საინტერესოა. რეალურად, არ გვაქვს გააზრებული რამდენი მოსწავლე გვყავს და ახალი სტრუქტურული მოწყობის პირობებში (თუკი განათლების სისტემას მოვაწყობთ), რამდენი მასწავლებელი გვჭირდება. შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებლის ოპტიმალური შეფარდების მიღწევის გზები არ გვაქვს დასახული. ორ რადიკალურ ციფრს შორის ვართ, ერთი მხრივ, გვაქვს მცირეკონტინგენტიანი სკოლები, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის შეფარდება მცირეა – მოსწავლეთა 19 პროცენტს ემსახურება მასწავლებელთა, დაახლოებით, 45 პროცენტი (საერთო რაოდენობის), მეორე მხრივ, ქალაქებში გვაქვს დიდკონტინგენტიანი სკოლები, სადაც შეფარდება მაღალია და მოსწავლეთა 70 პროცენტს მასწავლებელთა მხოლოდ 25 პროცენტი ემსახურება (აქ უკვე დგას კლასების გაყოფის, შემცირების და ა.შ. საკითხი). ანუ, სისტემა სტრუქტურულად იმდენად ცუდადაა მოწყობილი, რომ ორი ყველაზე ცუდი მოდელი მოქმედებს – ერთი, მოსწავლე-მასწავლებლის შეფარდება მცირეა, როდესაც მოსწავლე და მასწავლებელი, ხშირად, თანაბარი რაოდენობითაა სკოლაში ან მცირე განსხვავებაა; მეორე მოდელი, პირიქით – მოსწავლე-მასწავლებლის შეფარდების დიდი რაოდენობა. ასეთ სისტემაში, უკვე სხვა ფაქტორებზეა ხოლმე დამოკიდებული მასწავლებლების რაოდენობის შემცირებაც და ზრდაც. მათ შორის, შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი იყო, როცა, საპენსიო ასაკის რეფორმის ფარგლებში, სისტემიდან გავიდნენ საპენსიო ასაკის მასწავლებლები, მაგრამ, როგორც ვიცით, ნაკლები მასწავლებელი შემოვიდა და მათი ჩანაცვლება დასაქმებულ მასწავლებლებზე საათების გადანაწილებით განხორციელდა. შეიძლება მცირე ცდომილება გვქონდეს ციფრებში, თუმცა, მთლიანობაში, თვალნათელია, განსაკუთრებით 2016-17 წლებიდან, როდესაც ემისმა ახალი მეთოდოლოგიით დაიწყო სტატისტიკის წარმოება, რომ მასწავლებელთა რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 6-7 ათასი ადამიანით, წინა მონაცემებში კი, 14 ათასითაა შემცირებული.“
შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმამ, რეალურად, არ გაამართლა იმ კუთხით, რომ მეტი ახალგაზრდა მოგვეზიდა მასწავლებლის პროფესიაში. მათი რაოდენობა არ გაზრდილა სისტემაში. თუ 2016 წლიდან, სისტემაში, 40 წლამდე ასაკის 15 ათასი მასწავლებელი იყო, დღეს მათი რიცხვი 11 ათასია. „ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკის 8000 მასწავლებელი (თუ სწორად მახსოვს) გავიდა, ახალგაზრდა კადრების შედინება არ იყო ინტენსიური. თითქოს გარკვეული ნაბიჯები იდგმება, მაგალითად, ხელფასების მატება, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებელთა განათლების პროგრამების ე.წ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებად გამოცხადება.
ვცდილობთ, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, მაგრამ ეს არასაკმარისია, რადგან არ არის კომპლექსური ხედვის ნაწილი. ხელფასებს ვზრდით, მაგრამ, რეალურად სახელფასო პოლიტიკა არ გვაქვს სწორი – არ იზრდება საბაზო ხელფასი, იზრდება დანამატები. ანაზღაურება მიბმული უნდა იყოს იმ საქმიანობაზე, რომელსაც მასწავლებელი განახორციელებს, შეიძლება მან ნაკლები საათები ჩაატაროს, მაგრამ გაცილებით მეტი რამ აკეთოს სკოლის განვითარების თვალსაზრისით. თითქოს სქემაში გაწერილია, რა უნდა აკეთონ, ამ კუთხით, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა, მაგრამ ეს დანამატშია ასახული, თუმცა, ეს დანამატიც ჩატარებულ გაკვეთილებზეა მიბმული, ანუ ხელფასები, რეალურად, ვერ ვაქციეთ კონკურენტუნარიან ხელფასებად, რომელიც შეიძლება მიმზიდველი ყოფილიყო მომავალი მასწავლებლებისთვის. რაც შეეხება მეორე კომპონენტს – მასწავლებელთა განათლების პროგრამების დაფინანსებას, აქაც წარმოდგენა არ გვაქვს, სად რა ტიპის საჭიროებებია, რომელი მიმართულებები უნდა იყოს უფრო წინ წამოწეული. ეს საჭიროებები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც უმაღლესში დაფინანსების, ისე სახელფასო პოლიტიკის სახითაც. ჩვენს სტატისტიკურ ანალიზში (მასწავლებელთა ასაკიდან გამომდინარე რეგიონული გადანაწილების მიხედვით, რომელ საგნებში გვაქვს ან გვექნება ძალიან მალე დეფიციტი და რომელ საგნებში – არა) გამოკვეთილია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა ის მიმართულებებია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სერიოზული დეფიციტი გვაქვს. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ ისეთ სისტემაზე, რომელიც ამ მიმართულებით მოიზიდავს ახალგაზრდა კადრებს ან ჩავრთოთ ისეთი ინსტრუმენტები, რომელმაც, შესაძლებელია, ეს პრობლემა მოაგვაროს (მაგალითად, დისტანციური ან თუნდაც, სკოლების ქსელური სწავლება).
ყურადსაღებია აგრეთვე მიმართულებები, სადაც საშუალო ასაკი დაბალია, მაგალითად, ინგლისური ენა და ლიტერატურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ა.შ. ამ საგნების მასწავლებელთა უმრავლესობა 50 წელს ქვემოთაა (82 პროცენტი). ეს ნიშნავს, რომ ახალ კადრებზე მოთხოვნა მაინცდამაინც არ იქნება დიდი და დასაქმების პერსპექტივაც, ამ მიმართულებებში, ნაკლებია. და ჩვენ რას ვაკეთებთ? უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ცხადია, კარგად იციან რა მიმართულებებს ირჩევენ მომავალი მასწავლებლები. სახელმწიფო ვის მომზადებაში დებს თანხას? ისევ და ისევ ინგლისური ენის მასწავლებლების, რომელზეც მოთხოვნა ნაკლები იქნება უახლოეს მომავალში. განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ მომავალი მასწავლებლების უმრავლესობას, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლები ამზადებენ, თბილისსა და საქალაქო დასახლებებში სურთ დასაქმება და არა იმ სკოლებში, სადაც, შესაძლებელია, კიდევ იყოს გარკვეული მოთხოვნა უცხო ენის მასწავლებლის. ანუ, სახელმწიფო ხარჯავს ბევრ ფულს იმ მიმართულებებზე, რომელზეც მოთხოვნა არ იქნება და რომლის კურსდამთავრებულები, დიდი ალბათობით, ვერ შევლენ ან მარტივად ვერ შევლენ პროფესიაში. დამატებით მექანიზმებს არ რთავს იმ მიმართულებებზე, რომელშიც როგორც კომპეტენციების, ისე კადრების დეფიციტის პრობლემა გვაქვს. ანუ 10-ჯერ მეტი რომ დახარჯოს სახელმწიფომ მასწავლებელთა განათლების პროგრამაზე და 10-ჯერ მეტი ინგლისური ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გამოუშვას, ეს არ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენს სკოლებში მაღალი დონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის მასწავლებლები იყვბებე. შესაბამისად, ამ ტიპის ქაოტურად და არარაციონალურად დაგეგმილი რეფორმები თუ სისტემები, რომლებიც თითქოს ხელს უნდა უწყობდეს ახალგაზრდა კადრების შესვლას სისტემაში, პრობლემის დაძლევას ვერ ახერხებს. მათ შორის ვერ უწყობს ხელს არათანმიმდევრულობა პოლიტიკაში. თუნდაც, ერთჯერადად განხორციელებული საპენსიო ჯილდოს რეფორმა, რომელიც ორი წლის შემდგომ შეწყდა. თვალნათელია, რომ რაიმე ეფექტის მომტანი, საბოლოო ჯამში, არ აღმოჩნდა – დღესდღეობით 60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელი მეტია სისტემაში, ვიდრე 2016-17 წლებში იყო, ხოლო 40 წელს ქვემოთ ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად შემცირებულია. ჩვენ – სახელმწიფომ – დავხარჯეთ საკმაოდ დიდი თანხა, შესაძლოა სწორ პოლიტიკაში, მაგრამ იმიტომ, რომ ეს პროგრამა შეწყდა (ერთჯერადი იყო), რეალურად, წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად, საპენსიო ჯილდო მნიშვნელოვანი იყო ამ მასწავლებლებისთვის, მაგრამ ეს არ არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც (საპენსიო რეფორმას ვგულისხმობ), უზრუნველვყოფდით, ერთი მხრივ, საპენსიო ასაკის მასწავლებლების გასვლას სისტემიდან და მეორე მხრივ, ახალგაზრდა კადრების მოზიდვას სფეროში. როდესაც გამართული საპენსიო სოციალური სისტემა გაქვს კონკრეტული პროფესიისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია ამ პროფესიაში ახალი კადრების შემოსასვლელად. ამ თვალსაზრისითაც ფიქრობენ მომავალი მასწავლებლები, რა იქნება მათი როგორც ხელფასი, ისე სამომავლო გარანტიები, თუნდაც საპენსიო ასაკში. ანუ, ყველაფერი ეს, ერთად აღებული ცხადყოფს, რომ არ არის კარგად გააზრებული, დაგეგმილი და შესაბამისად განხორციელებული მომავალი კადრების სისტემაში შემოსვლის მექანიზმები.“
√ ახალგზარდა კადრის სკოლაში შესვლის რეგულაციები არის თუ არა ბარიერი, დამაბრკოლებელი ფაქტორი მათი სისტემაში მოსაზიდად?
ბარიერს ქმნის დაბრკოლებები, რომელიც შერჩევის პროცესს ახლავს თან. სკოლებში საჭიროა გამჭვირვალე სისტემა და არა მერიტოკრატიაზე დაფუძნებული. თორემ, რომ გავამარტივოთ პროფესიაში შესვლის სისტემა (ზოგადად ტენდენცია არის გამარტივებისკენ, თუმცა, ამ გამარტივების ტენდენციას შედეგი არ მოაქვს ხოლმე), ამ ტენდენციით ჩვენ მივიღებთ უფრო მეტი არაკვალიფიციური კადრის შემოსვლას, თუმცა, მათი შესვლაც კვლავ პრობლემატური იქნება. ჩვენ იმაზე უნდა ვიმუშავოთ, რომ ახალგაზრდებში პროფესია პოპულარული გავხადოთ და ყველაზე კარგი კადრები მოვიზიდოთ უმაღლეს განათლებაში. პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ, თორემ, ზოგადად, კადრების პრობლემა რომლებსაც სურთ სისტემაში შემოსვლა, არ გვაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლა, მაგრამ ვერ საქმდებიან სკოლებში, იმის გამო, რომ სისტემიდან არ ხდება მასწავლებელთა გასვლა. სამწუხაროდ, სისტემა აწყობილია არა მერიტოკრატიულ პრინციპებზე, არამედ, პირველ რიგში, ურთიერთობებზე, ნაცნობობასა და მეგობრობაზე. განსაკუთრებით, რეგიონებში. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაჯანსაღოთ სკოლებში სისტემა და როგორ მივიღოთუმაღლესებში საუკეთესო კადრები. და არა იმაზე, როგორ გავამარტივოთ მაქსიმალურად პროფესიაში შემოსვლის გზები ისე, რომ ყველამ შეძლოს მასწავლებლობა და გვყავდეს არაკვალიფიციური მასწავლებლობის მსურველთა დიდი არმია.
√ იქცა თუ არა სქემა ახალი კადრების შემოდინების დამაბრკოლებელ ფაქტორად?
რამდენად იკავებენ ახალგზრდები სქემის გამო პროფესიაში შემოსვლისგან თავს, ვერ გეტყვით, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ახალგაზრდა თაობაში, სამწუხაროდ, მასწავლებელს არ აქვს ის პრესტიჟი და ავტორიტეტი, რომ გაუჩნდეს სურვილი, თვითონაც გახდეს მასწავლებელი. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოსწონდეს ახალგაზრდას ეს პროფესია და უნდოდეს, გახდეს მასწავლებელი. სამწუხაროდ, ზოგჯერ, ცინიზმის საგანიც კი გამხდარა მასწავლებლობის სურვილი საზოგადოებაში. ამის მიზეზი არა მხოლოდ დაბალი ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, ის ავტორიტეტია, რომელსაც ქმნიან მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები, სისტემაში ჩართული ადამიანები არაკვალიფიციური მასწავლებლების წახალისებით და წინ წამოწევით; არც გამოცდების შედეგები უნდა დავმალოთ. სწორედ ის ურტყამს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟს და ავტორიტეტს. ამას ემატება სქემა, რომლის მეშვეობითაც არაკვალიფიციური კადრები ინარჩუნებენ არა მხოლოდ სამსახურს, გადადიან საფეხურიდან საფეხურზე და უმაღლეს საფეხურზეც კი ხვდებიან. როცა არაკვალიფიციურ მასწავლებელს წამყვანი და მენტორი მასწავლებლის პოზიციაზე ხედავ, ეს ყველაზე მეტად აზიანებს მასწავლებლის ავტორიტეტს. ამიტომ, სისტემის მთავარი მიზანი უნდა გახდეს ყველაზე კვალიფიციური კადრის შემოშვება სკოლაში, რომელიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას მიიღებს. აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული და დაფასებული. ანუ ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ამის მიღწევა რთულია იმიტომ, რომ დიდ ცოდნას და კვალიფიკაციას ითხოვს, თუმცა, თუ მიაღწია, ანაზღაურება ექნება ძალიან მაღალი და შესაბამისად, დაფასებაც ექნება საზოგადოებაში.
√ აღმოჩნდა თუ არა სქემა რაიმე შედეგის მომტანი განათლების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. რა გავლენა იქონია სქემამ, სტატუსამაღლებულმა მასწავლებელმა განათლების სისტემაზე, ეს თუ იკვლია ვინმემ?
სქემა რომ არ არის მიბმული სწავლაზე და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე (და არც შეიძლებოდა ყოფილიყო), ეს თვალსაჩინოა და ამას ჯერ კიდევ სქემის შემოტანის პირველივე ეტაპზე ვამბობდით. სქემა რომ ვერ გაამართლებდა, ეს თავისთავად ცხადი იყო. ზოგადად, მისი შემოტანის იდეა არც ყოფილა მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებისკენ მიმართული. მაშინ რატომ შემოვიდა? პასუხი მარტივია – ადამიანები ვერ ახერხებდნენ სერტიფიცირების პროცესის დაძლევას და როგორღაც, წინასაარჩევნოდ, 2016 წლამდე, მნიშვნელოვანი იყო მასწავლებელთა დიდი რაოდენობის გულის მოგება და ეს გაკეთდა სწორედ იმ მასწავლებლებისთვის, რომელთა კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. შესაბამისად, ამ ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც არ არის ორიენტირებული მოსწავლეზე, რა თქმა უნდა, შედეგის მომტანი ვერ იქნება. რეალურად, ამ სქემის შემოტანით, ყველას ინტერესი დაკმაყოფილდა, გარდა ერთისა – მოსწავლის, რომელსაც უნდა მიეღო უკეთესი განათლება. დღეს სამინისტრო ამ სქემის მძევალია, რომლიდანაც რეალურ გამოსავალს ვერ ნახულობს იმიტომ, რომ ყველაფერი სქემას მიება, მათ შორის, ხელფასები. შესაბამისად, სქემიდან გამოსვლა მათთვის გართულებულია. გულწრფელად თუ დაელაპარაკები, ისინიც კარგად აცნობიერებენ, რომ სქემა არაფრის მომტანია.
ჩვენ შეიძლება გვყავდეს 40 ათასი მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივე ჩაატარებს მაღალი დონის გაკვეთილს იმიტომ, რომ სხვადასხვა ფაქტორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს — როგორი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს მასწავლებელმა ან რა ტიპის მოტივაციაა ამ გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო, რისთვის იყენებს თავის კვალიფიკაციას და ა.შ. შესაბამისად, ამის შესაფასებლად და ადგილზე განსახორციელებლად, სხვა ტიპის მართვა და ინსტრუმენტების დამუშავებაა საჭირო. მეორე მხრივ, პრობლემა არის ის, რომ მასწავლებლები საფეხურიდან საფეხურზე გადადიან, მაგრამ მათი კვალიფიკაცია დიდად არ იზრდება. ანუ ჩვენ თუ 5-6 წლის ან 7 წლის წინ, უმრავლესობა პრაქტიკოსი მასწავლებლები გვყავდა და ახლა ისინი გადავიდნენ სხვა საფეხურზე (მათგან ნაწილი წამყვანი და მენტორიც გახდა), ეს არ ნიშნავს, რომ მათი კვალიფიკაცია გაიზარდა. 60 ათასი მასწავლებელი მენტორი რომ გავხადოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აკმაყოფილებენ ზუსტად იმას, რასაც მენტორი მასწავლებელი ჰქვია. მენტორი მასწავლებელი ძალიან გამორჩეული, სამაგალითო და მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელია, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება იშრომო იმისთვის, რომ ბოლოს ამ კვალიფიკაციის დონეს მიაღწიო. ის უნდა იყოს, სისტემის დონეზე, ლიდერი მასწავლებელი. ამ თვალსაზრისით, ვინმეს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მაგრამ სახელს დავარქმევთ თუ არა და ავიყვანთ თუ არა საფეხურიდან საფეხურზე მასწავლებელს, ეს სულაც არ ნიშნავს მისი კვალიფიკაციის ზრდას. ცალსახაა, მასწავლებლის პროფესიისთვის მაღალი კვალიფიკაცია უდავოდ საჭიროა.
♦♦♦
ბიულეტენში მოცემული სტატისტიკის მიხედვით, 56 116 მასწავლებლიდან, ქალი მასწავლებელი 88%-ზე მეტია. საჯარო სკოლებში ქალი მასწავლებლების რაოდენობა 45 098-ია, ხოლო კერძო სკოლებში – 4245; მამაკაცი მასწავლებლების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია – სულ სისტემაში დასაქმებულია 6773, აქედან საჯაროში – 6227, ხოლო კერძო სკოლებში – 546 მამაკაცი მასწავლებელი. იმ სკოლებში კი, სადაც სწავლების ენა აზერბაიჯანულია, მამაკაცი პედაგოგების წილი 2-ჯერ აღემატება სწავლების სხვა ენების მქონე მამაკაცი მასწავლებლების ხვედრით წილს. განსხვავებულია, სავალდებულო საგნების მიხედვით, მამაკაცი მასწავლებლების დასაქმების მაჩვენებლებიც და, პროცენტულად, ყველაზე მეტი მამაკაცია საგნებში: „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და „ფიზიკური აღზრდა“. ყველაზე მცირე რაოდენობა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის – 1.9%. განსხვავებული მონაცემებია პროფესიული განვითარების თვალსაზრისითაც – ქალი პედაგოგები პროფესიული განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგანან, ვიდრე მამაკაცი მასწავლებლები – 10%-ით უფრო ხშირია (70.9%) უფროსის სტატუსის და თითქმის 11%-ით – წამყვანის სტატუსის მქონე (11.1%) ქალი მასწავლებლები.
ლალი ჯელაძე