თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ლეგენდარული მომღერლის, ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა პრემიერა – ფრანგი კომპოზიტორის, ჟიულ მასნეს „ნავარელი ქალი“, ერთ აქტად და იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“, ერთ აქტად.
სპექტაკლის დაწყებამდე ცისანა ტატიშვილის შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრეს ოპერის სოლისტებმა: ლიანა კალმახელიძემ, ელდარ გეწაძემ და ქართველმა დირიჟორმა, „მეტრის“ ნომინანტმა, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატმა და ოქროს მედლის მფლობელმა, რევაზ ტაკიძემ.
ორივე სპექტაკლზე სრული ანშლაგი იყო. ქართველმა და უცხოელმა მოწვეულმა სპეციალისტებმა ბრწყინვალედ იმღერეს. „სოფლის ღირსებაში“ მთავარი პარტიები შეასრულეს: სანტუცა – მაყვალა ასპანიძე, ხათუნა ჭოხონელიძე; ტურიდუ – გიორგი სტურუა, არმაზ დარაშვილი; ალფიო – ალბერტო გაძალე, მამუკა ლომიძე; ლოლა – მარია ვიდალი; ლუჩია – ელენე ჯანჯალია.
„ნავარელი ქალი“ – მთვარი პარტიები შეასრულეს: ანიტა – ირინა თაბორიძე, მაყვალა ასპანიძე; არაკილი – არმაზ დარაშვილი, გიორგი სტურუა; გარიდო – გიორგი ლომისელი, მამუკა ლომიძე; რემიჯო – გივი გიგინეიშვილი, კახაბერ თეთვაძე.
როგორც ყოველთვის, მთელ სპექტაკლს დიდ ხიბლს მატებდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი, დამდგმელი რეჟისორი, დიდი მაესტრო – ზაზა აზმაიფარაშვილი.
დამდგმელი რეჟისორი – ვიქტორ გარსია სიერა, მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი, რეჟისორის ასისტენტი – ზაზა აღლაძე, დამდგმელი მხატვარი – იტალო გრასი, კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი, განათების მხატვარი – სტეფანო გორერი, სადადგმო სამსახურის უფროსი – ამირან ანანიაშვილი, მხატვარ-მოდელიორი – თამარ ჩარგეიშვილი, სპეტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაზე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი ბადრი მაისურაძე.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, თეატრის ფოიეში, გაიხსნა ცისანა ტატიშვილის სახელობის ნიშა. კომენტარი ვთხოვე სრულიად საქართველოს მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის „გვარიშვილობა“ პრეზიდენტს, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილ 2025 წლის ეპოქის ადამიანს, ბატონ ლერი კვაჭანტირაძეს: „ცისანა ტატიშვილი ქართული საოპერო თეატრის ბრწყინვალე ვარსკვლავი იყო, იშვიათი სილამაზის ხმა, განუმეორებელი ტემბრი და შესანიშნავი გარეგნობა. მრავალჯერ მომისმენია მისი ნამღერი ნოდარ ანდღულაძესთან ერთად და დიდი სიამოვნება განმიცდია. 21 სექტემბერს ოპერის 173-ე სეზონი „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნა, სადაც წამყვან პარტიებს ახალგაზრდა გამორჩეული ტენორი არმაზ დარაშვილი ასრულებდა; სიტყვები არ მყოფნის ეთერის პარტიის შემსრულებლის, მაყვალა ასპანიძის ვოკალური მონაცემების გადმოსაცემად. საოპერო სცენის საოცრება ვიხილე არმაზ დარაშვილისა და მაყვალა ასპანიძის სახით. ეს სპექტაკლი გიზო ჟორდანიას დაბადების 90 წლისთავს მიეძღვნა. რაც შეეხება ცისანა ტატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სპექტაკლებს — „სოფლის ღირსება“ და პრემიერას „ნავარელი ქალი“, აღფრთოვანებული დავრჩი თოთოეული სოლისტის შთამბეჭდავი შესრულებით, რომელსაც ფონად გასდევდა იტალიელი და ფრანგი კომპოზიტორების – პიეტრო მასკანის და ჟიულ მასნეს გულშიჩამწვდომი მუსიკა ოპერის სიმფონიური ორკესტრის ბრწყინვალე შესრულებით, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით“.
მარიკა პოპიაშვილი