ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში, 2020 წლის 10 სექტემბერს, შევიდა რიგი ცვლილებები. ძირითადად რა საკითხებს შეეხო და რა მიზანს ისახავდა აღნიშნული ცვლილებები — ამის შესახებ საუბრობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი.
— აკრედიტაციის დებულებაში ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: დებულება შესაბამისობაში მოსულიყო 2020 წლის 12 ივნისს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან და ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებულ ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან. ამასთან, ცვლილების მიზანი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში გამოვლენილი რიგი ნაკლოვანებების გამოსწორება.
— კონკრეტულად, რა სახის ცვლილებები განხორციელდა აკრედიტაციის დებულებაში, რათა ის შესაბამისობაში მოსულიყო, ერთი მხრივ, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან და, მეორე მხრივ, ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან?
— „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე წლის 12 ივნისს. აღნიშნული ცვლილების თანახმად, აკრედიტაციის საბჭოს მიეცა უფლებამოსილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნებოდა მიღებული, მას შეეძლოს, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით, სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად, არაუგვიანეს, მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.
ზემოაღნიშნული ცვლილების მიზანია, რომ საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმამ ან მისთვის აკრედიტაციის გაუქმებამ არ შელახოს სტუდენტის კანონიერი ინტერესები და მას ჰქონდეს არჩევანი — მიმდინარე სასწავლო წელი დაასრულოს იმ პროგრამაზე, რომელზეც ირიცხებოდა ან ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ირიცხებიან ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა განხორციელებისთვისაც აუცილებელია აკრედიტაციის ქონა. ასეთი პროგრამებია, მაგალითად: სამართალი, დიპლომირებული მედიკოსი, მასწავლებლის მომზადების, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, ქართულ ენაში მომზადების, საზღვაო ნავიგაციის, საზღვაო ინჟინერიის, საზღვაო ელექტროინჟინერიის და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები. კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებამდე, თუკი, აკრედიტაციის საბჭო, ზემოაღნიშნულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამას, მიმდინარე სასწავლო სემესტრის განმავლობაში გაუუქმებდა აკრედიტაციას ან უარს ეტყოდა განმეორებითი აკრედიტაციის მინიჭებაზე, სტუდენტებს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდანვე, უჩერდებოდათ სტუდენტის სტატუსი, რაც, ერთი მხრივ, მობილობის პროცესის დასრულებამდე, იწვევდა სტუდენტის სტატუსით მინიჭებული შეღავათებით (ჯანმრთელობის დაზღვევა, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა და სხვა) სარგებლობის შეზღუდვას და, მეორე მხრივ, სასწავლო პროცესიდან მოწყვეტასა და, მინიმუმ, ერთი სასწავლო სემესტრის დაკარგვას. კერძოდ, სტუდენტები საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ ასრულებდნენ მიმდინარე სემესტრს/წელს, ხშირად ვერც სხვა დაწესებულებაში ახერხებდნენ დროულად მობილობით გადასვლას და მიმდინარე სასწავლო სემესტრის ან/და წლის იქ დასრულებას, რაც იწვევდა მათი ფინანსური და დროითი რესურსების დამატებით ხარჯვას.
ასევე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ქვეყანაში არსებულმა ბრძოლის ღონისძიებებმა, ცხადია, გაართულა აკრედიტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესი. კერძოდ, ის აქტივობები, რომელთა დისტანციურად განხორციელება შესაძლებელია, ცენტრმა განახორციელა დისტანციურად, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შეფასება მოიცავს, მათ შორის, მატერიალური რესურსების შესწავლასაც, რაც დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. აღნიშნულის გამო, იმ დაწესებულებათა ინტერესის გათვალისწინებით, რომლებსაც აკრედიტაციის ვადები ეწურებოდათ 2020 წლის განმავლობაში, აკრედიტაციის მიმდინარე ვადები გაუხანგრძლივდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, 2015 წელს აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ 2021 წლის 1 ივლისამდე. რადგან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრი ორგანიზაციაა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში სავალდებულო წესით არიან ჩართულები შესაბამისი სფეროს საერთაშორისო ექსპერტები. ვინაიდან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შეზღუდული იყო საერთაშორისო ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლა, ამიტომ განხორციელდა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში შეიცვალა რიგი ტერმინები. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, დაზუსტდა აკრედიტაციის სტანდარტებით გათვალისწინებული კომპონენტების შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები.
— თუ შეიძლება განგვიმარტეთ, კიდევ რა სახის ცვლილებები განხორციელდა აკრედიტაციის დებულებაში აკრედიტაციის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად?
— როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია. აკრედიტაციის დებულებაში შესული ცვლილებები ეფუძნებოდა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებულ უკუკავშირსა და ანალიზს, ასევე ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანებების ნაწილს, რომელიც გამოვლინდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამაგისტრო საფეხურზე დაშვებულია, ერთი პროგრამის მიერ სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ერთი დეტალური სფეროს ფარგლებში, ერთზე მეტი კვალიფიკაციის (მაგრამ არაუმეტეს სამი) მინიჭება. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას აძლევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ სამაგისტრო საფეხურის პროგრამები უფრო მოქნილი, ინტერდისციპლინური შინაარსის მქონე იყოს და სტუდენტს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს საფუძველზე, ერთი პროგრამის ფარგლებში, სთავაზობდეს ერთზე მეტ კვალიფიკაციას.
განმეორებით აკრედიტაციის მიღების მიზნით, მკაფიოდ განისაზღვრა, თუ რამდენი კალენდარული დღით ადრე უნდა წარმოადგინოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სააკრედიტაციო განაცხადი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის უწყვეტობა.
ცვლილებების განხორციელებამდე, აკრედიტაციის მაძიებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იყო, რომ სააკრედიტაციო დოკუმენტაციაში ცვლილებები განეხორცილებინა, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული რეგულაცია აკრედიტაციის ექსპერტებს საკმაოდ მცირე დროს უტოვებდა იმისათვის, რომ სიღრმისეულად და სრულყოფილად გასცნობოდნენ სააკრედიტაციო დოკუმენტაციას. არსებული პრაქტიკა ცხადყოფდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა, აღნიშნულ ვადაში, ცვლიდა ცენტრში უკვე წარდგენილ სააკრედიტაციო დოკუმენტაციას, უმეტეს შემთხვევაში, ბრძანების გაცნობიდან მე-5 დღეს, მაშინ, როდესაც აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს უკვე დაწყებული ჰქონდა სააკრედიტაციო დოკუმენტაციის შეფასების პროცესი. შესაბამისად, აკრედიტაციის ექსპერტებს, უმეტეს შემთხვევაში, ორჯერ უხდებოდათ დოკუმენტაციის შეფასება. აქედან გამომდინარე, დებულებაში შესული ცვლილებების თანახმად, აკრედიტაციის მაძიებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე, კერძოდ, აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ცენტრში წარმოდგენილ სააკრედიტაციო დოკუმენტაციაში, ერთჯერადად, განახორციელოს ცვლილებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული ცვლილება ამოქმედდება 2021 წლის პირველი იანვრიდან, რათა ცენტრში მიმდინარე სააკრედიტაციო წარმოებების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შექმნოდათ პრობლემები.
დებულებაში შესული ცვლილებებით დაკონკრეტდა აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. კერძოდ, პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, აკრედიტაციის მაძიებელი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, გადაწყვეტილება ძალაში შეიყვანოს წინა თარიღითაც.
ასევე, განსხვავებულად დარეგულირდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის პერიოდში განხორციელებული ცვლილებების საკითხი. აკრედიტებული პროგრამა, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, თუ რამდენიმე პროგრამად გაიყოფა, აღნიშნული პროგრამები არ განიხილება ახალ პროგრამებად და აკრედიტებულად ჩაითვლება გაყოფამდე არსებული პროგრამის აკრედიტაციის ვადით. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისობაში მოიყვანონ ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან, ამავდროულად, ამ პროცესში არ დასჭირდებათ პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია, რაც, თავის მხრივ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, დაზოგონ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსები და მათი კონსოლიდირება მოახდინონ ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არა სააკრედიტაციო პროცესებზე. მოცემულ შემთხვევაში, გაყოფილ საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაცია მოუწევს იმ ვადებში, რა ვადებშიც უწევდა გაყოფამდე არსებულ პროგრამას.
საგულისხმოა, რომ ცენტრი მომავალშიც განაგრძობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში გასავითარებელი მხარეების იდენტიფიცირებას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი