ლეილა ხონელიძე
სსიპ ქ. ფოთის ილ. ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
იოსებ ბაიაშვილი, ჯერ კიდევ პატარას, 1979 წლის 14 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებული ხალხური პოეზიის საღამოდან მახსოვს: სახალხო მთქმელი იოსებ ბაიაშვილიო, თავისი ბუხუნა ხმით გამოაცხადა ვახუშტი კოტეტიშვილმა და სცენაზე გამოსულმა უცნაურმა კაცმა უცნაური ლექსი ( ჩემი ბავშვური გადმოსახედიდან) წაიკითხა: „ბაიაშვილ ავად გახდა“…
წლები რომ გავიდა, „ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორული რვეულების“ პირველი კრებული ჩამივარდა ხელთ – იოსებ ბაიაშვილის ლექსები იყო, წინასიტყვაობაში ვახუშტი კოტეტიშვილი იხსენებდა ამ, როგორც თვითონ უწოდებდა, „მაგარ მოლექსესთან“ შეხვედრას: „იჯდა მოხუცი ბრძენკაცი, ამავე დროს – ნამდვილი გლეხი დაკოჟრილი, ნაჯაფი ხელებით, რომლებსაც ადგილს ვერ უძებნიდა და მისი პირით თითქოს მიწა ბუბუნებდა, სამშობლოს მიწა, – სადა, უბრალო და დიადი… ეს იყო თითქოს ქართული ხალხური პოეზია ერთ პიროვნებაში მოქცეული, როგორც ბოთლში – ჯინი, რომელმაც ამოსავალი გზა იპოვა და ერთბაშად ამოხეთქა… დამუნჯებულნი ვუსმენდით და ლექსსა და ლექსს შორის პაუზებს ჩვენი აღტაცების გამომხატველი უაზრო შორისდებულები ავსებდა. ეს მართლაც სასწაული იყო…
იოსებ ბაიაშვილი გახლავთ მართლაც დიდი მესიტყვე იმ ხალხისა, რომელმაც უაღრესად თვითმყოფი, მრავალსაუკუნოვანი უმდიდრესი სიტყვიერი კულტურა შექმნა და სასწაული სწორედ ის არის, რომ ეს კულტურა არქეოლოგიური განათხარი ან წიგნებიდან მომდინარე ცოდნა კი არ არის, დღესაც ცოცხალია და ისეთ გარეგნულად შეუმჩნეველ პიროვნებებს დააქვთ, როგორიც იოსებ ბაიაშვილი იყო.
იგი 1983 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის სასაფლაოზე განისვენებს…
უცნაურად გარდაიცვალა: – თითქოს გული უგრძნობდა, მთელ თავის სანათესავოს მოუყარა თავი, – ხატში ავიდეთ, ვილოცოთო… თავის ლექსებშიც ხომ ყოველთვის მიტოვებულ მთას მისტიროდა, იქ დარჩენილ ხატ-სალოცავებსა და წინაპართა საძვალეებს, იქ სიკვდილს ნატრობდა…
სწორედ ხატის გზაზე უეცრად დაჩოქილმა შვილიშვილის კალთაში დალია სული“…
სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა გადაჭარბებადაც მომეჩვენა , მის ლექსებს „ხალხური დიდოსტატის ნახელავი“ რომ უწოდა ვახუშტი კოტეტიშვილმა, „ვაჟა-ფშაველას სუნი ასდისო“ — თენგიზ მირზაშვილმა, მაგრამ კრებული რომ წავიკითხე, უპირობოდ დავეთანხმე წინასიტყვაობის ავტორს, ამიტომაც მგონია, რომ ხანდახან დავიწყების ჩრდილიდან სამზეოზეც უნდა გამოვიყვანოთ ამგვარი ადამიანები, რომ, რაც შეიძლება, მეტმა გაიგოს მათ შესახებ.
თითქოს არაფერს ახალს არ ამბობს იოსებ ბაიაშვილი, მის ლექსებშიც ბინდისფერი ადევს წუთისოფელს, აქაც ღამეს დღე ათენებს, დრო ყველაფრის მკურნალია, „ვინც მოდის, ისევ მიდისა“, ყველანი მიწას მივებარებით, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, გაცვეთილი აზრებიც კი წრფელი და უშუალო სიტყვებითაა ლექსად ქცეული:
„წუთია წუთისოფელი –
დახამხამება თვალისა.
ამქვეყნად წესი არ არის
მეორედ მოსვლა მკვდარისა,
ამიტომ გვმართებს ცოცხალთა
მოხდა სიცოცხლის ვალისა.
ვერვის შეუძლავ, ვერც შესძლოს
გახსნა სამარის კარისა,
იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა,
მიწის დანგრევა მყარისა.
საწუთრო არის მტვირთველი
ქვეყნად ტკბილის და მწარისა,
წუწუნიც იმას ეკუთვნის,
მთაზე ყვირილიც ხარისა,
უნდა გიყვარდეს სამშობლო,
თუ ხარ ქართველის გვარისა,
არც ლხინი თავბრუს გასხამდეს,
არც გეშინოდეს შარისა.
წასულს არ უნდა გრცხვენოდეს
დატოვებული კვალისა.
უქმად ნატარი სიცოცხლე
ფასი არ არის ჩალისა.
ერთი რამ არის საწყენი
საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა
მამაცისა და მხდალისა?!“
მის ლექსებშიცაა ტკივილი იმ ადამიანისა, რომელმაც არ იცის, ვის „დადარდდება“, ვის მოაგონდება სიკვდილის შემდეგ და ვინ გაუგებს თან გაყოლილ ფიქრებს?! აქაცაა სუდარ-სამარხიანი და ცელიანი სიკვდილის ხატება, სხვათა პოეზიაში არაერთგზის ნანახი და ერთგვარი შეგუებაც სიკვდილის არსებობასთან:
„სიცოცხლეს სიკვდილი ახლავს,
რა არის აქ უცნაური?“
აქაცაა სიკვდილის გარდაუვალობასთან შეგუებული კაცის ღირსეული მოწოდება:
„რას გვიშველს გლოვა-ტირილი,
ან სიტყვა კილოკაური,
კაცურად უნდა დახვედრა,
დარდით ვერაფერს მაუვლი,
არ დაბრუნდება უკანა,
ილაჯი გამოთაული,
ვერძი ყოჩად ვერ იქცევა,
კირჩხაზე ჩამოტყაული“.
სიკვდილის გარდაუვალობას კი ეგუება ხალხური მელექსე, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ სიკვდილიც არის და სიკვდილიც… ყველა არ არის საგლოვი, ვისაც შავი ლოდი ფარავს სამარისა, მკვდარი ისაა, ვაჟა რომ „სიცოცხლით სიკვდილიანს უწოდებს“:
„ცოცხალი, მკვდრებში სათვლელი,
ყველაზე შესაბრალია“
ძალიან წრფელია იოსებ ბაიაშვილის ლექსების ციკლი „ადექით, შეყვარებულნო!“, იმ გრძნობას რომ უმღერის, რომელსაც თავადვე უწოდებს ადამიანის მაცოცხლებელ-მასულდგმულებელს, „სულელის გონზე მამყვანს“, „ბრძენის ტვინის ამრევს“, „ლხინის ჭირად მამქცევს“, „ჭირის ლხინად შამცვლელს“. ქალის სილამაზესაც არაფრად თვლის, ერთგულება თუ არ იცის, ამიტომაც საყვედურობს პირმშვენიერ ქალს:
„პირველს მეორით გამასცვლი
ყავლგასულ ბარათივითა,
მეორეს – კიდევ მესამით
დახეულ ხალათივითა“.
ცალკე საუბრის თემაა ბაიაშვილის კაფიები – ერთგან ძველ ნაცნობებს საყვედურობს, ადრე ლაქარდიანი ენითა და ჭრელი წინდებით მატყუებდით, სადაც თქვენ მეგულებოდით, იქ ფრენით გავჩნდებოდი ხოლმე, დავსნეულდი და აღარ მოდიხართო, მეორეგან – ლობიოს ასხამს ხოტბა-დიდებას, მესამეგან – კუჭზე იძიებს შურს – ექიმმა რომ კუჭის წყლულის დიაგნოზი დაუსვა, გაბრაზებულმა „შურისძიება“ გადაწყვიტა – აბა, რად მინდა ასეთი მუცელი, თავის მონად რომ მაქცია, 70 წელია, ვემსახურები და სიკეთე ვერ დავანახეო („კაცის მტერია მუცელი, ნამეტანს თავგასულიო“). იოსებ ბაიაშვილს შეუძლია საკუთარ ავადმყოფობას, გასაჭირსა თუ შერცხვენასაც იუმორის თვალით შეხედოს, არც თვითონ დაიმძიმოს გუნება და არც სხვას დაუმძიმოს, საკუთარ თავსაც დასცინოს და ასეთი ლექსიც დაწეროს:
„ყველას რადა ჰკლავ, სიკვდილო,
რად არ თვითონა ჰკვდებიო?!
შენ ვერც ბუნება გაშინებს,
ვერც ეს დიდრონი მთებიო.
რამდენი გმირი ჩაყლაპე,
შენ მაინც ვერა ძღებიო,
ერთიღა დაგრჩა – სახელი,
ვერაფერს ვერ უშვრებიო.
სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,
ვერც საუკუნო წლებიო,
სახელი ქვეყნადა რჩება,
მიწას — ლეში და ძვლებიო.
ორივესა ჰყავ პატრონი,
ვერცერთს ვერ შაეხებიო,
გმირებს ნუ დაეჭიდები,
სიკვდილო, დამარცხდებიო!“
წავუკითხოთ ჩვენს ბავშვებსაც მისი ლექსები, გავაცნოთ, როგორც თვითონ უწოდებდა თავის თავს – „ქართული ენის ბგერა“, „სამშობლოს სიყვარულის მონა“, „გამომხატველი ლექსადა თავის ჭირის და ლხინისა“, „მწყობრ სიტყვებად ამკინძავი მამა-პაპათ ნაუბრისა“, „უბედო ბედის მამლოდინე, ცას ბეწვით დაკიდებული“ სიტყვამართალი კაცი – იოსებ ბაიაშვილი.