ბრძენი ილია ამბობდა: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“.
ყველამ კარგად ვიცით ეს სიტყვები, მაგრამ, ხშირად, არ ვაკვირდებით რამდენ სიბრძნეს იტევს ეს ერთი ფრაზა. დიახ, თუ ადამიანმა დაივიწყა თავისი ისტორია, პატივი არ სცა მათ, ვინც მანამდე იღვწოდა და ცხოვრობდა ადამიანების საკეთილდღეოდ, ის ვერ შექმნის აწმყოს და მით უმეტეს – მომავალს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეთხრო ჩვენი პატარა ისტორია სკოლის შესახებ, რომელიც უკვე თითქმის ასი წელია ემსახურება სოფელს, უზრდის განათლებულ, პროგრესულ თაობებს საქართველოს.
კახეთში მრავალი ლამაზი სოფელია, მათ შორისაა სანავარდო, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მიეკუთვნება კუჭატნის თემს. სოფელი სანავარდო ზღვის დონიდან 310 მეტრზე მდებარეობს, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ქალაქი ყვარელი, რომლისგანაც 7,5 კილომეტრითაა დაშორებული; დასავლეთით ჩამოუდის მდინარე ბურსა, რომელიც სათავეს კავკასიონის მთებიდან იღებს, დაღესტნის საზღვართან ახლოს, ორი შენაკადით: ჩაგურგულა და ფატმასური; აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები: კუჭატანი და წიწკანაანთსერი, ხოლო სამხრეთით — მდინარე ალაზანი. კავკასიონის ქედების სიდიადე, მდინარეების მწვანე ჭალები, მიწისქვეშა წყლები, ნაყოფიანი მიწები განაპირობებენ მოსახლეობის მჭიდრო დასახლებას.
სოფელი გაშენებულია ოთხ პარალელურ, სწორხაზოვან უბნად, ცენტრალური უბანი ყვარელი-თბილისის მთავარი გზატკეცილია. სანავარდოს განაშენიანება ვრცელდება 2 კილომეტრზე. სოფლიდან სამხრეთით მდებარეობს IV-VII საუკუნის ახალფეოდალური, ბაზილიკური, ნავისებური ეკლესია, რომელიც 2002 წელს ილია მეორემ აკურთხა, დღეს იწოდება, როგორც მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია.
ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფელი სანავარდო მოიხსენიება იოანე ბაგრატიონის მიერ. 1786-90 წლებში, ქართლ-კახეთის აღწერაში, ის მიეკუთნებოდა ნეკრესის ეპარქიას, საუკუნეების განმავლობაში სოფელში მოსახლეობა თანდათან შემცირდა და გადაშენდა. XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო შიდა მიგრაცია, ასპინძის რაიონიდან, ხიზაბავრიდან, უდიდან, ვარგამიდან ჩამოსახლდა რამდენიმე კომლი. ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომამდე დაიწყო და ომის შემდეგაც გაგრძელდა. ბუნებრივმა რესურსებმა – კლიმატმა, წყალმა, ნოყიერმა მიწებმა – ხელი შეუწყო სოფლის ხელახლა გაშენებას და გაძლიერებას.
XX საუკუნის 20-იან წლებამდე სოფელს არ ჰქონდა სკოლა, 1926 წელს, სოფლის მცხოვრებმა, ვასილ მანანაძემ გამოიჩინა კეთილი ნება, საცხოვრებელ სახლს მიაშენა ერთი ოთახი და დაუთმო სოფლის ახალგაზრდობას. სხვადასხვა ასაკის ბავშვები, ვისაც წერა-კითხვის შესწავლა სურდათ, ერთად სწავლობდნენ, მათი მასწავლებლები იყვნენ ქალბატონები: სიდა ნიკოლოზიშვილი, თამარ მეძმარიაშვილი და ნადია თავამაიშვილი.
სოფელ სანავარდოს მაცხოვრებლების მნიშვნელოვანმა ზრდამ დღის წესრიგში დააყენა სკოლის აშენების საკითხი. სიდა ნიკოლოზიშვილის თავდადებულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 1927 წელს, სოფლის მიერ გაღებული ხარჯით და მუშა-ხელით, აშენდა სკოლა, სადაც ოთხი კლასი იყო. სკოლის მშენებლობაზე მუშაობდნენ ოსტატები: სიმონ პარუნაშვილი და მიხეილ წალდაძე, მათი სახელები და გვარები ამოტვიფრულია ქვაზე, რომელიც აღმოჩენილ იქნა 2011 წელს, სკოლის რეაბილიტაციის დროს. მაშინდელი დირექტორის, ნანა ქაფიანიძის გადაწყვეტილებით, ეს ქვა დარჩა ღიად, ჩაისვა ჩარჩოში და სამასწავლებლოს კედელს ამშვენებს, იმავდროულად, გვახსენებს ჩვენი სკოლის ისტორიას.
სკოლის პირველი დირექტორი სიდა ნიკოლოზიშვილი იყო, მას შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობდნენ: ალექსანდრე შონია, ვალერი მოდებაძე, კოლია ბაგაევი, სოლომონ იაგორაშვილი, ჰამლეტ მანანაძე; 2006 წლიდან დღემდე, სკოლას ხელმძღვანელობს ნანა ქაფიანიძე.
სოფლის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სკოლაც, თავიდან ოთხწლიანი იყო, შემდეგ რვაწლიანად გადაკეთდა, 90-იან წლებში კი – საბაზო, ცხრაწლიან სკოლად.
2009 წელს სკოლას ტიციან ტაბიძის სახელი ეწოდა და მას შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლა სიამაყით ატარებს ამ სახელს. სახელის მინიჭება ტიციან ტაბიძის შვილიშვილის, გივი ანდრიაძის დამსახურებაა, ის მსოფლიო დონის კარდეოლოგია, ყოფილი მოფარიკავე, სპორტის რაინდად წოდებული. ბატონი გივის ბებია, ქალბატონი ნინო მაყაშვილი წარმოშობით ყვარლიდან იყო, ბატონ გივის ბევრი მოგონება აკავშირებდა ყვარელთან და სოფელ სანავარდოსთან. ძალიან უნდოდა, ყვარელში რომელიმე სკოლას მისი დიდი წინაპრის სახელი ეტარებინა, ბატონი გივისა და იმჟამინდელი დირექტორის, ნანა ქაფიანიძის მონდომებით, 2009 წელს, სკოლას ტიციან ტაბიძის სახელი ეწოდა.
სოფელ სანავარდოს სასკოლო ისტორიას ქმნიდნენ ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ თავიანთი სოფელი, აღსაზრდელები და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ სანავარდოელი მოსწავლეების სწავლა-განათლებისთვის. ესენი იყვნენ მასწავლებლები: ნადია ჭაბაშვილი, მანია ლაფაჩიშვილი, ალიოშა შონია, ელენე თამაზიშვილი, თინა ასაბაშვილი, ნინა როსტომაშვილი და სხვ.
წლების განმავლობაში აღიზარდა ისეთი თაობა, რომელიც უკვე თვითონ ზრუნავდა სოფლის სწავლა-განათლებაზე. მათ ისეთი კვალი დატოვეს, რომ დღესაც პატივით იხსენებენ, მათზე მოგონებები სასიამოვნო განცდას იწვევს თითოეულ სანავარდოელში – სტეფანე ველიჯანაშვილი, მარიამ მურადაშვილი, რუსუდან გელაშვილი, ვახტანგ ხაჩიშვილი, თინა მელიქოვა, ტასია ზაუტაშვილი, ლელა მჭედლიშვილი, გიორგი იშხანიძე, ვერა ყულჯანიშვილი, რუსუდან ყულჯანიშვილი, მარიამ პაპაშვილი, კეკელა კეღოშვილი, მარიამ მამუკაშვილი, ალექსანდრე ისკანდარაშვილი – 50-ანი წლების მასწავლებლები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა დირექტორი სოლომონ იაგორაშვილი.
მათი აღზრდილი მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ რაიონის სკოლებში, მაშინაც და ახლაც, წარმატებულად ამთავრებენ საშუალო სკოლას და ეწყობიან სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ამ წლების განმავლობაში, სკოლამ ბევრი სახელოვანი ადამიანი აღზარდა: ილია ყრუაშვილი, შალვა ყულჯანიშვილი, ვახტანგ ჯანაშვილი, რობერტ მაზმიშვილი, ფრიდონ ყულჯანიშვილი, ლიკა ყულჯანიშვილი, ოთარ პეტრიაშვილი, მარიამ კიკნაძე, მირიან გიგოლაშვილი, სიმურ თარხნიშვილი, ლალი ყრუაშვილი, დავით პიტიურიშვილი და სხვა.
სკოლა აგრძელებს ტრადიციებს… 2019 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო რეფორმა, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, საქართველოში შეირჩა 165 სკოლა, მათ შორის იყო სანავარდოს საჯაროც, რაც, ალბათ, იმან განაპირობა, რომ სკოლას, 15 პედაგოგიდან, 13 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
მასწავლებლები, დირექტორის, ნანა ქაფიანიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ ამ რეფორმაში. ამჟამად სკოლის 19 პედაგოგიდან 4 წამყვანია, დანარჩენი კი — უფროსი მასწავლებელი. ჩვენი სკოლის 9 მასწავლებელი მიწვეულია ყვარლის სკოლებში, შეთავსებით მუშაობენ და აქტიურად უზიარებენ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას. ამჟამად სკოლის დირექცია და პედკოლექტივი 75 მოსწავლის აღზრდას ემსახურება. გავა დრო და ეს მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც დაწერენ ახალ სასკოლო ისტორიას, რომელიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც იყო წლების განმავლობაში, რადგან წარსული ქმნის აწმყოს, აწმყო კი – მომავალს. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ილიას სიტყვები: „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“.