ყველას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის ბავშვებსაც. თუმცა, ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, არასრულწლოვნებს საკუთარი უფლებების დაცვა, ხშირად, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაზე მშობლებს უწევთ ზრუნვა. თუმცა, მშობელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შვილის უფლებების დაცვას, თუ მან, პირველ რიგში, კარგად იცის, რა არის მისი შვილის პერსონალური მონაცემები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ უკანონოდ გამოყენებას. სკოლა კი, პირდაპირ ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება – აქ მოსწავლე დღის უმეტეს ნაწილს ატარებს და მის შესახებ სრული ინფორმაცია ინახება. ამიტომ, სკოლა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მოსწავლეების პირადი მონაცემების შეგროვებას და, მათი გამოყენებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაააქტიურა მუშაობა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით და, ცოტა ხნის წინ, სკოლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
რას ისახავს მიზნად დოკუმენტი? რა ვითარებაა ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით და რა პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლებს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში? – ამ თემებზე გვესაუბრება საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.
– ცოტა ხნის წინ, თქვენმა სამსახურმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რას ითვალისიწინებს დოკუმენტი?
– საქართველოში არსებობს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვას არეგულირებს. თუმცა, კანონი ზოგადი შინაარსისაა, ამიტომ, დარგობრივ კანონმდებლობაში, სადაც ნაწილი საკითხებისა დარეგულირებულია, მაგრამ იქაც ზოგადი ჩანაწერებია, ვცდილობთ, შევქმნათ ასეთი ტიპის რეკომენდაციები და დეტალურად განვმარტოთ კანონი, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი იმპლემენტირება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განათლების სფეროში. ეს იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების თოთოეული წევრისთვის უფრო გასაგები ენით აღვწერთ და მარტივად აღსაქმელს ვხდით, სხვადასხვა სფეროში, რა მონაცემები გროვდება ან როგორ გროვდება, რა წესები უნდა იქნეს დაცული და ა.შ. ამჯერად, ჩვენმა სამსახურმა სკოლებში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციები სკოლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის მოამზადა. ჩვენი მიზანია, მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვას – რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე მივიდეს ეს მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია. ამის მიზეზი, ბუნებრივია, არსებობს, მეტიც, ამ მიმართულებით, საზოგადოების დაბალი ცნობიერება ერთ-ერთი გამოწვევაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი, სწორედ ის სამსახურია, რომელიც აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას და ამას სხვადასხვა გზით ვაკეთებთ: პირველი – ვრეაგირებთ შესაძლო დარღვევის ფაქტებზე; მეორე – გავცემთ კონსულტაციებს, თუკი რომელიმე კერძო პირს ან საჯარო თუ კერძო დაწესებულებას ეს სჭირდება; მესამე – აქტიურად ვაწარმოებთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას. არის შემთხვევები, როდესაც არ ველოდებით მოქალაქის მომართვას და, ჩვენი ინიციატივით, სხვადასხვა მიმართულებებს ვამოწმებთ, მივდივართ ადგილზე და პრობლემების იდენტიფიცირებას ვახდენთ.
როგორც გითხარით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ამ სფეროში, მოქალაქეთა ცნობიერებაა. ამას გარკვეული ობიექტური მიზეზები განაპირობებს, თუნდაც ის, რომ ეს თემა მაინც შედარებით ახალია საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2013 წლიდან ფუნქციონირებს, მაშინ, როცა ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში გაცილებით ადრე შეიქმნა მსგავსი სამსახურები. ამიტომ ვამბობ, რომ ეს გამოწვევა ბუნებრივიცაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ უნდა წავიდეთ და საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს რამდენად მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა, მით უფრო, როცა საქმე ბავშვებს ეხება.
– ვიდრე უშუალოდ რეკომენდაციებზე გადავალთ, იქნებ მოკლედ გვითხრათ, როგორია ჩვენი რეალობა – რა ხდება სასწავლო დაწესებულებებში, როგორ არის დაცული არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები?
– პირველი, რაც უკვე გითხარით – მომართვიანობა არ არის მაღალი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაქტებია ცოტა. ვფიქრობ, ფაქტები გაცილებით მეტია, უბრალოდ, ბავშვებმა სრულყოფილად არ იციან საკუთარი უფლებები, არც მშობლებს აქვთ ინფორმაცია ბავშვების უფლებებზე, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომართვიანობა იმაზე დაბალია, ვიდრე რეალურად შეიძლება იყოს. შარშან 13 შემთხვევა შევისწავლეთ, მათ შორის, იყო როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების შემთხვევები. შესწავლილი 9 სკოლიდან, მაგალითად, შვიდში დავადგინეთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები (სხვადასხვა შინაარსის დარღვევები) იყო.
გეტყვით იმასაც, რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა – ეს არის ბავშვების შესახებ მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული გამოწვევები. კერძოდ, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვებზე იმაზე მეტი პერსონალური მონაცემი გროვდებოდა, ვიდრე ეს კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებითაა გაწერილი. ზოგჯერ საგანმანათლებლო დაწესებულება თავად განსაზღვრავდა დამატებით დოკუმენტებს, ბავშვებზე პერსონალური მონაცემების შეგროვების პროცესში. ჩაითვალა, რომ ეს სრულიად ზედმეტი მოცულობის მონაცემებია და არანაირ მიზანს არ ეხმიანებოდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვების პირადი საქმეების შენახვის წესები დაირღვა. მაგალითად, ბავშვების პირადი საქმეები ინახებოდა ისეთ ადგილებზე, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა სკოლაში მომუშავე ყველა პირს, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა. ბავშვის მონაცემზე მხოლოდ იმას უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ვისაც ეს სამსახურებრივი მოვალეობის განსახორციელებლად სჭირდება; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც დავადგინეთ, რომ ვიდეომონიტორინგის წესები დაირღვა. ყველა სკოლას აქვს ვიდეომონიტორინგის განხორციელების უფლება, თუმცა, არსებობს გარკვეული წესები, რაც ამ ვიდეომონიტორინგის დროს უნდა დაიცვან. პირველი — როგორ ხდება, მაგალითად, ვიდეომონიტორინგის შედეგად მოპოვებული ჩანაწერების შენახვა, რამდენი ხანი ინახება, ვის აქვს წვდომა ამ ჩანაწერებზე და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ვიდეოჩანაწერებზე იმაზე მეტ პირს ჰქონდა წვდომა, ვიდრე საჭირო იყო. ამის გარდა, დაფიქსირდა ისიც, რომ ვიდეოკამერები ზოგჯერ არ იყო განთავსებული იმ ადგილზე, სადაც კანონითაა გათვალისწინებული.
– ბოლო დროს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დარღვევის ყველაზე გახმაურებული ფაქტი სწორედ მსგავს პრობლემას უკავშირდება, საუბარია ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეთა საპირფარეშოებში გაკეთებულ ვიდეოჩანაწერებზე.
– საბედნიეროდ, ჩვენ საპირფარეშოებში ვიდეოკამერების დამონტაჟება აღარ დაგვიფიქსირებია, თუმცა, იყო შემთხვევა, როცა საპირფარეშოების შესასვლელებში ჰქონდათ კამერები, რაც ასევე დარღვევად ჩავთვალეთ, რადგან ესეც პირად სივრცედ ითვლება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, ვის და რა ფორმით გადაეცემა შემდეგ ვიდეოჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალები. ეს საკითხიც, როგორ და ვის გადაეცეს, აუცილებლად მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული, გასათვალისწინებელია ისიც, არის თუ არა მშობლის თანხმობა. თუ მშობლის თანხმობა არ არის, მაშინ უნდა არსებობდეს სასამართლოს განჩინება ამ ვიდეოჩანაწერების გაცემაზე. ჩვენ აქაც გარკვეული სახის პრობლემები დავინახეთ.
უფრო ხშირია მომართვიანობა მშობელთა კრებებზე პერსონალური მონაცემების განხილვასთან დაკავშირებით. იყო შემთხვევა, როცა იმის გამო მოგვმართეს, რომ მშობელთა კრებაზე, საჯაროდ, განიხილეს კონკრეტული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხი. ცხადია, ჩავთვალეთ, რომ ეს პრობლემაა, რადგან კატეგორიულად დაუშვებელია კონკრეტული ბავშვების პერსონალური მონაცემების მშობელთა კრებაზე განხილვა.
ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რაც შესწავლის პროცესში აღმოვაჩინეთ და ცხადია, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.
– ეს 13 შემთხვევა თქვენმა სამსახურმა საქართველოს მასშტაბით გამოავლინა? როგორ შეარჩიეთ სკოლები, სადაც ამ თემის შესწავლა დაიწყეთ?
– დიახ, ეს იყო, საქართველოს მასშტაბით, გარკვეული კრიტერიუმებით შერჩეული სკოლები. ავარჩიეთ ქალაქის და რაიონის სკოლები, სადაც ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლობს ან პირიქით – ყველაზე მცირეკონტინგენტიანი. ჩართული იყო როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები. სხვადასხვა კრიტერიუმებით ვეცადეთ, რომ ჩვენი ინტერესის ობიექტი ყველა კომბინაციის სკოლა ყოფილიყო. აღმოჩენილი დარღვევები ასახულია წინა წლის ანგარშში – 2019 წლის სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის ანგარიში ყველასთვის ხელმისაწვდომია და უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ იქაც გაეცნოთ. ჩვენი სამსახური, ყოველწლიურად, წარუდგენს პარლამენტს ამ ტიპის ანგარიშს, სადაც ცალკე თავი ეთმობა არასრულწლოვანთა სფეროს – არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და იმ მიგნებებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
– იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც თქვენმა სამსახურმა გამოავლინა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სკოლებს და ზოგადად, ვისი უფლებამოსილებაა ამ დარღვევებზე რეაგირება?
– ჩვენი სამსახური, რა თქმა უნდა, უფლებამოსილია გაწეროს შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები. იგულისხმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება სკოლისთვის, რაც შეიძლება გამოხატული იყოს გაფრთხილებით ან კონკრეტული ჯარიმის დაკისრებით. ჯარიმის თანხა იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა სკოლაში. თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩვენს სამსახურს პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება აქვს, პარალელურად, უფლება გვაქვს, გავცეთ სავალდებულოდ შესასრულებელი დავალებებიც, ასევე, რეკომენდაციები სკოლებისთვის, რომ კონკრეტული პრობლემები გამოასწორონ. სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩვენი რეკომენდაციები არ გაეთვალისწინებინოს. შემდეგ, მონიტორინგსაც ვაწარმოებთ, თვალს ვადევნებთ, როგორ შესრულდა ჩვენი რეკომენდაციები და შეძლო თუ არა სკოლამ ხარვეზების გასწორება. მინდა გითხრათ, რომ ისინი ძალიან კარგად თანამშრომლობენ ამ მიმართულებით და გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებს სწრაფად აგვარებენ.
კიდევ ერთ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა განზრახ ჩადენილ დარღვევებთან. ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როდესაც დარღვევა განპირობებულია არასაკმარისი ინფორმაციის ქონით. მაგალითად, კონკრეტული დარღვევა იმან განაპირობა, რომ მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია და არა იმის გამო, რომ ვიღაცამ ეს განზრახ გააკეთა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ აქტიურად ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა. ამ რეკომენდაციების განახლებული ფორმით წარმოდგენაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვგეგმავთ ასევე, ჩვენ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით, დებულების მომზადებას, რომელსაც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას მივაწოდებთ – უკეთ რომ დაინახონ, სად არის პრობლემა და რა გამოასწორონ.
ტრენინგ-მოდულზეც ვმუშაობთ, რომელიც ორიენტირებული და ფოკუსირებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, საგანმანათლებლო სისტემაში პერსონალური მონაცემების დაცვაზე. ამ დღეებში, ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე, ლაივდისკუსიაც გავმართეთ. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო პროექტს ვახორციელებთ – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“ – რომლის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კონკურსის საფუძველზე, ავარჩიეთ სტუდენტები, რომლებიც ადგილებზე დაგვეხმარებიან, მათ შორის, ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
– უშუალოდ სკოლებთან ახორციელებთ საინფორმაციო კამპანიას თუ პროცესებში განათლების სისტემის სხვა რგოლებიც არიან ჩართული?
– სამწუხაროდ, წელს, პანდემიის გამო, ამ კამპანიების დაგეგმვის პროცესში, ბევრ რამეში შეგვეშალა ხელი. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჟამად, უფრო ონლაინ რეჟიმში ვიმუშაოთ, თუმცა, იმ მასშტაბით, როგორც ვგეგმავდით, შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ გავაკეთებთ. მომავალი წლიდან კი, რა თქმა უნდა, არეალს გავაფართოვებთ და პროცესი აუცილებლად იქნება კოორდინირებული განათლების სამინისტროსთან, რადგან ამის გარეშე, დამოუკიდებლად, ფიზიკურად ვერ შევძლებთ. ამიტომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, ვაპირებთ უფრო ინტენსიური მუშაობის გაგრძელებას და როცა უკვე მზად გვექნება ტრენინგ-მოდული და შესაბამისი კრებული, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების უფრო ორგანიზებულ კამპანიებს ჩავატარებთ.
– ქალბატონო ლონდა, ახლა უშუალოდ რეკომენდაციებზე გადავიდეთ – რა არის მთავარი გზავნილი სკოლებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის?
– მთავარი გზავნილი, ვფიქრობ, არის ის, რომ სკოლამ, მშობელმა (რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება) და თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავაცნობიეროთ ის შედეგები, რაც ბავშვების პერსონალური მონაცემების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. ზოგჯერ, როცა პერსონალური მონაცემების შესახებ ზოგადად ვსაუბრობთ, საზოგადოებაში სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ, როცა უკვე კონკრეტულ შედეგებზე გავდივართ, ეს აღშფოთებას იწვევს. პერსონალური მონაცემების დარღვევას მოსდევს ბავშვის ბულინგი, დისკრიმინაცია და ა.შ. სწორედ ამის შედეგებს აცნობიერებს ყველა, თურმე, რა მნიშვნელოვან რამეზე ვსაუბრობთ. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყოველი კონკრეტული შემთხვევით/დარღვევით გამოწვეულ მავნე შედეგებზე ვიფიქროთ, კარგად გავაანალიზოთ ის საფრთხეები, რაც ბავშვის პერსონალური მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოსდევს ხოლმე. ამიტომ, სკოლებისთვის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა როგორ დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, ამაზე თვითონ სკოლებმა უნდა იმუშაონ სისტემის შიგნით, იზრუნონ სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებაზე – ყველას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა როგორ მოეპყრას ბავშვების პერსონალურ მონაცემებს. მშობლებთან გზავნილიც იგივეა. ბავშვების პერსონალური მონაცემების დარღვევებზე პასუხისმგებლობას ყოველთვის მხოლოდ სკოლას ვერ დავაკისრებთ. სამწუხაროდ, მშობლებიც ძალიან ხშირად სცოდავენ ხოლმე ბავშვებთან მიმართებაში. მათი დამოკიდებულება, დაახლოებით, ასეთია: მე, მშობელმა, ეს გადავწყვიტე და ჩემი გადაწყვეტილებაა ყველაფერი. ზოგჯერ ნაკლებად ფიქრობენ რამდენად იქნება მორგებული ეს გადაწყვეტილება თვითონ ბავშვის ინტერესზე. ამიტომ, მშობლებისთვისაც მთავარი სათქმელი ეს არის – რაც შეიძლება მეტი გაიგონ და ისწავლონ შვილების პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით. ამ რეკომენდაციების მიზანიც ეს არის – გვინდოდა, მათაც სცოდნოდათ თავიანთი მოვალეობები და უფლებები (რა პრეტენზია შეუძლიათ, ასე ვთქვათ, სხვას წაუყენონ თავიანთ შვილებთან მიმართებით).
– რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომელიც შეიტყობს ან იფიქრებს, რომ მისი შვილის უფლებები ირღვევა პერსონალური მონაცემის დაცვის მიმართულებით?
– პირველ რიგში, გეტყვით, რომ მშობელს სამი გზა აქვს და რომელს აირჩევს, ეს მასზეა დამოკიდებული. პირველი – შეუძლია, სკოლას მიმართოს ხარვეზების გამოსასწორებლად და სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს; მეორე – საქართველოში პერსონალურ მონაცემზე ზედამხედველობის ერთადერთი ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, სადაც მას შეუძლია შემოიტანოს განცხადება, აღწეროს შვილის რომელი უფლება დაირღვა. სახელმწიფო ინქსპექტორის სამსახური განიხილავს და, საჭიროების შემთხვევაში, სკოლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზეც იმსჯელებს; მესამე – თუ მას სურს, სასამართლოს გზით დაიცვას შვილის უფლებები, შეუძლია აღარ მიმართოს არც სკოლას და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, პირდაპირ წავიდეს სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში, მან უკვე სასამართლო წესით უნდა იდავოს იმ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მის შვილს პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავების გზით მიადგა.
– ხომ არ იგეგმება მშობლების მიმართვიანობის გზის გამარტივება? თუნდაც თქვენს სამსახურთან ცხელი ხაზის საშუალებით დაკავშირება და ა.შ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ განცხადების შემოტანა საკმაოდ რთული გზაა.
– მომართვის რამდენიმე გზას ვთავაზობთ მშობელს, განცხადების შემოტანა არ არის, მაინცდამაინც, სავალდებულო და ერთადერთი გზა. კონსულტაციებისთვის გამოყოფილი გვაქვს ტელეფონის ნომერი, რომელიც სამუშაო საათებში ხელმისაწვდომია. ნებისმიერ მშობელს შეუძლია, დარეკოს კონსულტაციისთვის და აუცილებლად მიიღებს სატელეფონო კონსულტაციას. ასევე, მშობელს შეუძლია ინტერნეტის საშუალებითაც დაგვეკონტაქტოს, ჩვენი ვებგვერდი იძლევა იმის საშუალებას, რომ ელექტრონულად გამოგზავნონ შეტყობინებები ან განცხადებები. შეუძლიათ ელფოსტითაც ისარგებლონ და ასე მოგვაწვდინონ ხმა ან, როგორც გითხარით, ფიზიკურად შემოიტანონ განცხადებები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირი სეგმენტისთვის მარტივი იყოს ჩვენთან კომუნიკაცია, თუმცა, გეთანხმებით, რომ, ალბათ, უფრო მეტ მშობელს უნდა მივაწვდინოთ ხმა, რისთვისაც, როგორც გითხარით, განათლების სამინისტროსთან ერთად, ცნობიერების ამაღლების უფრო ფართომასშტაბიან კამპანიებს ვგეგმავთ.
– საინტერესოა, თუ იგეგმება პერიოდული მონიტორინგი იმის გასარკვევად, რა ხდება სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით თუ მხოლოდ შემოსული განცხადებების საფუძველზე ახდენთ რეაგირებას?
– ჩვენ ვაგრძელებთ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მონიტორინგს, რადგან ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. შესაბამისად, წელსაც, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გვაქვს გეგმები, რის შემდგომაც საბოლოო რეპორტს მოვამზადებთ და, წლის ბოლოსთვის, ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ. გვინდა, ყველას ვაცნობოთ ამ სფეროში ჩვენი თვალით დანახული პრობლემების შესახებ – რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
– მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნაკლები დარღვევების დაფიქსირება, მეტწილად, დამოკიდებულია ინფორმაციის სიმცირეზე – ერთია, რომ უნდა დავიცვათ, მაგრამ უმთავრესია, ვიცოდეთ რა უნდა დავიცვათ.
– ნამდვილად, ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია – ცნობიერების ამაღლება როგორც საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირების, ასევე იმ ადამიანების, რომელთა უფლებები, შესაძლოა, არაკანონიერი დამუშავების შედეგად დაირღვეს. ამიტომ, ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა როგორც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი, ისე მოსწავლე და მისი მშობელი. სამივე სეგმენტი თანაბრად მნიშვენლოვანი და საინტერესოა ჩვენთვის.
– განიხილება თუ არა მოსწავლის მიერ დაფიქსირებული შეტყობინება დარღვევის შესახებ თუ მხოლოდ მშობლის შეტყობინებაა ლეგიტიმური?
– რასაკვირველია, განიხილება. ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ადამიანი მოგვმართავს, ბავშვის მომართვაც ისეთივე ლეგიტიმურია, როგორც უფროსის და მასაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს. თუმცა, ბავშვების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ დაბალია, რასაც ასევე ინფორმირებულობის ნაკლებობასთან ვაკავშირებ. შესაძლოა, ბავშვები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ან უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, მაგალითად, რომელიმე ბავშვი ბულინგის ან დისკრიმინაციის მსხვერპლია იმიტომ, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა სკოლაში, რამაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაამძიმა. ალბათ, ნაკლებად ფიქრობენ იმაზეც, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პერსონალური მონაცემების დარღვევებთან. ბავშვები რომ ნაკლებად მოგვმართავენ, ვფიქრობ, ამის მიზეზიც ეს არის.
– დაბოლოს, თქვენ მიერ გამოვლენილი შემთხვევებიდან, რას უკავშირდება ყველაზე მძიმე დარღვევა?
– ყველაზე რთული შემთხვევა, რასაც მძიმე შედეგი გამოუწვევია, კონკრეტული ბავშვის შესახებ მშობელთა კრებაზე განხილული დეტალები იყო. შესაძლოა, ეს ყოფაქცევასთან დაკავშირებული საკითხი იყოს, რომელიც შემდეგ ბავშვის დისკრიმინაციას იწვევს, მათ შორის, სხვა მშობლების მხრიდან, მაგალითად – თუ ეს ბავშვი ასეთია, არ მინდა, ჩემი შვილი კლასში მასთან ერთად სწავლობდეს. ასეთი დამოკიდებულება, შემდგომ, იმდენად ნეგატიურად აისახება ბავშვის იმავე სკოლაში სწავლის გაგრძელებაზე, რომ ყველაზე რთულ შემთხვევად ამ საკითხს გამოვყოფდი. ყოფაქცევასთან დაკავშირებული შენიშვნების თუ ბავშვის მხრიდან კანონის საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სკოლაში – პირთა განუსაზღვრელ წრეში, ყველაზე მწვავედ აისახება ბავშვის შემდგომ ცხოვრებაზე.
ესაუბრა ლალი ჯელაძე