ქართველი სტუდენტები უცხოეთში
აკაკი უგრეხელიძე
ვსწავლობდი ქალაქ რუსთავის 24-ე ქართულ გიმნაზიაში. სკოლაში გატარებული წლები, ასე თუ ისე, მნიშვნელოვანია, რადგან ვსწავლობთ ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ სკოლაში მიღებული განათლება არანაირად არაა საკმარისი წარმატების მისაღწევად. აუცილებელია, სკოლის გარეთ იყო აქტიური და განავითარო საკუთარი შესაძლებლობები. სკოლის წლებში უამრავი პროექტის მონაწილე ვიყავი, მათ შორის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რუსთავში პირველი „Rotary Club“-ის დაარსება, რაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევძელით და მიხარია, რომ ეს კლუბი დღესაც ფუნქციონირებს და ატარებს აქტივობებს, რომელიც რუსთავის ახალგაზრდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ამაში უდიდესი წვლილი „ფრანკლინის კლუბს“ მიუძღვის, რომელიც დაიხურა, სამთავრობო წნეხიდან გამომდინარე. გავიარე მრავალი კურსი, რომელსაც, უმეტესად, კავშირი ჰქონდა ეკონომიკასა და საჯარო პოლიტიკასთან.
⇑⇓ Gettysburg College
აშშ-ში განათლების მიღება ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, რადგან ამერიკული საგანმანათლებლო კულტურა გაძლებს საშუალებას, აღმოაჩინო და შეიცნო შენი ტემპით და არა წინასწარ გაწერილი გეგმით. საერთოდაც, შეგიძლია შექმნა საკუთარი სასწავლო პროგრამა და დაეუფლო მხოლოდ იმას, რაც შენთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ათამდე უნივერსიტეტში ჩავირიცხე, სრული დაფინანსებით, თუმცა არჩევანი Gettysburg College-ზე შევაჩერე, რომელიც ქალაქ გეთისბერგში მდებარეობს. სწორედ ამ ქალაქში მოხდა გეთისბერგის ბრძოლა ამერიკის სამოქალაქო ომის დროს და აქ მიმართა აბრაამ ლინკოლნმა იუნიონისტების არმიას. აქედან მომდინარეობს ტრადიცია, ყოველ წელს, როცა პირველკურსელები მიდიან ბრძოლის მემორიალთან, გეთისბერგის მერი წარმოთქვამს ლინკოლნის სიტყვას. კოლეჯში ვსწავლობ მათემატიკურ ეკონომიკას, საჯარო პოლიტიკასა და მონაცემთა მეცნიერებას.
⇑⇓ ამერიკული სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის
ყველასათვის ცნობილია რაოდენ ძვირია ამერიკული განათლება. თუმცა ფასი, რომელიც მოცემულია უნივერსიტეტების ვებსაიტებზე, იშვიათ შემთხვევაშია ის ფასი, რასაც სტუდენტი რეალურად იხდის. უმეტეს კერძო კოლეჯსა და უნივერსიტეტს ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს, რომელიც, უმეტესად, სწორედ სტუდენტების დაფინანსებას ხმარდება. საკუთარი კოლეჯის მაგალითი რომ ავიღო, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი მხოლოდ სტუდენტების დაფინანსებას ხმარდება და ეს დაფინანსება ოჯახის შემოსავლისა და შენი აპლიკაციის მიხედვით გაიცემა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად გეთისბერგის კოლეჯის პატარა ზომისა (სულ 2000 სტუდენტი სწავლობს), აქედან ქართველ სტუდენტთა რაოდენობა 5-ია და ძალიან კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ.
კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ვსწავლობ, რაც საკმარისია საგანმანათლებლო ხარჯების დასაფარად, მაგრამ ცხოვრების ხარჯების დაფარვა ჩემზე და ჩემს ოჯახზეა. თუმცა, არც ამ ხარჯების დაფარვაა წარმოუდგენელი კოლეჯების მხრიდან. არის გრანტები, მთავარია, იყო მოტივირებული, გქონდეს წარმატების მიღწევის ამბიცია, დანარჩენი მოგვარებადია.
⇑⇓ მსგავსება და განსხვავება უცხოურ და ქართულ განათლებას შორის
ქართული და ამერიკული უმაღლესი განათლების ინსტიტუციებს შორის, ყველაზე დიდი განსხვავება, ალბათ, ამერიკული კოლეჯების მცირე ზომა და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებაა. მაგალითად, გეთისბერგის კოლეჯში, ლექციაზე აკრძალულია 15 ადამიანზე მეტის დასწრება, ანუ თითოეულ პროფესორს, ძალიან ახლო კავშირი აქვს ყოველ სტუდენტთან და თუნდაც შეფასების დროს, ეს სიახლოვე აისახება შედეგებზე. ასევე, სიახლოვე პროფესორთან გაძლევს საშუალებას, იყო უფრო მეტად ჩართული კვლევებსა თუ შესაძლებლობებში. ყველა სტუდენტს ჰყავს მრჩეველი პროფესორი, რომელიც გეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში და ის შენი მენტორია. გარდა ამისა, არსებობს ცალკე დეპარტამენტი, რომელიც გაკავშირებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან და გეხმარება სამსახურის დაწყებაში, რაც პირდაპირ კავშირშია შენს პროფესიასთან. საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი ფუფუნება არ გვაქვს და ხშირად, კურსდამთავრებულები, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სამუშაოს გარეშე რჩებიან. ამერიკული კოლეჯის მთლიანი კონცეფციაა, აღმოაჩინო რისი კეთება გინდა ცხოვრებაში და ამიტომ, არაა რთული პროფესიის შეცვლა. მაგალითად, მე არ ვიცოდი რა იყო ჩემი ძლიერი მხარეები და სად ვხედავდი ჩემს თავს, თუმცა კოლეჯის ბუნებიდან გამომდინარე, ავირჩიე მრავალფეროვანი კურსები, მაგალითად, როგორიცაა ქიმია. თუმცა, მივხვდი, რომ მეცნიერება არ იყო ჩემთვის და საბოლოოდ, ავირჩიე ჩემი საგანმანათლებლო განვითარების გზა გეთისბერგის კოლეჯში. ქართული უნივერსიტეტების შემთხვევაშიც შესაძლებელია პროფესიის შეცვლა, თუმცა არა ისე მარტივად, როგორც ამერიკულში.
⇑⇓ ყველაზე საინტერესო სივრცე კოლეჯში
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო პრეზიდენტის სასახლის ხილვა, სადაც ჩვენი კოლეჯის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი (რექტორი) მუშაობს. შენობა აშენებულია 1832 წელს და სამოქალაქო ომის დროს სამხედრო საავადმყოფო იყო. კოლეჯის ტრადიციაა პირველკურსელების სვლა ამ შენობაში, სამხრეთის კიბიდან ჩრდილოეთის კიბისკენ და უკან ჩამოსვლა, ხოლო, როცა 4-წლიან განათლებას დაასრულებ, ისევ მიჰყვები ამ ტრადიციას, ოღონდ პირიქით. ასევე არის მითი, თითქოს, ამ სვლას სწავლის დამთავრებამდე თუ გაიმეორებ, სწავლას ვერ დაასრულებ.
⇑⇓ თუ შენ შენ ხარ, აშშ-ში ყველაფერი გამოგივა
უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, აუცილებელია, უცხო ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ჩემ შემთხვევაში – ინგლისურის. საბედნიეროდ, ამერიკული კოლეჯები, ნელ-ნელა, უკვე ყურადღებას აღარც კი აქცევენ გამოცდებს და მთელი მნიშვნელობა შენს გამოცდილებაზე გადადის. ის, რომ გაიზარდე საქართველოში, ქვეყანაში, რომლის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და გიწევს, იყო ამ მუდმივი ბრძოლის მონაწილე, უკვე გამოცდილებაა. აუცილებელია, იპოვო შენი მიზანი, არა ზოგადად, მსოფლიოს შეცვლა, არამედ უფრო კონკრეტული და ამ მიზნისკენ სწრაფვა. მთავარია, იპოვო შენი თავი და აშშ-ში ყველაფერი გამოგივა. ამერიკა, სწორედ, ამ ფუნდამენტზეა აშენებული.
დაბრკოლება ბევრია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ, საბოლოოდ, ყველაფერი გამოვა. მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა! შეიძლება ერთხელ დამარცხდე, თუმცა სვლა უნდა განაგრძო.
⇑⇓ სტუდენტობა ამერიკულად – „study hard, party harder“
თავისუფალ დროს, ძირითადად, პარასკევსა და შაბათს, იმართება წვეულებები. როგორც ამბობენ: „study hard, party harder“. ამ წვეულებათა უმეტესობის ორგანიზატორები საძმოებია, ე.წ. fraternities and sororities. გარდა ამისა, შეგიძლია, დაკავდე ნებისმიერი ჰობით, იქნება ეს ხატვა, ძერწვა, ქანდაკება, მუსიკა…, რადგან კოლეჯი უამრავ რესურსს გთავაზობს, რომელთა უდიდესი ნაწილი უფასოა.
⇑⇓ მომავლის გეგმები
ჩემს კოლეჯში ქართველთა უმეტესობა საჯარო პოლიტიკის მიმართულებით ვსწავლობთ, რაც მახარებს და მიმაჩნია, რომ სწორედ ჩვენი თაობა ააშენებს ისეთ საქართველოს, როგორიც ჩვენს წინაპრებს სურდათ. გეგმებს რაც შეეხება, ძირითადად, მაინც საქართველოში დაბრუნება გვინდა, ახლო თუ შორეულ პერსპექტივაში.
სამომავლოდ, გარკვეული პერიოდი, მსურს დავრჩე აშშ-ში და, მიღებული განათლებით, ფინანსების სფეროში დავსაქმდე – ფინანსური კორპორაციების ნაწილში, რომლებიც დიდ კლიენტებს ემსახურება – ეხმარება ქონების სწორად მართვაში (hedge funds). შემდეგ, მინდა საქართველოში დავბრუნდე და სწორედ ასეთი ფინანსური კორპორაცია გავხსნა, მოვიზიდო ინვესტორები, რადგან საქართველო საინტერესო და აუთვისებელი ბაზარია უცხოელი ინვესტორებისთვის. თუმცა, არ მინდა ინვესტიციების დადებითი შედეგი და ეკონომიკური განვითარება მხოლოდ 1%-მა იგრძნოს. ვსწავლობ საჯარო პოლიტიკას, რათა ინვესტიციების ქვეყანაში რეინვესტირება, ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ისეთ პროექტებში მოხდეს, რომელიც ყველას წაადგება და ყველა ოჯახი იგრძნობს ეკონომიკური განვითარების შედეგებს, ასევე – საგადასახადო პოლიტიკის მოწესრიგებაში, რადგან კაპიტალიზმის პირობებში, აუცილებელია ბაზრის კონტროლი და მოგების ქვეყანაში რეინვესტირება. არ მსურს პოლიტიკაში მოსვლა, რადგან მიმაჩნია, რომ ის ქართველები, რომლებიც თუნდაც ჩემ გვერდით სწავლობენ, მზად არიან ქვეყნის საშენებლად, მე მხოლოდ ამ პროცესში მცირე წვლილის შეტანა მინდა.
⇑⇓ ოკეანის მიღმა დარჩენილი საქართველო
შორიდან ჩვენი ქვეყანა უნიკალური და განსაკუთრებულია. აი, ისეთი, ყველას რომ აოცებს საკუთარი ისტორიით და კულტურით. ხშირად მაქვს აქაურ სტუდენტებთან საუბარი ქართულ კულტურასა და იდენტობაზე. მთავარი ქვაკუთხედი ჩემთვის არის: „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“. როცა აშშ და დასავლური სამყარო მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს მიხვდა იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის უარყოფით შედეგებს და ცდილობს ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობაში დაეხმაროს საქართველოს. ხშირად ვადარებ ერთმანეთს ნიუ-იორკსა და თბილისს, არა იმიტომ, რომ ზომით ან სიმდიდრით მსგავსია, არამედ იმით, რომ თუ დავაკვირდებით კულტურულ მრავალფეროვნებას, ნიუ-იორკში მყოფი ყველა ადამიანი ივიწყებს საკუთარ კულტურას ან ამატებს საკუთარ კულტურას იმ „სალათაში“, რასაც ამერიკული კულტურა ჰქვია. ხოლო რაც შეეხება თბილისს, თბილისში ყველა ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას – ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდაა. როცა, დღესაც კი, მსოფლიოში ანტისემიტიზმი ბობოქრობს, ქართველმა ერმა ჩვენს ებრაელ და-ძმებს უსაფრთხო გარემო შევუქმენით. ჩვენი მეფეები მეჩეთში დადიოდნენ და პატივს სცემდნენ სხვა რელიგიებსა და იდენტობებს. ჩემთვის ამაზე დიდი მონაპოვარი და ამაზე დიდი კულტურის განვითარების საზომი არ არსებობს. აუცილებელია, გავიაზროთ რა არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და სწორედ ამაზე ვაშენოთ ქართული სახელმწიფო. პრობლემები ბევრია, თუმცა ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ბევრ სახელმწიფოს არ აქვს და ვერც უახლოეს მომავალში ექნება.
ესაუბრა მაკა ყიფიანი