ქართველი სტუდენტები უცხოეთში
ნინი ჩაჩუა
იტალიის ტუშას უნივერსიტეტის მაგისტრანტი
⇒ ნინი, მოხარული ვარ, შენი სახით, კიდევ ერთი საინტერესო სტუდენტი რომ გავიცანი. მინდა, საუბარი მოსწავლეობის პერიოდით დავიწყოთ. რამდენად მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლები და განსაზღვრა თუ არა შენი პროფესიული მომავალი სკოლამ?
– მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. შესანიშნავი რუბრიკაა, რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები გამოცდილებას უზიარებენ თანატოლებს და მომდევნო თაობას. იმედია, ჩვენი საუბარი საინტერესო იქნება მკითხველისთვის.
სკოლის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საინტერესო და ემოციებით დატვირთული წლებია, საიდანაც იწყება ჩემი გრძელი გზა განათლებისკენ. დავამთავრე სამტრედიის მარლენ ბარამიას სახელობის №6 საჯარო სკოლა. პატარა სკოლების ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება ისაა, რომ მეორე ოჯახად იქცევა და განსაკუთრებულ სიახლოვეს აყალიბებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, რაც შემდგომში მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბებაში გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მყავდა ჩემთვის განსაკუთრებული მასწავლებლები, ცალსახად ვერც ერთს გამოვყოფ და მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს გაწეული ამაგისთვის, მზრუნველობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც დღემდე მომყვება.
ნაკლებად მახსენდება დღეები, როცა 6 საათზე გვიან იწყებოდა ჩემი დილა, ჩვეულებისამებრ სკოლის საგნების მეცადინეობით ვიწყებდი დღეს, სკოლის შემდეგ მუსიკალური სკოლის საგნები და ცეკვის წრეები ენაცვლებოდა ერთმანეთს, დღის ბოლოს, ისევ მეცადინეობას ვუბრუნდებოდი.
სკოლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული მოსწავლეთა კონკურსებსა და ოლიმპიადებში. განსაკუთრებით მაინტერესებდა ფიზიკა-მათემატიკა. მათემატიკა დღემდე ჩემს საყვარელ საგნად რჩება და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სამომავლოდ ჩემი პროფესიის არჩევანი განაპირობა.
2017 წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ეკონომიკის მიმართულებით. პანდემიის გამო უნივერსიტეტის წლების თითქმის ნახევარი, სამწუხაროდ, დისტანციურად გავიარეთ, რის გამოც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მქონდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე და ვერ დავტკბი სტუდენტური წლებით.
⇒ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლას უცხოეთში – იტალიაში აგრძელებ. რა პროგრამით გაემგზავრე და რა პროფესიას ეუფლები ტუშას უნივერსიტეტში?
– ყოველთვის ვიცოდი, რომ საზღვარგარეთ ვისწავლიდი. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, როცა მთელი სამყარო ჩაიკეტა, ვერ შევძელი უწყვეტად გამეგრძელებინა სწავლა, ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ერთ-ერთ საინჟინრო-სადისტრიბუციო ფირმაში, სადაც შესანიშნავი გამოცდილება მივიღე და შესაძლებლობა მომეცა მემუშავა არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში, რომლებთან ურთიერთობას დღესაც ვაგრძელებ.
მთელი ამ პერიოდის მანძილზე არ შემიწყვეტია ფიქრი სწავლის გაგრძელებაზე. მუდმივად ვკითხულობდი ინფორმაციებს უცხოური უნივერსიტეტების შესახებ, ვეცნობოდი სიახლეებს და მიმდინარე მოვლენებს. 2023 წელს, სრული დაფინანსებით და სტიპენდიით, ჩავირიცხე ტუშას უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე, ცირკულარული ეკონომიკის ფაკულტეტზე. ჩემი სტიპენდიით ვახერხებ, დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ძირითადი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილო.
⇒ ნინი, რას მოიცავს ცირკულარული ეკონომიკის დარგი?
– ცირკულარული ეკონომიკის მიმართულება შედარებით ახალი დარგია და მთავარი პრინციპი გულისხმობს რესურსების გამოყენების არა წრფივ, არამედ წრიულ მიდგომას, რომელიც თავის თავში მოიცავს პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას, რომლის მიზანია ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. თანამედროვე გარემო პირობებიდან გამომდინარე, გლობალური დათბობის, ჰაერისა და დედამიწის ზედაპირის დაბინძურების, რესურსების არათანაბრად გადანაწილების და სიმწირის პირობებში, ამ საკითხებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული და მოწინავე საკითხია თანამედროვე მსოფლიოს ყოველდღიურობაში. ასე რომ, სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ზემოთ აღნიშნული საკითხებით, ვურჩევ, არჩევანი ამ სპეციალობაზე შეაჩერონ. მათ შესაძლებლობა ექნებათ არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნაც მიიღონ, უნივერსიტეტი ნამდვილად იძლევა ამის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების ლიდერებს და მოვისმინოთ მათი ხედვები, პროგნოზები და სამომავლო პერსპექტივები ამ მიმართულებით. ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება, მრავალი გაცვლითი პროგრამით, სასწავლო კურსით და პრაქტიკული ტრენინგით ისარგებლონ როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
⇒ რა სახის ხელშეწყობა აქვთ სახელმწიფოსგან იტალიაში სტუდენტებს, რა სახის პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, და ზოგადად, იტალიური განათლების სისტემაში რა ასრულებს ძირითად როლს?
– უცხოელი სტუდენტები სახელმწიფოსგან გარკვეული სახის ხელშეწყობით სარგებლობენ, გარდა იმისა, რომ დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა გზა არსებობს, ასევე აქვთ ისეთი შეღავათები, როგორიცაა, მაგალითად, შეღავათიანი ტრანსპორტი, ფასდაკლებები მუზეუმებსა და თეატრებში, და ა.შ.
სტიპენდიის და დაფინანსების მიღებას რაც შეეხება, ყველა უნივერსიტეტს შერჩევის საკუთარი კრიტერიუმი აქვს, შესაბამისად, სხვადასხვა საკითხზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას სტიპენდიებისა და დაფინანსების გაცემის შესახებ, თუმცა, მთლიანობაში, ითვალისწინებენ ყველა წარდგენილი დოკუმენტის სიძლიერეს. სამწუხაროდ, წარჩინებული სტუდენტებისთვის არავითარი განსაკუთრებული პრივილეგია არ არსებობს, თითოეული სტუდენტი, უმეტესად, თანაბარი უფლებებით სარგებლობს. იტალიური განათლების სისტემაში ძირითად როლს სოციალური საკითხი თამაშობს – ე.ი. განათლების სისტემა ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს დაბალი სოციალური სტატუსის მქონე (ადგილობრივ) სტუდენტებს უწყვეტი განათლების მიღებაში.
⇒ რა მსგავსება და განსხვავებაა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულს შორის, გვიამბე სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ?
– ჩემი დაკვირვებით, საქართველოში როგორც უნივერსიტეტში მოსახვედრად, ასევე სტიპენდიის და დაფინანსების მოსაპოვებლად მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე, მაგალითად, იტალიაში. ყოფილა სიტუაცია, რომ საქართველოში სტიპენდიის მოსაპოვებლად მეათედი ქულა დამკლებია, რაც ბევრი სტუდენტისთვის შესაძლოა მოტივაციის დაკარგვის მიზეზი გახდეს, თუმცა ჩემ შემთხვევაში პირიქით იმუშავა. მსგავსი შემთხვევა აქ არ ხდება, რადგან უკვე მოპოვებული აკადემიური ხარისხით ან სოციალური სტატუსით განსაზღვრავენ სტიპენდიის მინიჭების საკითხს.
რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესს, ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, რაც მოკლედ შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები ნამდვილად იძლევიან მაღალი ხარისხის აკადემიურ განათლებას. რაც შეეხება უცხოურ უნივერსიტეტებს, ძირითადად, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში გვეხმარება. მაშინ, როცა საქართველოში საუნივერსიტეტო დაწესებულებების უმეტესობა, ძირითადად, თეორიულ ცოდნაზეა ორიენტირებული, იტალიურ უნივერსიტეტში გვეხმარებიან განვივითაროთ უნარ-ჩვევები, თუ როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით და როგორ განვახორციელოთ პრაქტიკაში ეფექტიანად. ასევე, ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყანაში მარტო გვიწევს ბევრ სირთულესთან გამკლავება, ერთგვარად გვაძლიერებს და საკუთარი პოზიციის განმტკიცებასა და დაცვაში გვეხმარება.
⇒ რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ. რა დაბრკოლებები და გამოწვევები ელით საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ქართველ ახალგაზრდებს?
– ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის მიღება სურთ, ვურჩევდი, რომ აუცილებლად დაისახონ მიზანი და მოთმინებით შეუდგნენ გზას მის მისაღწევად. ისწავლონ, განვითარდნენ, გამოიყენონ შესაძლებლობები და იყვნენ ერთგულები იმ პროფესიის და საქმიანობის, რასაც აირჩევენ. ჩვენს დროში, როცა ცივილიზებული სამყარო უზღვავ შესაძლებლობებს გვთავაზობს, მიუღწეველი არაფერია, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი, რაც წარმატებისკენ მიმავალ გრძელ გზაზე ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს მაინც უდრის.
როცა საერთაშორისო სტუდენტი ხდები, მზად უნდა იყო კულტურათაშორისი სხვაობის, მენტალური თავისებურებების, მოლოდინებისა და რეალობის შესაძლო აცდენისთვის. თუმცა, უნდა გახსოვდეს, რომ დანარჩენებთან საერთო ინტერესი გაერთიანებს და ამის გაცნობიერებისთანავე, თავისთავად მოიხსნება ბარიერები და უფრო მარტივი გახდება საერთო ენის გამონახვა.
უმაღლესი განათლების მიღება, მით უმეტეს საზღვარგარეთ, არც ისეთი მარტივია, როგორც ეს შეიძლება შორიდან ჩანდეს. ამ გზაზე ბევრი ისეთი საკითხი იჩენს თავს, რომლის მოგვარება და გადაწყვეტა სტუდენტმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს, თუმცა, ამ დაბრკოლების წარმატებით დაძლევის შემდეგ იგრძნობს სანუკვარ თვითკმაყოფილებას და გაიღრმავებს თვითრწმენას. როგორც უკვე აღვნიშნე, საერთაშორისო სტუდენტებისთვის არსებობს დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა გზები, მაგრამ თუკი ისინი გადაწყვეტენ დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიებას, კანონმდებლობა ითვალისწინებს კვირაში გარკვეული საათები მუშაობის უფლებით სარგებლობას. ჩემი არჩევანი, ამ ეტაპზე, მხოლოდ სწავლაზე კონცენტრირებაა.
⇒ რა პროფესიების შესასწავლად მიდიან, ძირითადად, ქართველი ახალგაზრდები საზღვარგარეთ და უცხოური საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ, რამდენად აქვთ საქართველოში დაბრუნების სურვილი?
– პროფესიის არჩევა სუბიექტური საკითხია და საზღვარგარეთ სწავლა არ განსაზღვრავს კონკრეტული პროფესიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას. თუმცა, თუ უკვე არსებულ ტენდენციას გადავხედავთ, თითქმის ყველა სფეროში შევხვდებით ქართველ სტუდენტებს. თითოეული მათგანის სურვილიც უკან დაბრუნების, სუბიექტურია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა საზღვარგარეთ სწავლის მიზანი, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა. თუმცა, ვისურვებდი, საზღვარგარეთ წასული სტუდენტების უმეტესობა შრომისუნარიან ასაკში დაუბრუნდეს სამშობლოს, რადგან ჩვენ ვჭირდებით ქვეყანას დაგროვილი ცოდნით, საერთაშორისო გამოცდილებით და ამოუწურავი შესაძლებლობებით. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ.
⇒ ნინი, სწავლასთან ერთად დაინტერესებული ხარ შემოქმედებითი საქმიანობით. შესანიშნავად ფლობ ვიოლინოს და ფორტეპიანოს ხელოვნებას. რა ადგილი უჭირავს მუსიკას შენს ცხოვრებაში?
– სკოლის პარალელურად, 6 წლის ასაკიდან, სამტრედიის დომენტი შანიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს მიმართულების მოსწავლე ვიყავი, ერთი წლის შემდეგ კი, ქუთაისიდან მოწვეული პედაგოგის სავიოლინო კლასის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე გავხდი. მას შემდეგ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ექვსწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოს სპეციალობით, რომელშიც, ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგების წყალობით, წარჩინებით ჩავირიცხე და სასწავლებელშიც შესანიშნავი პედაგოგების ხელში მოვხვდი. 5 წლის განმავლობაში, სკოლის გაკვეთილების შემდეგ, კვირაში რამდენიმე დღე მიწევდა ქუთაისში სიარული სასწავლებლის გაკვეთილებზე დასასწრებად. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ვასწრებდი არ ჩამოვრჩენოდი სკოლის საგნებს და პარალელურად, მუსიკალურ კონკურსებშიც მიმეღო მონაწილეობა. ამ ყველაფერში არ შემიძლია არ აღვნიშნო როგორც სკოლის, ასევე მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგების ხელშეწყობა და ჩართულობა.
მუსიკალური ცხოვრების ეს 12 წელი ჩემთვის საინტერესოდ დატვირთული, გამოწვევებით სავსე და სასიამოვნო მოგონებების მომტანი აღმოჩნდა. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ, პროფესიონალ მუსიკოსად თუ არა, გემოვნებიან მსმენელად მაინც ჩამოვყალიბდი, რომელმაც იცის ხელოვნების ფასი და რომელსაც მუდმივად სიამოვნებას ანიჭებს კლასიკური მუსიკის მოსმენა და თეატრალური წარმოდგენები.
⇒ მიამბე, როგორ ცხოვრობენ იტალიაში ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, როგორია სტუდენტური ცხოვრება, სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? გაგვიზიარე შთაბეჭდილებები…
– სიმართლე გითხრათ, თავისუფალი დროის დეფიციტს განვიცდი. ამიტომ, ამ მხრივ, არ მაქვს მრავალფეროვანი ისტორიები. თუ დრო გამომიჩნდება და თვე შედარებით ნაკლებად დატვირთულია, ვცდილობ, დრო ფუჭად არ დავკარგო და სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდე. მაგალითად, გასული წლის ბოლოს, გავიარე ორთვიანი ონლაინ კურსი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. კიდევ მაქვს შერჩეული რამდენიმე სასწავლო კურსი პროექტირების მიმართულებით, რომლის გავლასაც ახლო მომავალში ვგეგმავ. თუმცა, თუ მაინც გამოვნახავ თავისუფალ დროს, ძალიან მიყვარს კითხვა, ვიოლინოზე დაკვრა, სანაპიროზე სეირნობა.
იტალიელი ახალგაზრდები თავისუფალ დროს, ძირითადად, სამეგობრო წრეში ან ოჯახის გარემოცვაში ატარებენ, ასევე, უნივერსიტეტის პარალელურად, მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე და პარასკევ-შაბათ საღამოებს გართობას უთმობენ. ამ მხრივ, არ მგონია ქართველი და იტალიელი ახალგაზრდების ცხოვრების წესს შორის არსებითი განსხვავება იყოს. თუმცა, რა განმასხვავებელი ფაქტორიც დავინახე, არის ის, რომ, ისინი კონცენტრირებული არიან მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მაგალითად, პროფესიულად, ისინი ირჩევენ ერთ მიმართულებას, ვითარდებიან ამ მიმართულებით და დიდად არ ინტერესდებიან სხვა სფეროებით მაშინ, როცა ქართველი ახალგაზრდები შეიძლება, ერთდროულად, რამდენიმე რამით იყვნენ დაკავებულები და მრავალი განსხვავებული ინტერესი ჰქონდეთ, მაგალითად, ისწავლონ რამდენიმე უცხო ენა, შეითავსონ რამდენიმე პროფესია და ა.შ. ვფიქრობ, ქართველ ახალგაზრდებს მეტი დატვირთვა და ძალისხმევა გვჭირდება, სხვა ქვეყნის სტუდენტებთან შედარებით.
⇒ რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს იტალიაში, აღგაფრთოვანებს, გაოცებს თუ გაკვირვებას იწვევს შენში, რასაც შენი ქვეყნისთვის ისურვებდი?
– იტალიაში საცხოვრებლად გადმოსვლისთანავე ერთმა ფაქტმა აღმაფრთოვანა, რასაც პირად საუბრებში ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, ეს არის სიცოცხლით ტკბობა. აქ იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ჩაფიქრებულია, დასევდიანებული. ვიცი, და კარგად ვაცნობიერებ, რომ განვითარებულმა სამყარომ, ფინანსურმა სტაბილურობამ და სოციალურ-ეკონომიკურმა მდგრადობამ მოიტანა ის, რომ ადამიანები არა არსებობაზე, არამედ დროის სასიამოვნოდ გატარებაზე ფიქრობენ და სწორედ ეს არის ის ერთი რამ, იმ მრავალ საკითხთაგან, რის შეცვლასაც მთელი გულით ვისურვებდი საქართველოში. ჩემი მხრივ, რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლო. განსაკუთრებული გულისწყვეტა მაქვს იმის გამო, რომ საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში მრავლად ვხვდებით ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც სარჩო-საბადებლის საშოვნელად ზამთრის ცივ დღეებშიც კი არ ზოგავენ თავს, ხოლო აქ ადამიანები, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, თავს ანებებენ სამსახურს, იწყებენ მოგზაურობას და ახალი თავგადასავლების ძიებას.
რაც შეეხება შედარებით ახალგაზრდა თაობას, ვიტყოდი, რომ აწმყო დროში ცხოვრობენ, ცდილობენ საქმე ხვალისთვის არ გადადონ და გამოიყენონ შანსი, რომელსაც ცხოვრება იმ წუთას აძლევთ. ადამიანები გამოირჩევიან ერთმანეთისადმი თანაგრძნობის გამოხატვის და მხარდაჭერის უნარით. თუმცა, უნდა აღინიშნოს სიმარტივე და პირდაპირობა გამოხატვის ფორმებში, რაც ვთვლი, რომ ასევე განგვასხვავებს ამ ქვეყნის წარმომადგენლებისგან.
⇒ როგორ გესახება მომავალი, რა მოლოდინები გაქვს და სად აპირებ დამკვიდრებას, რამდენად ითამაშებს გადამწყვეტ როლს საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში დასაქმებაში?
– როგორც უკვე აღვნიშნე, უცხოეთში განვითარებისთვის, გამოცდილების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩამოვედი, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემი მომავალი საქართველოში წარმომიდგენია. თუმცა, ვფიქრობ, რომ სადაც არ უნდა ვიყო ფიზიკურად, მუდამ ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიქნები და შევეცდები „გარედან“ შევიტანო წვლილი ჩემი ქვეყნის განვითარებაში.
რაც შეეხება საქართველოში დასაქმების საკითხს, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება, თუმცა, ეს სულაც არ უშლით ხელს იყვნენ წარმატებულები თავიანთ პროფესიაში. ასევე პირიქით, არსებობენ ადამიანები საზღვარგარეთ მიღებული განათლებით, რომლებიც ნაკლებად წარმატებულები არიან თავიანთ საქმეში. ამიტომ, ვთვლი, რომ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი, გადამწყვეტი ფაქტორი პროფესიონალიზმია და ამ შემთხვევაში დიპლომის წარმომავლობა არ თამაშობს გადამწყვეტ როლს.
მოლოდინებს რაც შეეხება, თავს ვიკავებ წინასწარი მოლოდინებისა და დასკვნების გაკეთებისგან. ახლაც, ისევე როგორც ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მაქვს მიზანი, რომლის მისაღწევადაც ვშრომობ და რომელიც უფრო დიდ მიზნამდე მიმიყვანს. გზა, ერთიდან მეორე მიზნის მიღწევამდე, მოითხოვს დისციპლინას, მოთმინებას და ბეჯითად შრომას, რაც პიროვნულად მზრდის, მავითარებს და მმატებს თვითრწმენას. ეს მუდმივი სვლა კი, მჯერა, საბოლოოდ აუცილებლად მიმიყვანს ჩემი ცხოვრების უმთავრეს მიზანთან.
⇒ ადამიანი საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს, ალბათ უფრო მეტს ფიქრობ სამშობლოზე. შორიდან როგორია ჩვენი ქვეყანა, რა გვაქვს, რა გვაკლია და რა შეგვიძლია?
– ჩამოსვლიდან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვაცნობიერებდი, რომ საქართველოში აღარ ვცხოვრობდი. სამშობლოში ყოფნის პერიოდშიც კარგად ვიცოდი, რომ უნიკალური კულტურისა და ისტორიის მატარებელი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ერი ვართ, მაგრამ აქ ჩამოსვლისას ნამდვილი პატრიოტი აღმოვაჩინე საკუთარ თავში და ვცდილობ, ყველას გავაცნო საქართველო მდიდარი კულტურით, უძველესი ტრადიციებით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს რომ არ შევეხო, რაც კომპლექსური საკითხია და ასე თუ ისე, ერთი ხელის მოსმით მოსაგვარებელი ნამდვილად არ გახლავთ, ვიტყოდი, რომ რაც ხელგვეწიფება და შეგვიძლია ძალიან მარტივად შევცვალოთ – ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ემპათიის გამოხატვაა, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გვაკლია. მთელი გულით ვისურვებდი ყოველდღე ვავლენდეთ იმ ერთიანობას და სიყვარულს ერთმანეთისადმი, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 26 მარტის თამაშზე სუფევდა. ამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს შეგვიძლია, მთავარია, მოვინდომოთ და საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა, რომ შევცვალოთ ჩვენი ხედვები და ჩვევები უკეთესობისკენ.