23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ჩემო პატარა მეგობარო!

spot_img

ვიცი, ძალიან მოგენატრა სკოლაში სიარული, მეგობრებთან ერთად თამაში ან გასართობ ცენტრში   სტუმრობა, მაგრამ რადგან ჯერჯერობით ამაზე უარის თქმა გვიწევს, მოდით, ეს დრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ. წავიკითხოთ ახალი წიგნები და მოწყენილობაც უცებ გაგვივლის.

ხომ იცი, წიგნის კითხვა თავგადასავალი და მოგზაურობაა. თან ისეთი, მთელ სამყაროს რომ მოგატარებს, კოსმოსშიც აგაფრენს, ოკეანის ფსკერზეც გაგასეირნებს, მთებს დაგაპყრობინებს და უდაბნოს ცხელ ქვიშაზეც დაგიფუფქავს ფეხისგულებს.

მთავარია, წიგნის ლამაზი ყდა გადაშალო, წაიკითხო ჯერ ერთი, მერე მეორე გვერდი და დამიჯერე, მერე, ბევრიც რომ გინდოდეს, თვალს ვეღარ მოსწყვეტ. ისე გაგიტაცებს და ჩაგითრევს, რომ სულ დაგავიწყებს მოწყენილობას.

მე კი ვეცდები, რამდენიმე კარგი წიგნი გირჩიო.

მოდი, ქართველი მწერლებით დავიწყებ. მინდა, სულ ახალი წიგნი გაგაცნო, ესაა ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“. ძალიან სახალისო ამბები ტყუპებზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან იხალისებთ და გაერთობით. მეორე წიგნია გივი ჩიღვინაძის „ზღაპრად ქცეული ამბები“. ეს წიგნიც ძალიან გაგიტაცებთ და მოგეწონებათ.

ასტრიდ ლინდგრენს, ალბათ, კარგად იცნობ. რომელი ერთი უნდა გირჩიო – ყველა წიგნი ერთმანეთზე უკეთესია – „პეპი გრძელიწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „მიო, ჩემო მიო“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“, „ემილის თავგადასავალი“.

შეარჩიე ამ წიგნებიდან რომელიმე ან რამდენიმე და წაიკითხე. დამიჯერე, ასტრიდ ლინდგრენი შენს საყვარელ მწერლად იქცევა.

ჯერჯერობით ეს იყოს. როცა წაიკითხავ, მერე სხვა წიგნებსაც გირჩევ. ზღაპრების გმირებთან ერთად უამრავი თავგადასავალი გელის. იმეგობრე წიგნებთან. ისინი გაგიხსნიან კარს საოცრებებით აღსავსე, ჯადოსნურ სამყაროში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები