– შვილო, სკოლაში უნდა შეგიყვანო – მითხრა დედამ.
ამ დროს კი გაკვირვებული ვუყურებდი, არც კი ვიცოდი რა შეიძლება ყოფილიყო სკოლა. არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა. ნეტავ, რა მელოდა, თუმცა მჯეროდა, რომ დედა არასასურველს არ შემომთავაზებდა და ეს მამშვიდებდა.
– დე, იქ მარტო ვიქნები?
– არა, შვილო, მასწავლებელი გეყოლება.
– მასწავლებელი?
– ჰო, შვილო, მასწავლებელი, რომელიც გასწავლის.
– დე, მასწავლებელმა რა უნდა მასწავლოს?
– საინტერესო ამბები. იცი, რამდენი ახალი თავგადასავალი გელოდება?
გამიხარდა, რადგან მიყვარდა საინტერესო ამბები და ერთი სული მქონდა, როდის შევხდებოდი ჩემს მასწავლებელს. კალენდარში არ იყო დღე, რომელიც მონიშნული არ მქონდა წითელი ფანქრით.
დადგა სანატრელი აისი ჩემს ცხოვრებაში – პირველი დღე სკოლაში, სადაც უნდა მეხილა ის, რასაც ამდენხანს ველოდი. შევაბიჯე უზარმაზარ შენობაში ჩემი პატარა ნაბიჯებით. იქ დამხვდა ხუჭუჭა, მომღიმარი, თბილი, მოსიყვარულე მასწავლებელი. არ ვიცოდი რა მექნა, როცა თბილი ხელი ჩამკიდა და კლასში შემიყვანა. გაოცებული და დაბნეული ვუყურებდი ოთახის ყველა კუთხე-კუნჭულს და გამიხარდა, როცა გავიგე , რომ ეს ოთახი მასწავლებელმა ჩემთვის და სხვა ბავშვებისთვის მორთო. გვითხრა, რომ ის ჩვენი უფროსი მეგობარი იყო.
დრო გადიოდა, დღითიდღე უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემი მაწავლებელი არ ბერდებოდა, რადგან ყოველი შეხვედრა მოტივაციითა და ენერგიით მავსებდა. დღის პირველ ნახევარში სკოლაში ვიყავი და მიზეზიც მქონდა, რომ ნახევარი დღის საგზალი სათუთად შემენახა დედასთვის მოსაყოლად. ისიც ყურადღებით მისმენდა.
წლები გადიოდა… ვიზრდებოდი და გავიგე, რომ მასწავლებლებიც ბერდებიან. ეს ინფორმაცია ჩემთვის მიუღებელი იყო, თავში ბობოქარი აზრები ქროდა. აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიკეთითა და გონიერებით. „ანგელოზი“ შევარქვი. გვასწავლიდა ცხოვრებისეულსა თუ სამეცნიეროს. დიდი ინტერესით ვუსმენდი. ვიცოდი, მისთვისაც მეგობარი ვიყავი, ისიც ვიცოდი, რომ მასწავლებელს ყველა ბავშვი უყვარდა. ნეტავ, ამდენ სითბოსა და სიხარულს გულში როგორ იტევდა?! ერთხელ ვკითხე:
– მასწავლებელო, ანგელოზი ხართ?
– არა, მე შენი მეგობარი ვარ.
უკვე ,,დიდი“ ვიყავი და საჭირო იყო ახალ ეტაპზე გადასვლა. დრო იყო ახალ ბუდეს შევკედლებოდი. ახალი მერცხალი მეყოლებოდა და არა ჩემი ხუჭუჭა მეგობარი. რთული იყო გამომშვიდობება პირველ მერცხალთან, თუმცა გავიაზრე, რომ ის ჩემი ბავშვობაა და წინ ახალი სამყარო მელოდება, რომელიც დაბურულია, როგორც ნისლი.
ახლა, ვხვდები, რომ მასწავლებელიც ბერდება… არც ანგელოზია, ის ადამიანია, რომელმაც ბავშვობა გამილამაზა.
მარიამ მაცაბერიძე
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანთლებლო სკოლის IX კლასის მოსწავლე