თინეიჯერობის ასაკის სირთულეებზე საუბრობენ გიორგი მემანიშვილი, ფსიქოლოგი და მიხეილ სახვაძე, მშობელი
მიხეილ სახვაძე: ბატონო გიორგი, მე, როგორც მშობელი, ვიტყვი, რომ თქვენი რჩევები (ჩვენი წინა საუბრისას მოცემული) ნამდვილად გამომადგა, დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, დღესაც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი რჩევები გექნებათ, მით უმეტეს, თემა გვაქვს ისეთი, რომელიც ნებისმიერ მშობელს აღელვებს, თინეიჯერების სირთულეებზე უნდა ვისაუბროთ.
დავიწყოთ ასეთი კითხვით, შევახსენოთ მკითხველს, რა ასაკზეა საუბარი, თინეიჯერობა რა ასაკს მოიცავს?
გიორგი მემანიშვილი: თინეიჯერობა მოიცავს ასაკს, რომელიც, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მოდის ინგლისური ნუმერაციიდან, რომელიც მთავრდება teen დაბოლოებით. დაახლოებით, 12-იდან 19 წლამდე ასაკია. ეს არის ზუსტად ის ასაკი, როდესაც ნელ-ნელა იწყება კონკრეტული სირთულეების გამოვლენა ბავშვებში და ასევე ნელ-ნელა უნდა დასრულდეს ამ კონკრეტული სირთულეების გადალახვით, დაძლევით და ხელშეწყობით. ბავშვებმა უნდა შეძლონ აქედან ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობით გამოსვლა.
მ.ს.: უფროსი ასაკის ხალხისგან ხშირად გამიგია, რომ ჩვენ დროს არც თინეიჯერობა ვიცოდით, არც არაფერი და მშვენივრად ვართმევდით ყველაფერს თავს. რომ დავაზუსტოთ, რატომ გახდა აქტუალური მე-20 საუკუნის ბოლოდან თინეიჯერობის ასაკი და რა სირთულეები ახლავს თან ამ პერიოდს?
გ.მ.: პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მეტად დავიწყეთ ყურადღების გამახვილება იმ კონკრეტულ სირთულეებზე, რომელიც თან ახლავს ამ ასაკს. დიდი ალბათობით, არც ძველი თაობის შემთხვევაში იქნებოდა იშვიათი ეს პრობლემები. ალბათ, ჰქონდა ადგილი კონკრეტულ გამოვლინებებს, მაგრამ მაშინ სტიგმატიზაციის სხვა დონე იყო, ადამიანები ამაზე არ საუბრობდნენ, პროფესიონალების მხრიდანაც ნაკლები დაკვირვება მიმდინარეობდა, ნაკლები კვლევები მიდიოდა, ნაკლებად იყო აღწერილი აღნიშნული მდგომარეობა და ძალიან ხშირად, კონკრეტულ გამოვლინებებს ზოგჯერ სხვადასხვა ტიპის აშლილობებსაც კი მიაწერდნენ და ა.შ. შესაბამისად, სხვანაირად იყო ოპერაციონალიზებული ეს მდგომარეობები. უბრალოდ, დღესდღეობით, ჩვენ უკვე კონკრეტული სახელი დავარქვით.
მ.ს.: უფროსი თაობის წარმომადგენლების ერთ-ერთი არგუმენტი კიდევ რა არის, იცით, მე რომ შენხელა ვიყავი… ერთგვარად, თავს ვაყვედრით ხოლმე, აი, მე რომ შენხელა ვიყავი, ასე არ ვიქცეოდი, ამხელა ბიჭი ხარ ან ამხელა გოგო ხარ… ამუნათებენ ხოლმე ბავშვებს იმის გამო, რომ ასაკობრივი სირთულეები აქვთ, აგრესია, შფოთვა და, ფიზიკურის გარდა, ემოციურ დონეზეც იცვლებიან. ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რატომ ახლავს თან თინეიჯერობის ასაკს გაღიზიანება და აგრესია?
გ.მ.: სწორად დასვით აქცენტები, ერთი მხრივ, გარემოდან შემოდის რაღაც კონკრეტული სტრესორები, მეორე მხრივ კი, ჩნდება კონკრეტული კოგნიტური და ემოციური პრობლემები. და როცა, დავუშვათ ,სამივე ერთად, რაც ჩამოთვალეთ, იყრის თავს, ძალიან ხშირად, ამას მოჰყვება ხოლმე შფოთვა და, ბუნებრივია, რიგ შემთხვევებში, აგრესიულობაც. ზუსტად ეს ხდება გარდატეხის ასაკის დროს. ამ ასაკში იცვლება ადამიანის თვითაღქმა, თავის სხეულს სხვანაირად უყურებს, შესაბამისად – გარემოსაც, ადამიანში იწყება სოციალური ცვლილებებიც. ასევე, ის ფიქრობს სხვანაირად, მისდაუნებურად, შესაბამისად, მოდის კოგნიტური პრობლემები; ის განიცდის სხვანაირად, შესაბამისად, ემოციონალური პრობლემა აქვს. აი, ამ დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას, თუ როგორ შეხვდება ამ კონკრეტულ პრობლემას და, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მშობელი, რომელიც კარგი ემოციური საყრდენი უნდა გახდეს ბავშვისთვის, მოზარდისთვის, რომელიც კონკრეტული ჩივილებით მიმართავს მას.
მ.ს.: რა კონკრეტული ჩივილებით? მეც, ალბათ, წელიწად-ნახევარში მომიწევს ჩემს შვილთან ამ პერიოდის გავლა, რა კონკრეტულ ჩივილებს შეიძლება ველოდო?
გ.მ.: შეიძლება, ეს იყოს წუხილი თავისი გარეგნობის გამო, იმის გამო, რომ რაღაცები იცვლება ამ გარეგნობაში. შეიძლება იყოს იდენტობის პრობლემები, როცა ის საუბრობს იმაზე, რომ არ იცის ვინ არის, არ იცის რა უნდა და ამის გამო შფოთავს, არ იცის რომელ ჯგუფს მიაკუთვნოს თავი…
მ.ს.: ჩემი არავის არ ესმის…
გ.მ.: დიახ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია (მშობლის როლს ამიტომ გავუსვი ხაზი), რომ მათი ვიღაცას ესმოდეს, განსჯის გარეშე უსმენდეს, კრიტიკის გარეშე იღებდეს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერზე, თუნდაც საწყის ეტაპზე, ისაუბრონ. მშობელმა, ამ დროს, უნდა შეძლოს, რომ კარგი მსმენელი იყოს, პირველ რიგში, ბავშვისთვის და შეეძლოს მოსმენილი ჩივილების ნორმალიზაცია, მაგალითად: ეს მარტო შენ არ გემართება, ამ ასაკში ეს სრულიად ჩვეულებრივია; ის, რომ შენ გამორჩეული ხარ და განსაკუთრებულად შენ გჭირს რაღაც, ეს ასე არ არის; იცი რა, მეც მქონდა რაღაც მსგავსი შეგრძნებები… და აქ შეიძლება საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ამას მეტი ნდობა მოაქვს და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მოზარდიც უფრო დაცულად გრძნობს თავს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი, ბოლოს რაც მინდა ვთქვა, მშობელს კარგი უნარი უნდა ჰქონდეს აღმოჩენის, ასე ვთქვათ, იმ კონკრეტული ზღვრის, რომლის შემდეგაც, შეიძლება, საჭირო იყოს სპეციალისტის ჩართვა. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი გაუცხოებულია გარემოსთან, უარს ამბობს კონკრეტულ აქტივობებზე, შეიცვალა ძილის მდგომარეობა, კვების მდგომარეობა (ან ზედმეტად ბევრს ჭამს, ან ზედმეტად ნაკლებს, ვიდრე მანამდე ხდებოდა; ზედმეტად ბევრი სძინავს ან საერთოდ აღარ სძინავს და ა.შ.) – ასეთ კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება უნდა შეეძლოს. ასევე, ყურადღების გამახვილება შეეძლოს იმაზე, თუ როგორი თვითგანცდა აქვს ბავშვს, ამ შემთხვევაში, როგორ განიცდის საკუთარ სხეულს, კონკრეტულ მდგომარეობებს გარემოსთან მიმართებაში და ა.შ. საგანგაშო შეიძლება იყოს, როცა ბავშვი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ, მაგალითად, დააზიანოს საკუთარი სხეული, რაღაც კონკრეტული ვნება მიაყენოს საკუთარ სხეულს და ა.შ.
მ.ს.: ძალიან კარგი რაღაც თქვით, მნიშვნელოვანი – მშობელს უნდა შეეძლოს მოსმენა. რატომ არის ეს მოსმენა მნიშვნელოვანი? ჩემი თავიც გამახსენდა თინეიჯერობის პერიოდში, ვეძებდი ხოლმე ადამიანებს, მინდოდა, რომ ყველას მოვესმინე… რატომ არის ეს მოსმენა ასე მნიშვნელოვანი?
გ.მ.: მოსმენა ქმნის ასპარეზს იმისა, რომ რაღაც, რაც შენი ფსიქიკის შიგნით მიმდინარეობს, იყოს ნათქვამი, ვერბალიზებული, გამოტანილი გარეთ. იმ შემთხვევაში, როცა არ ხდება რაღაც გარკვეული შინაგანი პრობლემების კოგნიტივიზაცია, ანუ ამაზე ფიქრი და შემდეგ ვერბალიზაცია, გამოტანა და ამაზე საუბარი, შეიძლება უფრო რთულ ფსიქიკურ კონსტრუქტებად გარდაიქმნან, რომელსაც უფრო რთული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. არ მინდა ეს დიალოგი ზედმეტად დავტვირთო ტერმინოლოგიით, მაგრამ, ვფიქრობ, აქ შეიძლება მოგვიწიოს უკვე გადასვლა არაცნობიერ ტრავმულ გამოცდილებებზე და ა.შ.
მ.ს.: ბატონო გიორგი, ზედმეტად დაძაბულები არ უნდა ვიყოთ? ყოველ შემთხვევაში, ყურადღებით ვიყოთ ამ პერიოდში, ხომ? მივაქციოთ ყურადღება ჩივილებს? როგორც წესი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ თავდაჯერებულობა, პრაქტიკულად, ნულს ქვემოთ ეცემა ხოლმე. როგორ უნდა შეძლოს მშობელმა, ამ მხრივ, შვილის დახმარება და რამდენად მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა?
გ.მ.: თავდაჯერებულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია იმისთვის, რომ ადამიანმა თვითრეალიზაცია მოახერხოს. ამ შეკითხვაზე პასუხს ცოტა ბანალურად დავიწყებ და ვიტყვი, რომ თუ ბავშვში თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას ვცდილობთ, პირველ რიგში, უნდა მივადგეთ ისევ მოდელირებას, როდესაც მშობელმა შვილს თავის მაგალითზე უნდა ანახოს თავდაჯერებულობის შესაბამისი კონკრეტული ქცევები და შვილიც ყველაზე კარგად გადაიღებს ამ კონკრეტულ ქცევებს მშობლისგან იმიტომ, რომ მას კარგი ემოციური კავშირი აქვს მშობელთან და ის მისთვის ავტორიტეტია. ეს პირველი.
თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით, კიდევ ორ საკვანძო საკითხს მინდა გავუსვა ხაზი, რაც, სასურველია, მშობელს ჰქონდეს გამომუშავებული. ერთი, ეს არის შეცდომებზე რეაგირების სტილი და მეორეა, პოზიტივის სათვალავში მიღება. პირველში მოვიაზრებ იმას, რომ, ძალიან ხშირად, ბავშვის შეცდომებზე ვრეაგირებთ ისე, თითქოს ამით მთელი სამყარო დაინგრა. სინამდვილეში, სრულიად საპირისპირო უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბავშვში თავდაჯერებულობა ჩამოყალიბდეს. თუ ბავშვი იცხოვრებს იმ განცდით, რომ შეცდომის დაშვება რაღაც დიდი ტრაგედიის ტოლფასია და, შეიძლება, ფაქტობრივად, არც კი გამოსწორდეს, მას თავდაჯერებულობა სრულყოფილად ვერ ჩამოუყალიბდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ამაზე ამახვილებდეს ყურადღებას და აჩენდეს ბავშვში განცდას, რომ არა უშავს, მას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს და ეს ნორმალურია. ზოგჯერ, ეს ძალიან კარგიც შეიძლება იყოს იმიტომ, რომ შეცდომებზე ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ.
მეორე – ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოზიტივის სათვალავში მიღება, იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ძალიან ხშირად, ბავშვის წარმატებებს, მიღწევებს არ ვიღებთ ხოლმე სათვალავში, თითქოს ვფიქრობთ, რომ კარგი ბავშვია, როგორც წესი, მას ეს უნდა გამოსვლოდა და ასეც იყო, გამოუვიდა კიდეც, ამაზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის. სინამდვილეში, ამით ჩვენ ვაგზავნით მესიჯს ბავშვის ფსიქიკაში, რომ შეიძლება, ზოგჯერ, შრომა და წარმატება არ იყოს დაფასებული და საპირისპიროდ, თუ მშობელი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენდა და დააფასებდა ბავშვის კონკრეტულ მიღწევას, ძალიან კარგ შანსს მისცემდა მას, განესაზღვრა თვითეფექტურობა, როგორც ასეთი, შეგრძნება, კონსტრუქტი, რომელიც მიიყვანდა, საბოლოო ჯამში, თავდაჯერებულობამდე.
მ.ს.: დაფასება ზრდასრულებისთვისაც კი, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია და მით უმეტეს ამ ასაკის ბავშვებისთვის, ვისაც ბევრ რაღაცაში სჭირდება გარკვევა. ჩვენი წინა საუბრიდან დამამახსოვრდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხაზი გაუსვით, რომ მთავარია, გულწრფელობა მშობელსა და შვილს შორის. ამჯერად, უკვე მოსმენის მომენტი შემოვიდა, რაც ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია. მოსმენა პატარა ბავშვებშიც ასევე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თინეიჯერებში. განსაკუთრებით მომეწონა დაფასება და ჩემთვის მოვინიშნე კიდეც.
თინეიჯერებს განსაკუთრებული სურვილი აქვთ ხოლმე თავისუფლების და დამოუკიდებლობის. როგორ მივაწოდოთ მათ ეს ყველაფერი სწორად? როგორ აღიქვან დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისე, რომ რაღაც ზღვარს არ გადასცილდნენ?
გ.მ.: ეს ძალიან საინტერესო ტერმინებია, თავისი მნიშვნელობებით, თითქოს ძალიან კონკრეტული, მაგრამ ძალიან ხშირად, არა თუ მოზარდები, უფროსებიც ვკამათობთ იმაზე, თუ რას შეიძლება მოიცავდეს, კონკრეტულად, ეს ტერმინები და მათი მნიშვნელობები. აქ მე ძალიან დიდ როლს ვხედავ განათლებისას. იმიტომ, რომ ამ ტერმინების მნიშვნელობათა კომპეტენციები, რომელიც ბავშვს უნდა ჰქონდეს, სოციალიზაციასთან ერთად შემოდის, შესაბამისად, განათლების სისტემა ამაზე განსაკუთრებით უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. თუმცა, მე მქონია შემთხვევები, როცა მინახავს, რომ პედაგოგი თვითონ იწყებს გარკვეული მნიშვნელობების, ინტერპრეტაციების გადაცემას ბავშვებისთვის, მზა ინფორმაციის მიწოდებას, მაგრამ ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს. საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის გადაცემული მზა ნარატიული ფორმები, სინამდვილეში, ვერ აღწევს შინაგან სამყარომდე. ბავშვმა, შეიძლება, გაიგოს ტერმინის მნიშვნელობა, მაგრამ შინაგანად არანაირი მზაობა არ ჰქონდეს, რომ ეს ტერმინი მისი ფსიქიკის ან მისი ქცევის ნაწილი გახდეს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, გამოსავალი უფრო იმაშია, რომ გამოვიყენოთ ბავშვისთვის უფრო ბუნებრივი და შესაბამისი, ნაცნობი ენა, როგორიც არის, მაგალითად, თამაში და გარკვეული გათამაშებები (თუნდაც როლური თამაშები, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია). თვითონ დავაყენოთ იმ პრობლემატური დილემების წინაშე, თავადვე მოვაძებნინოთ გამოსავალი იმ დილემებიდან, რომლებიც ეხება თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ სწორად მოვახერხებთ პროცესის მართვას, არ ვიქნებით დირექტიულები, სწორად დავუსვამთ დამხმარე შეკითხვებს და მივიყვანთ ბავშვს იქამდე, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და მოახერხოს კრისტალიზაცია ამ კონკრეტულ ტერმინთა მნიშვნელობის, უფრო მეტად გაჩნდება შანსი იმისა, რომ გაითავისონ და შემდეგ ქცევაშიც განახორციელონ აღნიშნული ტერმინები. ერთს დავამატებდი, როცა ჩვენ გვგონია, რომ სწორად ვახდენთ ამ ტერმინთა მნიშვნელობების ინექცირებას ბავშვებში, რეალურად, ეს კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება ხოლმე იმიტომ, რომ ამ დროს ბავშვი პასიური მსმენელია, არა თავისუფალი და არა დამოუკიდებელი. შესაბამისად, ის ვერ გაიგებს ამ ტერმინების მნიშვნელობას, თუ ეს შინაგანად არ წამოვიდა.
მ.ს.: ეს კითხვა აუცილებლად მინდა დაგისვათ – სულ გვიჭირს ხოლმე მშობლებს, ტაბუირებულ და რთულ თემებს რომ ვეძახით, ამაზე საუბარი. რა ასაკიდან ვესაუბროთ შვილებს ნარკოტიკებზე, სექსზე? რა ასაკია უფრო მიზანშეწონილი? უნდა იყოს თუ არა ტაბუირებული ეს თემები მშობელსა და შვილს შორის?
გ.მ.: დავიწყოთ იმით, რომ თუ ტაბუირებული იქნება და მცდარი ინფორმაციის გადაცემას დავიწყებთ, მაგალითად, წეროებზე ან კომბოსტოებზე ვესაუბრებით ბავშვებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ბავშვს ექნება რეალური ინფორმაციის მოძიების მცდელობები სხვა, ალტერნატიული წყაროებიდან. ეს ალტერნატიული წყაროები არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდება ხოლმე მათთვის. შესაბამისად, ამ თემებზე საუბარი (ტაბუირებაზე უკვე ვთქვით უარი), გაგიკვირდებათ და, ძალიან ადრეული ასაკიდანაც შეიძლება დაიწყოს, 2-3 წლიდან, მაგრამ ყველა ამ თემაზე საუბარს, თუ როგორი უნდა იყოს შინაარსობრივად, თავისი გაიდლაინები აქვს და შესაბამისი სპეციალისტები ამაზე უფრო დაწვრილებით და ფართოდ საუბრობენ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ეს საუბრები სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითს მოვიყვან იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს: თუ 2-დან 5 წლამდე ბავშვს მედიკამენტების შესახებ ვესაუბრებით და ჩვენი საუბრის შინაარსი არის ასეთი, ვთქვათ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება მომწამვლელი იყოს, გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მოწამვლა, შეუძლოდ ყოფნა და ა.შ. და ამიტომ, არ შეიძლება თვითნებურად, შენი გადაწყვეტილებით, აიღო წამალი და პირში ჩაიდო იმიტომ, რომ ამან შეიძლება მოგწამლოს – ეს იქნება 2-3 წლისთვის განსაზღვრული საუბარი. სადღაც 9-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შეიძლება შემოვიდეს საკუთარი ღირებულებების, საკუთარი ხედვის გაზიარება, იმავე როლურ თამაშებში მათი ჩაყენება, რას მოიმოქმედებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც მათ შესთავაზებდა რაღაც კონკრეტულ აბს ან მოსაწევს და ა.შ. აქ უკვე სხვანაირად მიმდინარეობს ახსნა-განმარტება, მაგრამ არც ერთ ასაკში ჩვენ უარს არ ვამბობთ ბავშვთან საუბარზე, ეს საკვანძო საკითხია.
მ.ს.: მით უმეტეს, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ არის ხოლმე მომენტები, როცა ბავშვი კითხვას დასვამს და მშობელი პასუხობს: ახლა არ მცალია ან რომ გაიზრდები მერე გეტყვი, ეს სწორი პასუხია?
გ.მ.: არა, რომ გაიზრდები, მერე გეტყვი, ეს უკვე ნიშნავს, რომ აქ და ამჟამად ამ თემას ადევს ტაბუ და ეს შენთვის განკუთვნილი თემა არ არის.
მ.ს.: და ბავშვი მეორედ შეიძლება შენთან აღარც მოვიდეს ამ კითხვით?
გ.მ.: უფრო საშიშია არა მარტო ის, რომ აღარ მოვიდეს, არამედ ის, რაც ზევით ვთქვით, სხვაგან დაიწყებს ამ ინფორმაციის ძებნას და, დიდი ალბათობით, არასწორად ან სახიფათოდ მიიღებს და ეს სახიფათო მიღება მერე გავლენას მოახდენს მის ფუნქციონირებაზე.
მ.ს.: ბატონო გიორგი, სოციალური მედია იმდენად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით. ბუნებრივია, სარგებელი აქვს ძალიან დიდი, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც, როგორ და რამდენად მივუშვათ, როგორ მივაწოდოთ ეს ყველაფერი ჩვენს შვილებს, თინეიჯერებს?
გ.მ.: გეთანხმებით, სარგებელი აქვს, მაგრამ სოციალური მედიის უარყოფითი გავლენა ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ არა მხოლოდ თინეიჯერებზე, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც. თუ აქ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ მოახდინოს მშობელმა ამის სწორად კონტროლი ან დახმარება, ამ შემთხვევაში, მოზარდი შვილის, მაშინ რამდენიმე პუნქტს გავუსვათ ხაზი.
პირველი, ისევ და ისევ, მოდელირება. ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, როცა ბავშვი უყურებს მშობელს, როგორ მოიხმარს ის სოციალურ ქსელს, როგორ უმკლავდება, როგორ ავლენს იქ წარმოქმნილი უსაფრთხოების თუ თავდაცვის კონკრეტულ ქცევებს.
მ.ს.: ამ დროს, ნორმალურია ბავშვის ღია კონტროლი, მისაღებია, არ დააზიანებს?
გ.მ.: ღია კონტროლზე არ ვსაუბრობ, მე ვამბობ, რომ მშობელი აჩვენებს შვილს თვითონ როგორ მოიხმარს სწორად და ეს არის პირველი. შენიშნავდით, ალბათ, რომ ყოველთვის პირველ პუნქტად გამომაქვს მოდელირება, მშობელმა თვითონ უნდა ანახოს შვილს სწორი ფორმა.
მეორეა დროის მენეჯმენტი, დროის დაგეგმვაში დახმარება, როგორ გადაანაწილოს ბავშვმა დრო. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ბავშვი, დღის განმავლობაში, უფრო მეტ დროს სოციალურ ქსელებს ან კონკრეტულ თამაშებს, ვირტუალურ სივრცეს უთმობს და ნაკლებს — რეალურს. შეიძლება ეს დრო ისე გადანაწილდეს, მშობლის დახმარებით, რომ უფრო მეტი იყოს რეალური ურთიერთობები, გარემოსთან ურთიერთქმედება და ნაკლები — ვირტუალურ სივრცეში გატარებული დრო. ოღონდ მნიშვნელოვანია, ჩანაცვლდეს ბავშვისთვის სასიამოვნო სტიმულებით, ზოგ შემთხვევაში, ეს შეძლება იყოს გასართობ ცენტრში წასვლა, ან ერთად შოპინგი, ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლის დაგეგმვა და ა.შ. ეს სავსებით შესაძლებელია, როცა ბავშვის ინტერესები იცი. ამ სასიამოვნო, საინტერესო სტიმულებმა, აქტივობებმა უნდა ჩაანაცვლოს ვირტუალური და ამაში მშობლის წვლილი უდიდესია, რომ დაეხმაროს.
მ.ს.: ზოგს შეიძლება გაუჩნდეს პროტესტი, რომ არ არის ადვილი დროის მენეჯმენტი, მაგრამ როგორც თქვით, რაღაცაზე უნდა გადავატანინოთ ყურადღება, რაღაც საინტერესოზე…
გ.მ.: ეს ყურადღების გადატანაც არ გამოვა, უფრო მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა, თავის თავს რომ დაინახავს იქ, პირიქით, ყურადღების მობილიზება უნდა მოვახდინოთ იმაზე კარგ რამეზე, ვიდრე ვირტუალური სივრცე იქნებოდა.
და შემდეგი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებდი – რამდენიც არ უნდა ვეცადოთ თანამედროვე ეპოქაში და როგორ კარგადაც არ უნდა დავამენეჯმენტოთ დრო, რამდენად კარგადაც არ უნდა ავუხსნათ, რომ უფროსებსაც კი უჭირთ სოციალური ქსელებისა და მედიის სწორი მოხმარება, მაინც დადგება მომენტი, როდესაც ბავშვი დაჯდება, ექნება შეხება სოცმედიასთან და იქიდან რაღაც გავლენებს მიიღებს. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ისევ ის, რაზეც ზემოთაც ვისაუბრეთ, მშობელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი არა მარტო დროითი გაგებით, არამედ ემოციური გაგებითაც, რომ შეძლოს შესაბამისი კითხვების დასმა, შესაბამის დიალოგზე წამოყვანა, ამ შემთხვევაში — მოზარდის, თუ რა გავლენები მიიღო მან ამ კონკრეტული სოციალური პროდუქტიდან, როგორ გრძნობს თავს ამის შემდეგ, რა შთაბეჭდილებები აქვს, ხომ არ ფიქრობს, რომ შეიძლებოდა აერიდებინა თავი ამ ყველაფრისთვის ან ხომ არ ფიქრობს, რომ კიდევ გააკეთებდა ამას და ა.შ. აქაც იგივე განსჯის, კრიტიკული ჩართვებისა და ემოციური რადიკალური რეაგირებების გარეშე, მხარდამჭერად და პოზიტიურად.
მ.ს.: რასაც თქვენ ამბობთ, ამაში შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ მონდომება უნდა ცოტათი მეტი. ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთი საუბრის ფარგლებში ვერ ამოვწურავთ. ამჯერადაც ბევრი სასარგებლო მივიღე და ჩემეული დასკვნებია, რომ გულწრფელობა არის მთავარი ყველა ურთიერთობის დროს, ასევე, უნდა ვუსმინოთ ჩვენს შვილებს და დავაფასოთ მათი ნებისმიერი ქმედება. დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის.