შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის თანამშრომლობა კიდევ სამი წლით გრძელდება.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრის თავმჯდომარემ მალეიკა აბასზადემ მოაწერეს.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტებს ამზადებს მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრი კი ჩართულია აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისთვის დავალებათა ბანკის შექმნის პროცესში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში იგეგმება ტრენინგების ჩატარება იმ აზერბაიჯანელი ექსპერტებისათვის, რომლებიც მუშაობენ აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების ტესტებისა და შეფასების სქემების შექმნაზე.
შეგახსენებთ, რომ ცენტრებს შორის თანამშრომლობა 2020 წლიდან დაიწყო.