კოლეჯს, რომლის სტუდენტებსაც დღეს გაგაცნობთ, „ახალი ტალღა“ მას შემდეგ ეწოდა, რაც პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე, 2012 წელს, თანამედროვე ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება დაფუძნდა. კოლეჯის დირექტორი ირმა მეგრელიძე ამბობს, რომ სასწავლებელი მრავალპროფილურია, 34 პროფესიულ პროგრამას ახორციელებს, ფუნქციონირებს მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსებიც და ამიტომაც სხვადასხვა ასაკის ბევრი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს – 1200 სტუდენტიც ამის დასტურია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების გარანტია თითქმის ყველა მიმართულებას აქვს, რაც რეგიონის მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგია. შარშან, მაგალითად, „ავერსმა“ 12-ივე კურსდამთავრებული დაასაქმა, ჩართულია აჭარის დასაქმების სააგენტოც; კოლეჯს ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, ადამ მიცკევიჩის სახ. პოლონურ კოლეჯთან, გაცვლით პროგრამას ახორციელებს ესტონეთის კოლეჯთან.
ერთი სიტყვით, „ახალი ტალღა“ ახალი შესაძლებლობაა არა მარტო მათთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას, არამედ იმათთვისაც, ვინც მეორე, უფრო მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტა ან ახალგაზრდული ოცნების ასრულების შესაძლებლობა მოგვიანებით მიეცა. ჩვენი რესპონდენტებიც ამ ნიშნით შევარჩიეთ.
ნინო სარჯველაძე ქობულეთის №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მე-12 კლასში იყო, როცა „ახალი ტალღიდან“ პედაგოგები სკოლას ესტუმრნენ და თავიანთი პროგრამები გააცნეს ახალგაზრდებს. შეხვედრა საინტერესო გამოდგაო, იხსენებს ნინო, ბავშვებს ზოგს რა აინტერესებდა და ზოგს – რა, ამიტომ კითხვები ბევრი იყო, პასუხებიც ამომწურავი. „ეს ხუთი წლის წინ იყო. მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი არჩევანი სკოლამდელი აღზრდა იქნებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ კოლეჯში კი ჩავაბარე, მაგრამ კულინარიული ხელოვნების მიმართულებაზე, კარგად ვისწავლე, დავამთავრე და… 4 წელი ძიძად ვიმუშავე – ჩემი მოწოდებაც და პროფესიაც ესაა. არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავს, სულ რამდენიმე თვეა, რაც სწავლა დავიწყეთ და გარდა იმისა, რომ საინტერესო მოდულები გავიარეთ, ადამიანურადაც ბევრი რამ ვისწავლეთ. კულინარიულზე სულ ჩემი ტოლები ვიყავით, 18 წლისანი, აქ ასაკობრივი მრავალფეროვნებაა და ურთიერთობებიც გაცილებით საინტერესოა, უფროსებისგანაც ხომ ბევრ რამეს ვსწავლობ…“
ნინომ მოდულების შესახებაც ისაუბრა, აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის სიღრმისეულად შესწავლა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიის ლექციებმა დააინტერესა, რადგან, მისი აზრით, ბავშვებთან ურთიერთობაში ფსიქოლოგიური განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია. „დარწმუნებული ვარ, 2 წელიწადში ისეთ ცოდნას მივიღებ კოლეჯში, რომ წარმატებული ვიქნები ჩემს პროფესიაში და ბავშვობისდროინდელ ოცნებასაც საბოლოოდ ავისრულებ“.
შედარებით გრძელი გზა გაიარა კოლეჯამდე ნათია გურგენაშვილმა. წარმოშობით გორელია, თავდაპირველად პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გორის ფილიალის სტუდენტი გახდა, შემდეგ, ოჯახური მდგომარეობის გამო შეწყვიტა სწავლა, ბედმა კი ქობულეთთან დააკავშირა და დაოჯახდა. მისი უფროსი ქალიშვილი აბიტურიენტია, ინგლისურ ფილოლოგიაზე სურს სწავლის გაგრძელება. დედამ კი დაასწრო და „ახალი ტალღის“ სტუდენტი გახდა, ნინოს ჯგუფელია, არჩევანი მანაც სკოლამდელ აღზრდაზე გააკეთა და ფიქრობს, რომ სწორადაც. „ბავშვები ძალიან მიყვარს, მათთან ურთიერთობაც იოლად გამომდის, ზოგადად, ადამიანებთანაც. ახლა ადრეული განათლების კურიკულუმს გავდივართ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, ყველა მოდული ძალიან საინტერესოა, ლექტორები მცოდნე და თბილი, მეგობრული ადამიანები არიან. მაღაზიაში ვმუშაობ, მაგრამ კოლეჯი ორცვლიანია და ხელი არ მეშლება, შუალედურ ჩათვლებსაც წარმატებით ვაბარებ, ყველა ხელს გვიწყობს, პროგრამის ხელმძღვანელიდან დაწყებული, ნებისმიერი ლექტორით დამთავრებული“.
პროგრამის ხელმძღვანელი ნათია გოხიძეა. მას თავად ჰქონდა კერძო ბაღი, განათლებით დაწყებითების პედაგოგია და სასულიერო გიმნაზიაში II კლასს ასწავლის. ასე რომ, გაუმართლათ სტუდენტებს, რომ პროფესიონალი პროგრამის ხელმძღვანელი ჰყავთ. „7 წლის წინ ჩვენი კოლეჯი ბაგა-ბაღის პედაგოგის პროგრამას ახორციელებდა და მსურველი მაშინაც ბევრი გვყავდა. პანდემიის დროს სწავლა შეწყდა, რადგან შეუძლებელია ამ პროფესიის ონლაინ სწავლება და შარშან ნოემბერში განახლდა, როგორც „სკოლამდელი აღზრდა და განათლება“. პირველივე მიღებაზე 3 ჯგუფი დავაკომპლექტეთ, 15-15 სტუდენტით, მსურველი გაცილებით მეტი იყო. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. ლექტორებიდან ბაღების მოქმედი პედაგოგებიც გვყავს, მოდულები საკმაოდ საინტერესოა: გაცნობითი პრაქტიკა, ადრეული განვითარების თავისებურებები, ინფორმატიული ტექნოლოგიების გამოყენება სკოლამდელ განათლებაში, ოჯახი და თემი სკოლამდელ აღზრდაში, უცხო ენა… სტუდენტებს ხელშეწყობა აქვთ, ბევრი მუშაობს და მათ ცვლებს ვურჩევთ. თავადაც მონდომებულები არიან, იციან, დასაქმების დიდი შანსი აქვთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ წლებს მაქსიმალურად გამოიყენებენ პროგრამის წარმატებით დაძლევისთვის. რაც შეეხება სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას, აქ დასაქმების გარანტიები ნამდვილად არის, იმიტომ, რომ რეგიონში კვალიფიციურ კადრზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ხულოშიც გვაქვს ფილიალი. წლევანდელი მისაღები გამოცდებით თუ ვიმსჯელებთ, უფრო დიდი კონკურენცია გვექნება ამ მიმართულებაზე და, როგორც ხდება ხოლმე, მხოლოდ საუკეთესო კურსდამთავრებულები დასაქმდებიან,“ – ასეთია პროგრამის ხელმძღვანელის პროგნოზი.
წარმატებას ვუსურვებთ „ახალ ტალღას“, პატარა ზღვისპირა ქალაქის კარგ შესაძლებლობას, ოცნებების ახდენაში დაეხმაროს ნებისმიერი ასაკისა და შესაძლებლობის ადამიანებს.
ანა ფირცხალაიშვილი