შეკითხვებს პასუხობს
ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი
როლანდ ხოჯანაშვილი
⇒ რა არის ჰოლისტური განვითარება?
ჰოლისტური განვითარება თანამედროვე პედაგოგიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა – ბავშვის კომპლექსური განვითარება სოციალური, ემოციური, ფიზიკური და შემეცნებითი თვალსაზრისით.
⇒ რით შეიძლება მივაღწიოთ მოსწავლის ასეთ კომპლექსურ, ანუ ჰოლისტურ განვითარებას?
ჰოლისტური განვითარება არ წყდება ადამიანის რომელიმე ასაკში. სასკოლო დონეზე თუ განვიხილავთ, ჰოლისტური განვითარების ინსტრუმენტია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევა, იგულისხმება ე.წ. გრძელვადიანი მიზნები (ფუნქციური უნარები, საფეხურის შედეგი, სასწავლო ცნება/ცნებები/მაკროცნებები).
⇒ კიდევ რომ დავაკონკრეტოთ კურიკულუმის შესახებ ინფორმაცია… ხშირია შემთხვევა, როცა ამ ტერმინის მოწინააღმდეგეები, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ენაში ნეოლოგიზმების სიუხვეზე აკეთებენ აქცენტს. არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სიტყვა კურიკულუმი ბარბარიზმია.
კურიკულუმი ისეთი ტერმინია, რომელსაც მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემა აღიარებს. მართალია, ეს სიტყვა ნეოლოგიზმია ჩვენთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ბარბარიზმი. კურიკულუმი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესრულების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტია სწავლა-სწავლების სანიმუშო ხარისხის მისაღწევად, სასკოლო თემის გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის, სასკოლო კულტურის განვითარებისთვისა და სკოლის ავტონომიურობის გასაზრდელად.
⇒ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის მიხედვით, თემის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება. არ გამოიწვევს ეს დაბნეულობასა და სირთულეს მასწავლებლებისთვის?
თემა არის კონტექსტი, რომლის გარეშე ვერ ვიმუშავებთ შუალედურ მიზნებზე. თუ კონკრეტული თემის ფარგლებში შესაბამის კომპლექსურ დავალებებს დავგეგმავთ, შედეგებიც გარანტირებულად დამუშავებული იქნება. მაგალითად, თუ ქართული ენისა და ლიტერატურის საანბანო პერიოდის მერე სამივე ცნებას (ტექსტი-ჟანრი; სიტყვა, წინადადება, ტექსტი; გრამატიკული კანონზომიერება) დავამუშავებთ, პირობითად, თემის „სკოლა-სწავლა, აღზრდა“ ფარგლებში, შედეგის ექვსივე ინდექსს დავფარავთ ისე, რომ ამაზე მასწავლებლებს ფიქრიც არ უწევთ. მაინც დავაკონკრეტებ, რომ „ტექსტი-ჟანრი“ თუ გვექნება ორიენტირად, დავფარავთ შემდეგ შედეგებს: (I).1, 2, 3, 4, 5; „სიტყვა, წინადადება, ტექსტი“ ფარავს შედეგებს: (I).4, 5, 6, ხოლო გრამატიკული კანონზომიერება – (I).5, 6. რომაული I, ამ შემთხვევაში, აღნიშნავს დაწყებითი საფეხურის პირველ ქვესაფეხურს.
⇒ რას მოიცავს შედეგი?
შედეგი მოიცავს როგორც უნარებს, ფაქტობრივ მასალას, ისე მიზან-დანიშნულებას, რისთვისაც მოსწავლეს შეძენილი ცოდნა ესაჭიროება.