განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების — შეფასების ახალ სისტემის შექმნისა და დანერგვის — შესახებ საუბარი აქტუალურად მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კონსულტაციებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან. 26 თებერვალს, ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი გამოცდების ახალ მოდელზე მსჯელობა და საქართველოში სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების კვლევის საბოლოო ანგარიშის გაცნობა იყო, რადგან კვლევა, რომელიც ნაეკის დაკვეთით ჩატარდა, გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. „ეს არის შეფასება იმ საგამოცდო და შეფასების სისტემისა, რაც დღემდე გვქონდა საქართველოში. ამიტომ კვლევა გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რომ გამოსაშვები გამოცდები გაგვეუქმებინა”, — განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისივე თქმით, გამოსაშვები გამოცდები განათლების ხარისხს არ ამაღლებდა და აქედან გამომდინარე, არც მისი მოხსნა აისახება ხარისხზე.
კვლევა, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ კომპონენტს. დამუშავდა სტატისტიკური მონაცემები და შეჯერდა დღემდე არსებული კვლევები. გამოიკითხნენ ექსპერტები, 80-მდე ადამიანი იყო ჩართული ინტერვიუებში და ფოკუს-ჯგუფებში. დოკუმენტში თავმოყრილია არსებული კვლევები და ლიტერატურა საგამოცდო საკითხებზე, გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები, განხილულია საერთაშორისო ტენდენციები და წარმოდგენილია ექსპერტების, დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და რეკომენდაციები.
„შეხვედრის მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცნოთ კვლევის შედეგები, რომელიც ეხება გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გარდა ამისა, გვინდა აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ უცხო ენების სწავლება, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისსა და რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება გვაქვს უცხო ენის მოსწრებაში. ამიტომ განვიხილეთ, თუ რა შეიძლება ერთობლივად გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლების დონე უცხო ენებში ამაღლდეს.“ — განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეხვედრის მონაწილემ, ელეონორ გარნიემ (საფრანგეთის საელჩოს და ფრანგული ინსტიტუტის ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საკითხებში) ყურადღება გაამახვილა კვლევის შედეგად გამოვლენილ იმ უთანასწორობაზე, რომელიც არსებობს თბილისსა და რეგიონის მოსწავლეებს შორის, დიდ ქალაქებსა და სოფლის სკოლებს შორის. „ძალიან საინტერესო იყო ამ ინფორმაციის მიღება და მადლობას ვუხდით ნაეკს ამ კვლევებისთვის, რამაც არათანაბარი სიტუაცია გამოავლინა, რაც სამომავლოდ საშუალებას მისცემს ქვეყანას, იმუშაოს ამ სიტუაციის გამოსწორებაზე. დამსწრე ორგანიზაციებმა გარკვეული რჩევები მისცეს ცენტრს, რაც ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რაც მთავარია, უკეთეს შედეგებს მოუტანს როგორც უნივერსიტეტებს, ასევე ქვეყანას, ზოგადად სისტემას და სტუდენტებს.“
რაც შეეხება გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, ამბობს, რომ, საერთო ჯამში, გამოცდის რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილებაა. საფრანგეთშიც არსებობდა მსგავსი პრობლემა და მათ მოსწავლეებსაც უხდებოდათ როგორც სკოლის დამამთავრებელი, ისე უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდების ჩაბარება. „ასეთმა სისტემამ საფრანგეთშიც იგივე პრობლემები გამოკვეთა — პირველ რიგში, ის, რომ მოსწავლეებს ძალიან დიდი დატვირთვით უწევდათ ამ ყველაფრისთვის მომზადება. სისტემა მათ ისეთივე უთანასწორო მდგომარეობაში აყენებდა, როგორც ქართველ მოსწავლეებს. იყო სიტუაციები, როცა მოსწავლეს, წარმატების მისაღწევად, სკოლის გაკვეთილების პარალელურად, დამატებით უწევდა მომზადება. სწორედ ეს გახდა საფარანგეთში, თავის დროზე, რეფორმის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნა მოიტანა. ნებისმიერი ცვლილებისას მთავარია ყველაფერი მოსწავლის ინტერესებზე იყოს ორიენტირებული — რაც შეიძლება მარტივად უნდა მოხდეს მისი ცოდნის გამოვლენა.“
გერმანიის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრი, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია და განსაკუთრებული შეხება არ აქვს განათლების საკითხებთან (თუმცა, კარგად იცნობს გერმანიის განათლების სისტემას), ერთ რჩევას მაინც აძლევს ქართული საგანმანათლებლო სისტემის მესვეურებს: საქართველოსთვის გერმანიის მოდელის გადმოღება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან გერმანიაში 16 ფედერალური ერთეულია და 16-ვეში განათლების სისტემა სხვადასხვანაირად არის მოწყობილი. „თუკი მათ მიბაძავთ, გექნებათ მუდმივი, დაუსრულებელი რეფორმების ციკლი.“ საქართველოს განათლების სისტემაში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას, პირველ რიგში, უცხო ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის პრობლემა და რეპეტიტორობის ინსტიტუტის ასე მომძლავრება დაასახელა, რომელიც „ხანდახან, დახმარების ნაცვლად, ხელს უშლის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.“
ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესება კომპლექსურად უნდა დაიგეგმოს. „ამისთვის კი, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ შეფასების ტიპი და ფორმა შევცვალოთ. აქამდე გვქონდა ე.წ. მაღალი რისკის შეფასებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეფასების შედეგად, მოსწავლეს შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგი დაუდგეს. რეალურად, ეს სისტემა, შეფასების ნაცვლად, ბავშვებს ჭრიდა და შემდეგ ვეღარ აგრძელებდნენ უმაღლეს განათლებას. ამიტომ, დავგეგმავთ შეფასებებს უფრო დაბალ საფეხურებზე, ვთქვათ, დაწყებითი საფეხურის და საბაზო საფეხურის ბოლოს, იმისათვის, რომ დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებსაც, თვითონ ბავშვებსაც და სკოლებსაც — რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება განვითარდნენ. შეფასება უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული განვითარებაზე. როცა მე-12 წლის ბოლოს ვატარებთ გამოცდებს და, სამწუხაროდ, ბავშვი იჭრება, სკოლას აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია, დაგვიანებულია. ამიტომ, უმჯობესია მანამდე მივაწოდოთ ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე და ბოლოს არ მოვთხოვოთ ის, რისი გამოსწორებაც აღარ შეიძლება. თუ მოსწავლეს დაწყებითი და საბაზო საფეხურების დასრულებისას შევაფასებთ, სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად დრო ნამდვილად ექნებათ.“
სოფო გორგოძემ იმ რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილების 30%-ის გაცდენის შესაძლებლობას აძლევს. მისი აზრით, გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და სხვა მექანიზმების ამოქმედება მოსწავლეს სკოლაში დააბრუნებს. „თავის დროზე, გამოსაშვები გამოცდების შემოღებით, მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა. გამოცდების მოხსნით და პლუს სხვა მექანიზმებით გავზრდით მოსწავლეთა დასწრებას. მაგალითად, თუ სკოლების შიდა შეფასებას განსაკუთრებული დატვირთვა მიეცემა და ატესტატის გაცემა ამ შეფასების საფუძველზე მოხდება (მასწავლებელი რა ნიშანსაც დაუწერს), ამ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში არ ივლის, ვერც დირექტორი და ვერც მასწავლებელი მას ნიშანს ვერ დაუწერს. ეს მექანიზმები აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, ასევე, უნდა გამკაცრდეს მოსწავლეთა დასწრების შემოწმება დირექტორის მხრიდან. გარკვეული რეგულაციები, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევდა, მაგალითად, 30% გაეცდინათ (ეს, ფაქტობრივად, სასწავლო წლის მესამედია), უნდა გადაიხედოს. იქნებ მოსწავლეები ნელ-ნელა დავუბრუნოთ სკოლას. ამაზე მასწავლებელმა და დირექტორმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ — სკოლას მეტი როლი უნდა მიენიჭოს.“.
დიაგნოსტიკური გამოცდები, რომელიც საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს შეამოწმებს, წელს მასშტაბურად არ ჩატარდება. გამოცდების საპილოტე რეჟიმში დანერგვა, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლიდან დაიწყება. რომელი სკოლები ჩაერთვებიან საპილოტე რეჟიმში, ჯერჯერობით, უცნობია. „ვიწყებთ მუშაობას მეოთხე, მეექვსე და მეათე კლასების შეფასებებზე. ეს იქნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შეფასებები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს გამოცდები ამ სასწავლო წლის ბოლოს, გაზაფხულზე ჩატარდება, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ახლა ვინც ამთავრებს მეათე კლასს, ამ გაზაფხულზე, მათ ეს გამოცდები არ შეეხება. წელს, წლის ბოლომდე, შეიძლება პილოტირება მოესწროს და, ბუნებრივია, გაზაფხულზეც გაგრძელდება. შემდეგ წელს კი, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამივე კლასის ბოლოს, დაინერგება დიაგნოსტიკური შეფასებები“ — ამბობს სოფო გორგოძე.
რა ტიპის იქნება გამოცდა? ამ საკითხზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„დაწყებით კლასებში, ალბათ, ეს იქნება წიგნიერების და რაოდენობრივი მსჯელობის შემოწმება. მაღალ კლასებში საგნების შესახებ კონკრეტიკა ჯერ არ არის. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, შეიძლება სხვადასხვა საგანი იყოს ძირითადი და ყოველ წელს მოხდეს რამდენიმე საგნის როტაცია იმისათვის, რომ ისევ გამოცდების ჩაბარებაზე არ ვიყოთ ორიენტირებული და მხოლოდ იმ საგნებში არ ემზადებოდნენ ბავშვები, რომლებშიც გამოცდები იქნება დანიშნული“.
ჯერ არც ის არის დაკონკრეტებული, მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ თუ არა რომელ საგნებში მოუწევთ დიაგნოსტიკური ტესტების ჩაბარება. ბევრი დეტალია დაუზუსტებელი, თუმცა ერთი რამ, რაზეც ცენტრის ხელმძღვანელი ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ გამოცდების რაოდენობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი: „ვეცდებით, ისევ ბევრი გამოცდა არ მივიღოთ, თუნდაც, მეათე კლასის ბოლოს ყველა საგანში, რომ ისევ გამოცდებზე ორიენტირებული არ გახდეს მოსწავლე. ამიტომაც გაჩნდა იდეა, ხომ არ გაკეთდეს როტაცია. არ უნდა მოხდეს ისე, რომ, მაგალითად, ფიზიკა არ შევამოწმოთ ორი წლის განმავლობაში და არ ვიცოდეთ, რა ხდება ამ მიმართულებით.
თუ მოსწავლე რომელიმე გამოცდას ვერ ჩააბარებს, სანქციები არ დაწესდება, პირიქით, ეს მას დაეხმარება, ზუსტად გაიგოს კონკრეტულ საგანში რა განსაკუთრებული სირთულეები აქვს. აქედან გამომდინარე, მოსწავლეც და მშობელიც გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. შეუძლიათ იმაზე დაფიქრდნენ, ღირს თუ არა კიდევ ორი წელი სწავლა და აკადემიური განათლებისთვის მომზადება. შეიძლება ვიღაცამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ქულები აქვს, მეათე კლასის ბოლოს მაინც გადაწყვიტოს, რომ აღარ უნდა აკადემიური განათლების მიღება, სხვა რომელიმე სფერომ დააინტერესოს და იმ მიმართულებით წავიდეს. ამ გამოცდების საფუძველზე სკოლიდან გარიცხვა არ მოხდება. ეს იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, სკოლის განვითარებასა და შიდა მოხმარებაზე მიმართული გამოცდები იმისთვის, რომ დირექტორმა და მასწავლებელმა ერთად გადაწყვიტონ, რა არის გასაუმჯობესებელი, სად აქვს სკოლას ჩავარდნა და რა მიმართულებით მიდის — სწორი თუ არასწორი. ამის მიხედვით დაიგეგმება მასწავლებელთა ტრენინგები, გამოვლინდება საჭიროება — რესურსების გამრავალფეროვნება თუ სხვ. გამოცდის შედეგი არც კლასში ჩატოვებას გულისხმობს და არც ატესტატზე იმოქმედებს.“
როგორ დაიგეგმება გამოცდების გრაფიკი? ამის შესახებ სოფო გორგოძე ამბობს, რომ: „IV და VI კლასებში გამოცდა შეიძლება ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩავატაროთ, რომ წინა წელს მიღებული ცოდნა შევამოწმოთ. მაგალითად, VII კლასში გავარკვიოთ, როგორ დაამთავრეს VI კლასი და მიაღწიეს თუ არა ბავშვებმა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. ამიტომ ვამბობთ, რომ წლის ბოლომდე ჩატარდება პილოტირებები, შეიძლება გაზაფხულზეც გადაიწიოს რომელიმე კლასის ინსტრუმენტების გამოცდამ, რომ იმის შემდგომ, 2021 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დავნერგოთ შეფასების ახალი სისტემა აღნიშნულ კლასებში.“
შეფასების ასეთი ფორმის შემოღების შემთხვევაშიც, გარკვეული დოზით, რეპეტიტორების საჭიროება მაინც დადგება — ამ აზრს ცენტრის ხელმძღვანელიც ეთანხმება: „რეპეტიტორობა ვერ გაქრება და ყოველთვის იქნება. მთავარია, რა დოზით და რა კონკურენციას გაუწევს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას. თუ განათლების სისტემა მხოლოდ რეპეტიტორებზე დგას და ყველა რეპეტიტორთან ემზადება, მაშინ სკოლაში რატომ ვდებთ ფულს? მთავარია ბალანსი, თორემ რეპეტიტორის საჭიროება, თუნდაც იმ ბავშვებისთვის, ვისაც სკოლაში ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის პირობებში უჭირს პროგრამის დაძლევა, ყოველთვის იქნება. მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია, ამიტომ არ ვამბობთ, რომ უნდა ამოვძირკვოთ ეს სისტემა, რაც არ უნდა დავიქადნოთ, ამას მაინც ვერ გავაკეთებთ.“
ლალი ჯელაძე