2020-2021 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. დამეთანხმებით, საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წელი აღმოჩნდა განათლების სფეროსთვის ისევე, როგორც დანარჩენი მიმართულებებისთვის. თუმცა, ცხადია, ჩვენი ინტერესის სფერო ამჯერად განათლებაა, უფრო კონკრეტულად, სკოლა, რომელიც სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა პანდემიის პერიოდმა. რა დანაკარგები აქვთ მოსწავლეებს და როგორ გამოვასწოროთ ჩამორჩენა, კოვიდპანდემიის ფონზე, სწორედ ამის გასარკვევად ახორციელებს განათლების კოალიცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „სასწავლო დანაკარგების შესწავლა პანდემიის პირობებში“. პროექტის ფარგლებში, კოალიცია, პერიოდულად, ონლაინ დისკუსიებს მართავს სპეციალისტებთან. გასულ კვირას, პანდემიის დროს სსსმ მოსწავლეების ძირითად გამოწვევებსა და ინტერვენციებს დაეთმო ვებინარი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ცინცაძე და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, სპეცმასწავლებელი სალომე ჩარკვიანი. ვებინარის მოდერატორის, განათლების კოალიციის დირექტორის, გიორგი ჭანტურიას აზრით, ძალიან საინტერესოა დისკუსიის თემა: „როდესაც სასკოლო განათლების სისტემაზე ვსაუბრობთ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პრობლემები ნაკლებად არის ხოლმე დაფარული, ამიტომ გადავწყვიტეთ, ვებინარი მთლიანად ამ თემას დავუთმოთ და ვისაუბროთ იმ დანაკარგებსა და გამოწვევებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს, განსაკუთრებით კი, პანდემიის პირობებში. საინტერესოა, სპეციალისტებისგან მოვისმინოთ, რა არის ეს დანაკარგები და რისი გაკეთება შეგვიძლია მათ აღმოსაფხვრელად. ბევრი სტერეოტიპი და წარმოდგენა არსებობს ამ თემასთან მიმართებით, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და საჭირო მათი აზრის მოსმენა.
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ერთ-ერთ კვლევაზე მუშაობისას, მეტ-ნაკლებად მზარდი ტენდენცია დავინახეთ, თუ როგორ იზრდება სსსმ მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო განათლების სისტემაში. თუ უფრო ძველი დროიდან მოვყვებით, გეტყვით, რომ: მაგალითად, 2009 წელს სკოლაში ჩართული იყო 200-მდე სსსმ ბავშვი, დღეს 7000-ზე მეტი მოსწავლეა სასწავლო პროცესში ჩართული. თუმცა, ვიცით, რომ მზარდი ტენდენციის ფონზე, საკმაოდ ბევრი გამოწვევაა. ამიტომ, შერჩეულ სტუმრებს მინდა ვკითხო, ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ სკოლები და მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათი ოჯახები, მშობლები – რა გავლენა იქონია განათლების სისტემაზე პანდემიამ.“
ნინო ცინცაძე: „ზოგადად თუ ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ იმავე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სსსმ მოსწავლეები და მათი მშობლები, რა გამოწვევების წინაშეც იყო ნებისმიერი სხვა ბავშვი და მისი მშობელი. მოგეხსენებათ, სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური განათლების მიღების ნაწილი, ეს არის ზოგადი განათლებისა და განვითარების, სოციალიზაციის ნაწილი. ბავშვები მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში არ იღებენ განათლებას და არ ვითარდებიან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის როგორც ფიზიკური, ისე სოციალური გარემო და ამ გარემოდან მოწყვეტა, რა თქმა უნდა, არც ერთი ბავშვისთვის არ იყო კარგი და სასარგებლო, თავისთავად, არც სსსმ ბავშვებისთვის. ბუნებრივია, ამ პროცესებს ბევრი პრობლემა ახლდა – ბევრი დრო დაიკარგა, გარკვეული პერიოდი დასჭირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასტრუქტურებას.
ვერ ვიტყვი, რომ ეს ვინმეს ბრალია, მთელი მსოფლიო ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა და პრობლემები ყველგან იყო. ამ დროს, ცხადია, კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რაც აქვთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, ზოგადად, სასკოლო სისტემაში. სკოლაში რაღაც რომ ხდება, მათთვის ეს ცოტა უფრო გვიან ხდება ხოლმე, უფრო ნაკლები ხარისხითა და მასშტაბით. ამ ბავშვებთან მიმართებაში, ახლა სწორედ ეს პროცესი განმეორდა, ოღონდ ონლაინ სივრცეში. მათი ჩართვა უფრო გვიან მოხდა, ინტენსივობა და რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლები იყო. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ შემიძლია საკუთარი გამოცდილებით ვიმსჯელო, რადგან ბევრ შემთხვევასთან მქონია საქმე და დაახლოებით მაქვს წარმოდგენა ამ პროცესებზე. მოკლედ კი, ასე ვიტყვი – ყველაფერი დაგვიანებით მოხდა და ნაკლები ინტენსივობით.“
სალომე ჩარკვიანი: „პრინციპში, ნინოს უნდა დავეთანხმო. მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვს ობიექტური მონაცემები, განცდის დონეზე, ყველაფერი ბევრად უფრო რთულად იყო. ეს არ ეხებოდა მხოლოდ სსსმ მოსწავლეებს, ტიპური განვითარების შემთხვევაშიც ბევრად სტრესული იყო ცვლილებების პერიოდი – დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, მერე ამ ყველაფერთან შეგუება და ადაპტირება, შემდეგ ისევ გამოსვლა, მერე ისევ გასვლა. თან ამ ყველაფრისთვის არ იყო მოსამზადებელი დრო, ძალიან მოკლე პერიოდში მიიღებოდა გადაწყვეტილებები და ორი-სამი დღე ჰქონდათ ხოლმე მშობელსა და მასწავლებელს გადასაწყობად. ცალკე ბავშვისთვის იყო ეს ძალიან რთული, არა მხოლოდ სსსმ მოსწავლისთვის, არამედ, ზოგადად, აკადემიური განვითარება, ტიპური განვითარების შემთხვევებშიც (კიდევ უფრო მეტად – სსსმ მოსწავლეებთან), შენელდა. თუმცა არის გამონაკლისიც, როდესაც ბავშვებისთვის იმდენად კომფორტული აღმოჩნდა სახლში ყოფნა, რომ შფოთვაც კი მოეხსნათ და უკეთ ვითარდებოდნენ აკადემიური მიმართულებითაც. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სახლში გამოკეტვა აუცილებლად კარგი და სასარგებლო იყო. საერთო ჯამში, მრავალმხრივ მტკივნეული იყო ეს სასწავლო წელი, განსაკუთრებით, სპეცმასწავლებლებისთვის, სსსმ მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის.“
სპეციალისტების აზრით, სასკოლო განათლების სისტემაში რომ მტკიცებულებებით ვერ საუბრობენ, ეს, პირველ რიგში, სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. სამწუხაროდ, მსგავსი მონაცემები არ არსებობს, ამიტომ, მათ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ან მათ მიერ მოძიებული ფაქტების საფუძველზე უწევთ დასკვნების გამოტანა, რომ სსსმ მოსწავლეების ჩართულობა იყო უფრო ნაკლები და გარკვეული ხარვეზებიც ახლდა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი და როგორ ხედავენ პრობლემის, მოსწავლეთა ჩამორჩენის, აღმოფხვრას. დისკუსიაში მონაწილე ორივე სპეციალისტი აცხადებს, რომ, პირველ რიგში, სასურველია არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, შემდეგ მათი გამოსწორების გზებზე მუშაობა. ნინო ცინცაძის აზრით, განათლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი კომპლექსურია და მარტივი პასუხი არაფერზე არ არსებობს ისევე, როგორც ამ შეკითხვაზე: „სსსმ ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათი საჭიროება ხანდახან რადიკალურად განსხვავებულია, შესაბამისად, ალბათ, ამ პანდემიურმა პერიოდმა თითოეული მათგანისთვის სხვადასხვაგვარად გაიარა. ამის მიზეზი, შეიძლება, მათი პერსონალური ხასიათი თუ შესაძლებლობები, ან სხვა ფაქტორები იყო. დიდ როლს თამაშობს, ასევე, გარემო ფაქტორებიც. ზოგიერთისთვის ოჯახი ძალიან კარგი მხარდამჭერი აღმოჩნდა, ნაწილი, ამ შესაძლებლობას მოკლებული იყო. შეიძლება, რიგ შემთხვევებში, სკოლას ან სპეცმასწავლებელს მაქსიმუმიც კი გაეკეთებინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩათვალეთ, რომ ბავშვებს, ფაქტობრივად, წელი გაუცდათ, რადგან არანაირი წინსვლა მათთან მიმართებაში არ მომხდარა. ამიტომ, ალბათ, სასურველი იქნებოდა, ინდივიდუალურად შეფასებულიყო, ერთი მხრივ, მათი საჭიროებები და, მეორე მხრივ, ის რეალობა, რომელშიც ამ წლის განმავლობაში იყვნენ. იმაზეც კი შეიძლება ლაპარაკი, რომ სკოლაში დამატებითი წელი დაუშვან (შესაძლოა ზოგიერთ მშობელს ეს არ უნდოდეს, ნაწილი კი თანახმა იყოს). ალბათ, რთული გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ამას რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, მე მგონი, ცხადია.“
სალომე ჩარკვიანის აზრით, სამთავრობო გადაწყვეტილებებმა აჩვენა, რომ სისტემა სკოლაში დაბრუნების საკითხს ძალიან მარტივად უყურებს: „თითქოს ერთი გამოცხადება და მორჩა, მეორე დღეს მივალთ სკოლაში და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც დავტოვეთ. ამ დროს, ეს ასე არ იყო და ვერც იქნებოდა. სკოლაში დაბრუნების შემდეგ ძალიან რთული, დაახლოებით, ორ-სამკვირიანი პროცესი იყო, მერე – პერიოდი, როცა, თითქოს, შეგუება დავიწყეთ, მერე ისევ გავედით ონლაინ, შემდეგ ისევ „არდადეგები“ გამოცხადდა და ასე გაგრძელდა… ახლა იცით როგორი შეგრძნებაა – სასწავლო წელი მთავრდება და ჩემს განცდაში (და ბავშვების განცდაშიც), თითქოს ოქტომბერია.
აკადემიური თვალსაზრისით, მშობელს არდადეგების დროს ვერ მოსთხოვ პროცესში ჩართვას, როცა ონლაინ სწავლებაა. ვერც იმდენი ხნით ამეცადინებს შვილს, რამდენიც საჭიროა. ამდენი დრო არ აქვს, მასაც თავისი გრაფიკი აქვს, დროს რომ თავი დავანებოთ, პროფესიულადაც უჭირს ეს ყველაფერი, სსსმ მოსწავლეს სპეციალური ტექნიკებით მუშაობა სჭირდება. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს მივყვებოდით… ოფლაინს ონლაინ ცვლიდა, მერე ისევ თავიდან ვიწყებდით, ოფლაინ და ა.შ. მთელი წელი ასე ვტრიალებდით მანკიერ წრეზე. თავისთავად, ამ ყველაფერთან ფსიქოემოციურად შეგუებაც ძალიან რთული აღმოჩნდა, ბავშვებს შფოთვა დაეწყოთ. რამდენიმე ბავშვს ვერაფრით გავაგებინეთ, რატომ შეუძლია ხან დარჩეს სახლში და ხან არა, რატომ არის მეგობრებთან თამაში ხან შესაძლებელი და ხან არა. ასეთი პრობლემები ბევრი იყო. მაგრამ თავი დავანებოთ ფსიქოემოციურ მხარეს, იმიტომ, რომ სისტემას ამისთვის ისედაც დანებებული აქვს თავი და აქცენტი იმაზე გავაკეთოთ, რასაც მაქსიმალურად ითხოვენ ჩვენგან, სკოლებისგან – როგორი შედეგი დავდეთ? ალბათ, მთელი წლის განმავლობაში – მეოთხედი სემესტრის შედეგი. ამას, ცხადია, ჩემი სკოლის მაგალითზე ვამბობ, დანარჩენმა სკოლებმა თავისი შედეგები იციან. საერთოდ, საინტერესოა, რა ქნეს იმ სპეცმასწავლებლებმა, რომლებსაც 12 და 15 ბავშვი ჰყავდათ ამ წლის განმავლობაში, ასეთი სკოლებიც ხომ გვაქვს.“
ნინო ცინცაძე იმ პრობლემებსაც შეეხო, როცა მასწავლებლებს პარალელურ რეჟიმში მოუწიათ მოსწავლეებთან მუშაობა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. ამბობს, რომ პედაგოგთა უმეტესობა, სტრესის და გადაღლილობის მთავარ წყაროდ, სწორედ ასეთ რეჟიმში მუშაობას ასახელებს. სალომე ჩარკვიანის აზრით, მასწავლებლებისთვის ეს რთული აღმოჩნდა არა მხოლოდ ორმაგი გაკვეთილების ჩატარების კუთხით, არამედ რესურსებიც მხრივაც: „ორმაგი შრომის დაუფასებლობასთან ერთად, მასწავლებლებს პრობლემა რესურსების მხრივაც ჰქონდათ იმიტომ, რომ კლასში სწავლებისას სულ სხვა რესურსი გჭირდება და თიმსში – სხვა, იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომელიმე საიტზე შევიდეთ და ქართული რესურსი ამოვიღოთ, თან ამოვბეჭდოთ და მოსწავლეს გავუგზავნოთ. ასეთი შემთხვევები იშვიათად იყო, ძირითადად, ეს მუშაობა კინესტეტიკურია ხოლმე. თუმცა მე, ამ მხრივ, იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან ჩემი ბავშვების მშობლებმა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, ყველამ გამოუშვა ბავშვი სკოლაში.“ თუმცა, იქვე ამბობს, რომ შეიძლება ზოგმა გაიაზროს, მაგრამ არ ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ ამ რისკზე წავიდეს, თუნდაც ბავშვის მდგომარეობიდან ან ოჯახიდან გამომდინარე. მშობლებს პრიორიტეტებიც სხვადასხვანაირი აქვთ – ნაწილისთვის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა პრიორიტეტული, ვიდრე სწავლა-განათლება, ნაწილისთვის კი, პირიქით. ეს, ძირითადად, იმ კატეგორიისთვის, რომლებსაც არ ჰყავდათ მძაფრი რისკ-ჯგუფის ოჯახის წევრები და მიიჩნევდნენ, რომ არა უშავს, შეხვდეს კორონა, ვიდრე მთელი წელი სახლში იჯდეს და ჩამორჩეს ან ფსიქოემოციური განვითარება შეუფერხდეს. „რასაკვირველია, ამის ფუფუნებაც უნდა ჰქონოდათ ადამიანებს, ამიტომ მხოლოდ გააზრება საკმარისი არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, ისევე როგორც მასწავლებლების, მშობლების შემთხვევაშიც არიან ასეთი აზრის მქონე ადამიანები – ბავშვს სკოლაში მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ უბრალოდ იაროს, პროცესებში საერთოდ არ არიან ჩართულები. წარმოიდგინეთ, ეს რა რთულია. მშობელი ისედაც ხომ შუალედური რგოლია სკოლასა და ბავშვს შორის, მით უფრო, როცა ბავშვები სახლში არიან და მშობლებმა უნდა შეითავსონ, გარკვეულწილად, მასწავლებლის როლიც _ სახლშიც იმავე ქცევებსა და განვითარების ასპექტებზე უნდა იმუშაონ შვილთან, როგორც სკოლაში მუშაობს მასწავლებელი. როგორც წესი, ეს ასე არ ხდება, ანუ მთლიანად სკოლას აწვება ხოლმე ყველაფერი. მეორე მხრივ, როდესაც ონლაინ ვართ, ბავშვს მშობლის დახმარება კიდევ უფრო მეტად სჭირდება, თუნდაც, თიმსში მუშაობისას, ნამუშევრის (რასაც დაწერს, დახატავს ან სურათს გადაუღებს) გადმოგზავნისას. ხშირ შემთხვევაში, იმასაც კი ვერ ვახერხებთ, რომ მშობელი ტექნიკურად დაეხმაროს ბავშვს. მოკლედ, ეს იყო ყველაზე დიდი ტანჯვა.“
რა ინტერვენციები და ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ მიმართულებით? ნინო ცინცაძის აზრით, ზოგადად, მშობლისა და სკოლის ურთიერთობა ძალიან რთული თემაა არა მარტო ჩვენთან, უმრავლეს ქვეყნებშიც და დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ ორი რგოლის ჰარმონიზაციაში მოყვანას. სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხანდახან მტრული დამოკიდებულებაც კი ჩნდება – საპირისპირო ბანაკებად მოიაზრებენ თავს სკოლა და მშობლები. „ძალიან სამწუხარო რეალობაა და დიდი ძალისხმევა და მუშაობა სჭირდება ამის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, აქაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, მშობლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, შესაბამისად, სხვადასხვანაირად პასუხობდნენ გამოწვევებს.
მე შემიძლია ვისაუბრო არა მხოლოდ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მაგალითზეც, რომელსაც წარმოვადგენ. შშმ ბავშვებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამებს ვახორციელებთ და, გარკვეულ პერიოდში, ჩვენც მოგვიწია მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადასვლა. ამასთან დაკავშირებით მშობლების რეაქცია განსხვავებული იყო – ზოგისთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა ბავშვთან ონლაინ მუშაობა, მეტიც, კატეგორიულ უარს აცხადებდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლები ცდილობდნენ დახმარებას და მეტ-ნაკლებად გამოსდიოდათ კიდეც.
ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ონლაინ რეჟიმზე გადასვლით მართლა სასარგებლო და დადებითი შედეგი მივიღეთ. რატომ? იმიტომ, რომ მოხდა ის, რაც არ ხდება ხოლმე ცენტრში – გაიზარდა მშობლის ჩართულობა. ონლაინ მუშაობისას კი, თერაპიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიკრას სამკუთხედი თერაპევტს, ბავშვსა და მშობელს შორის. სწორედ ეს მოხდა ონლაინ სესიების დახმარებით. სადაც მშობლის ჩართულობა იყო, იქ შედეგიც ძალიან კარგი მივიღეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, რთულია ეს გაგრძელდეს ხანგრძლივად იმიტომ, რომ მშობელს (სულერთია მუშაობს თუ არა), განსაკუთრებით – სტრესულ პერიოდში, ბევრი სხვა საზრუნავი აქვს. ხანგრძლივად და რეგულარულად, სხვა ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან ერთად, მოირგო მასწავლებლის როლი, ფსიქოლოგიურადაც და სოციალურადაც რთულია. რაც მთავარია, ამას დამატებით სხვა უნარებიც სჭირდება, შესაბამისად, პრობლემა ბევრი იყო და არის ამ თვალსაზრისით.“
დისკუსიის დასასრულს, სპეციალისტებმა ის კონკრეტული საჭიროებები შეაჯამეს, რაც ონლაინ სწავლების პერიოდში სპეცმასწავლებლისთვის გაჩნდა. სალომე ჩარკვიანი ამბობს, რომ ოცნებობდა, რესურსი ყოფილიყო ისეთივე გამართული და მრავალფეროვანი ქართულ ენაზე, როგორც უცხოურია, განსაკუთრებით ინგლისურენოვანი რესურსი. „უცხოურ ენაზე აქვთ რესურსი, რომლის მოძიებაც ბავშვს თვითონ შეუძლია საიტზე ძალიან მარტივად, მე არ უნდა დამჭირდეს რაღაც ფაილების გაგზავნა და მერე მოსწავლეს უკან გამოგზავნა. თიმსი, რეალურად, ყველაფრის მომცველი პროგრამა არ არის. კი ბატონო, დარეკავ, ეკრანს გააზიარებ და მერე?.. იმას, რაც თანამედროვე ბავშვს სჭირდება, ვერ აკმაყოფილებს. თანამედროვე ბავშვი ძალიან პრეტენზიულია, იუთუბს უყურებს, აპლიკაციებში შედის, ძალიან ფერადია მისი სამყარო. რთულია, ეკრანმიღმა მჯდომმა მისთვის გაკვეთილი მიმზიდველი გახადო და ისეთი რესურსები გააგზავნო, რომელიც დააინტერესებს. ქართულად იშვიათად იპოვი საიტს, სადაც ბავშვი მხიარულად, ინტერესით ისწავლის, თუნდაც, ასოების ამორჩევას და სიტყვის აწყობას შეძლებს და ა.შ. არადა, სწორედ ეს იქნებოდა ძალიან სასარგებლო ჩვენი ბავშვებისთვის. სამწუხაროდ, რესურსების შექმნა პრიორიტეტად არ გამოცხადდა, ვინ ცის, რა იქნება მომავალ წელს? ან რამდენ ხანს მოგვიწევს სწავლის ამ რეჟიმში გაგრძელება? გამოდის, რომ ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არ გვიმუშავია და ისევ თიმსის იმედად დავრჩით.
მეორე საკითხი, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, არის ის, რომ სასურველია, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, ზუსტად მცოდნოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა დისტანციურად სწავლება – ექვსი თვე, სამი თუ ერთი თვის მერე შევძლებდით კლასში დაბრუნებას. მესმის, რომ ეს რაღაცნაირად მიბმულია ინფიცირებულთა რაოდენობაზე, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბოლომდე ასეც არ არის, იმიტომ, რომ ახლა ინფიცირებულების ზუსტად ის რაოდენობა გვყავს, რაც შემოდგომაზე იყო, როცა გავედით ონლაინ. შესაბამისად, შესაძლებელი იყო ამ მიმართულებით რაღაც პოლიტიკის შემუშავება.“
როგორ მოემზადოს სკოლა მომდევნო აკადემიური წლისთვის? – ამ კითხვას ნინო ცერცვაძე პასუხობს, რომ კარგი იქნება, სკოლამ შეისწავლოს ის საჭიროებები, რომელიც მის სსსმ მოსწავლეს აქვს. „თუ სისტემაში, დაახლოებით, 7000-ზე მეტი ბავშვია, ისინი, თავისთავად, გადანაწილებული არიან სხვადასხვა სკოლაში. თითოეულ სკოლას, ალბათ, რამდენიმე ათეული სსსმ მოსწავლე ჰყავს. აქედან გამომდინარე, არ უნდა იყოს მისთვის რთული ამ ოდენობის მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების შესწავლა. ასევე, აუცილებელია ორივე ვერსიის/გეგმის ქონა – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სწავლა პირისპირ გაგრძელდება და რა უნდა მოხდეს, თუ ონლაინ იქნება.“
სალომე ჩარკვიანი: „პირველ რიგში, ვისურვებდი, როგორც შარშან მოხდა, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ისე აღარ მოხდეს – მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიცოდით, რომ სკოლაში სწავლას პირისპირ დავიწყებდით და, უცებ, სექტემბერში აღმოჩნდა, რომ აღარ ვიწყებთ. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ხომ იციან, რა გეგმა არსებობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ალბათ ისიც პროგნოზირებადია, შევძლებთ თუ არა მთელი შემოდგომა ან ზამთარი პირისპირ რეჟიმში სწავლას, თუ არადა, ახლავე რომ ვიცოდეთ ეს, კარგი იქნებოდა.
გარდა ამისა, ხელმისაწვდომობის კუთხით, მნიშვნელოვანი ინტერვენციებია განსახორციელებელი, რომ მომავალ სასწავლო წელს მაინც, ონლაინ სწავლებას უფრო მომზადებული შევხვდეთ, თუ, რასაკვირველია, ამის საჭიროება დადგა.“
ლალი ჯელაძე